"ვარ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მარკეტინგის ექსპერტი, ლექტორი, ტრენერი. ბლოგებში განვიხილავ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ბიზნესისთვის სხვა აქტუალურ თემებს."

CSR და ბიზნესეთიკა

CSR და ბიზნესეთიკა

ამ პოსტის დაწერა მიბიძგა ჩემი სტუდენტებისგან წამოსულმა კითხვამ : – “რა საჭიროა ბიზნესსტრატეგია, თუ კომპანია მაინც არ ასრულებს მას; ან რა საჭიროა კორპორაციული ღირებულებების განსაზღვრა,თუ თავიდანვე იცი, რომ არ/ვერ შეასრულებ ან თუ შეასრულებ, ფინანსურად წააგებ, ანუ შესრულება არ გაწყობს, არადა – გინდა “რესპექტაბელურად” გამოიყურებოდე როგორც კომპანია და ამიტომ ადგენ მისიას, ხედვას, ღირებულებებს, შემდეგ სადმე გამოაქვეყნებ და დაივიწყებ”. მართლაც,რა საჭიროა?!

მოკლედ, დღეს მინდა შემოგთავაზოთ ვიმსჯელოთ CSR-ის კავშირზე ბიზნესეთიკასთან. ბიზნესეთიკა რომ მნიშვნელოვანია, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ აქაც გვხვდება აზრთა მრავალფეროვნება.

შეიძლება გაგახსენდათ, რომ როდესღაც ესსეც დაგიწერიათ ბიზნესეთიკასთან მიმართებაში. ბევრი ბიზნესსკოლა მისაღებ აპლიკაციასთან ერთად ითხოვს ხოლმე ასეთი ესსეს დაწერას : – “გაიხსენეთ ეთიკური დილემა, რომელიც შეგემთხვათ და ახსენით როგორ გადაჭერით ის “ . ასევე შეიძლება გაგახსენდეთ მრავალი სხვა, ეთიკასთან დაკავშირებული თემა, რომელიც თითქმის ყველა სახელმძღვანელოში გვხვდება, მაგალითად:  “ეთიკა და მარკეტინგული კვლევა” და ა.შ.

ისევე როგორც ადამიანებს, კომპანიებს გააჩნიათ ეთიკური სტანდარტები. როცა ვამბობთ “ბიზნესეთიკა”, ვგულისხმობთ კულტურას, დამოკიდებულებებს ან ქცევას “სწორს არასწორის საწინააღმდეგოდ”.

გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ბევრ კომპანიაში შექმნილია ეთიკის კოდექსი ან ქცევის კოდექსი/შინაგანაწესი, რომლის დაცვაც აუცილებელია თანამშრომლისთვის და რომელსაც რომ “გაეცანი და აიღე ვალდებულება შესრულებაზე” ზოგიერთ კომპანიაში ხელმოწერითაც ადასტურებ. ან ასეთი კოდექსები შექმნილია ინდუსტრიის შიგნით, რომელიმე ასოციაციის ეგიდით და ასოციაციის წევრი კომპანიები იღებენ ვალდებულებას მის შესრულებაზე. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, კორპორაციები ცდილობენ თანამშრომლებს დაუწესონ ქცევის წესები, ასწავლონ მათ რა არის კარგი და რა არის ცუდი, კონკრეტულად მათ კომპანიაში დააზუსტონ ზოგადად აღიარებული ქცევის წესები. მაგრამ ეს ყველაფერი დადის პიროვნულ პასუხისმგებლობაზე, სადაც პიროვნული ეთიკა და მორალი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული.

თუმცა დღეს მინდა ვისაუბრო ბიზნესეთიკაზე როგორც ინსტიტუციონალურ მოვლენაზე.მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესეთიკა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი კორპორაციული გადაწყვეტილების დროს. თითქოს ყველაფერი მარტივია, მაგრამ კორპორაციები ხშირად ხვდებიან კრიტიკის ქარ-ცეცხლში, რადგან ზოგიერთ ეთიკურ დილემას საუკეთესო გადაწყვეტილებას ვერ უძებნიან.

კომპანიები და მათი თანამშრომლები, მენეჯერები, დამფუძნებლები ყველაზე ხშირად ხვდებიან ისეთ ეთიკურ პრობლემებს, როგორიცაა : ინტერესთა კონფლიქტი, კორუპცია, ქრთამი, ნეპოტიზმი, და ფროდი, ორმაგი სტანდარტები, განსხვავება დეკლარირებულ ფასეულობებსა და რეალურ საქმიანობას შორის.

სამწუხაროდ, ბევრ კომპანიაში დღესაც ირღვევა ეთიკური სტანდარტები, თუნდაც გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან. ამის ახსნა არის ის, რომ “სხვანაირად ბიზნესს ვერ გააკეთებ”, “სხვანაირად ტენდერს ვერ მოიგებ” და ა.შ.

რაც უფრო მეტი კომპანია გააცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ყველა დაინტერესებული მხარის მიმართ, მით უფრო სწრაფად შევძლებთ შევქმნათ ისეთი ქვეყანა,სადაც ბიზნესი და საზოგადოება სულ უფრო სწრაფად და სწორი მიმართულებით განვითარდება. ზოგჯერ მიზანი ერთია და მისაღწევი გზები სხვადასხვა, რა გზას აირჩევ – დამოკიდებულია რა ღირებულებების მატარებელი კომპანია ხარ, ამაში ისიც ჩანს რამდენად ეთიკური ხარ.

მისასალმებელია, რომ დღესდღეობით, სულ უფრო მეტი კომპანია აცნობიერებს CSR-ის მნიშვნელობას თანამშრომლებისა და მომხმარებლების მოზიდვა-შენარჩუნებაში. დაინტერესებული მხარეები კი კომპანიებისგან მოითხოვენ  დაუბრუნონ შექმნილი სიკეთის ნაწილი საზოგადოებას. ზოგადად, CSR უკავშირდება ბიზნესის ისეთ ქცევას, რომელსაც გავლენა აქვს საზოგადოებასა და გარემოზე. CSR-ის კომპონენტები მოიცავს გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს: სიღარიბეს,ადამიანის უფლებებს, ცხოველთა დაცვასა და სხვა საკითხებს.

ბიზნესისთვის ეთიკური ნორმების დაცვას ბევრი ბენეფიტი აქვს, მათ შორის : მას უფრო ადვილად შუეძლია მოიზიდოს და შეინარჩუნოს ინვესტორები,თანამშრომლები და კლიენტები. იმის გამო, რომ კომპანიას დეკლარირებული აქვს და რაც მათავარია – იცავს ეთიკურ ნორმებს ბიზნესის კეთებისას, ეს ჯგუფები თავს უფრო მშვიდად გრძნობენ. თუ მიაჩნიათ რომ მათი და კომპანიის ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა, ხშირ შემთხვევაში ამიტომ აგრძელებენ მასთან თანამშრომლობას.

თუ კომპანიები არ იცავენ ეთიკას, ამას შეიძლება მოჰყვეს მასშტაბური უარყოფითი შედეგები. პირველ რიგში, შეიძლება დაბინძურდეს გარემო. მაგალითად, შეიძლება წარმოებას არაფრად მიაჩნდეს საწარმოო ნარჩენების გარემოში სათანადო წესების გარეშე გამოდევნა, ან თუ საწარმო არ /ვერ ახერხებს გადავიდეს განახლებად ენერგიების გამოყენებაზე, ამანაც შეიძლება ხელი შეუწყოს გარემოს დაბინძურებას გრძელვადიან პერიოდში.

მეორე პრობლემაა სათანადო სამუშაო უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობა რიგ ინდუსტრიებში. განვითარებადი ქვეყნები შეიძლება უფრო მეტი გამოწვევის წინაშე იდგნენ ამ მხრივ. ხშირ შემთხვევაში კომპანიები არ სთავაზობენ თანამშრომლებს სათანადო დაზღვევასაც.

კიდევ ერთი პრობლემაა იაფი მუშახელი. ხშირ შემთხვევაში განვითარებად  ქვეყნებში გლობალური საწარმოები სწორედ ამ მიზეზით ხსნიან ფილიალებს, ეს კი იწვევს კითხვებს რამდენად ეთიკურია მათი ასეთი საქციელი. უფრო მეტიც, ზოგჯერ იყენებენ ბავშვთა შრომასაც. ბევრი ასეთი სკანდალი ახსოვს მსოფლიოს.

ეთიკური ქცევა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე კანონის დაცვაა და იმას, რომ ბიზნესმა არ მოახდინოს ნეგატიური ზეგავლენა ხალხსა და გარემოზე. ის ასევე ნიშნავს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერას, რაც შეიძლება გამოიხატოს კომპანიის რესურსების მიმართვით ისეთი პრობლემების აღმოსაფხვრელად როგორიცაა: განვითარებადი ქვეყნების დახმარება,სიღარიბის დაძლევა, ადგილობრივი თემების დასახმარებლად ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა და უთანასწორობის შემცირება, მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და სხვ.

ბიზნესეთიკის ასეთი გაგება ყველაზე მეტად წახალისებული უნდა იყოს და ყველა კომპნაიისთვის მისაღები, რომ მომავალში მიღწეულ იქნას უფრო მაღალი სტანდარტები არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ გლობალურადაც.

რაც მთავარია, უფრო მეტი კომპანია უნდა გადავიდეს დეკლარირებული ღირებულებების შესრულებაზე, რომ იქ მომუშავე ადამიანებს (და არა მარტო მათ) არ გაუჩნდეთ კითხვები რა საჭიროა ხედვა/მისია/სტრატეგია/ თუკი არ სრულდება ის?!

გააზიარე