"ვარ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მარკეტინგის ექსპერტი, ლექტორი, ტრენერი. ბლოგებში განვიხილავ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ბიზნესისთვის სხვა აქტუალურ თემებს."
CSR და ტურიზმი
დღეს საქართველოში ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მის განვითარებაში ყველა სექტორს თავისი წვლილი შეაქვს: სამთავრობო სტრუქტურებით, დონორებით დაწყებული, სამოქალაქო ორგანიზაციებითა და კერძო ბიზნესით დამთავრებული. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ინდუსტრიის მქონე ქვეყნების ხუთეულშია, რაც თავისთავად დიდი მიღწევაა. მონაცემები მოყვანილია 2017 წლის კვლევების საფუძველზე, სადაც საქართველო მე-4 ადგილს იკავებს.
ეგვიპტე: 55,1%
ტოგო: 46,7%
ვიეტნამი: 29,1%
საქართველო: 27,9%
პალესტინა: 25,7%
წყარო: Forbes.com
მიუხედავად 2019 წლის ივლისიდან რუსეთის მხრიდან საჰაერო ფრენების შეზღუდვისა, იმედი ვიქონიოთ, რომ ბოლო წლების ტურისტების ნაკადების ზრდის ტენდენცია სხვა ქვეყნების ტურისტების ხარჯზე შენარჩუნდება.
სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ტურიზმს შესაძლოა ჰქონდეს არა მხოლოდ დადებითი, არამედ ასევე სხვადასხვა სახის უარყოფითი გავლენა როგორც ქვეყნის, ასევე ინდუსტრიის განვითარების სხვადასხვა ასპექტზე. დადებით ეფექტებზე არ ვისაუბრებ, ვინაიდან ისედაც საყოველთაოდ ცნობილია და ყველასათვის სასურველი. ამჯერად მინდა, ყურადღება შესაძლო ნეგატიურ ეფექტებზე გავამახვილო:
ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი
გაზრდილმა ტურისტულმა ნაკადებმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი მოულოდნელი და არასასურველი მოვლენები, როგორიცაა ტერორიზმი და პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც თავისთავად უარყოფითად იმოქმედებს შემოსული ტურისტების რაოდენობაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს კი ნეგატიურ გავლენას მოახდენს ინდუსტრიის შემოსავლებსა და მთლიანად ეკონომიკაზე.
ნეგატიური გარემოსდაცვითი ეფექტი
ტურისტების სწრაფი მოზღვავება შესაძლოა, გარემოს მეტად დაბინძურების მიზეზად იქცეს. ასეთი მოვლენა შეიმჩნევა მთიან პატაგონიაში, ჩილეში; ასევე – ისლანდიაში, სადაც ტურისტების რაოდენობამ ადგილობრივებისას გადააჭარბა. ამერიკაში 2016 წელს 10 ნაციონალურ პარკს ეწვია 44 მილიონი ტურისტი. ვიზიტორების ასეთი რაოდენობა საფრთხეს უქმნის პარკებში არსებულ გარემოს. ნაციონალური პარკების სამსახური ცდილობს გამოსავალი იპოვოს ყოველწლიური ტურისტული ნაკადისგან ბუნებრივი ძეგლების დასაცავად. რაც უფრო მეტ ტურისტს იზიდავს ესა თუ ის ტურისტული ადგილი, მით მეტია გარემოს დაბინძურებისა და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის საფრთხე.
ნეგატიური სოციალური ეფექტები
გადამეტებული კომერციალიზაციის ხიბლით, ტურიზმმა შესაძლოა ქვეყნის კულტურაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. მაგალითად, როცა ტურისტი ლას-ვეგასში ხელოვნურად მოწყობილ არხში “ვენეციური გონდოლით” სეირნობს ან როცა იქვე “ეიფელის კოშკთან” სურათს იღებს, ასეთი გამოცდილება ძალიან შორსაა ავთენტური, რეალური მოგზაურობის დროს მიღებული გამოცდილებისგან და პოზიტიური სოციალური გავლენაც ნაკლებად აქვს.
მდგრადი ტურიზმი
თუ გვინდა, რომ ტურიზმის შესაძლო ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ნეგატიური ეფექტები შევამციროთ და “მდგრადი ტურიზმი” განვავითაროთ, საწყის ეტაპზევე უნდა დავნერგოთ გარკვეული პრინციპები/სტანდარტები.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, მდგრადი ტურიზმი განისაზღვრება როგორც “ტურიზმი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მიმდინარე და მომავალ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით გავლენაზე, ითვალისწინებს ვიზიტორების, ინდუსტრიის, გარემოსა და ადგილობრივი საზოგადოების ინეტერესებს”.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ტურიზმის განვითარება ყველა სექტორს გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს.
პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიების უმრავლესობამ (როგორც ტურისტული კომპანიების, ასევე – სასტუმროებისა და კვების ობიექტების) “მდგრადი ტურიზმის” კონცეფციის შესახებ ცოტა რამ იცის და უფრო მეტიც, შესაძლოა გარკვეული სტანდარტების დაცვის სურვილი და შესაძლებლობა არც აქვს (განსაკუთრებით – მცირე კომპანიებს).
თუმცა, რაც უფრო ადრე დავიწყებთ მართლაც “მდგრადი ტურიზმის” განვითარებას, მით უკეთესი იქნება ბიზნესოპერატორებისთვისაც და ქვეყნისთვისაც.
მდგრადი ტურიზმის განსავითარებლად მრავალი ინიციატივა არსებობს, თუმცა, ჩემი აზრით, მის პრინციპებთან ყველაზე ახლოს არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ტურიზმში
უნდა აღინიშნოს, რომ დღეს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები ბევრი გლობალური ტურისტული კომპანიის კორპორაციული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.
ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებისთვის შესაძლოა განვიხილოთ შემდეგი CSR პრინციპების დანერგვა:
- ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიანი გამოყენება;
- გარემოს დაბინძურების მაქსიმალური შემცირება;
- ადგილობრივი პროდუქტების პასუხისმგებლიანი გამოყენება;
- ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება;
- ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაცია;
- მდგრადი პროდუქტებისა და სერვისების განვითარება (ინკლუზიური ტურიზმი, ეკოტურიზმი);
- გამჭვირვალე და სამათლიანი პოლიტიკის შემუშავება თანამშრომლებისა და კლიენტებისთვის;
- ყველა დაინტერესებული მხარის მიმართ სამართლიანი მოპყრობა;
- კლიენტებისა და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
- ეთიკის პრინციპების დაცვა.
ეთიკის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დებულებაა “მდგრადი ტურიზმის” განვითარებისთვის. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ 2016 წლიდან ამ მიმართულებით წევრი კომპანიებისა და ასოციაციებისთვის სპეციალური ჯილდოც დააწესა.მაგალითად, 2018 წელს ეს ჯილდო, UNWTO Ethics Award, Europa Mundo Vacaciones, ესპანურ ტუროპერატორს ერგო. მან დააარსა ფონდი, რომელმაც 6 წლის მანძილზე, 27 ქვეყანაში, 1,5 მილიონი ევროს ღირებულების 104 პროექტი დააფინანსა, რომლებმაც სარგებელი მოუტანეს 168 849 ადამიანს ჯანდაცვის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით.
უნდა აღინიშნოს, რომ მდგრადი ტურიზმის პრინციპების დანერგვისთვის მნიშვნელოვანი ფულადი რესურსების დახარჯვა აუცილებელი არ არის, მთავარია სწორი ხედვა და ცოდნა.
საყურადღებოა, რომ წელს “მდგრადი ტურიზმის” წახალისების მიზნით, ჩვენს ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებას დაემატა ერთი ნომინაცია “პასუხისმგებლიანი ტურიზმის” მიმართულებით იმ კომპანიისთვის, რომელიც უფრო მეტად დაიცავს “მდგრადი ტურიზმის” პრინციპებს. ჩემი აზრით, ეს ფაქტი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მდგრადი ტურიზმის ელჩების მოწოდება:
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on დეკემბერი 10, 2020
- on ოქტომბერი 24, 2019
- on სექტემბერი 9, 2019
- on იანვარი 29, 2019
- on ნოემბერი 21, 2018
- on დეკემბერი 14, 2017
- on ოქტომბერი 25, 2017
- on ოქტომბერი 18, 2017