"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
დაისვენე, მსოფლიო, დაისვენე!
აგვისტოს თვეში ცოტა ხნით, მაგრამ იმედია, მსოფლიო სრულფასოვნად დაისვენებს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. მაშინ როდესაც პანდემია ახალი ძალით გვიტევს „დელტა“, „ლამბდა“ თუ სხვა შტამებით, პლანეტა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიეცემა ისეთ განტვირთვას, როგორიც იყო სულ რაღაც ორი წლის წინ. პანდემიასთან ბრძოლა 24/7 რეჟიმში გრძელდება, მაგრამ მე იმედი მაქვს, აგვისტოს თვეში არ გახდება საჭირო გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ნატო-სა და ევროკავშირის საგანგებო სამიტების მოწვევა. გვაქვს ასეთი მწარე გამოცდილება და ამიტომაც ვამბობ.
ვინ დამსახურებულად, ვინ დაუმსახურებლად, ვინ არხეინად და ვინ სევდიანად გავა მსოფლიოს ლიდერებიდან შვებულებაში ან სულაც პენსიაში.
აშშ-ში მოვიდა ახალი პრეზიდენტი ბაიდენი. მოვიდა და განაცხადა: ამერიკის შეერთებული შტატები დაბრუნდა! ნაწილობრივ, მაგრამ მაინც, ძველი ევროატლანტიკური ურთიერთობები მართლაც დაბრუნდა. ევროპაშიც და ამერიკაშიც ხალხს გაუხარდა: ტრამპი წავიდა და კარგი დროები ისევ ბრუნდებაო! აშშ-ის პრეზიდენტმა მართლაც ბევრი გააკეთა ევროპელებისა და სხვა მოკავშირეების გულის მოსაგებად. განსაკუთრებით კმაყოფილი უნდა იყოს გერმანიის წამავალი კანცლერი ანგელა მერკელი: „ნორდსტრიმ 2“ დასრულდება; ამერიკული 35-ათასიანი სამხედრო კონტინგენტი გერმანიაში დარჩება; ევროპულ პროდუქტებზე ტრამპის დაწესებული ტარიფები მოიხსნება. არ არის ურიგო, ხომ?!
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სერიოზულად „ერჩოდა“, ნატოდან რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ გავიდოდა, ამაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარებოდა. აშშ-ში სისტემა ყოველთვის მუშაობდა და მომავალშიც ასე იქნება. სინამდვილეში, ამის არც ალიანსის სხვა წევრი-ქვეყნების ლიდერებს ეშინოდათ, მაგრამ დონალდ ტრამპთან ურთიერთობები არც ერთ მათგანს რომ არ აეწყო და სულ უფრო რთული ხდებოდა, ეს ყველაფერი ევროპელებისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩებოდა. მოვიდა ბაიდენი და თითქოს ევროატლანტიკური სივრცე დამშვიდდა. ამას „დესერტად“ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაც დაემატა და რომ არა პოლონელები და ბალტიელები, ამ მიმოხილვაში რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ახალ ეტაპზე მოგვიწევდა საუბარი.
პრეზიდენტ ბაიდენს არ უჭირს მხოლოდ ერთ დიდ გლობალურ თემაში – კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში როგორც მოკავშირეებთან, ისე მოწინააღმდეგეებთან გაამხანაგება. ტრადიციულ მოკავშირეებზე რომ არაფერი ვთქვათ, მის მიერ ერთხელ „მკვლელად“ შერაცხული ვლადიმირ პუტინიც კი ომახიანად დაჰპირდა, ჩვენ ერთად გავუმკლავდებით კლიმატური ცვლილებების გამოწვევასო!
სამაგიეროდ, ამ პრობლემასთან ბრძოლაში მიზნის მიღწევა ართულებს პრეზიდენტ ბაიდენის კიდევ ერთი გაცხადებული დიდი მისიის შესრულებაში წარმატების მიღწევას. თეთრ სახლში მოსვლისთანავე აშშ-ის პრეზიდენტმა გლობალური ფრონტის გაშლა დააანონსა: ლიბერალური დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ. მომავალ წელს დემოკრატიების სამიტიც დაიგეგმა, მაგრამ თან კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და „ვლაძიმირსკი ცენტრალთან“ კოლაბორაცია და დემოკრატიის ფრონტზე მათთან ბრძოლა როგორ შეიძლება იყოს წარმატებული, ჩემთვის ძალიან, ძალიან რთულად წარმოსადგენია.
მით უმეტეს, რომ ჩინეთის გლობალური ამბიციების შებოჭვაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მისი კიდევ ერთი გაცხადებული მისიის განსახორციელებლად მოკავშირეები გლობალურად სჭირდება, თუმცა მათი კონსოლიდირება მარტივი საქმე ნამდვილად არ იქნება.
ჩინეთი ჩუმად, მშვიდად, წყნარად მიუყვება თავის გეგმას, რომ 2038 წელს მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკა გახდეს. შეიარაღებაზეც დიდ ფულს ხარჯავს; მსოფლიო გავლენების მოპოვებისთვისაც არ ინანებს რესურსებს და ჰონგ-კონგში, ტიბეტსა და სინძიანშიც წნეხს აძლიერებს, მიუხედავად დემოკრატიული თანამეგობრობის შეშფოთებისა და აღშფოთებისა. ასე რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლისთავის იუბილეს აღნიშვნის შემდეგ მის ლიდერს, ბატონ სი ძინპინს ყველა საფუძველი აქვს, რომ სრულად შეირგოს აგვისტოში დასვენება.
ისრაელი დაიძაბა, დაიძაბა და ბოლოს… ნეთანიაჰუ წავიდა, სრულიად ეკლექტური ახალი კოალიციური მთავრობა მოვიდა და ისრაელში ცოტა ხნით მაინც, მაგრამ სიმშვიდე და სტაბილურობა დამკვიდრდა. წყვილთა თანრიგში ტრამპ-ნეთანიაჰუს დუეტი ბაიდენ-ბენეტის წყვილმა ჩაანაცვლა. რა დარჩება პირველების „აბრაჰამსის“ აკორდებიდან, მართლაც ალაჰმა უწყის, მაგრამ ახლო აღმოსავლეთიდან თეთრ სახლს პირველი იორდანიის მეფე აბდალა რომ ეწვია და არა ისრაელის პრემიერი, ეს სამომავლოდ ბევრ რამეზე მეტყველებს.
ირანში კიდევ შედარებით ზომიერი როუჰანი წავიდა და ულტრაკონსერვატორი რაისი მოვიდა. ეს დიდს არაფერს ცვლის, იმიტომ რომ აიათოლა ხამენეი ისევ იქ არის, სადაც იყო; ისევ იქ არის და აშშ-ში ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რომელმაც ბირთვულ შეთანხმებაში შესაძლო დაბრუნების თაობაზე არაერთხელ განაცხადა, უფრო რადიკალური და პრინციპულიც გახდა. აღარც ევროპელებს უსმენს დიდად და არც ვინმე სხვას – აგრძელებს ურანის გამდიდრებას და ცენტრიფუგების ინსტალირებას.
ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მსოფლიო ნამდვილად ბოლომდე ვერ დაისვენებს, არის ავღანეთი. კოალიციური ჯარები გავიდა, მაგრამ მათ ნაცვლად… თალიბანი მოვიდა. დიახ, ეს სამწუხარო სიმართლეა. 20 წლის თავზე ისევ თალიბები უტევენ ხელისუფლებას და შემოდგომაზე, თუ სასწაული არ მოხდა, ქაბულში თალიბთა მმართველობა ისევ აღდგება. მერე ტერაქტები დაიწყება; მერე ავღანელი ქალების, ბავშვების და კიდევ მილიონობით ავღანელის დევნა განახლდება. მეზობელი ქვეყნები დევნილთა ახალი ნაკადების შესაკავებლად უკვე სერიოზულად ემზადებიან; არამხოლოდ დევნილთა. თალიბების ნდობა არავის აქვს და მათთან ნორმალური ურთიერთობების პერსპექტივებს ვერავინ ხედავს, გარდა… რუსეთისა (რატომ არ მიკვირს ნეტა?!). ავღანეთში კარდინალური ცვლილებებით ყველაზე მეტად პაკისტანი გაიხარებს, თუმცა საქმეში იქნებიან ირანიც, რუსეთიც, თქვენ წარმოიდგინეთ ჩინეთიც და შესაძლოა თურქეთიც.
ერაყი და სირიაც თუ დარჩა ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გარეშე, მშვიდი ცხოვრების დადგომის იმედი არც ამ ქვეყნების მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ. სირიაში თავისთავად, ვინაიდან საკუთარი ხალხის მტერი ბაშარ ასადი ჰყავთ მმართველად, მაგრამ ერაყიდან ამერიკელების გასვლით ირანის ისედაც ძლიერი პოზიციები კიდევ უფრო განმტკიცდება და გავლენებისთვის ბრძოლაც გამძაფრდება და გააქტიურდება.
ევროპაში ყველაზე დიდი ცვლილება სექტემბერში მოხდება, როდესაც ანგელა მერკელის შემცვლელის ვინაობა გაირკვევა. თავად ქალბატონი მერკელი თავაწეული გადის პოლიტიკური სცენიდან: მსხვილი ბიზნესი კმაყოფილია, იმიტომ რომ ჩინეთთან ევროკავშირის საინვესტიციო შეთანხმება მიღწეულია; ნორდსტრიმის ამბავი კი მოგახსენეთ და ნატოს ამერიკული ქოლგაც ძველებურად ეფექტიანად იმუშავებს გერმანელებისთვის. ასე რომ, ვინ ვინ და ქალბატონი მერკელი კი ნამდვილად გემრიელად შეირგებს ბოლო საკანცლერო შვებულებას.
მისგან განსხვავებით, ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ბოლომდე კომფორტული შვებულების პერსპექტივა ნამდვილად არა აქვს საფრანგეთის პრეზიდენტს. ერთადერთი, რაც შეიძლება მას ამშვიდებდეს, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პოლიტიკური გაბანკროტება იყო ამ არჩევნებზე, თორემ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაკრონის გამარჯვების შანსები დღითიდღე მცირდება.
ევროკავშირი კვლავ შემოქმედებით ძიებაშია: თან აშშ-თან ტრადიციული სამოკავშირეო ურთიერთობები და თან სტრატეგიული ავტონომია ჯერჯერობით რაღაც ვერ ეწყობა ერთმანეთს. განცხადებები განცხადებებად რჩება, ჩინეთთან ცივ ომში ჩაბმა კი არავის ეჩქარება.
სამწუხაროდ, არაფერი აქვს სანერვიულო ვლადიმირ პუტინს. ევროპის უკანასკნელი დიქტატორი ლუკაშენკოც მასთან დარბის შავ ზღვაზე კატერით გასასეირნებლად და დახმარების სათხოვნელად, აშშ-ის პრეზიდენტიც მას მოუწოდებს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისკენ და ევროპის ლიდერებიც მასთან სამიტის გამართვისთვის ილტვიან. ამასობაში, ნავალნი კოლონიაში ზის, მისი ორგანიზაცია ფაქტობრივად აკრძალულია და სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მორიგი „ტრიუმფალური“ გამარჯვებისთვის ვერავითარ დაბრკოლებას ვერ ხედავს. ბელარუსის შესრუტვამდე ხომ ერთი ნაბიჯი აშორებს, მაგრამ არც ეს ჰყოფნის: უკრაინის „გადაყლაპვის“ გეგმა მან ცოტა ხნის გავრცელებულ ბოდვა-წერილში გაუზიარა მსოფლიოს. როგორც პუტინის ქცევის ისტორია გვასწავლის, ასე იწყება ბოდვებით, მერე ჩნდებიან მწვანე კაცუნები და ბოლოს ტანკები და კატარღები. იმედია, აგვისტოში არაფერს იზამს, მაგრამ დასვენების დროსაც რომ კარგზე არაფერზე იფიქრებს, ესეც დანამდვილებით ვიცით.
შავი ზღვა კი მიიღებს ტურისტებს, მეტწილად ყალბი კოვიდპასპორტებით და დავირუსებულებს, მაგრამ დიდი დასვენებისთვის არც პრეზიდენტ ერდოღანს ეცლება, არც ვოლოდიმირ ზელენსკის და მით უმეტეს არც საქართველოს ხელისუფლებას. თურქეთის ლიდერი ეკონომიკისა და პანდემიის პრობლემებთან გამკლავებასა და რეგიონული ლიდერობისთვის მუდმივ ბრძოლაშია ჩართული, უკრაინის პრეზიდენტი შიგნით ოლიგარქებს და კორუფციას ებრძვის, ქვეყნის გარეთ კი პოზიციების შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის ძალას არ იშურებს. საქართველოს ამბები ცალკე ბლოგის და სხვა პლატფორმის თემაა. ამიტომაც დღეს მხოლოდ ამ ფრაზით დაგემშვიდობებით დროებით:
დაისვენე, მსოფლიო, დაისვენე! წინ ცხელი შემოდგომა გველის!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023