„ვარ მედიაფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი, მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრ "მედიახმის" დამფუძნებელი. მოდით, ერთად დავინახოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ჩვენზე.“

დავიწყების უფლება

Forbes-WEB-22010103

რამდენ თქვენგანს შემთხვევია, რომ ფეისბუკის თვალიერების შედეგად აპლიკაცია მოულოდნელად თქვენივე მოგონებების (memory) გრაფის დათვალიერებას გთავაზობთ? თქვენც მოგონებების ღილაკზე თითის დაჭერით გადადიხართ ციფრულ განზომილებაში, სადაც გახსენებენ აზრებს, ფოტოებს, ადამიანებს, რომლებიც თქვენს ბიოლოგიურ ტვინს მოცემულ მომენტში არც გაახსენდებოდა. რამდენჯერ დაგითვალიერებიათ სხვადასხვა წლის კონკრეტულ კალენდარულ დღეს  რას წერდით, ვისთან ერთად ატარებდით დროს, რა გიხაროდათ ან გაწუხებდათ? თქვენი არ ვიცი და მე ხანდახან მომწონს ასეთი მოგონებები, ხანდახან მეცინება, ზოგჯერ კი ვბრაზობ. მოკლედ, პოსტებად ქცეულ დიგიტალურ მოგონებებთან პირისპირ ყოფნას პოზიტიური ეფექტიც აქვს და ნეგატიურიც.

ბიოლოგიური ტვინი VS ციფრული გონება

ერთი წლის წინანდელ ბლოგში ვწერდი, რომ ადამიანის გონებას არა აქვს ჩართული ვიდეოკამერა, რომელიც ყველაფერს იწერს და საჭიროების შეთხვევაში “გადაახვევს“. არც ბიოლოგიურ მეხსიერებას აქვს მიღებული ინფორმაციის მომენტალურად “დასეივების“ ფუნქცია. ის ყველაფერს არ აღნუსხავს და ეს კარგია. ყოვლისმომცველი არქივი გონებას არ სჭირდება. მისთვის საკმარისია, გადამუშავებული ინფორმაცია სელექციურად დაიმახსოვროს. იგივე ეხება დავიწყების ფუნქციასაც.

ჩვენ არ შეგვიძლია, ზედმიწევნით ზუსტად აღვიდგონოთ ის, რაც წარსულის ამა თუ იმ დღეს მოხდა. მაშინაც კი, როცა ეს სოციალურ ქსელში დაპოსტილი მოსაზრებაა, ის მხოლოდ დიდი სურათის (ცხოვრებისეული ეპიზოდის) ფრაგმენტს ასახავს. ჩვენ ვხედავთ იმას, რაც ბიოლოგიურმა გონებამ და ციფრულმა მეხსიერებამ ფრაგმენტულად აღბეჭდა. ფეისბუკის ალგორითმი, ბიოლოგიური ტვინის მსგავსად, გვახსენებს მოვლენათა განვითარების არა მთლიან სურათს, არამედ მის ნაწილებს, დიგიტალურ მეხსიერებაში შენახულ ფაქტებს. რადგან ბიოლოგიური მეხსიერება მუდმივად იცვლება, გასაკვირი არაა, დავიწყებული გქონდეთ, თუ რა დაპოსტეთ სოციალურ ქსელში, როგორი იყო კონტექსტი და წარსულის სურათი უკვე სხვაგვარად გახსოვდეთ.

ყველაზე მეტად, რაც Facebook memory-ის ხილვისას მაფორიაქებს ხოლმე, ესაა პირად სივრცეში ტექნოლოგიის და მის უკან მდგომი სამსახურების თანაარსებობა, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, ჩემი პოსტები ტექნიკურად დაახარისხონ და მათ მეხსიერება უწოდონ. თქვენი არ ვიცი და მე, როცა სოციალურ ქსელში სხვადასხვა ამბავს ვპოსტავ და ვაზიარებ, მოგონებების შექმნის გრძელვადიან ეფექტზე და ციფრული ნაკვალევის უკვდავებაზე სულაც არ ვფიქრობ. არადა, საყურადღებოა. პროფესიით ჟურნალისტმა ვიცი, რომ ის, რაც დღეს აქტუალურია, ხვალ შესაძლოა დავიწყებას მიეცეს, სხვაგვარად გაანალიზდეს, კონტექსტში მოთავსდეს და, უბრალოდ, დიდი სურათის პაზლად იქცეს. და ეს ნორმალურია. (მედია)მეხსიერება არა ფრაგმენტებით, არამედ სხვადასხვა მოვლენის სინთეზირებით იქმნება. ფეისბუკის ე.წ. მოგონებები კი კონკრეტული დღეების ეპიზოდებს გვახსენებს,  რუდუნებით შექმნილ დიდ სურათს არ გვიზიარებს და დროდადრო გვიმხელს დაუმუშავებელ, ფრაგმენტულ ინგრედიენტებს. ამიტომ აჯობებდა, აპლიკაციის ამ ფუნქციას „memory” კი არ ერქვას, არამედ პოსტების არქივი.

დიგიტალური საშლელის ძიებაში

ინდივიდის განვითარების პროცესში ჩვენ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში აქტუალური აღარაა. გვაქვს უფლება, ჩვენი შეხედულებისამებრ განვავითაროთ საკუთარი აზრი, ე.წ. ბაბლი და პიროვნება. შევცვალოთ მოვლენათა აღქმის რაკურსი და კონტექსტი. ასე რომ არ იყოს, ერთსა და იმავე წრეზე ვიტრიალებდით და განვითარება შეფერხდებოდა. სამწუხაროდ, ზოგჯერ სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში სწორედ ასე ხდება: არც მეხსიერება მდიდრდება გამოცდილებით, არც წარსული იცვლება და არც მომავალი.

„წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“ – ეს ანდაზა მეხსიერებაზეა, ოღონდ არა დიგიტალურზე. ხელოვნული სამყაროს მოგონებებში ბუნებრივი ფილტრაციის მიღმა რჩება ყველაფერი, რასაც ჩაუვლია და „ჩაუსქროლია“. არაფერი იშლება, არც ნაღდი და არც  მოგონილი. ფეისბუკის ციფრული გონებაც ჩვენ მაგივრად წყვეტს, თუ როდის რა შეგვახსენოს. შედეგად, ფეისბუკზე გამოჩენილმა „მოგონებამ“ შეიძლება გაგვაკვირვოს, რადგან სულ არ ვხედავდით კონკრეტული ამბის გონებიდან გამოხმობის საჭიროებას. შეიძლება გავბრაზდეთ იმაზე, რომ აპლიკაციამ პირად ცხოვრებაზე შეგვახსენა ის, რაც გონებაში წავშალეთ ან შევცვალეთ, მაგრამ თურმე  ციფრული საშლელი არ მივაყოლეთ. არადა, რომ არა ჩვენივე ნებაყოფლობითი თანხმობა  –  აპლიკაცია ვერასოდეს დაგვანახვებდა იმას, რაც უკვე მოგონებების სხვენში ავიტანეთ. მეორე მხრივ, ფეისბუკის მოგონებებით შეიძლება გავიაზროთ ის, თუ როგორ ვვითარდებით, ვიცვლებით და ამასთან, რა ფასეულობების ერთგულნი ვრჩებით.

უნდა ვიცოდეთ, რომ მეხსიერების ფორმირებისა და ადამიანის განვითარების ნაწილია უფლება – დაივიწყო ადამიანები, მოვლენები, აზრები. ადამიანის უფლებაა, განავითაროს ურთიერთობები,  შეხედულებები და პირადი ცხოვრება. ხდება ისეც, რომ ჩვენს გონებას სურს ტრავმული მოვლენებისა და სტრესული დღეების დავიწყება. კარგია, თუ სტრესული დღეების ემოციური ნარჩენები გონების მიერ სწორად გადამუშავდება და ადამიანის განვითარებისთვის სასიკეთო ცვლილებას მოიტანს. ჩვენს ბიოლოგიურ სხეულს, ციფრული ავატარისგან განსხვავებით, ამგვარი გააზრებული ტრანსფორმაცია ნამდვილად შეუძლია.

სელექციური დავიწყება

ფეისბუკის memory-ის ზეგავლენა რა მოსატანია მაშინ, როცა ადამიანებს უბრალოდ სურთ კონკრეტული ნეგატიური, ტრავმული ეპოზოდები თავისი ცხოვრებიდან წაშალონ და ისარგებლონ უფლებით – ყველას დაავიწყდნენ. ადამიანებს, რომლებმაც თავისი თავი „თავიდან გამოიგონეს“, ახალი ცხოვრება დაიწყეს, ტრანსფორმირდნენ, შეუძლიათ ისარგებლონ დავიწყების უფლებით. სამწუხაროდ, დავიწყების უფლებით სარგებლობაც შერჩევითია. ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ადამიანები ერთმანეთს უფრო მეტად ცოდვებს ახსენებენ, ვიდრე კეთილ საქმეებს.  არადა, ყოველი ადამიანისთვის მეხსიერება და დავიწყებაც სელექციურია. მაგალითად, ზოგი თავის მეგობარს არასოდეს შეახსენებს მრუდე წარსულს, სხვას კი მუდამ დაამუნათებს. ასეთ ადამიანებს ისევ აპლიკაციები სჯობს, რომლებიც ალგორითმების გამო გვიგდებენ წარსულის მოგონებებს და არა ბულინგის სურვილით.

ვისურვებდი, რომ ამ საკითხისთვის სამართლებრივ ჭრილშიც შეგვეხედა. ფეისბუკი და დიგიტალური თვალთვალი (თუნდაც ის ჩვენი თანხმობით იყოს) დავიწყებისა და მოგონებების უფლებას მტკივნეულად ეხება. დავიწყების უფლებაზე და მის სამართლებრივ თუ ყოფით კონტექსტზე მას მერე დავფიქრდი, რაც ამ დღეებში წავიკითხე გერმანიის ყოფილი იუსტიციის მინისტრის საბინე ლოითჰოისერ-შნარენბერგერის წიგნი “შიში ჭამს თავისუფლებას. რატომ უნდა დავიცვათ ჩვენი ძირითადი უფლებები”. ვაღიარებ, რომ ამ წიგნმა თავიდანვე აღმაფრთოვანა. ცოტაც შემშურდა იმის გამო, რომ ადამიანის უფლებებზე მზრუნველი, ასეთი მასშტაბის ყოფილი იუსტიციის მინისტრები ევროპაში ჰყავთ და არ გვყავს საქართველოში.

მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი

ილიას არ მოსწონდა წარსულ წარუმატებლობაზე წუწუნი და წერდა: „მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს“. აი, 2021 წელი უკვე გავაცილეთ და ჩვენივე სურვილებში ხშირად ისმის, რომ ყველაფერი ცუდი უკან უნდა დავტოვოთ (ანუ, დავივიწყოთ). არადა, დავიწყება და ძველის დასრულება მხოლოდ ახალი მიზნების გაჩენით, ცვლილებით, განვითარებითაა შესაძლებელი, სადაც მოგონება მხოლოდ კონტექსტი, გამოცდილება, ბიძგი ან დიდი სურათის შინაარსის შემცველი პაზლი ხდება.

დავიწყება ბიოლოგიური მოთხოვნილება და სამართლებრივი უფლებაა და მას თან სდევს ახალი მეხსიერების შექმნა. ჩვენი უფლებაა, დავივიწყოთ შეცდომები და ადამიანები, ანუ ისინი გამოცდილებად ვაქციოთ. რაც გონებაში დასარჩენია, ისედაც დარჩება და რაც არა, ისედაც წაიშალება. განვითარებისთვის კი საჭიროა ფოკუსირება თვალშესახებ მომავალზე. საჭიროა ახალი მეხსიერების შექმნა და არა წარსულის ქარგებში ხეტიალი.

„დიგიტალურ ეპოქაში გახსენებას და დავიწყებას ახალი განზომილება ენიჭება. ამ მოსაზრებიდან იშვა ე.წ. დავიწყების უფლების მოთხოვნა. მის შესახებ საჯარო დისკუსია გასცდა იურიდიულ სფეროს”, – ამბობს საბინე ლოითჰოისერ-შნარენბერგერი. ძნელია, არ დაეთანხმო, ამიტომ მგონია, რომ სჯობს დავიმახსოვროთ ის, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ დაცული იყოს ჩვენი როგორც მეხსიერების, ასევე დავიწყების უფლება (მათ შორის ციფრულ სამყაროში). მხოლოდ ასე შევძლებთ, ჩვენივე მომავლის შექმნისას, ალგორითმებზე კრეატიულები ვიყოთ და ყოველ ჯერზე, პირველ რიგში საკუთარი თავი გავაოცოთ.

რას გისურვებთ 2022 წელს? ვისურვებდი, თავად გადაგვეწყვიტა, რისი შეცვლა და დავიწყებაა შესაძლებელი და რა არის ის, რაც უნდა გვახსოვდეს. რაც მთავარია, გვქონდეს უნარი, განვასხვაოთ ერთი მეორისგან. რაც მთავარია, 2022 წელს ჩვენი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას გისურვებთ. ეს ჩვენ ძალიან (და)გვჭირდება მომავლის გააზრებულად მართვისთვის.

გააზიარე