კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი
დემოკრატია
გვეშველება რამე? აგერ უკვე 30 წელია, ამ კითხვას ვსვამთ და მუდმივად ვეძებთ პასუხს. წელს ჩვენ ერთად ვიზეიმებთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის იუბილეს. ახლაც თვალწინ მიდგას ის წუთები, როდესაც ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი წაიკითხა. ეს მართლაც დაუვიწყარი დღე იყო, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში.
სამწუხაროდ, შემდგომში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, ჩვენი იმედები, რომ სულ მალე ვიცხოვრებდით თავისუფალ, დემოკრატიულ, აყვავებულ და ბედნიერ ქვეყანაში, თითქოს აუხდენელ ოცნებად იქცა. ჩვენი ქვეყანა, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე თვეში, სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გაეხვია. ამ ეროვნულმა ტრაგედიამ მძიმე დაღი დაასვა ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას. ქვეყნის ეკონომიკამ პოსტსაბჭოთა სივრცეში უპრეცედენტო – 60%-იანი – ვარდნა განიცადა. ეს მაჩვენებელი თავისი სიდიდით მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებლის ტოლფასი იყო. ამ დროს ბალტიისპირეთის ქვეყნებში პოლიტიკურმა ძალებმა, მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, შიდა პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა მოახერხეს და დაუყოვნებლივ შეუდგნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას, რისი მთავარი ქვაკუთხედი სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება გახდა. ყოველივე ამან შექმნა საკმარისი წინაპირობა დიდი რაოდენობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის. ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლის პროცესის წარმატებულად განხორციელებისთვის და სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა.
სამწუხაროდ, იმ დროს საქართველომ ეს ოქროს პერიოდი და შესაძლებლობების ფანჯარა ხელიდან გაუშვა. სამოქალაქო ომმა და მის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციისა და აღდგენის პროცესი. საქართველოს 13 წელი და უამრავი პოლიტიკური ქარტეხილის გავლა დასჭირდა, რომ ნაწილობრივ მაინც დაეღწია თავი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი უმძიმესი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციისთვის.
2004-2008 წლებში ახალი ხელისუფლების მიერ გატარებული უმნიშვნელოვანესი რეფორმების პირველმა ტალღამ კარდინალურად გააუმჯობესა საინვესტიციო და ბიზნესგარემო, რაც აისახა კიდეც შემოსული უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე, რამაც 2007 წელს 2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ეკონომიკა 12,7%-ით გაიზარდა. ორივე ეს მონაცემი დღემდე რეკორდულ მაჩვენებლად რჩება. სულ მალე საქართველომ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში მოწინავე ადგილებზე გადაინაცვლა და რეფორმების განხორციელების კუთხით ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითიც კი გახდა. სამწუხაროდ, 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. რუსეთმა საქართველოს 20 %-ის ოკუპაცია მოახდინა და ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები გახსნა. ერთ- ერთი მათგანი საქართველოს დედაქალაქიდან 50 კმ მანძილზე მდებარეობს.
ბუნებრივია, ამის შემდგომ მიღებულმა ვითარებამ უცხოელი ინვესტორების დამოკიდებულება შეცვალა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ და ისინი გაცილებით უფრო ფრთხილი გახდნენ, რამაც შესაბამისი ასახვა პოვა კიდეც შემდგომ წლებში შემოსული ინვესტიციების ოდენობაზე. რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება და შეღავათიანი კრედიტები, საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა შექმნილი რთული ეკონომიკური სიტუაციისთვის მოკლე პერიოდში თავის დაღწევა. ამ დახმარების დამსახურებით ქვეყნის ეკონომიკამ დაკარგული პოზიციების დაბრუნება შეძლო, თუმცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა მაინც ვეღარ მოხერხდა.
გართულებულმა შიდაპოლიტიკურმა ვითარებამ ხელისუფლების მთავარი აქცენტები ეკონომიკიდან პოლიტიკაზე გადაიტანა. იგი გაცილებით უფრო გაუბედავი გახდა რეფორმების ახალი ტალღის განხორციელების თვალსაზრისით. არადა, უკვე აშკარად ჩანდა, რომ საჭირო იყო რეფორმების ახალი, მძლავრი ტალღა, რომელიც ეკონომიკის განვითარებას ძლიერ ბიძგს მისცემდა და ინვესტიციების ახალ ბუმს გამოიწვევდა. შიდაპოლიტიკური ვითარება სულ უფრო და უფრო იძაბებოდა, რაც საბოლოო ჯამში 2012 წლის ოქტომბერში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებით დასრულდა.
პოლიტიკური სიტუაცია განიმუხტა და გაჩნდა დიდი იმედი, რომ სწრაფი ეკონომიკური აღმასვლა დაიწყებოდა. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ძალიან შთამბეჭდავი დაპირებებით მოვიდა, რაც ეკონომიკისა და პოლიტიკის თითქმის ყველა სფეროს მოიცავდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება იყო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე გადასვლა. ახალმა ხელისუფლებამ მოახდინა 2013 წლის ბიუჯეტის ცვლილება და საგრძნობლად გაზარდა ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები, რაც ძირითადად ინფრასტრუქტურული დანახარჯების შემცირების საფუძველზე მოხდა. სამწუხაროდ, ამის პარალელურად ვერ მოხერხდა შემცირებული ინფრასტრუქტურული ხარჯების დაბალანსების მიზნით მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და 2013 წელს დაფიქსირდა რეკორდულად დაბალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (1.04 მილიარდი აშშ დოლარი) და ეკონომიკურმა ზრდამ მხოლოდ 3,3% შეადგინა. მიუხედავად ამ შედეგებისა, მაინც რჩებოდა იმედი, რომ ახალი ხელისუფლება მოახერხებდა რეფორმების მეორე ტალღის განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებდა საინვესტიციო კლიმატს და ხელს შეუწყობდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან ზრდას. სამწუხაროდ, განხორციელებული რეფორმები არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ მოგვეზიდა უფრო მეტი ინვესტიცია, რაც შესაბამისად აისახა კიდეც ეკონომიკური ზრდის ტემპზე.
2019 წელის მონაცემებით, მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 4769 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამის მონაცემზე მხოლოდ 5%-ით მეტია, ხოლო საშუალო ხელფასმა – 400 აშშ დოლარი, რაც 2014 წელთან შედარებით არათუ გაიზარდა, არამედ 15 %-ით შემცირდა კიდეც. თუ საქართველოს ეკონომიკამ ამ ტემპით განაგრძო განვითარება, ის, მაგალითად, ესტონეთს ვერასდროს დაეწევა. მსოფლიო ბანკის 2019 წლის მონაცემებით, ესტონეთი ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით (23,660 აშშ დოლარი) 37-ე ადგილზეა, მაშინ როდესაც საქართველო მსოფლიო ქვეყნების ასეულშიც კი ვერ მოხვდა და 107-ე ადგილზე იმყოფება.
პოლიტიკურ- ეკონომიკური რეფორმები იმისთვის არის საჭირო, რომ ქვეყანაში მოვიზიდოთ დიდი მოცულობით უცხოური ინვესტიციები – მათ თავისთავად მოჰყვება ცოდნასთან ერთად ახალი ტექნოლოგიების შემოდინება, რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის გარანტი გახდება. სწრაფი ეკონომიკური ზრდის გარეშე კი ჩვენ მომავალი ათწლეულების მანძილზე ვერ დავაღწევთ თავს ტოტალურ სიღარიბეს, უმუშევრობას, და ვერ მივაღწევთ ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
მოსახლეობა განაგრძობს საქართველოდან ემიგრაციას და შესაძლებელია, ამ საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს მოსახლეობა განახევრდეს კიდეც. თუ ჩვენ – სრულიად საქართველოს საზოგადოება, ხელისუფლება თუ ოპოზიცია, მთელი პოლიტიკური ელიტა – ამ სიმართლეს არ გავუსწორებთ თვალს და განვაგრძობთ სირაქლემის პოზიციაში ყოფნას, მომავალი თაობა ამ მწარე რეალობის წინაშე დადგება და არ გვაპატიებს ჩვენს ამჟამინდელ უმოქმედობას და დაშვებულ შეცდომებს.
ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად შედგეს პოლიტიკური კონსენსუსი და შეთანხმება ქვეყნის განვითარების მომავალზე. თუ კონკრეტულად როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი, ამის მრავალი წარმატებული ქვეყნის მაგალითი არსებობს. თუმცა აქვე დავძენ, რომ ჩვენი ეკონომიკური აღმასვლის, ნანატრი კეთილდღეობისა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გასაღები ერთ „ჯადოსნურ“ სიტყვაზე გადის და ამ სიტყვას „დემოკრატია“ ეწოდება.
იცით როგორ იშიფრება ეს „აბრევიატურა“? აი ასე:
დ
დამოუკიდებლობა
დამოუკიდებლობა და თავისუფლება – საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ის უმაღლესი ღირებულებაა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა, მათ შორის უახლოეს წარსულში და მას არაფრის დიდებით არასდროს დათმობს.
ე
ეროვნული იდენტობა
ბოლო წლებში ბევრი საუბარი და მსჯელობა მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ ხომ არ დავკარგავთ ქართველობას და ეროვნულ იდენტობას, თუ ჩვენ ევროპულ ოჯახში შევალთ და საქართველოში დიდი რაოდენობით დასავლური ინვესტიციები შემოვა. ევროპა ჩვენი ბუნებრივი სამშობლოა, სადაც არათუ დავკარგავთ ეროვნულ იდენტობას, არამედ, პირიქით, უფრო მეტად განვიმტკიცებთ მას, რადგან სწორედ ევროპა არის უამრავი პატარა ერის თვითმყოფადობისა და კულტურული განვითარების მთავარი გარანტი.
მ
მცირე, ეფექტიანი მთავრობა
ჩვენი მიზანი უნდა იყოს, შევქმნათ რაც შეიძლება მცირე და მაღალეფექტიანი სახელმწიფო აპარატი, რომ მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები მძიმე ტვირთად არ დააწვეს ეკონომიკას. სწორედ მცირე მთავრობებით იმართება ისეთი წარმატებული ქვეყნები, როგორიც არის: ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ფინეთი, ირლანდია, ისლანდია და სხვა.
ო
ოპოზიცია გვაძლიერებს
ძლიერი ოპოზიცია – ეს არის ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა. კონკურენცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესში, ასევე პოლიტიკაშიც. პოლიტიკური კონკურენციის გარეშე ნებისმიერი ქვეყანა სტაგნაციისთვისაა განწირული. წარმატებულ ქვეყნებს მართავენ არა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებული მთავრობები, არამედ ოპოზიცია და მთავრობები ერთად. ისინი მუდმივი კონსენსუსის ძიების ფორმატში ერთობლივად იღებენ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
კ
კანონის უზენაესობა
კანონის უზენაესობა არის თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ბურჯი. სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლოსა და სრულიად დეპოლიტიზებული, ხალხის სამსახურში მდგომი სამართალდამცავი სისტემის გარეშე ვერც ერთი ადამიანი ვერ იგრძნობს თავს დაცულად და თავისუფლად, ხოლო შეშინებული და შებოჭილი საზოგადოება ვერაფრით ვერ შექმნის სიახლეებს და ინოვაციებს, შესაბამისად, არც ინვესტორები დაინტერესდებიან ისეთი ქვეყნით, სადაც კანონის უზენაესობა არ იქნება გარანტირებული.
რ
რაციონალური გადასახადები გადასახადები არის სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო და ამავდროულად მისი გადასახადების განაკვეთი, ოდენობა და ადმინისტრირების სისტემა განსაზღვრავს ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო ხელსაყრელ პირობებს. ჩვენ ისეთი რაციონალური და ოპტიმალური დაბეგვრის რეჟიმი უნდა შევქმნათ, რომ ავკრიფოთ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსებისთვის საჭირო გადასახადებიც და ამავდროულად საგადასახადო/ დაბეგვრის სისტემა მაქსიმალურად მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვისაც.
ა
ადამიანის უფლებები
ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა – ეს ყველა ერის ღირსების საკითხია. არ შეიძლება ერს ერი ეწოდოს, თუ არ იქნება დაცული მისი თითოეული მოქალაქის უფლება. ადამიანის უფლებებს ყოველთვის მთავრობები არ არღვევენ. ხშირად თავად ადამიანები არღვევენ სხვა ადამიანთა უფლებებს. არანაირ კეთილდღეობას და სიმდიდრეს არა აქვს ფასი, თუ ქვეყანაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არ იქნება დაცული.
ტ
ტოლერანტობა
იყო ტოლერანტი – ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ 3000-წლიანი ისტორიის ერი ვართ, რომლის წარსულიც სავსეა შემწყნარებლობის უამრავი მაგალითით. ჩვენი – როგორც მთავრობის, ასევე მთელი საზოგადოების – ვალდებულებაა, ვიზრუნოთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე თუ მათ ცალკეულ ჯგუფებზე. საზოგადოება, სადაც ჩაგვრა და განსხვავებულის მიუღებლობა ნორმაა, ვერასდროს დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს წარმატებული და ბედნიერი ერების რიგში.
ი
ინკლუზიური საბაზრო ეკონომიკა
ეკონომიკურად წარმატებული ქვეყნის მთავარი ამოცანაა, კეთილდღეობა და თანაბარი შესაძლებლობები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის და არა მხლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფისთვის. საბაზრო ეკონომიკა არ ნიშნავს ადამიანების მხოლოდ ერთი ჯგუფის ხელში კერძო კაპიტალის აკუმულირებას. საჭიროა ისეთი სოციალურ- ეკონომიკური გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენისა და გამოყენების საშუალება, რითაც იგი სარგებელს მოუტანს როგორც საკუთარ თავს, ისე მთლიანად საზოგადოებას.
ა
აქტიური მოქალაქე და მედია
თანამედროვე საზოგადოების მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ აქტიური მოქალაქეა. ნიკოლოზ ბარათაშვილმა ბრწყინვალედ შეაფასა ადამიანი, რომელიც საკუთარი ცხვირის იქით არ იყურება – „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს“. იმოქმედო თავად და არ დაელოდო, სხვა როდის გეტყვის, ან სანამ ურემი გადაბრუნდება – ეს თითოეული ადამიანის მოვალეობაა. ჩვენ ყველას, უფლებებთან ერთად, გვაქვს მოვალეობები. ამიტომ, როდესაც ვხედავთ პრობლემას, თუ თავად არ ძალგვიძს მისი გადაწყვეტა, უნდა შევძლოთ, ხმამაღლა ვისაუბროთ მასზე და მოვუწოდოთ მისი გადაწყვეტისკენ მათ, ვისაც ეს ხელეწიფება. ამ საკითხში თავისუფალ მედიას თავისი განსაკუთრებული როლი აკისრია, რათა დაეხმაროს ადამიანს თუ ადამიანთა ჯგუფებს, მიაწვდინონ ხმა საზოგადოებას საკუთარი ან საზოგადო პრობლემის შესახებ.
ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების ეროვნული ამოცანა, თუ გვინდა, რომ წარმატებულ, მდიდარ და ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვროთ დღეიდან ათი წლის მერე. ეს უნდა გააკეთოს არა ერთმა კონკრეტულმა მთავრობამ, არამედ ჩვენმა საზოგადოებამ და აი იმ „ჯადოსნური“ სიტყვის უკან არსებულმა ფილოსოფიამ, რისი საფუძველიც არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლებების არჩევისა და გადარჩევის ტრადიცია. მარტივია ხომ? დიახ, ისე როგორც ყველაფერი გენიალური. შესასრულებლად რთულია? არა, იმ შემთხვევაში, თუ ყველა ერთად – მთელი საზოგადოება – მოვინდომებთ. ქართველებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ და შევძლოთ საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება და ყველაფერი კარგად იქნება!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on აპრილი 1, 2021