"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
დემოკრატია VS ოლიგარქია - გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინაში
ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო შემაშფოთებელ სიგნალებს იღებს უკრაინიდან. აღმოსავლეთ უკრაინაში და მის მიმდებარედ, რუსეთის ტერიტორიაზე, რუსული შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის დიდი კონცენტრაცია შეუმჩნეველი არავის დარჩენია. ამას მოჰყვა საბრძოლო მოქმედებების გააქტიურება აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელსაც ერთ დღეში ოთხი უკრაინელი მებრძოლის დაღუპვა მოჰყვა შედეგად. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს 2020 წლის ივლისში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ყველაზე სერიოზული მსხვერპლია. ვინც უკრაინის მოვლენებს თვალს ადევნებს, ყველამ კარგად იცის, რომ ეს შეთანხმება ახლა არ დარღვეულა პირველად. ფაქტობრივად, დღე არ გავა, რომ აღმოსავლეთ უკრაინიდან დაღუპული მებრძოლების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდეს. დიდება გმირებს!
ნიშანდობლივია, რომ ვითარება საბრძოლო მოქმედებების გააქტიურებამდე დაიძაბა. საქმე ისაა, რომ ამ ყველაფერს წინ უსწრებდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიღებული რამდენიმე თამამი გადაწყვეტილება, რომლებიც, ცხადია, რუსეთის ხელისუფლების რეაქციის გარეშე ვერ დარჩებოდა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა ოლიგარქიას უკრაინაში. „შავ სიაში“ მოხვედრილ მილიარდერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი, არც მეტი არც ნაკლები, ვლადიმირ პუტინის მეგობარი ვიქტორ მედვედჩუკი გახლავთ. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მედვედჩუკის ოჯახის კონტროლის ქვეშ მყოფი სამივე რუსულენოვანი ტელევიზია დაიხურა და ოლიგარქის მეუღლე, ტელეწამყვანი ოქსანა მედვედჩუკი უმუშევართა რიგებს შეუერთდა (საბრალო, სოციალურად დაუცველებში დადგა ალბათ აღრიცხვაზე J). სანქციები მხოლოდ ყველაზე მსხვილი პრორუსული პარტიის ლიდერს არ შეხებია (მედიაში ხშირად უსვამენ ხაზს მედვედჩუკის ნათელმირონობით სიახლოვეს ვლადიმირ პუტინთან, რაც ჩემთვის ცოტა ღიმილის მომგვრელია. ის ფაქტი, რომ ვლადიმირ პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა, ყველაზე ნაკლებად თამაშობს როლს ამ ორ ადამიანს შორის და კრიმინალურ-ჩეკისტური სისტემის შიგნით არსებულ ურთიერთობებში. ალბათ უფრო პუტინის მაფიის ბოსობის, „ნათლიობის“ ხაზგასასმელად აღინიშნება ეს ფაქტი J). შემდეგი სანქცირებული ოლიგარქი საყოველთაო აღიარებით ყველაზე გავლენიანი მილიარდერი იგორ კოლომოისკი გამოდგა. ზუსტად ერთი თვის წინ მისთვის კორუფციაში ბრალდებით სანქციების დაწესების გადაწყვეტილება პირადად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა. ნიშანდობლივია, რომ სამართლებრივად სანქციები მისი 2015 წელს გუბერნატორობის პერიოდში მილიარდობით დოლარის კორუფციული სქემებით მიტაცებას ეხება, მაგრამ ასევე ყურადსაღებია, რომ სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ხაზგასმულია უკრაინის დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენება და საფრთხის შექმნა. კოლომოისკისთან ერთად სანქციები დაუწესდათ მის მეუღლესა და შვილებს.
დემოკრატია ვერსუს ოლიგარქია – ეს არის გენერალური ხაზი, რომლის გატარებასაც აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ეს ბრძოლის ხაზი პირველ რიგში უკრაინაზე გადის. ცხადია, უკრაინის პრეზიდენტს ასეთ გავლენიან მილიარდერებთან ბრძოლაში სწორედ ისეთი ძლიერი მოკავშირე სჭირდება, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.
ეს მხარდაჭერა სულ ცოტა ხნის წინ აშშ-თან უმაღლეს დონეზე კომუნიკაციაში კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოიკვეთა. უკრაინის უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო პირებს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდათ ინტენსიური კომუნიკაცია თავის ამერიკელ კოლეგებთან. საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ესაუბრა, თავდაცვის მინისტრი – თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, აგრეთვე შედგა ორი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო პირებს შორის საუბარი, შემდეგ იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის ზარი უკრაინაში და ბოლოს გაიმართა საუბარი ორი ქვეყნის პრეზიდენტებს – ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. ცხადია, ზელენსკი კმაყოფილი იყო ამ მხარდაჭერით და თამამად განაცხადა, რომ ამ საუბრის შედეგად ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, აშშ უკრაინას რუსული აგრესიის წინაშე მარტო არ დატოვებს.
უკრაინის სიახლოვეს გამართული წვრთნების დასრულების შემდეგ რომ რუსეთმა საბრძოლო ტექნიკა და ცოცხალი ძალა მუდმივი დისლოკაციის ადგილას არ დააბრუნა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, თუმცა უკრაინელი ექსპერტების დიდი ნაწილი მაინც ამბობს, რომ სრულმასშტაბიან ომში რუსეთის ჩართვა რთულად წარმოუდგენიათ.
ამასობაში, არ დუნდება რუსული პროპაგანდისტული მანქანა. უკრაინა-ნატო-ს ერთობლივ წვრთნებთან დაკავშირებით, რუსულ სახელისუფლებო საინფორმაციო ნაკადებში პირდაპირ მიდის იმ აზრის დამკვიდრება, რომ უკრაინა და ნატო ერთობლივად გეგმავენ რუსეთზე თავდასხმას, ან, სულ მცირე, აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები 400 ათასი ეთნიკური რუსის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას. „ვალდებული ვართ თუ არა, რომ დავიცვათ ჩვენი რუსი ძმები, რომლებზეც თავდასხმას ღიად აანონსებენ უკრაინელი მაღალი რანგის სამხედროები?“. პასუხის გამოცნობა რთული არ უნდა იყოს. ამ ცოტა ხნის წინ წავიკითხე ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტგამოცემაში: „რუსული პროპაგანდა საბოლოოდ დაემსგავსა საბჭოეთის დროინდელ აგიტ.მანქანას“. მე მგონი, მემკვიდრემ წინამორბედს გადაასწრო და გაცილებით უფრო „დახვეწილი“ და „ხარისხობრივად გაუმჯობესებული“ გახდა.
დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეების ესკალაცია სრულმასშტაბიან ომში არ გადაიზრდება. თუმცა, ასეც რომ მოხდეს, უკრაინელებმა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორების, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, სერიოზულ დონეზე აიყვანეს საკუთარი შეიარაღებაც და საბრძოლო მზადყოფნაც. წლების მანძილზე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარე ლოკალურმა ბრძოლებმა ნათლად აჩვენა, რომ რუსეთს რომ მოუვიდეს კიდევაც ეს სრულიად „გიჟური“ იდეა (რაც, გამოცდილებამ არაერთხელ გვანახა, რომ სავსებით შესაძლებელია), საქმე ისე მარტივად ნამდვილად არ იქნება რუსი სამხედროებისთვის, როგორც 2014-ში იყო. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის უმაღლეს დონეზე გამოხატვის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა სრულიად გამორიცხა საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის შეიარაღების ჩართვის შესაძლებლობა და აქცენტი დიპლომატიური გზებით მოგვარებაზე გააკეთა.
დიპლომატიური გზებით მოგვარებაზეც თავისებური ხედვა აქვს რუსეთის ხელისუფლებას; ხედვაც და მცდელობებიც. ნორმანდიული ოთხეულის შეკრება თუ მოხდება, სამიტზე უკრაინა აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი. ასე არ ფიქრობს რუსული მხარე. მათ ჰქონდათ მცდელობა, პირველი პირების დონეზე მომხდარიყო შეხვედრა გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან, რასაც უკრაინის მხრიდან კატეგორიული პროტესტი მოყვა. „უკრაინის საკითხი უკრაინის გარეშე არ განიხილება“, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან ასევე გამართა საუბარი გერმანელ კოლეგასთან ჰაიკო მაასთან და ბრიტანელ საგარეო საქმეთა მდივანთან დომინიკ რააბთან. ვითარების ესკალაციის კვალდაკვალ ბრიუსელში შეიკრიბნენ ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნებიც ელჩების დონეზე.
უკრაინა იქნება ერთ-ერთი სერიოზული ტესტი გლობალური უსაფრთხოებისთვის და პირადად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის. როგორც ჩანს, ამჟამინდელი ადმინისტრაცია უფრო კატეგორიულად არის განწყობილი რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, მათ შორის საქართველოს მიმართულებითაც, მაგრამ განსაკუთრებული როლი უკრაინას ენიჭება. დახმარება იქნება, ფინანსურიც და სამხედრო საშუალებებითაც, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამაც უნდა აჩვენოს თავისი სერიოზულობა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებით – სისტემური რეფორმები უნდა გატარდეს, კორუფცია აღმოიფხვრას და ოლიგარქატის გავლენების ეპოქა დასრულდეს. ჯერჯერობით, ამ მხრივ პრეზიდენტ ზელენსკის საყვედური ნამდვილად არ ეთქმის.
ვნახოთ, ვნახოოოთ!!!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023