ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

დიდი ეკონომიკური რეალობა - რაციონალური მოლოდინის სკოლა

ლაითაძე

In the world of minor lunacy, the behavior of both the
utterly rational and the totally insane seems equally odd.

John Kenneth Galbraith

ცოტა უცნაურად ვამთავრებთ ბლოგების მოკლე ციკლს დიდი ეკონომიკური რეალობების შესახებ. რას ფიქრობთ თეორიაზე, რომლის თანახმადაც რომელიმე კომპანიის აქციების ყიდვის გადაწყვეტილების მიღებისათვის საფონდო ბაზრის ანალიზზე არანაკლებ ეფექტიანი მეთოდი იქნება უბრალოდ „არიოლ-რეშკას“ აგდება? თეორიაზე, რომლის თანახმადაც მთავრობას ეკონომიკის დიდად არც წახალისება შეუძლია და არც დიდად დაზიანება? თანაც საკმაოდ კონტრინტუიციურად, ამ მიდგომას რაციონალური მოლოდინის სკოლა ჰქვია და მის ფუძემდებლად ითვლება კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მათემატიკური ეკონომიკის კურსდამთავრებული, მოკრძალებული პროფესორი ჯონ ფრეიზერ მიუთი (John Fraser Muth). იყო შემთხვევა, როდესაც ინდიანის უნივერსიტეტის MBA სტუდენტებმა მიმართეს ფაკულტეტის დეკანს საჩივრით, რომ მათთვის მოეხსნათ პროფესორ მიუთის ლექციები, რადგან ყოველი მათგანისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო მისი პრაქტიკულად შეუღწევადი მათემატიკური მოდელები.

ყველა სხვა დიდი ეკონომიკური სკოლები (კეინზიანიზმი, მონეტარიზმი და საჯარო არჩევანი) მიხვდნენ, რომ რაციონალური მოლოდინის სკოლამ პრაქტიკულად წყალში ჩაყარა მათი ნაშრომები. თუმცა რაციონალური მოლოდინის თეორიის ბოლომდე უარყოფა ვერც ერთმა ვერ შეძლო. რას ეყრდნობა რაციონალური მიდგომის სკოლა? პირველი არის ის, რომ ბაზარი ისრუტავს არსებულ ინფორმაციას (რაცუნდა დიდი ოდენობის იყოს ეს უკანასკნელი) და შემდეგ თავისით და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მყისიერად პოულობს ახალ წონასწორობას ფასების ცვლილების მეშვეობით, ისე რომ არასდროს არ იქმნება (ან მხოლოდ მცირე ხნით) პროდუქტის თუ მომსახურების არც რაოდენობრივი და არც საფასო ზედმეტობა ან ნაკლებობა. მაგალითად, თქვენ გადაწყვიტეთ, შეიძინოთ ფარმაკოლოგიური კომპანიების აქციები, რადგან დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს გამალებული ბრძოლა კოვიდის ვირუსთან და ეს ბრძოლა გაგრძელდება და მეტიც, სხვა მომავალი ბიოლოგიური საშიშროების რისკი უფრო ცხადი გახდა. შესაბამისად, ფარმაკოლოგიური კომპანიების კვლევასა და  პროდუქტებზე მოთხოვნა კიდევ უფრო ინტენსიური იქნება და, შედეგად, მათი აქციების ფასი გაიზრდება. ჩანს, რომ ჭკვიანური გადაწყვეტილებაა? არა, იტყვის რაციონალური მოლოდინის სკოლა, ყოველივე ზემოთქმული ბაზრისთვის უკვე ცნობილია, არსებობს რაციონალური მოლოდინი და ეს მოლოდინი უკვე ინკორპორირებულია ამ კომპანიების აქციების დღევანდელ ფასში. ამ ქვემოდელის თანახმად, რომელსაც ჰქვია ეფექტიანი  ბაზრის ჰიპოთეზა, თქვენ ვერ აჯობებთ საფონდო ბაზრის საშუალო ამონაგებს, რაც  უნდა გულდასმით და სისტემატურად ეცნობოდეთ კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს თუ აკვირდებოდეთ ფასების მოძრაობას. ბაზრის საშუალო ამონაგებს აჯობებთ მხოლოდ მაშინ, თუ განჭვრეტთ ნაკლებად მოსალოდნელ (ან პრაქტიკულად მოულოდნელ) მოვლენას ან გაქვთ შიდა ინფორმაცია, რომელიც ბაზრისთვის ცნობილი არ არის (insider information – მისი გამოყენება საკუთარი გამდიდრებისთვის კანონით ისჯება). მეორე საკითხია, რამდენად ხშირად გამოიყენება ეს კანონი და საერთოდ, საკმაოდ ძნელი დასამტკიცებელია მისი გამოყენება-არგამოყენების ფაქტი). მეორე მიდგომაა ის, რომ ადამიანები განიხილავენ (თითქმის) ყველა შესაძლებლობას და ისე იღებენ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს. თუ ინდივიდების უმრავლესობა ასე იქცევა, თქვენ ამ შემთხვევაშიც ვერ აჯობებთ ბაზრის საშუალო ამონაგებს, თუ კვლავ არ შეძლებთ განჭვრიტოთ ნაკლებად მოსალოდნელი (ან პრაქტიკულად მოულოდნელი) მოვლენა ან ისევ არ გაგაჩნიათ შიდა ინფორმაცია. საკმაოდ კომიკური ისტორია შეემთხვა დიდ ამერიკელ ეკონომისტს, რობერტ ემერსონ ლუკასს (Robert Emerson Lucas), რომელმაც 1995 წელს მიიღო ნობელის პრემია სწორედ რაციონალური მოლოდინის ჰიპოთეზის დამუშავებისთვის და, ბედის ირონიით, იქვე იწვნია რაციონალური მოლოდინის სიმწარე. მისმა ყოფილმა ცოლმა, ნობელის პრემიის მიღებამდე შვიდი წლით ადრე, განქორწინების დოკუმენტში ჩადო მუხლი იმის შესახებ, რომ თუ ლუკასი გახდებოდა ნობელიატი, იგი მიიღებდა ნობელის პრემიის თანმხლები ფულადი პრიზის ნახევარს. ყოფილი ცოლის რაციონალური მოლოდინი ლუკასს დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდა.

რა კავშირი აქვს ზემოთქმულს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან? ვთქვათ, ეკონომიკა რეცესიაშია, ფასები ეცემა, შემოსავალი მცირდება და უმუშევრობა იზრდება. მეინსტრიმული ეკონომიკური მიდგომები მოითხოვს მთავრობის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას. გაიზრდება ნაერთი მოთხოვნა, რასაც მოჰყვება პროდუქციისა და მომსახურების ზრდა და ეკონომიკაც დაიწყებს დეპრესიიდან გამოსვლას. არა – კვლავ იტყვის რაციონალური მოლოდინის სკოლა. კომპანიები ფასებს არ დასწევენ, მათ იციან წინა გამოცდილებიდან, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს მთავრობა მათ დასახმარებლად აუცილებლად მოვა. წინა გამოცდილებიდან მათ აქვთ ამის რაციონალური მოლოდინი. ფასები დაბლა არ იწევს, სიტუაცია მძიმდება და მთავრობის ჩარევა იმავენაირად „ეფექტიანი“ იქნება, რაც ჩაურევლობა. წარმოიდგინეთ, როგორი შოკი იქნებოდა მსგავსი დასკვნა კეინზიანელებისათვის, მონეტარისტებისთვის და საჯარო არჩევანის სკოლის მიმდევრებისთვის – მათი რჩევები იმდენად უვარგისი გამოდიოდა, რამდენადაც, ვთქვათ, სასაზღვრო კონფლიქტის გადაწყვეტის მექანიზმების შემუშავება კენიასა და ნეპალს შორის.

არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელშიც რაციონალური მოლოდინის სკოლა ეთანხმება ნეოკლასიკურ ეკონომიკას და ეს საკითხი ეხება საფონდო ბაზრებს. კერძოდ, თითქმის ყველა თანხმდება, რომ აქციების პორტფელი უნდა იყოს დივერსიფიცირებული – ანუ ყველა კვერცხი არ უნდა ჩავდოთ ერთ კალათში. ეს სახალხო სიბრძნე წერილობითი ფორმით პირველად ჯერ კიდევ მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტშია“ და ამაში ნობელის პრემიის მიღება ეზოპეს იგავ-არაკების ხელმეორედ მოყოლაში მიღებას ჰგავს თითქოს. ეს იდეა ასევე უილიამ  შექსპირის „ვენეციელ ვაჭარში“ გვხვდება:

My ventures are not in one bottom trusted,
Not to one place; Nor is my whole estate
Upon the fortune of the present year;
Therefore my merchandise makes me no sad.

ჩემი ქონება არ მიმინდვია ერთადერთი ხომალდისთვის,
არც ქვეყნის ერთი კუთხისთვის, მთელი სიმდიდრეც
მხოლოდ წლევანდელ შემოსავალს არ ემყარება.
ამგვარად, ხედავთ, მე მათ გამო არ ვარ მოწყენით.

თუმცა ნობელის კომიტეტი სხვანაირად (და მართებულადაც) უყურებდა ამ საკითხს და დიდ ამერიკელ ეკონომისტს, ჰარი მაქს მარკოვიცს (Harry Max Markowitz), ნობელის პრემია სწორედ სააქციო პორტფელის დივერსიფიკაციისა და ოპტიმიზაციის (სხვა საკითხებთან ერთად) კვლევაში შეტანილი წვლილის გამო გადასცა. საფონდო ბირჟების ანალიზისას ძალიან ბევრი ეკონომისტი ეთანხმება რაციონალური მოლოდინის სკოლის მიდგომებს, თუმცა იგივე ეკონომისტები ამავე მიდგომებს რეალური მაკროეკონომიკის შემთხვევაში ხშირად ეწინააღმდეგებიან. რატომ? საფონდო ბირჟები ყველაზე ახლოს არის რაციონალური სკოლის წინაპირობებთან (ფასების მყისიერი კლირინგი და ინფორმირებული გადაწყვეტილება), იმ დროს, როდესაც რეალური საქონლის შემთხვევაში არც ფასების მყისიერი კლირინგი ხდება და არც ინფორმაციაა ისევე იოლად მოსაპოვებელი, როგორც საფონდო ბირჟების ანალიზისას.

კაცობრიობის სოციალური და ეკონომიკური ცხოვრება სულ უფრო და უფრო რთული და ძნელად გასაგები ხდება. მაკროეკონომიკა რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გასაღებად ამ სირთულეების გასაგებად და ამოსახსნელად.

წინამდებარე ბლოგით ვასრულებთ მოკლე ციკლს დიდი ეკონომიკური რეალობების შესახებ.

გააზიარე