ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.
დიდი ეკონომიკური რეალობა: საჯარო არჩევანის სკოლა - პოლიტიკა როგორც ეკონომიკა
What is right and what is practicable are two different things.
James Buchanan
ჯეიმს ბიუკენენმა ნობელის პრემია ეკონომიკაში 1986 წელს მიიღო საჯარო არჩევანის სკოლის (The Public Choice School) თეორიაში. მან ტენესის უნივერსიტეტი დაამთავრა და შემდეგ დისერტაცია ჩიკაგოს უნივერსიტეტში დაიცვა.
საჯარო არჩევანის სკოლა ცდილობს ახსნას არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პრობლემებიც: რატომ არსებობს მუდმივი საბიუჯეტო დეფიციტი, რატომ არსებობს სპეციალური ინტერესთა ჯგუფები; მიუხედავად პრეზიდენტების დაპირებისა, რატომ არ მცირდება ბიუროკრატიული აპარატი და რატომ ხდება, რომ მიუხედავად არაერთი დაპირებისა, მთავრობა უფრო ხშირად იცავს ბიზნესმენებს, ვიდრე მომხმარებლებს. ეკონომისტების დიდი უმრავლესობა მთავრობას განიხილავს როგორც არაეკონომიკურ ბარიერს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის კარგი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას. საჯარო არჩევანის სკოლის მოსაზრებით კი მთავრობა შესწავლილი უნდა იყოს ეკონომიკური მეთოდების დახმარებით. ეკონომისტებმა მხრები კი არ უნდა აიჩეჩონ, არამედ უნდა იკითხონ, თუ რატომ ხდება, რომ ბიუროკრატები და კანონმდებლები ხშირად აფერხებენ კარგ ეკონომიკურ პოლიტიკას.
საჯარო არჩევანის სკოლის ეკონომისტების აზრი მარტივიც არის და ნათელიც: თუ ბიზნესმენები არიან თვითდაინტერესებულები, რატომ არ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკებიც ასევე თვითდაინტერესებული რაციონალური აგენტები არიან? ეკონომისტები ორი საუკუნეა, ამ საკითხზე ფიქრობდნენ და ფიქრობენ, ქმნიდნენ და ქმნიან სხვადასხვა სკოლებს და რატომ უნდა მოისროლონ შორს ეს იდეა? ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩინოვნიკები ხაზინას ძარცვავენ: არა, ოფიციალური პირები იძლიერებენ ოფისს, ცდილობენ მისცენ მას მეტი ძალაუფლება.
მცირე ინტერესთა ჯგუფებს შეუძლიათ, მეტი ლობირება გაუკეთონ თავიანთ ვიწრო სექტორულ ინტერესს, ვიდრე სამას მილიონზე მეტ ამერიკელს, იბრძოლონ პომიდვრის თუ ხის მორების ფასების მომატების წინააღმდეგ. მათ ეს უბრალოდ არ უღირთ: არც დროდ, არც ენერგიად და არც ფულად. ეკონომისტები ამას „რაციონალურ უცოდინრობას “ უწოდებენ.
რატომ არეგულირებს ფედერალური სახელმწიფო ბევრ ინდუსტრიას? რადგან ისინი არიან მონოპოლისტები ან ოლიგოპოლისტები და მომხმარებელი დაცული უნდა იყოს მათგან. ამავე დროს, ნობელის პრემიის ლაურეატი, ჯოზეფ შტიგლიცი კონტრინტუიციურად პასუხობს, რომ მონოპოლისტებსა და ოლიგოპოლისტებს აწყობთ სახელმწიფო რეგულაციები, რადგან ეს მათ დინამიკური კონკურენციისაგან იცავს. რეგულირებადი ერთეულები „იპყრობენ“ რეგულატორებს. მაგალითად, არიზონის პარიკმახერთა ასოციაციას ითხოვს, რომ მომავალმა პარიკმახერმა გაიაროს 1,600-საათიანი გაკვეთილი სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებულ სასწავლებელში. ამავე დროს, იმავე არიზონაში, პოლიციელის ლიცენზირებისთვის საჭიროა 600-საათიანი ტრენინგი. შესაბამისად, მაკრატლის ხელში ჭერას და მის გამოყენებაში დაოსტატებას ორ-ნახევარჯერ მეტი დრო სჭირდება, ვიდრე კოლტის რევოლვერის ოსტატურად ხმარებას. გამოდის, რომ პარიკმახერთა ასოციაციას აწყობს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მონოპოლია.
ჯეიმს ბიუკენენმა და გორდონ ტალოკმა მრავალი წელი მოანდომეს ბიუროკრატიის შესწავლას. სახელმწიფო ფუნქციონერები, მსგავსად ბიზნესმენებისა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თვითდაინტერესებულნი არიან. ბიზნესმენების ინტერესი მოგების გაზრდაა. ბიუროკრატებს არ შეუძლიათ მოგების ზრდა (საუბარი არ ეხება კორუმპირებულ ჩინოვნიკებს), მაგრამ მათი ინტერესი სხვა არის: ხელფასის ზრდა, პროვილეგიების შეძენა, ძალაუფლება. როგორ აკეთებენ ამას ბიუროკრატები? ოფისის ზომის ზრდით, რაც გადასახადების გადამხდელების ხარჯზე ხდება. შესაბამისად, ბიუროკრატებს ნაკლები ინტერესი აქვთ გადასახადების შემცირებისა. მაგრამ ბიუკენენი არ ამბობს, რომ პრობლემა ხარბი ბიუროკრატების ბრალია – პრობლემა სისტემურია. როდესაც კეთილდღეობის პერიოდია, ბიუჯეტი პროფიციტურია, დასაქმებულობა იზრდება და გადასახადები მატულობს. რეცესიისას კი ბიუჯეტი დეფიციტურია, უმუშევრობა იზრდება და გადასახადები მცირდება. აშშ-ის ისტორიის ბოლო 50 წლის განმავლობაში, ქვეყნის დოვლათი იზრდებოდა ისე, რომ ბიუჯეტი თითქმის არასდროს (რამდენიმე წლის გარდა) პროფიციტური არ ყოფილა. რატომ? პასუხი მარტივია და ჩვენ ვუბრუნდებით ჯერემი ბენტემს და მის უტილიტარიანიზმს. ადამიანებს უყვართ სიამოვნება და სძულთ პრობლემები. პოლიტიკოსებიც ცდილობენ, ასიამოვნონ თავიანთ ამომრჩეველს: სახელმწიფო სოციალური პროგრამები სიკეთის მომტანია ბენეფიციარებისთვის, ხოლო მაღალი გადასახადი უსიამოვნოა. მაშ დისკომფორტული შეკითხვა ბიუკენენს: საბოლოო ჯამში, დეფიციტური ბიუჯეტი ხანგრძლივი დროის შემდეგ ხომ მიგვიყვანს დისბალანსთან: კი, ოღონდ დიდი ხნის მერე და არაპირდაპირ, ხოლო მაღალი გადასახადები და სოციალური პროგრამების შემცირება უცბად იგრძნობა. რადგან დეფიციტური ხარჯვა იგნორირებას უკეთებს მომავალს, ბიუკენენისაზრით, ეს აზარალებს მომავალ თაობებს. დეფიციტური ხარჯვით დღევანდელი ფუნქციონერები ზიანს აყენებენ თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს – აშშ-ში საშუალოსტატისტიკური ბავშვი იბადება ფინანსური პასივებით და ვალებით.
ისმის შეკითხვა: რატომ გამოტოვა ჯონ მეინარდ კეინზმა ბიუროკრატიის თვითდაინტერესება? იგი ხომ სამთავრობო ინტერვენციის მომხრე იყო? მას სჯეროდა, რომ მთავრობა საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებდა. ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. სავარაუდოდ, კეინზი ვიქტორიანული ეპოქის შვილი გახლდათ და მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ბრიტანეთის იმპერიის არისტოკრატი ჩინოვნიკები თვითდაინტერესებული, თვითმომსახურე ფუნქციონერები იქნებოდნენ.
ბიუკენენის უდავოდ საინტერესო თეორიის წინააღმდეგ არსებობს რაციონალური მოლოდინის თეორია, რომლის თანახმადაც, ზრდასრული ადამიანი დღეს აკეთებს შეგნებულ და გააზრებულ არჩევანს, როგორც აწმყოს, ასევე მომავალის შესახებ. ამ საკითხის შესახებ ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ ბლოგში და ამით დავასრულებთ დიდი ეკონომიკური რეალობის თემატიკას.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 10, 2023
- on აპრილი 13, 2023
- on მარტი 29, 2023
- on მარტი 15, 2023
- on მარტი 2, 2023
- on თებერვალი 15, 2023
- on თებერვალი 1, 2023
- on იანვარი 11, 2023