"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

დიდი ირანული დილემა

პეტრიაშვილი2

ერთი თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც ირანის ეგრეთწოდებული მორალის პოლიციის მიერ თავსაბურავის არამართებულად ტარებისთვის დაპატიმრებული 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, მაჰსა ამინი გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ არც ოჯახის წევრებს და არც მილიონობით ირანელს ოდნავადაც კი არ ეპარებათ ეჭვი, რომ მორალის პოლიციამ წამებით მოკლა ახალგაზრდა ირანელი ქალი.

ერთი თვეა, რაც მთელი ირანის მასშტაბით ახალგაზრდები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, გოგოები და ბიჭები, აგრეთვე, სხვა თაობებისა და სოციალური წრეების წარმომადგენლები უწყვეტად აპროტესტებენ ირანის ძალოვანების მიერ მაჰსა ამინის მკვლელობას, აგრეთვე ადამიანის უფლებების წლების განმავლობაში ფეხქვეშ გათელვას, ირანში გამეფებულ კორუფციას და უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობას. მას შემდეგ, რაც (საპროტესტო აქციების დაწყებიდან ძალიან მალე) ირანის ხელისუფლებამ გასცა ბრძანება და პოლიციამ დამიზნებით დაუწყო სროლა დემონსტრანტებს ცეცხლსასროლი იარაღიდან, ფაქტობრივად მთელი ირანის მასშტაბით დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგები გახდა: „სიკვდილი დიქტატორს“ და „ძირს აიათოლა ჰამენეი“. ირანის სულიერმა ლიდერმა და დე ფაქტო მმართველმა ჰამენეიმ მხოლოდ წუხილი გამოთქვა მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, მაგრამ არცერთი წამით არ დაუშვია უკანდახევა და დემონსტრანტების მოთხოვნების დაკმაყოფილება. მან, რა თქმა უნდა, ყველაფერში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები დაადანაშაულა (ცხადია, ჰამენეის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და ისრაელის „მოსადი“ ჰქონდა მხედველობაში) და მოუწოდა უსაფრთხოების სამსახურებს, აღკვეთონ დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა. სამწუხაროა, მაგრამ სადამსჯელო ღონისძიებების შედეგად საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი უკვე 250 ადამიანს შეადგენს, მათ შორის კი 28 მცირეწლოვანი ბავშვია, ხოლო დაკავებულთა რიცხვი ათასებს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, პირველ რიგში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიაა, ირანელმა ქალებმა შეძლეს ოპოზიციური ლიდერის, პროგრამებისა და პოლიტიკური იდეების გარეშე, სავარაუდოდ, ქვეყნის ფარგლებს გარედან ყოველგვარი დახმარების გარეშე, ირანის სასტიკი უსაფრთხოების აპარატისთვის წინააღმდეგობის გაწევა და თავისი ბრძოლით მიაღწიეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის ფონზე მსოფლიოს მხრიდან მათდამი ინტერესის შენარჩუნებას.

სამწუხაროდ, ირანის რეჟიმი უკან არ იხევს. მართალია, ცალკეულ ქალაქებსა თუ დასახლებებში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ჯგუფებად გადავიდნენ დემონსტრანტების მხარეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი კარდინალური ცვლილებების მისაღწევად. ბრუტალური მეთოდებით დემონსტრანტებთან ბრძოლა, პროტესტის აქტიური წევრების მასობრივი  დაკავება, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების გათიშვა – ყოველივე ეს ირანის ხელისუფლების ხელში არსებული მექანიზმებია საკუთარ მოსახლეობასთან ბრძოლაში, რათა არ დაკარგონ კონტროლი ვითარებაზე და, შესაბამისად, ძალაუფლება არ გაუშვან ხელიდან. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორიც – ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია.

დიახ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმო ირანის ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებები და სანქციები დაუწესა ირანის ინფორმაციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად ძალოვანი სტრუქტურების კიდევ შვიდ წარმომადგენელს;

დიახ, დიდმა ბრიტანეთმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა ირანის ხელისუფლება და შემოიღო დამატებითი სანქციები;

დიახ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარდაჭერა გამოუცხადა ირანელ ქალებს, დაგმო ირანის ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ძალადობა, მოუწოდა მას დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შეწყვეტა და დაპატიმრებულების გათავისუფლება.

მაგრამ… ირანის მიმართ უკვე არსებულ სანქციებთან შედარებით, რომელთა მოქმედებამაც ირანს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დიდი ზარალი მიაყენა და ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, ახალი სანქციები ფრიად უფერულად გამოიყურება. კაცმა რომ თქვას, სხვა რა შეიძლებოდა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს გაეკეთებინათ?! ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისიც კი განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლების კრიტიკასა და სანქციებთან ერთად, აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დემონსტრანტების დასახმარებლად.

საქმე ისაა, რომ ირანის დილემა გაცილებით უფრო კომპლექსურია, რომლის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს ირანთან ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები და წარმატების შემთხვევაში ირანულ ნავთობზე სანქციების მოხსნა. გახსოვთ ალბათ, რა ინტენსიურად აშუქებდა საერთაშორისო მედია და ჩვენც მათთან ერთად ირანსა და აშშ-ს შორის ვენაში არაპირდაპირ მოლაპარაკებებს ევროკავშირის შუამავლობით და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩინეთისა და რუსეთის მონაწილეობით. ცხადია, რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ უკრაინაში გადაფარა როგორც ბირთვული შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების, ისე პანდემიის, კლიმატური ცვლილებებისა და სხვა მსგავსი მასშტაბის პრობლემები. „დაბალ ცეცხლზე“ მოლაპარაკებები მაინც გრძელდებოდა და რაღაც ეტაპზე შეთანხმების ახალი პროექტიც მზად იყო, თუმცა იყო და დღემდე რჩება საკითხები, რომლებზეც მხარეები ვერ თანხმდებიან. თუ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში აშშ-ის დემოკრატიული ადმინისტრაცია დაინტერესებული იყო შეთანხმების მიღწევით, ახლა, როდესაც ნოემბერში აშშ-ის კონგრესში შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს, დემოკრატიულ პარტიას საერთოდ არ სჭირდება კონგრესსა თუ მედიაში განხილვების მოწყობა შესაძლო შეთანხმების თაობაზე ირანის რეჟიმთან, რომელიც საკუთარ ხალხს არბევს, იჭერს და კლავს.

ცხადია, აშშ-ის დემოკრატიული ადმინისტრაციისთვის, რომელსაც ისედაც აქვს სერიოზული გამოწვევა რეკორდული ინფლაციის მაჩვენებლის სახით, საკმაოდ მძიმე დარტყმა იყო საუდის არაბეთის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების დღიური ნორმის 2 მილიონი ბარელით შემცირების თაობაზე. იყო გარკვეული ვარაუდი, რომ ეს დააჩქარებდა ირანთან შეთანხმების მიღწევას, თუმცა, ნაცვლად ამისა, აშშ-ის ხელისუფლებამ შესაძლოა, განიხილოს ამერიკული ნავთობკომპანია „შელის“ ვენესუელის რეჟიმთან მოლაპარაკების დაწყება ნავთობის შესყიდვასთან დაკავშირებით, თუ მადუროს რეჟიმი შეუთანხმდება ვენესუელის ოპოზიციას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების თაობაზე. ამ შეთანხმებამდეც ჯერ კიდევ საკმაოდ შორია (მადუროს პირობებში, რომელიც ომის დაწყებამდე რუსეთთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა, რაიმე პროგნოზს აზრი არა აქვს), მაგრამ საუდის არაბეთის პრინცისთვის სამაგიეროს გადახდა ძალიან სწრაფად შეიძლება. კონგრესში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტი საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის ერთი წლით აკრძალვის თაობაზე, თუმცა დემოკრატი კონგრესმენები აცხადებენ, რომ ვიდრე საუდის არაბეთი არ გააუქმებს თავის გადაწყვეტილებას, აშშ-მა არ უნდა მოხსნას აკრძალვა იარაღის მიყიდვაზე. ირანის მთავარ მოწინააღმდეგეს სპარსეთის ყურის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში, საუდის არაბეთს ნამდვილად არ აწყობს ახლა სუპერთანამედროვე შეიარაღების ახალი პარტიების გარეშე დარჩენა (გასათვალისწინებელია, რომ ამერიკული იარაღის მიყიდვის  აკრძალვით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ბრიტანული და ფრანგული იმ შეიარაღების მიყიდვაც, რომელიც ინტეგრირებულია ამერიკულ შეიარაღებასთან) და მით უმეტეს ტერორისტ პუტინთან კიდევ უფრო სიღრმისეულ პარტნიორულ ურთიერთობებში შესვლა, მაგრამ ჯერჯერობით საკუთარი გადაწყვეტილების გაუქმებას მუჰამედ ბინ სალმანი ნამდვილად არ აპირებს.

ყველა ზემოაღნიშნულ თემას დაემატა ირანული უპილოტო საფრენი აპარატების რუსეთისთვის მიყიდვის საკითხიც. მართალია, ოფიციალური თეირანი უარყოფს ირანული დრონების მიყიდვას რუსეთისთვის (ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხოსეპ ბორელთან საუბრისას ირანელმა საგარეო მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარყო დრონების რუსეთისთვის მიყიდვის საკითხში ირანის ხელისუფლების მონაწილეობა), მაგრამ აშშ-მა უკვე დაუწესა იმ კომპანიას სანქციები, რომელიც რუსეთისთვის დრონების მიწოდებაში მონაწილეობდა (სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბევრისთვის გასაკვირად, ძალიან სწრაფად დააფიქსირა, რომ არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებული რეგიონების ანექსირებას).

მიუხედავად იმისა, რომ ირანელ დემონსტრანტებს არ ჰყავთ ლიდერი და არ გააჩნიათ კონკრეტული პოლიტიკური სტრუქტურები, მსოფლიოს დემოკრატიული ნაწილი მაინც აღფრთოვანებით და იმედის თვალით უყურებს ირანელი ქალების გმირულ ბრძოლას აიათოლების რეჟიმის წინააღმდეგ. მართალია, უკრაინაში რუსეთის ომი და ყველა ზემოჩამოთვლილი ფაქტორი (არ გვავიწყდება, რა თქმა უნდა, ცივი ზამთარი და მაღალი ფასები ენერგორესურსებზე) მნიშვნელოვნად ზღუდავს გმირი ირანელი ხალხისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის რესურსებს და ყურადღების თანაზომიერად გადანაწილების შესაძლებლობას, თუ ირანელი ქალების შეუპოვარი ბრძოლა კიდევ გაგრძელდება და დამატებით სიმძაფრეს შეიძენს, არსებობს შანსი, რომ ირანშიც ტექტონიკური ძვრების დასაწყისის მომსწრე გავხდეთ.

გააზიარე