ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

დიდი ომი - მიზეზები და შედეგები: I ნაწილი

ლაითაძე2 (4)

 In Flanders fields the poppies blow

           Between the crosses, row and row…

  John McCrae

          ფლამანდიის მინდვრებში ყაყაჩოები ირხევიან,

        ჯვართა შორის, მწკრივად და მწკრივად…

  ჯონ მაკრეი

 

1918 წლის 11 ნოემბერს, დილის 11.00 საათზე, 4 წლის, 3 თვის და 14 დღის განუწყვეტელი ბრძოლების შემდეგ, სამუდამოდ დადუმდნენ პირველი მსოფლიო ომის ქვემეხები. ეს ომი აგრეთვე ცნობილია, როგორც დიდი ომი და ყველა ომის დამამთავრებელი ომი (აქ კი შეცდნენ სახელმდებლები – 21 წლის შემდეგ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეარყევს უფრო დიდი, უფრო სასტიკი და უფრო დაუნდობელი ომი). წინამდებარე და შემდეგ ბლოგებში განვიხილავთ პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზებს, მისი დასრულების შედეგებს და ამ შედეგების ასახვას დღევანდელ გეოპოლიტიკურ წყობაზე.

დასაწყისისთვის, მოკლედ ვიტყვი, რომ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს 100 წლის წინ მომხდარი ომის კვალი დღეისათვის წაშლილია. მაგალითად, პირველმა მსოფლიო ომმა შესაძლებელი გახადა რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალება და მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ბოლშევიკური სახელმწიფოს გაჩენით იბადებოდა ურჩხული, რომელიც რეალურად განსაზღვრავდა მე-20 საუკუნის ისტორიის მსვლელობას და იმ პოსტსაბჭოთა პერიოდს, სადაც ახლაც ვართ. ასევე, მაგალითად, ისლამური სახელმწიფოს მიერ ერაყ-სირიის საზღვრის ბულდოზერით დემონსტრაციული განადგურება სწორედ პირველი მსოფლიო ომის შედეგად წარმოქმნილ ინგლისურ-ფრანგული სამანდატო ტერიტორიების მემკვიდრეობას უარყოფდა. კიდევ ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება.

სანამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზებზე, მისი დასრულების შედეგებსა და დღევანდელობაზე ვისაუბრებთ, მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო ომის მასშტაბს და ხასიათს. ეს იყო პირველი ომი კაცობრიობის ისტორიაში, რომლის დროსაც ხოცვა-ჟლეტამ ინდუსტრიული მასშტაბი მიიღო. ომისთვის მობილიზებული იყო დაახლოებით 62 მლნ ადამიანი. მათგან, ორივე მხრიდან, ჯამურად, დაიღუპა დაახლოებით 16 მილიონი (სამხედროები და სამოქალაქო პირები), ხოლო დაიჭრა და დასახიჩრდა 30 მილიონზე მეტი ადამიანი. ომში მონაწილე ქვეყნების ტექნოლოგიურმა და სამრეწველო განვითარებამ, ასევე დასავლეთის ფრონტის სტატიკურმა ხასიათმა განაპირობა ასეთი რაოდენობის მსხვერპლი. ამ ომში, ასევე კაცობრიობის ისტორიაში პირველად, გამოიყენეს ტანკები, ავიაცია, წყალქვეშა ნავები და ქიმიური იარაღი, იპრიტი (იპრი – ბელგიური კოხტა პროვინციული ქალაქია, სადაც პირველად გამოიყენეს ქლორინის გაზი. სახელიც აქედან მოდის). განსაკუთრებით სისხლისმღვრელი აღმოჩნდა დასავლეთის ფრონტი, რომლის სანგრები გადაჭიმული იყო ბელგიის სანაპიროებიდან თითქმის შვეიცარიამდე და სიგრძით 970 კმ-ს აჭარბებდა. ეს იყო ფორტიფიცირებული ხაზი და ფრონტის ხაზი პრაქტიკულად უძრავი იყო. ფრონტის სულ რამდენიმე კილომეტრით შეცვლის მცდელობისას მოწინააღმდეგეები ათიათასობით და ასიათასობით ჯარისკაცს კარგავდნენ. მაგალითად, სომის ბრძოლის პირველივე დღეს ბრიტანულ-ფრანგულმა არმიამ დაკარგა დაახლოებით 60,000 ჯარისკაცი. მეორე მნიშვნელოვანი სახმელეთო ფრონტი იყო რუსეთის ფრონტი, რომელიც უფრო მეტი დინამიკით ხასიათდებოდა. საზღვაო დაპირისპირება ძირითად მიმდინარეობდა ჩრდილოეთის, ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვებში, ნაწილობრივ – ატლანტის ოკეანის აკვატორიაშიც.

დიდ ომში მონაწილეობდა იმ დროს არსებული 59 ქვეყნიდან 38 ანუ მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ზე მეტი. ერთმანეთთან დაპირისპირებული იყო ორი კოალიცია: ანტანტა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი) და სამთა კავშირი (გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და იტალია). ამ კოალიციას ომის მსვლელობისას დაემატნენ მოკავშირეები (მაგალითად, ოტომანთა იმპერია და ბულგარეთი სამთა კავშირს მიემხრო, ხოლო აშშ გახდა ანტანტას მოკავშირე და ა.შ.).

წინამდებარე ბლოგის დასასრულს თავს უფლებას მივცემ ვურჩიო მათ, ვისაც არა აქვს წაკითხული ერიხ მარია რემარკის კლასიკად ქცეული წიგნი „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, რომ წაიკითხონ ეს ლიტერატურული ნაწარმოები. რემარკი თვითონ იყო დიდი ომის მონაწილე, დაიჭრა კიდეც ფრონტზე. შესაბამისად, მან იცის, რასაც წერს. როგორც ყველა კარგი წიგნი, ეს  წიგნიც სცდება კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილს და ეხება ისეთ ზოგადსაკაცობრიო საკითხებს, როგორიცაა გარდაუვალი სიკვდილის პირისპირ დგომა, აბსურდი, უიმედობა და ფატალიზმი.

გააზიარე