ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

დიდი ომი - მიზეზები და შედეგები: II ნაწილი

ლაითაძე2 (5)

 მშვიდობიან დროს შვილები მარხავენ მამებს.

   ომის დროს მამები მარხავენ შვილებს.

   ჰეროდოტე

ალბათ არცერთი ომის დაწყების მიზეზ(ებ)ი არ იწვევს იმდენ კამათს, რამდენსაც პირველი მსოფლიო ომისა. მიუხედავად უამრავი დოკუმენტირებული და საარქივო მასალის არსებობისა, ეს არის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი კომპლექსური საკითხი, რომელზეც ცალსახა პასუხი არ არსებობს.

ომის დაწყების უშუალო საბაბი იყოს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის, ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდისა და მისი მეუღლის, სოფიას, ჰოენბერგის პრინცესის მკვლელობა სარაევოში 1914 წლის 28 ივნისს. მკვლელი იყო 19 წლის სტუდენტი, ბოსნიელი სერბების ნაციონალისტური მოძრაობის წევრი, გავრილო პრინციპი. თუმცა ეს მხოლოდ საბაბი იყო, რომელმაც მოძრაობაში მოიყვანა უზარმაზარი სახელმწიფო მექანიზმები, რის შედეგადაც მკვლელობიდან ხუთი კვირის შემდეგ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი.

დიდი ომის დაწყების მრავალმხრივ და ერთმანეთთან დაკავშირებულ მრავალ მიზეზს შორის არის შემდეგი:

  • სოციალური დარვინიზმი. მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპელ გავლენიან პოლიტიკოსებსა და სამხედრო პირებს შორის გავრცელებული იყო სოციალური დარვინიზმის პარადიგმა. არსებობდა იმის რწმენა, რომ როგორც ბუნებაში, ბიოლოგიურ არსებებს შორის შეჯიბრში გადარჩება მხოლოდ ყველაზე ძლიერი და ადაპტირებადი ინდივიდი თუ სახეობა, ასევე პოლიტიკურ და სამხედრო ასპარეზზეც გადარჩება ყველაზე ძლიერი. მათი წარმოდგენით, ეს პარადიგმა ვრცელდებოდა როგორც ადამიანთა კონკურენციაზე Laissez-Faire-ეკონომიკაში, ასევე ერებსა და სახელმწიფოებს შორის შეჯიბრზე დომინანტობის მოპოვებისთვის. სოციალური დარვინიზმი ამცირებდა დიპლომატიისა და მოლაპარაკებების როლს პოტენციური კონფლიქტების მოგვარების საქმეში;
  • კოლონიალიზმი და იმპერიალიზმი. პირველი მსოფლიო ომის ყველა ძირითადი მონაწილე იყო კოლონიალისტური სახელმწიფო და მათი გავლენის სფეროები ერთმანეთს ეხებოდა, რაც ქმნიდა მუდმივ დაძაბულობას შეხების ხაზზე (მაგალითად, რუსეთი და ავსტრია-უნგრეთი ბალკანეთში), აგრეთვე ზოგიერთ მათგანს ჰქონდა რევანშისტული მოტივები. (მაგალითად, საფრანგეთი იყო განწყობილი რევანშისტულად და სურდა ელზას-ლოთარინგიის რეგიონის დაბრუნება და ა.შ.). გავლენის სფეროები იქმნებოდა არა მხოლოდ პირდაპირი ოკუპაციით, არამედ საგარეო ვაჭრობის გავლენით, სადაც უპირობოდ დომინირებდა დიდი ბრიტანეთი. არც რუსეთი, არც გერმანია და არც ავსტრია-უნგრეთი არ იყვნენ კმაყოფილები მსოფლიოს არსებული გადანაწილებისა და მზად იყვნენ, შეეცვალათ იგი თავის სასარგებლოდ. ცხადია, იარაღის ძალით და, ცხადია, არავინ ეკითხებოდა დაპყრობილ ერებს, თუ რა იყო მათი ინტერესი.
  • შეჯიბრი შეიარაღებაში – მომავალი ომის მონაწილე ქვეყნები ზრდიდნენ თავიანთ შეიარაღებას და ეს იწვევდა მათი საომარი მადის გაზრდას და ზრდიდა ომის დაწყების შანსს. როგორც ჩეხოვისეული თოფი: თუ სპექტაკლის დასაწყისში კედელზე კიდია თოფი, მან დასკვნით აქტში აუცილებლად უნდა გაისროლოს. შეიარაღებაში შეჯიბრის ნათელი მაგალითია გერმანიის ფლოტის გამალებული რაოდენობრივი და ტექნოლოგიური ზრდა, რამაც თავისი შედეგი დაადასტურა იუტლანდიის დიდ ბრძოლაში, რომელიც გაიმართა გერმანიისა და ბრიტანეთის საზღვაო ძალებს შორის 1916 წელს და რომელიც, ასევე ვთქვათ, ყაიმით დასრულდა. ცოტა ხნით ადრე წარმოუდგენელი იყო, რომ ბრიტანეთის საზღვაო ფლოტისთვის ვინმეს ასეთი წინააღმდეგობა გაეწია. იმ ფლოტისთვის, რომლის სტრატეგიული საბრძოლო ამოცანა ერთი მოკლე წინადადებით ხასიათდებოდა: „ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა უნდა მოუგონ ბრძოლა ნებისმიერი სხვა, ორი ქვეყნის გაერთიანებულ ფლოტს“.
  • ხანმოკლე ომის ილუზია. სხვადასხვა სუბიექტური მიზეზის გამო, უმაღლესი დონის პოლიტიკოსებს შორის არსებობდა მიამიტური წარმოდგენა, რომ ომი იმავე წელს, შობისთვის დასრულდებოდა. თუმცა ზოგიერთი მათგანი ხვდებოდა, რომ ომი დიდხანს გაგრძელდებოდა და მას გამანადგურებელი შედეგები მოჰყვებოდა. ასეთი ხალხი ცოტა იყო და მათ არ ჰქონდათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება. დიდი ბრიტანეთის მიერ ომის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, საგარეო საქმეთა მდივანმა, ვიკონტმა ედუარდ გრეიმ თქვა: „სინათლე ჩაქრება ევროპაში და ჩვენს სიცოცხლეში ის აღარ აინთება“.
  • გავლენის გადანაწილებისას წარმოშობილი დიპლომატიური და სამხედრო კრიზისები, რომლებიც წინ უძღოდა პირველ მსოფლიო ომს და რომელთა აკუმულირებულმა ეფექტმა უბიძგა ევროპას, გადაშვებულიყო ომის შემზარავ მორევში 1914 წელს:
  1. პირველი მაროკოული კრიზისი – ასევე ცნობილია, როგორც ტანჟერის კრიზისი (1905-1906 წწ);
  2. ბოსნიის კრიზისი (1908 წ.);
  3. მეორე მაროკოული კრიზისი (1911 წ.);
  4. იტალია-თურქეთის ომი, ასევე ცნობილია, როგორც ლიბიის ომი (1912-1913);
  5. ბალკანეთის ომები (1912-1913 წწ).

შემდეგი ბლოგის თემა იქნება პირველი მსოფლიო ომის შედეგები, რომლებმაც რეალურად განსაზღვრა მთელი დარჩენილი მე-20 საუკუნის ევროპის ისტორია და რომლის კვალიც და ექოც დღემდე აღწევს ჩვენამდე.

P.S. მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს Netflix-ზე გამოვიდა გერმანელი რეჟისორის, ედვარდ ბერგერის ფილმი All Quiet on the Western Front-ი. ფილმს აქვს 7.9/10 IMDb-ით, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ეს ფილმი გააქვთ „ოსკარზე“. ფილმის გადაღება ომის დასრულებიდან 104 წლის მერე, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ტრავმას, რაც განიცადა ამ ომში მონაწილე ერებმა. ნამდვილად, როგორც პლატონმა თქვა: „მხოლოდ მკვდრებმა ნახეს ომის დასასრული“.

გააზიარე