ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

დიდი ომი - მიზეზები და შედეგები: III ნაწილი

ლაითაძე2 (6)

         The world must be made safe for democracy.   

              Its peace must be planted upon the tested  

          foundations of political liberty. We have no   

         selfish ends to serve. We desire no conquest,

              no dominion. We seek no indemnities for

          ourselves, no material compensation for the   

 sacrifices we shall freely make _ President

           Woodrow Wilson on the State of War with

                Germany during an address to Congress.

 April 2, 1917.

       მსოფლიო დემოკრატიისთვის უსაფრთხო    

   უნდა გახდეს. მშვიდობა უნდა ემყარებოდეს

                                                    პოლიტიკური თავისუფლების ნაცად

            საფუძველს. ჩვენ არ გვაქვს ეგოისტური   

  მიზნები. ჩვენ არ გვსურს არც დაპყრობა, არც    

    დომინირება. ჩვენ არ ვეძებთ ანაზღაურებას

      ჩვენთვის, არ გვინდა მატერიალური კომპენსაცია

 იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ჩვენივე ნებით მზად ვართ,

გავიღოთ – პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის გამოსვლა      

                                            კონგრესში გერმანიასთან ომის საკითხზე.

          1917 წლის 2 აპრილი

 

პირველი მსოფლიო ომის შედეგად მოხდა რადიკალური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში. დაინგრა ოთხი იმპერია – გერმანიის, რუსეთის, ავსტრია-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიები, რიგი ქვეყნებისა საერთოდ გაქრა პოლიტიკური რუკიდან და გაჩნდა ახალი სახელმწიფოები, საზღვრები შეიცვალა, შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაციები, გავრცელდა და რეალობად იქცა ახალი იდეოლოგიები. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კაცობრიობის ისტორიაში მანამდე გაუგონარი სისტემური სიძულვილისა და სისასტიკის გამტარებელი, ფანატიკური და სისხლიანი ნაციონალ-სოციალიზმი და კომუნიზმი, რომელთა რეალიზებაც და ამ იდეოლოგიების შემქმნელებისა და მიმდევრების ძალაუფლებაში მოსვლა პირველი მსოფლიო ომის პირდაპირი შედეგია.

ვერსალის ზავის პირობები მოულოდნელი იყო გერმანიისთვის. ეს ზავი თითქმის არც იყო მოლაპარაკება, არამედ იყო კაპიტულაციის პირობების თავზე მოხვევა: საზღვაო ბლოკადა, მძიმე ეკონომიკური სანქციები, გერმანიის აფრიკული კოლონიების გადანაწილება და ა.შ. ზავის ასეთმა პირობებმა, რომლებიც გერმანიის ისტორიაში მანამდე არნახული ეკონომიკური კოლაფსის მიზეზი გახდა, მოსახლეობის გაბოროტება გამოიწვია. ღარიბი და განრისხებული ხალხი კი, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რადიკალური, რადგან მას არაფერი აქვს დასაკარგი. სწორედ ასეთი ნაყოფიერი ნიადაგი პოვა ნაციონალ-სოციალიზმის შხამიანმა თესლმა გერმანიაში და ამ პროცესმა 1933 წელს ნაცისტები სახელმწიფო ხელისუფლებაში მიიყვანა. 1919 წელს, ვერსალის მოლაპარაკებების პროცესში  მონაწილე დიდი ბრიტანეთის ხაზინის თანამშრომელმა, შემდგომში უდიდესმა ეკონომისტმა, ჯონ მეინარდ კეინზმა, მტკიცედ გაილაშქრა ეკონომიკური სანქციების წინააღმდეგ. მისი აზრით, ასეთი ზომების მიღება ევროპას მიიყვანდა მეორე მსოფლიო ომამდე. კეინზს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არ მოუსმინა და მან პროტესტის ნიშნად ბრიტანეთის დელეგაცია დატოვა. ხოლო მისი სიტყვები სრულად ახდა 1939 წლის 1 სექტემბერს დაწყებული მეორე მსოფლიო ომით, რომელიც 70 მლნ-დან 80 მლნ ადამიანს შეიწირავდა.

პირველი მსოფლიო ომი მძიმე ტვირთად დააწვა ომის მთავარ მონაწილეებს, განსაკუთრებით კი ეკონომიკურად ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანას, რუსეთის იმპერიას. ომით გამოწვეულმა დიდმა გაჭირვებამ და ჯარისკაცების მასობრივმა დეზერტირობამ აიძულა მეფე ნიკოლოზ II, ტახტზე უარი ეთქვა. სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა საკმაოდ უუნარო კოალიციური მთავრობა, რომელიც დროებით მთავრობად იწოდებოდა. რუსეთში 1917 წლის გაზაფხულიდან გამძაფრდა ბრძოლა ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის და ბოლშევიკებს,  პარადოქსულად, დამხმარედ მოევლინა სწორედ ის ძალა, რომელიც ბოლშევიკებსვე დაუძინებელ მტრად მიაჩნდა – იმპერიული მონარქია, კერძოდ კი კაიზერის გერმანია. გერმანია მოქმედებდა საუკუნეებით გამოცდილი მეთოდით: ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია. გერმანია სასიცოცხლოდ იყო დაინტერესებული პირველი მსოფლიო ომის აღმოსავლეთის ფრონტის დაცემით, რადგან იქ გამოთავისუფლებული დივიზიები გადაესროლა დასავლეთის ფრონტზე, სადაც უკვე სამწელიწად-ნახევარი იდგა სტრატეგიული ყაიმი. ამ პერიოდში  ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო მოწინააღმდეგის ფორტიფიცირებული, დამცავი პოზიციების გარღვევა და უპირატესობის შენარჩუნება. 1917 წლის აპრილში გერმანიამ უზრუნველყო შვეიცარიაში მყოფი ლენინის და სხვა ბოლშევიკების ლიტერული მატარებლით გადაყვანა პეტერბურგამდე. გერმანიამ მიაღწია თავის მიზანს, ბოლშევიკებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და გერმანელებთან მოსალაპარაკებლად დასხდნენ. ბოლშევიკებს უარი ათქმევინეს რუსეთის იმპერიის ისეთ ტერიტორიებზე, როგორიცაა: ბალტიისპირეთი, ფინეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, დასავლეთი უკრაინა, დასავლეთი ბელორუსია, ბესარაბია, ბუკოვინა, ყარსი, არდაღანი და ბათუმი. ბოლშევიკებმა იმ მიზეზით დათმეს ზემოხსენებული ტერიტორიები (როგორც მერე გამოჩნდება, მხოლოდ დროებით), რომ მთელი ყურადღება გადაეტანათ ხელში ჩაგდებული ძალაუფლების კონსოლიდაციაზე (რუსეთის სამოქალაქო ომი, 1917-1923 წწ, 7 მლნ-ზე მეტი მსხვერპლი), რასაც მიაღწიეს კიდეც. თავის მხრივ, გერმანიამ შეძლო გამოთავისუფლებული საჯარისო ფორმირებების გადასროლა დასავლეთის ფრონტზე, რის შედეგადაც წამოიწყო შეტევა 1918 წლის გაზაფხულზე, მაგრამ სტრატეგიული რესურსების უკმარისობის გამო ვერ შეძლო დასაწყისში მიღწეული წარმატების განვითარება და შენარჩუნება. გერმანიისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო აღმოსავლეთის ფრონტის დაშლა, რომ მათ არ/ვერ მიაქციეს ყურადღება, რომ ეხმარებოდნენ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უსაშინელესი სოციალურ-პოლიტიკური ფორმაციის, ბოლშევიზმის, მოსვლას ხელისუფლებაში.

პირველი მსოფლიო ომის იდეური შედეგი იყო ერთა ლიგის (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინამორბედი) შექმნა, რომლის მთავარი არქიტექტორი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვუდრო ვილსონი, პროფესორი (ერთადერთი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც ჰქონდა დაცული სადოქტორო დისერტაცია) და პრინსტონის უნივერსიტეტის პრეზიდენტი. კაცს, რომელსაც რომის იმპერატორის, სტოიკოსი ფილოსოფოსის, მარკუს ავრელიუსის მსგავსად, სძაგდა ომი. მიუხედავად ომის სიძულვილისა, მარკუს ავრელიუსმა თავისი იმპერატორობის დიდი ნაწილი სამხედრო კამპანიებში გაატარა. მაშინ რომი უკვე თავდაცვით ბრძოლებზე იყო გადასული და ავრელიუსისთვის მოვალეობა ყველაფერზე მაღლა იდგა. ასევე ვუდრო ვილსონი, პაციფისტი და იდეალისტი, იძულებული გახდა, შეეყვანა აშშ პირველ მსოფლიო ომში, რადგან ცეცხლის ალში გახვეული ევროპა საფრთხეს წარმოადგენდა დემოკრატიისთვის და ამერიკის ომში ჩართვით იგი ამ ცეცხლის ჩაქრობას იმედოვნებდა (რასაც მიაღწია კიდეც, რადგან აშშ-ის როლის ამ ომში გადამწყვეტი აღმოჩნდა). ვილსონმა წამოაყენა ერთა ლიგის კონცეფცია, რომელშიც, ბედის ირონიით, აშშ არ გაწევრიანდა (კონგრესში იზოლაციონისტებმა იმარჯვეს). მაგრამ თვით ეს იდეა, რომელიც დამყარებულია ერთა თვითგამორკვევაზე, დემოკრატიასა და ლიბერალიზმზე, არის ბრწყინვალე იდეა – იდეა საერთაშორისო თანამშრომლობისა და იმედის.

დაბოლოს – პირველმა მსოფლიო ომმა მიაყენა დიდი და მოურჩენელი ფსიქოლოგიური ტრავმა არა მხოლოდ მილიონობით ვეტერანს, არამედ მთლიანად იმ დიდ თაობას, რომელიც ისტორიაში დაკარგული თაობის სახელით შევიდა.

გააზიარე