"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
დიდი ოცეულის გვერდითი მომენტები რომში
დავიწყოთ იმით, რომ იტალიის დედაქალაქში დიდი ოცეულის ყველა მონაწილე ჩავიდა უმაღლეს დონეზე რუსეთისა და ჩინეთის გარდა. ვლადიმირ პუტინი და სი ძინ პინი ვიდეოკონფერენციით ჩაერთვნენ, ხოლო რომში საგარეო უწყების ხელმძღვანელები მიავლინეს. ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა სამიტის მუშაობაშიც მიიღეს მონაწილეობა და ორმხრივი შეხვედრაც გამართეს, ხოლო მათმა ლიდერებმა თავიანთი კრიტიკული პოზიციები ვიდეოგამოსვლებში დააფიქსირეს. მათი „პრეტენზიები“ კოლეგების მიმართ ძირითადად რუსული და ჩინური წარმოების ვაქცინების გლობალურად არაღიარებას შეეხებოდა. გარდა იმისა, რომ მათ არც დიდი ოცეულის სამიტში და არც გლაზგოში დღეს დაწყებულ პარიზის კლიმატის კონფერენციაში არ მიიღეს მონაწილეობა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი გზავნილი იყო დანარჩენი სამყაროსთვის, ექსპერტების შეფასებით, მათი არყოფნის გამო ვერ შედგა უმაღლესი დონის შეხვედრები, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსა და მის ჩინელ კოლეგას შორის. ტაივანთან და ბევრ სხვა მწვავე პრობლემასთან დაკავშირებით ორი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ლიდერების შეხვედრა შესაძლოა, ურთიერთობების ნორმალიზების დაწყებისთვის კარგი საფუძველი გამხდარიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ჩინეთის ლიდერი ამისთვის არც მზად არის და არც ამის განსაკუთრებული სურვილი აქვს.
კლიმატური ცვლილებების სამიტი ვახსენეთ და აქვე გეტყვით, რომ რომში სამიტის მეორე დღეს გამართულმა ცხარე დებატებმა ცხადყო – შოტლანდიაში ნამდვილად ძალიან ცხელი დღეები იქნება. მიუხედავად გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებისა, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, წამყვანი ინდუსტრიული სახელმწიფოს ლიდერებს ძალიან უჭირთ ვალდებულების აღება საწარმოო გამონაბოლქვის რაოდენობის დაჩქარებულად შემცირებაზე.
ერთ-ერთი, რაზეც რომში ერთსულოვნად შეთანხმდნენ, ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის 2023 წლიდან 15%-იანი გადასახადის დაწესება იყო. მსოფლიოს ლიდერები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია მსხვილი კორპორაციების გამჭვირვალედ ოპერირებისთვის, რათა მათ აღარ გადამალონ მნიშვნელოვანი შემოსავლები ოფშორულ ზონებში. გარდა ამისა, დიდი ოცეულის პირველმა პირებმა აიღეს ვალდებულება, რომ გაძლიერდეს ძალისხმევა ღარიბი ქვეყნების ვაქცინაციის მიმართულებით (ცხადია, საქართველო ამ ძალისხმევაში არ მოიაზრება – ჩვენ ხომ არ გვჭირდება; ჩვენ ხომ რაც გვაქვს, იმასაც გავაფუჭებთ მალე, თუ სხვას არ გადავეცით L((( ). შეთანხმების თანახმად, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ღარიბ ქვეყნებში სრული ვაქცინაციის დონემ 70%-ს უნდა მიაღწიოს.
ცხადია, გლობალურ სამიტებს ყოველთვის ახლავს გვერდითი მომენტები, რომლებიც არანაკლებ საინტერესოა თავად სამიტის ძირითად შეხვედრებზე. მით უმეტეს, როდესაც პანდემიის დაწყების შემდეგ ეს იყო დიდი ოცეულის ლიდერების პირველი „ცოცხალი“ შეხვედრა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზაფხულში გამართული ნატოს, ნატო-ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის სამიტების შემდეგ მსოფლიოში ბევრი რამ მოხდა. ამდენად, ნამდვილად არ იყო გასაკვირი, რომ სამიტის გვერდით მომენტებს არანაკლები ყურადღება დაეთმო მედიაში და ექსპერტთა წრეებში, თუ უფრო მეტი არა.
ცხადია, ყველა გვერდითი მომენტის მთავარი მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი იყო. მან გამართა რიგი ძალიან საინტერესო შეხვედრების, რამაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ალბათ ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა. ავსტრალიასთან მრავალმილიარდიანი კონტრაქტის – აუკუსის გაფორმების შემდეგ, რითაც ფაქტობრივად აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენეს საფრანგეთის ეკონომიკას და მის საერთაშორისო ავტორიტეტს, ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრა ემანუელ მაკრონთან საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. აშშ-ის პრეზიდენტი ნამდვილად შეეცადა ვითარების გამოსწორებას. მან კამერების წინ აქო და ადიდა მისი ქვეყნის უძველესი და უძვირფასესი მოკავშირე, მაგრამ, რაც მთავარია, გარკვეულწილად მოუბოდიშა ფრანგ კოლეგას, რომ ამ შეთანხმების გაფორმება რაღაც „უშნოდ“ გამოვიდა. ბაიდენმა ასევე კამერების წინ სინანული გამოხატა, რომ მას შეექმნა მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს მაკრონი საქმის კურსში იყო შეთანხმების მიმდინარეობის შესახებ. პასუხად საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს მსგავსი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად და იმედი გამოთქვა, რომ ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში (განსაკუთრებით აფრიკაში, საჰელის რეგიონში) ორი ქვეყნის თანამშრომლობა დაზვერვის მიმართულებით უფრო აქტიური და ეფექტიანი იქნებოდა. ნიშანდობლივია, რომ ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაწილის, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა აშშ-ის პრეზიდენტის საჯაროდ გამოთქმულ წუხილს ასავე საჯაროდ უპასუხა მნიშვნელოვნად განსხვავებული პოზიციით. კერძოდ, მან განაცხადა, რომ წინასწარ ხდებოდა ყველა მხარის, მათ შორის საფრანგეთის ინფორმირება. ასეა თუ ისე, ბირთვული ძრავებით აღჭურვილ ავსტრალიურ წყალქვეშა ნავებს აშშ და დიდი ბრიტანეთი ააშენებენ და არა საფრანგეთი. ასევე, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ შეხვედრამ მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში გაჩენილი ბზარები გაამთელა და ნაპრალი ამოავსო.
თუმცა, იყო თანხვდენის მომენტებიც. კერძოდ, აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა ერთხმად გამოთქვეს შეშფოთება ირანის ხელისუფლების მიერ ბირთვულ შეთანხმებაზე დაკავებულ პოზიციასთან და მის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. მართალია, ირანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნოემბერში ის დაუბრუნდება ვენაში შეწყვეტილ მოლაპარაკებებს ბირთვული შეთანხმების თაობაზე, მაგრამ ოთხი ქვეყნის ლიდერებს ძალიან აშფოთებთ ირანის მიერ ურანის გამდიდრების ტემპები. მათი თქმით, არსებობს კონსენსუსი, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. ამიტომაც საგანგაშოა, თუ რამდენად ინტენსიურად აწარმოებს ირანი ურანის გამდიდრებას და როგორ დაბრკოლებებს უქმნის საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს წარმომადგენლებს მის ობიექტებზე დაკვირვების პროცესში.
გვერდითი მომენტებიდან ასევე მნიშვნელოვანი და პოზიტიური ამბავი იყო აშშ-სა და ევროკავშირს შორის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაწყებული სატარიფო ომის დასრულება. ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული ტარიფები (შესაბამისად 25% და 10%) შენარჩუნდება, მაგრამ „გარკვეული“ მოცულობების ექსპორტი ევროკავშირიდან აშშ-ში გათავისუფლებული იქნება გადასახადისგან, ხოლო კვოტაში მოხვედრილი მოცულობების ზემოთ მიწოდებული პროდუქციისთვის ასევე 2-წლიანი საშეღავათო პერიოდი დაწესდება. თუ დადასტურდა, რომ ეს „გარკვეული“ მოცულობა 3.3 მილიონი ტონაა ყოველწლიურად ექსპორტირებული 5 მილიონი ტონიდან, ეს ნამდვილად ძალიან სერიოზული გარღვევაა ევროპელი მწარმოებლებისთვის. აშშ-ის მთავარი მოთხოვნაა, რომ ფოლადისა და ალუმინის პროცესი სრულად იყოს განხორციელებული ევროკავშირის ტერიტორიაზე, რათა აღარ მოხვდეს ამ მოცულობებში ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული პროდუქცია. საპასუხოდ, ევროკავშირი აღარ დაბეგრავს აშშ-დან შემოსულ ბურბონის ვისკისა და ჰარლი-დევიდსონის მოტოციკლეტებს (იხარეთ, ბედნიერო ევროპიელნო, იქროლეთ ჰარლი-დევიდსონებით და წრუპეთ ამერიკული ბურბონები J).
დაბოლოს, რა კარგია, როდესაც დემოკრატიაში ცხოვრობ და ხელისუფლების გადაბარება შენს ქვეყანაში ცივილიზებულად ხდება. რომში გამართულ სამიტზე გერმანიას წარმოადგენდნენ ჯერ კიდევ მოქმედი კანცლერი, ქრისტიან-დემოკრატი ანგელა მერკელი და ჯერ კიდევ მოქმედი ფინანსთა მინისტრი და პრაქტიკულად მომავალი კანცლერი, სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი. გერმანიის წამავალი და მომავალი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტსაც ერთად შეხვდნენ და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებშიც ერთად მიიღეს მონაწილეობა.
კარგია დემოკრატია, მაგრამ სად არის?! ☹️ ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან არალიიი ☹️. ცოტა იყო და შაბათს ისიც მორჩა!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023