ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

დიდი ქართველი ინდუსტრიალისტები და მეცენატები: ნაწილი III

ლაითაძე2 (9)
მან ყველაფერი საქართველოს დაუტოვა…

 

                                                          როდესაც თითოეული ჩვენგანი ისწავლის ევროპულად

                                      საქმიანობას და თან დავითის ნაციონალურ ხასიათს არ დაკარგავს,

                                                                                           ჩვენი გაევროპელება ფაქტი იქნება.

                                                                                                                              ნოე ჟორდანია

 

დიახ, დავით სარაჯიშვილმა ყველაფერი საქართველოს დაუტოვა. კონიაკის მამად წოდებულმა დიდმა კომერსანტმა, რუსეთის იმპერიის კომერციულ საქმიანობაში უმაღლესი ტიტულის მქონე პირველი გილდიის ვაჭარმა მთელი თავისი ქონება, დიდი სიმდიდრე, ყველაფერი, რაც კი ებადა, თავის ქვეყანას უანდერძა: საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ეთნოგრაფიულ საზოგადოებას და საისტორიო საზოგადოებას, თბილისის პირველ გიმნაზიას და სათავადაზნაურო გიმნაზიას, ეროვნული მუზეუმის მშენებლობას, სასულიერო სემინარიას, ყველა იმ სკოლას, რომელთა გამგეობის წევრიც თვითონ გახლდათ, რუსეთისა და უცხოეთის სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, თავისი ქარხნების მუშებს, ყველა ნათესავსა და მეგობარს.

განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა დავით სარაჯიშვილის საგანმანათლებლო საქმიანობას. სარაჯიშვილის სასტიპენდიოდ განკუთვნილ ფინანსებს ანაწილებდა სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კომიტეტი, რომელსაც თვით ნიკო ცხვედაძე თავმჯდომარეობდა. სარაჯიშვილის სტიპენდიატები იყვნენ ჩვენთვის საამაყო ადამიანები:

კომპოზიტორები: დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე; ილია (ია) კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი;

მომღერლები: ვანო სარაჯიშვილი, ვალერიან ქაშაკაშვილი;

მხატვრები: მოსე თოიძე, გიგო გაბაშვილი, გრიგოლ მესხი;

მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე;

სხვადასხვა დარგის პროფესორები: მოსე ჯანაშვილი, სოლომონ ჩოლოყაშვილი, ილია ყიფშიძე და კიდევ არაერთი სტუდენტი.

სარაჯიშვილი ფულად დახმარებას უწევდა სასულიერო პირს (შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს) კალისტრატე ცინცაძეს, ასევე – ნიკო ნიკოლაძეს, აკაკი შანიძეს, ნოე ჟორდანიას, თედო სახოკიასა და გერონტი ქიქოძეს.

დავით სარაჯიშვილმა თბილისის პირველი გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო, ორი წლის შემდეგ კი გაემგზავრა გერმანიაში და ისმენდა ლექციების ჯერ მიუნხენის, შემდეგ კი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 26 წლის ასაკში მან მიიღო ქიმიის დოქტორის ხარისხი (ის პირველი იყო, ვისაც ქართველებს შორის ქიმიის დოქტორის ხარისხი ჰქონდა). შემდეგ გადაწყვიტა, მევენახეობა-მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საკითხები შეესწავლა, რა მიზნითაც იგი საფრანგეთში გაემგზავრა.

სამშობლოში დაბრუნებულმა სარაჯიშვილმა დაიწყო სპირტის მრეწველობა და თბილისში დააარსა პირველი არყის გამოსახდელი სამრეწველო მასშტაბის ქარხანა. ცოტა მოგვიანებით მან თბილისში გახსნა კონიაკის პირველი ქარხანა. შემდეგ მსგავსი ქარხნები გაიხსნა ყიზლარში, ერევანში, კიშინიოვსა და ბაქოში.

„კავკასიის ნატურალური კონიაკი“ – ასეთი სახელწოდებით იყო ცნობილი დავით სარაჯიშვილის კონიაკი. კონიაკის წარმოება იხვეწებოდა და ძლიერდებოდა. 1889 წლიდან 1904 წლის ჩათვლით, ხსენებულმა კონიაკმა საერთაშორისო გამოფენებსა  და დეგუსტაციებზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს 13  მედალი დაიმსახურა.

სარაჯიშვილისეული სახლი მაშინდელ სერგიევის ქუჩაზე, იქ, სადაც დღეს მწერალთა სახლია, იქცა ნამდვილ ლიტერატურულ სალონად, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძისა და მანანა ორბელიანის ლიტერატურული სალონების ტრადიციას აგრძელებდა. ამ სახლში წაუკითხავს ილია ჭავჭავაძეს „განდეგილი“ და „ოთარაანთ ქვრივი“, აქ წარუდგენია დავით სარაჯიშვილს  საზოგადოებისათვის ახალგაზრდა, ჯერ შედარებით უცნობი მომღერალი, ვანო სარაჯიშვილი.

63 წლის ასაკში თავისსავე სახლში, ნათესავებითა და მეგობრებით გარშემორტყმული აღესრულა დიდი ქართველი ინდუსტრიალისტი და მეცენატი, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული დავით სარაჯიშვილი. იგი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

„მადლიერმა“ შთამომავლობამ კი 30 წლის შემდეგ აიძულა ნათესავები, დავითისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ფორაქიშვილის ცხედრები დიდუბის პანთეონიდან გადაესვენებინათ ვაკის სასაფლაოზე – თურმე კაპიტალისტი სარაჯიშვილი არ იმსახურებდა პანთეონში განსვენებას. გადასვენების ხარჯების დასაფარად ისევ დავით სარაჯიშვილმა უშველა თავის ნათესავებს სამარეში ჩატანებული საქორწინო ოქროს ბეჭდით.

დავით სარაჯიშვილმა მართლაც რომ ყველაფერი საქართველოს დაუტოვა და ის განეკუთვნება იმ დიდი ადამიანების რიგს, რომელთა შესახებ, ზუსტად 50 წლის შემდეგ, თავის საინაუგურაციო გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტი, ჯონ ფიცჯერალდ კენედი იტყვის: „არ იკითხო, თუ რისი გაკეთება შეუძლია შენთვის შენს სამშობლოს – იკითხე, თუ რა შეგიძლია გააკეთო შენი სამშობლოსათვის“.

გააზიარე