"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
დიდი შვიდეულის ტოპ-სამეული: აღმშენებლობა, ჯანმრთელობა და ბუნება
ისევ შეიკრიბნენ ძლევამოსილნი ამა ქვეყნისა; ისევ პირისპირ; ისევ ნამდვილი „საოჯახო“ ფოტო; ისევ „გვერდზე გაყვანები“ და ორმხრივი ბაასები – ეგრე არ ჯობია?! პანდემიური კოშმარის დასრულების თუ არა, დასასრულის დასაწყისის განცდას მაინც ხომ აჩენს. არ ვიცი, ამ ქვეყნების ვალუტები როგორ რეაგირებას მოახდენენ დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის (მას სამიტის დროს შეუსრულდა 95 წელი – დიდხანს სიცოცხლე დედოფალს! კიდევ გამოიცვლის ერთ წყება ლიდერებს, ალბათ!), აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის, მასპინძელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის (რომელიც სამიტამდე სულ ცოტა ხნით ადრე ოფიციალურად დაქორწინდა), თავისი კარიერის ბოლო შვიდეულის სამიტზე ჩამოსული ანგელა მერკელისა და სხვათა ერთობლივი ფოტოების ფონზე, მაგრამ მათ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გავლენა რომ უნდა იქონიონ პლანეტის მასშტაბით ადამიანების ჯანმრთელობაზე, გარემოს დაცვასა და ეკონომიკის მდგომარეობაზე, ამ ვარაუდის გამოთქმა თამამად შეგვიძლია.
40 წლის წინ კომუნისტური ჩინეთის ეკონომიკას, რომელიც დაახლოებით იტალიის ეკონომიკის ზომის იყო, სერიოზულ სათვალავში არავინ აგდებდა. კაცმა რომ თქვას, რაც მერე მოხდა, თვითონ შეუწყვეს, ბატონო, ხელი: მოდი, გავადემოკრატიულოთ, გავხსნათ და ჩვენს ფერხულში ჩავაბათო და აგერ, ბატონო, შედეგიც აშკარაა – ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის, პრეზიდენტ სი ძინპინის ბრძნული ხელმძღვანელობით ჩინეთი ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერით უკვე მეორე ქვეყანაა მსოფლიოში და ასე თუ გაგრძელდა, დაგეგმილზე ადრე, 2038 წელს პირველიც გახდება. ამიტომაც შემოჰკრა განგაშის ზარი ჯერ ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მერე განაგრძო პრეზიდენტმა ბაიდენმა. უბრალოდ, წინამორბედისგან განსხვავებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა მოკავშირეებთან ჩხუბის, ბუტიაობის და დავიდარაბის მაგივრად, ტკბილი სიტყვით უბნობა და ცალკეული პარტნიორებისთვის ძალიან გულუხვი ჟესტების ტაქტიკა აირჩია, რაც აისახა კიდეც ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კორნუოლის საგრაფოში მდებარე საკურორტო ქალაქ კარბის-ბეიდან მოსულ ფოტორეპორტაჟებში.
სამიტის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ დიდი ხანია, არაფერი პოზიტიური არ შეუთავაზებიათ მსოფლიოსთვის ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით; განსხვავებით ჩინეთისგან, რომელმაც „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში 2600-მდე პროექტში 3.7 ტრილიონი დოლარი უნდა დახარჯოს. დემოკრატიულ თანამეგობრობაში პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ აღნიშნული ინიციატივის განხორციელებით 100-ზე მეტ ქვეყანაში ჩინეთი პირველ რიგში საკუთარი პოლიტიკური გავლენის მოპოვებასა და განმტკიცებას ისახავს მიზნად. ასევე, სერიოზული კითხვები ჩნდება თავად პროექტების ფინანსურ პირობებთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. გარკვეულმა ქვეყნებმა, მათ შორის აღსანიშნავია ლიეტუვა, უკვე დატოვეს ეს ინიციატივა, თუმცა მასში ჯერ კიდევ რჩებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელთა შორის არის დიდი შვიდეულის წევრი იტალია. მართალია, წინა, პოპულისტური მთავრობისგან განსხვავებით, ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის, მარიო დრაგის პოზიცია ჩინური ინიციატივის მიმართ რადიკალურად განსხვავებული, ანუ საკმაოდ კრიტიკულია, მაგრამ ინიციატივის დატოვებაზე საუბარი მაინც ჯერ ნაადრევია.
აი, ასეთ ვითარებაში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კოორდინაციით შეათანხმა შვიდეულის ლიდერებთან ახალი ინიციატივა სახელწოდებით „ავაშენოთ უკეთესი მსოფლიო“ (Build Back Better World – B3W). კონკრეტული თანხა არ დასახელებულა, მაგრამ ლიდერების მხრიდან იყო საუბარი მსოფლიოს ინფრასტრუქტურულ განვითარებაში არსებული 40-ტრილიონდოლარიანი ჩამორჩენის 2035 წლისთვის აღმოფხვრის აუცილებლობაზე (ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ინიციატივიდან საქართველოც შეძლებს სარგებლის მიღებას და ისეთი სტრატეგიული პროექტების განხორციელებას, როგორიც არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი). ინიციატივა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ნიშანდობლივია, რომ ჩინეთთან მიმართებით ე.წ. „უორდინგი“ შვიდეულის წევრებს შორის განსხვავებულია. აშშ-ის პრეზიდენტი სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეში მუსლიმი უიღურების იძულებით მუშაობაზე მტკიცე პოზიციის დაფიქსირებას ცდილობდა, იაპონიის პრემიერი კი – ტაივანის პრობლემის ხსენებას. მათ ჰქონდათ დიდი ბრიტანეთის, კანადისა და საფრანგეთის მხარდაჭერა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით ფრთხილი იყო ტერმინებთან მიმართებით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ისევე როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრი. თუმცა, საბოლოო ჯამში, დიდი შვიდეულის ისტორიაში პირველად შემაჯამებელ დოკუმენტში ნახსენები იქნა ჩინეთი და პრაქტიკულად ყველა მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხი – ჰონგ კონგში და სინძიანის პროვინციაში უიღური მუსლიმი უმცირესობის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა; აგრეთვე კოვიდ-19-ის გავრცელების მიზეზების გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიების ჩინეთში ჩატარების აუცილებლობა.
პანდემიასთან ერთობლივ ბრძოლასა და ამ მიმართულებით ძალისხმევის საგრძნობლად გაზრდაზე ლიდერები ასევე ერთხმად შეთანხმდნენ. 100 დღე ვაქცინის გამოსაგონებლად და დასამტკიცებლად – სწორედ ასეთი უნდა იყოს ვადა შესაძლო ახალი გლობალური ვირუსების წინააღმდეგ მისაღები ვაქცინების შესამუშავებლად. გარდა ამისა, მსოფლიოს 40% ეკონომიკის მქონე ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაჭირვებაში მყოფ ქვეყნებს 1 მილიარდ დოზა ვაქცინას მიაწვდიან. თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გებრეისუსი მაინც უკმაყოფილოა. მისი თქმით, მსოფლიოს სჭირდება არა 1, არამედ 11 მილიარდი დოზა, რომ სრულად აცრილების მაჩვენებელს 60%-მა მიაღწიოს. კრიტიკა დაიმსახურა ბორის ჯონსონმაც, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ბაიდენის ინიციატივას, 500 მილიონი ვაქცინა დაურიგოს ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს. ბრიტანეთის პრემიერმა 50 მილიონი დოზის დარიგების ვალდებულება აიღო, რაც ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ კრიტიკა დაიმსახურა დისტრიბუციის ტემპებმა. 5 მილიონი – 2021-ის ბოლომდე, დანარჩენი კი შემდეგი წლის განმავლობაში – ასეთია ჯონსონის გეგმა. ექსპერტები კი ამბობენ, რომ ეს ტემპი ძალიან დაბალია. მათივე აზრით, დიდი შვიდეულის მხრიდან ვაქცინაციაში 50 მილიარდი დოლარის დახარჯვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მომავალ წელს მსოფლიოს 30%-ის სრულად ვაქცინირება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს გლობალური ეკონომიკის საგრძნობ გაჯანსაღებას.
მსოფლიოში ცნობილმა ბუნების დამცველმა სერ დევიდ ატენბორომ სამიტამდე განაცხადა, რომ შესაძლოა კაცობრიობა თავისი ისტორიის მანძილზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების ზღვარზე იყოს. სამიტის ბოლო დღეს სპეციალური ვიდეოც კი აჩვენეს ლიდერებს; ალბათ, გავლენა რომ მოეხდინათ მათ გადაწყვეტილებებზე. მოახდინეს კიდეც. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ქვანახშირის მოხმარება 2030 წლისთვის უნდა განახევრდეს, ხოლო იმ საწარმოებმა, რომლებიც განაგრძობენ ქვანახშირის გამოყენებას, გამონაბოლქვის შესამცირებლად სპეციალური დანადგარები უნდა დააყენონ. დიდი შვიდეული სხვა, უფრო ღარიბ ქვეყნებს ასევე გამოუყოფს დამატებით თანხებს გამონაბოლქვის შემცირებისთვის საჭირო მოწყობილობების დასამონტაჟებლად.
სამიტზე მიწვეული იყვნენ ინდოეთის, ავსტრალიის, სამხრეთ კორეისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერები. ცხადია, მათი იქ ყოფნა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩინეთთან მიმართებით ერთიანი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობამ.
ორმხრივი შეხვედრები ალბათ ცალკე ბლოგს იმსახურებს, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ გამორჩეული იყო ბორის ჯონსონის საკმაოდ დაძაბული შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან, ისევე როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ცხადია, მთავარი საკითხი ბრექსიტი იყო. ევროპელმა ლიდერებმა ბორის ჯონსონს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდეს, რაზეც ამ უკანასკნელს განსხვავებული შეხედულება აქვს და განსხვავებულად კითხულობს ბრექსიტის შეთანხმებას.
ჩვენი და, რა თქმა უნდა, უკრაინელი მეგობრების ყურადღება პრეზიდენტ ბაიდენისა და კანცლერ მერკელის შეხვედრისკენ იყო მიპყრობილი. არაფერი სახარბიელო – ნორდსტრიმ 2 დასრულდება და ამოქმედდება. თუმცა, საბოლოო კომუნიკეში უკრაინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ჩანაწერიც გაკეთდა და რუსეთის დესტრუქციული ქმედებების, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში რუსეთის, როგორც მხარის და არა მედიატორის როლის აღნიშვნაც მოხდა. უკრაინისთვის ასევე პოზიტიური შეიძლება ის იყოს, რომ მისი ტერიტორიის გავლით და ინფრასტრუქტურის გამოყენებით რუსული გაზის გატარების გაგრძელებაზე ორივე ლიდერი თანხმდება. აგრეთვე, უკრაინისთვის გარკვეული კომპენსაციის საკითხიც განიხილება. ამ თემაზე საუბარი ივლისში ვაშინგტონში გაგრძელდება, როდესაც პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინის პრეზიდენტიც ეწვევა და გერმანიის კანცლერიც.
მოკლედ, კარბის-ბეიში ყველაფერი ისე იყო, როგორც კარგ ძველ დროებში – შეხვედრებიც, კომუნიკეც (დონალდ ტრამპმა აქაც პრეცედენტი შექმნა – მისი პრეზიდენტობის დროს შემაჯამებელი დოკუმენტის მიღება ვერ მოხერხდა), ფოტოებიც, ბანკეტებიც და ხუმრობებიც. იმედია, მომავალ წელს გერმანიაში დიდი შვიდეულის შეკრებისთვის მსოფლიოში პანდემიური ვითარებაც გაუმჯობესებული იქნება და ეკონომიკურიც. მე ასე მინდა ყოველ შემთხვევაში, თორემ ისე კაცმა არ იცის, რეალურად რა იქნება 2022-ის დიდი შვიდეულის შეხვედრის მომენტისთვის.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023