„ვარ მედიაფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი, მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრ "მედიახმის" დამფუძნებელი. მოდით, ერთად დავინახოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ჩვენზე.“
მოდი, ვნახოთ ტყუილი...
ეს ბლოგი დეზინფორმაციაზეა, რომელმაც სიმართლის სახე მიიღო და ტყუილი გვაჭამა.
ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად იმდენად გაიზარდა დეზინფორმაციის შესაძლებლობები, რომ გაჩნდა ადამიანის ქცევაზე ზეგავლენის ახლებური ფორმები. ადამიანი კი მისთვის აქამდე უცნობ, საინფორმაციო-ტექნოლოგიურ საფრთხეებს ისევ იმ ფორმებით უმკლავდება, რაც მას ევოლუციამ დაასწავლა. ამ პუბლიკაციაში განხილულია, თუ როგორ მოქმედებს დეზინფორმაცია ადამიანის ქცევასა და ტვინზე, ემოციებსა და ჯანმრთელობაზე, როგორ ატყუებს ის ჩვენს გონებას და როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი დეზინფორმაციის მავნე ზემოქმედებისგან.
არსებობს ტყუილისგან დეზინფორმაციის შექმნის სხვადასხვა ალგორითმი. ზოგიერთი მათგანის დანახვა, შესწავლა და გაცნობიერება შესაძლებელია. თუმცა არის მანიპულაციები, რომლებიც არც ზედაპირზე ჩანს და თავად ადამიანსაც უჭირს გარკვევა იმაში, თუ რამ იმოქმედა მის ემოციასა თუ ქცევაზე. ამ კუთხით, დეზინფორმაცია აისბერგს ჰგავს. მისი მასშტაბი შეუმჩნეველია, შეფუთულია როგორც სიმართლე და მრავალჯერადი წაკითხვის/დანახვის შედეგადაც კი „არ ასხივებს ტყუილსა და საფრთხეს“, სამაგიეროდ ის მოქმედებს ემოციებზე და მიზანიც სწორედ ესაა.
დეზინფორმაცია შეიძლება მოძრაობდეს შეუმჩნევლად, გამიზნულად და მოქმედებდეს ადამიანის მთლიან ორგანიზმსა და ინფორმაციის გადამმუშავებელ სისტემაზე. საქმე ისაა, რომ ადამიანის გონებაში წარმოდგენილი ამბავი და გამონაგონი ინფორმაციაც კი ჩვენს განწყობაზე, ხასიათზე მოქმედებს. ამის მარტივი მაგალითია სიზმარი (როდესაც თვალები დახუჭულია და გამოსახულებებს ადამიანი მხოლოდ წარმოსახვით აღიქვამს), რომელიც ტოვებს ემოციურ ნაკვალევსა და ვიზუალურ აღქმებს. საკმარისია, ადამიანმა ვიზუალურად წარმოიდგინოს დეზინფორმაცია და ერთიან სურათად შეკრას ის, შექმნას „ფსევდორეალობა“ და თანამდევი გამოსახულებები, გაამდიდროს ის წარმოსახვითი ურთიერთობებით და ინფორმაცია ემოციურად ისევე იმოქმედებს მასზე, როგორც რეალობაში მომხდარი და განცდილი ამბავი.
ამ ყველაფერში, რასაც გვერდს ვერ ავუვლით, ადამიანის ანატომიაა. მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ტვინის ფუნქციონირების სტრუქტურა განაპირობებს იმას, თუ როგორ ვრეაგირებთ ახალ თუ ნაცნობ ინფორმაციაზე, ემოციურ ტრიგერებზე, როგორ ვიმახსოვრებთ და ვახარისხებთ ინფორმაციას, როგორ ვქმნით ახალ მეხსიერებას და ვშლით დამახსოვრებულ მასალას. არაერთი მიდგომა, რომელთაც მიმართავენ დეზინფორმაციით მანიპულირებისას, შესაძლოა, არაეთიკური და ჯანმრთელობისთვისაც მავნებელი იყოს.
დეზინფორმაციის უმთავრესი ამოცანაა არაცნობიერში შეღწევა, რაც კრიზისებისა და ემოციური მანიპულაციების დროს უფრო იოლია. კრიზისების დროს იცვლება ადამიანის არჩევანიც – თუ რა გზით და დოზით მიიღოს ინფორმაცია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანი ნეგატიურ და პოზიტიურ ინფორმაციას სხვადასხვანაირად აღიქვამს, ამუშავებს და იმახსოვრებს. საბაზისო ნეგატიური ემოციების (ბრაზი, სევდა, ზიზღი) ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე უფრო ძლიერია, ვიდრე პოზიტიურისა. ამიტომ დეზინფორმაცია ძლიერდება მაშინ, როდესაც მისი კონტექსტი ნეგატიურ ემოციებთან არის ბმაში. დეზინფორმაციის ერთ-ერთი დამმუხტავი ძალაა სიძულვილის ენაც.
საომარი მოქმედებებისა და კრიზისების დროს დეზინფორმაციის მიზანი შესაძლოა, იყოს პოლარიზაციის გაღრმავება და ადამიანთა ჯგუფების დანაწევრება. დეზინფორმაციასთან ბრძოლისას კი ეფექტიანი ხდება განსხვავებული ჯგუფებისა და ინდივიდების ფასეულობებისა და ეროვნული მიზნების გარშემო გაერთიანება და ერთიანობის დემონსტრირება საფრთხესთან მიმართებით.
„მედეგობის ფილტრი“
მთავარი გამოწვევა ისაა, რომ კარგად შენიღბულ დეზინფორმაციას ჩვენვე ვუხსნით არაცნობიერის კარს, სადაც ის ფილტრის გარეშე მოძრაობს და თავს იმკვიდრებს. არაცნობიერიდან მისი გამოდევნა კი ძალიან ძნელია. ეს მანიპულაციის (ტვინის მოტყუების) შედეგად ხდება. საქმე ისაა, რომ ჩვენს ტვინს მოსწონს, როდესაც აკონტროლებს იმას, რაც მის გარშემო ხდება. ეს ეხება ინფორმაციის ნაკადსაც, რომელსაც ის ახარისხებს, ცდილობს მისთვის ადგილის მიჩენას, ათავსებს მას ლოგიკურ ქარგაში და სელექციურად იმახსოვრებს. რაც უფრო ნაცნობია ინფორმაცია, მით უფრო უსაფრთხოდ აღიქვამს მას ტვინი და თავისუფლად ატარებს თავის ფილტრებში. ხოლო, თუ ინფორმაცია ალოგიკური, დაუჯერებელი, დამაბნეველი, დიდი ტყუილის შემცველი ან სრულიად უცნობია, გონება მოულოდნელად იბნევა, რაც ნიშნავს, რომ ამ ინფორმაციის მართვაზე მას კონტროლი უძნელდება. სწორედ ამგვარი დაბნეულობაა დეზინფორმაციისთვის გასაღები, რადგან „დაბნეულობის კონტროლი“ ჩვენს ორგანიზმს ფიზიოლოგიურად დიდხანს არ შეუძლია. ტვინი ნებდება დეზინფორმაციას მხოლოდ იმისთვის, რომ მოიხსნას დაძაბულობა და განიტვირთოს. ამის შედეგად, ის ხსნის კონტროლის ბარიერს, რითაც დეზინფორმაციას „კარს უღებს“ და გადაუმუშავებლად „ყლაპავს“ მას. როდესაც ადამიანზე დაბნეულობით ზემოქმედებას ვახსენებთ – ეს შეიძლება იყოს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციით შედგენილი წინადადებით ზემოქმედება. აქაც გონებას უჭირს ლოგიკის პოვნა და ნებდება. სწორედ ამ მომენტში მიღებული ფაქტობრივი მასალა ჩვენს არაცნობიერსა და ემოციებზე კვალს ტოვებს.
გონების დასაბნევად შოკისმომგვრელ მესიჯებსაც იყენებენ და რაც უფრო დიდია ტყუილი – მით მეტია მისი დამახსოვრების შანსი. დაბნეულობა ადამიანს უფრო მოწყვლადს ხდის. შედეგად, შესაძლოა, ინფორმაცია არ დავიჯეროთ, მაგრამ დავიმახსოვროთ. ერთხელ დამახსოვრებული ტყუილი თავის საქმეს მაშინაც გააკეთებს, როდესაც მოგვიანებით სიმართლეც მიეწოდება და ინფორმაციის დამუშავების პროცესში მას ბარიერს უკვე ტყუილი დაახვედრებს.
ხშირად დეზინფორმაციის ეფექტს განაპირობებს ცოდნის ნაკლებობა. იქ, სადაც კონკრეტული თემის შესახებ ცოდნა არსებობს, არსებობს ბარიერიც დეზინფორმაციის შესაკავებლად, გასაფილტრად. ანუ, მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რა იცის ადამიანის ტვინმა, არამედ თუ რა არ იცის. სწორედ ის, რაც არ ვიცით – ნოყიერი ნიადაგია დეზინფორმაციისთვის. ასეთ დროს ტვინს არაფერი აქვს გამზადებული, რითაც დეზინფორმაციას უპასუხებს. მაგალითად, თუ ჩვენ არაფერი ვიცით უკრაინის ისტორიის შესახებ, შანსები დიდია, რომ რუსეთის მიერ გავრცელებულმა თუნდაც დაუჯერებელმა ინფორმაციამ ჩვენზე ზეგავლენა მოახდინოს და ნებისმიერი ტყუილი დაგვამახსოვრდეს. ასეთ დროს, მეტწილად სიმართლით შეფუთულ დეზინფორმაციას ბარიერად არაფერი ხვდება. იქ, სადაც ცოდნის ვაკუუმი და სიცარიელეა, ადგილს დეზინფორმაცია უფრო მარტივად დაიკავებს. მაგალითისთვის, გავიხსენოთ 2020-21 წლების კოვიდპანდემია, როდესაც სტრესისა და კრიზისების ფონზე, ვირუსების შესახებ არაერთი კონსპირაციის თეორია გავრცელდა. ლოგიკურად, ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ, რა არის ვირუსი და როგორ ვრცელდება ის, შესაძლოა, უფრო მეტად იმახსოვრებდნენ კონსპირაციის შემცველ ამბებს.
მეტაფორულად რომ ვთქვათ, დეზინფორმაციაც „ვირუსია“, რომელიც, იმუნიტეტის არქონის შემთხვევაში, ორგანიზმს (მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას) აზიანებს და ანგრევს. ეს ვირუსი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ თავის მავნე საქმეს აკეთებს. მას თავისი აგებულება აქვს: იცის, როგორ იმოძრაოს, იპოვოს მოწყვლადი ჯგუფები, რამდენჯერ განმეორდეს, როდის შეწყვიტოს ამბის თხრობა და დატოვოს კითხვის ნიშნები/დაბნეულობა და ა.შ. დეზინფორმაციის ვირუსისგან დაცვის იმუნიტეტი კი – ინფორმირებულობაა.
როგორ გვაჭამეს ტყუილი?
დეზინფორმაციის სამიზნე მარტო სიმართლის გამრუდება არაა. ის სიმართლეს საკუთარი მიზნისთვის იყენებს. სიმართლესთან ინტეგრირება დეზინფორმაციის ბუნებრივი მდგომარეობაა. პარადოქსია: დეზინფორმაცია იყენებს რაც შეიძლება მეტ სიმართლეს – ტყუილის გასავრცელებლად. იმისთვის, რომ დეზინფორმაციამ თანხმობა მიიღოს ადამიანის ტვინში დაბინავებაზე, მას სჭირდება სიმართლის ანტურაჟი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ინფორმაცია, პირობითად, შეიცავს 95% სიმართლეს და მხოლოდ მცირედი ნაწილია მასში გამოგონილი, ადამიანის ტვინი ინფორმაციას სრული 100%-ით სიმართლედ დაიმახსოვრებს. ეს ტექნიკა გამოიყენებოდა ადრეც და ახლაც. მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ როგორ ხდება ეს.
სიმართლესთან ინტეგრირებისა და მანიპულაციის პროცესი რომ დავშალოთ, ტვინი შემდეგ სამ ეტაპს გადის: ჯერ იღებს ინფორმაციას, რომელიც იცის, რომ უტყუარია, შესაბამისად, ეს ინფორმაცია ნაცნობია და უსაფრთოებასთან, ფიზიოლოგიურ კომფორტთან ასოციირდება (1); სიმართლის ამგვარი ნაკადის შემდეგ ხდება ტყუილის ინტეგრირება (2) და შემდეგ მას ისევ მოსდევს სიმართლის ნაკადი, კომფორტი და უსაფრთხოება.
|
ამ კომბინაციით, ტვინისთვის „ტყუილის შემოპარვა“ გამოწვევაა. დეზინფორმაცია მაშინაც ახდენს ჩვენზე გავლენას, როდესაც ეჭვები გვაქვს. ადამიანმა რომც შენიშნოს, რომ მას ატყუებენ, ტვინმა საკმაოდ კომპლექსური სამუშაო უნდა ჩაატაროს. ის მყისიერად უნდა გამოვიდეს „სიმართლისა და უსაფრთხოების, კომფორტის ზონიდან“ და რეაგირება მოახდინოს… ამას ხელს ისიც უშლის, რომ მიღებული ტყუილ-მართლის დამუშავების პროცესში მას უკვე ესმის ამბის გაგრძელება – ისევ სიმართლე, რომელსაც ის კვლავ უსაფრთხოებასა და ფიზიოლოგიურ კომფორტში გადაჰყავს. ეს საკმაოდ სწრაფად ხდება. ტვინს, რომელსაც სურს, პრობლემა რაც შეიძლება მარტივად მოაგვაროს, ურჩევნია „გამოტოვოს საფრთხის შემცველი ტყუილი“, დაიცვას და შეინარჩუნოს კომფორტის განცდა და ტყუილი დაამუშაოს არა ცალკე, არამედ დააინტეგრიროს მთლიან პაკეტში. ამგვარად, ის მთელ ინფორმაციას (მათ შორის, ტყუილის კომპონენტსაც) იმახსოვრებს, როგორც სიმართლეს.
მოდი, ამ ბლოგის კითხვის პროცესშივე ჩავატაროთ ექსპერიმენტი. წარმოიდგინეთ, რომ მე თქვენ მოგმართავთ: „თქვენ ახლა კითხულობთ ბლოგს, რაც ძალიან მახარებს. გმადლობთ ამისთვის. ეს ბლოგი, როგორც უკვე იცით, ეხება დეზინფორმაციას. ამ მასალას ზოგი თქვენგანი ეცნობა ტელეფონში, ზოგიც ლეპტოპში, ზოგი საქართველოშია, ზოგიც უცხოეთში, მე ბრიუსელიდან ვწერ ამ ბლოგს და აქაც, თბილისის მსგავსად, დღეს წვიმს. სწორედ აქ გადავწყვიტე, რომ ეს ბლოგი გამომექვეყნებინა და ახლა თქვენ მას ეცნობით“. თითქოს არაფერია ისეთი, რაც ჩვენმა გონებამ უნდა გაფილტროს. არაფერია საფრთხის შემცველი. |
როდესაც ინფორმაციას ვიღებთ ისეთ თემაზე, რომელზეც ცოდნას საერთოდ არ ვფლობთ, ჯობს, დაშვება გავაკეთოთ, რომ, შესაძლოა, ეს იყოს დეზინფორმაცია. კრიტიკული აზროვნება არის პირველი და სწორი ნაბიჯი, რომელიც დაგვიცავს. ჯობს დაბნეულობას ვუპასუხოთ კითხვის დასმითა და დაზუსტებით.
დროსა და მეხსიერებასთან ინტეგრირება
ჩვენს ტვინს არა აქვს ჩართული ვიდეოკამერა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გადაახვევს და ნახავს, თუ რა მოისმინა ან ნახა. მეხსიერება, რომელიც მუდმივად იქმნება, ინფორმაციას (გამოსახულებებს, ხმას, ემოციებს) სელექციურად იმახსოვრებს და ხშირად ჩვენ ვერც ვაცნობიერებთ, თუ რა ილექება ჩვენს გონებაში. ახლაც, როდესაც ამ ბლოგს კითხულობთ, თქვენ ქმნით ახალ მეხსიერებას. დეზინფორმაცია დროსა და მეხსიერებასთან ინტეგრირებასაც ცდილობს და მოქმედებს შეუმჩნევლად, წვეთწვეთობით, რასაც მედიის თეორიებში „drip-drip effect“-ს ვეძახით. დეზინფორმაცია პატარა ტყუილს ბევრჯერ იმეორებს, სხვადასხვა კონტექსტსა და დროში და გონების სხვადასხვა მოგონებაში ნეირონებად გარდაქმნის იმას, რაც ცოცხალი ორგანიზმივით ჩვენს სხეულში განაგრძობს ცხოვრებას. ამიტომ, ჯერ ჩვენ გვატყუებენ და მერე, ნებსით თუ უნებლიეთ, შესაძლოა, დეზინფორმაციის გამავრცელებლები თავადაც აღმოვჩნდეთ. ადამიანური ბუნების ასეთი ჩართულობა და მისით მანიპულაცია ასმაგად ართულებს ამ მავნე ფენომენთან ბრძოლას.
დეზინფორმაციის ორი ალგორითმის შესახებ
ჯონსონ-კარტი და კოუპლენდი (Johnson-Cartee, Copeland, 2004)[1] განიხილავენ სხვადასხვა სქემას, თუ როგორ ხდება პროპაგანდის ტექნიკის გამოყენება. ჩემთვის საინტერესოა ემოციაზე (კონკრეტულად კი, შიშზე) გათვლილი პროპაგანდის ტექნიკები და ალგორითმები, რომლებსაც მე დეზინფორმაციის „შიშის სპირალს“ ვუწოდებ. გთავაზობთ ამ ორ სქემას:
- თუ X ხდება, მაშინ მოხდება Y და ეს არის საშინელება.
- თუ X და Y მოხდება და ეს საშინელებაა და გამოჩნდება Z, ეს იგივე იქნება და კიდევ უარესი.
ჩასვით ამ ალგორითმებში რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებები და ნახავთ მისი პრაქტიკული გამოყენების სისტემურობასა და მასშტაბებს.
როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან?
როგორ ვასწავლოთ ჩვენს ტვინს ახალ-ახალ საფრთხეებზე რეაგირება? გამოწვევა ისიცაა, რომ დეზინფორმაციას, როგორც ფენომენს, ვერ გავაქრობთ. ის ყოველთვის იქნება. უკვე გავრცელებული დეზინფორმაციის აღმოჩენას, სამწუხაროდ, უკუეფექტის ძალა არა აქვს, რადგან ზიანი უკვე დამდგარია. გამოსავალი არის პრევენციულად, ინფორმაციული მედეგობისა და იმუნიტეტის შექმნა.
მედიას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში არის არაფორმალური განათლების მიღების ყოველდღიური წყარო, ინფორმაციული მედეგობის შექმნაში დიდი როლი აქვს. რაც უფრო ინფორმირებული ვართ – მით უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ემოციური და მენტალური ჯანმრთელობისთვის.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული პროპაგანდის სამიზნე თემებს თუ გავითვალისწინებთ, აუცილებელია ისტორიულ კონტექსზე ინფორმაციული მედეგობის შექმნა და განათლების გავრცელება. ანუ, ისტორიის გაყალბებისგან დასაცავად, საჭიროა პრევენციულად, მსოფლიო ისტორიის სწავლების გაძლიერება, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის (თავის პერსონაჟებთან ერთად) რეალური არსის გამოკვეთა. რადგან რუსეთის მიზანი ისევ არის ჩვენი სახელმწიფოს მიტაცება, მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომზადებული მასალების გავრცელებისას, სულ მცირე, გავითვალისწინოთ მედიაენა და ლექსიკონი: მაგალითად, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მაგივრად ვთქვათ ოკუპირებული აფხაზეთი და ოკუპირებული ცხინვალი. ასეთი თემა ბევრია.
თქვენ შეჭამეთ ტყუილი
მინდა გთხოვოთ, რომ გაიხსენოთ: როგორი ამინდი იყო თბილისსა და ბრიუსელში, როდესაც ეს ბლოგი დაიწერა?
ხომ არ გაგახსენდათ, რომ „წვიმდა“? თუ ასეა, იცოდეთ, რომ ეს პატარა ტყუილი იყო, რომელიც შეიფუთა სიმართლით და თქვენ ის დაიმახსოვრეთ, როგორც მორიგი, უსაფრთხო, მაგრამ გადაუმოწმებელი ინფორმაცია. და თუ თქვენ იკითხავთ, თუ რაში გჭირდებოდათ ასეთი უმნიშვნელო ინფორმაციის გადამოწმება, მინდა გითხრათ, რომ სწორედ ასეთი უმნიშვნელო ინფორმაციის დამახსოვრება შეიძლება იყოს მომავალში დეზინფორმაციის საყრდენი და მტკიცებულება (მაგ: თუ გეტყვით, რომ წვიმის გამო იმ დღეს შეხვედრაზე ვერ წავედი… ან სპიკერი ასეთი ამინდის გამო საცობში მოხვდა და დაიგვიანა…) და ეს ლოგიკური ჯაჭვი იქნება დამაჯერებელი. ინფორმაციის შინაარსი და მასშტაბები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ სტრუქტურა იმავენაირად იმუშავებს.
ამიტომ დეზინფორმაციის გასაღებიცა და მისგან დამცავი კარიც თავად ადამიანშია და კიდევ იმ უხილავ მოთამაშეში, რომელსაც მედია ჰქვია. დეზინფორმაციის გავლენისგან ყველაზე კარგად ყოველთვის დაგვიცავს ჩვენივე ინფორმირებულობა, მეტი კრიტიკული აზროვნება და ისეთი მარტივი კითხვები, როგორიცაა: „რა? ვინ? სად? როდის? როგორ? რატომ?“ ამ მარტივ ჟურნალისტურ კითხვებს (რომლებსაც 5W+1H-ს ვუწოდებთ) შეუძლია მეტი ინფორმაციული მედეგობის შექმნა და, საბოლოოდ, ჩვენი დაცვა.
პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში სერიით „History Keepers / ისტორიის მცველები / вартовий історії“. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის პოზიციას.
[1] Strategic political communications, rethinking social influence, persuasion and propaganda, by Karen S. Johnson-Cartee and Cary A. Copeland, Rowmen & Littlefield Publishers, 2004
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on იანვარი 11, 2024
- on აგვისტო 31, 2023
- on მარტი 17, 2022
- on თებერვალი 22, 2022
- on იანვარი 20, 2022
- on იანვარი 4, 2022
- on დეკემბერი 6, 2021
- on ნოემბერი 8, 2021