ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.
დისტოპიური რეალობა - I ნაწილი
First they came for the socialists, and I did not speak out,
Because I was not a socialist.
Then they came for the trade unionists, and I did not speak out,
Because I was not a trade unionist.
Then they came for the Jews, and I did not speak out,
Because I was not a Jew.
Then they came for me and there was no one left to speak for me.Friedrich Gustav Emil Martin Niemöller
წინამდებარე და შემდეგ ბლოგში ვეცდები, თქვენთან ერთად გავიაზრო, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება, ცივილიზებული ქვეყანა გადაეშვას ბარბაროსობის უფსკრულში, რომ ეს საფრთხე კვლავაც არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს იარსებებს.
77 წლის წინ, 27 იანვარს, წითელმა არმიამ სამუდამოდ ჩააქრო ოსვენციმის (აუშვიცის, აუშვიც-ბირკენაუს) საკონცენტრაციო ბანაკის ღუმელები. მას შემდეგ, ბევრ ქვეყანაში 27 იანვარი აღინიშნება, როგორც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენების დღე. გავიხსენოთ, თუ რა იყო ჰოლოკოსტი. ეს იყო ხელისუფლებაში მყოფი გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიისა და მისი კოლაბორაციონისტების მიერ მოწყობილი ებრაელების გენოციდი, რომლის დროსაც დაიღუპა დაახლოებით 6 მილიონი ებრაელი. ნაცისტები არანაკლები სისასტიკით ეპყრობოდნენ საბჭოთა სამხედრო ტყვეებს. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი იყო განადგურების ის ბანაკი, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობის ადამიანი მოკვდა (დაახლოებით 1.2 მლნ) და რომლის ჭიშკარზე უკიდურესი ცინიზმით ეწერა: ARBEIT MACHT FREI (შრომა ათავისუფლებს) – უნებურად გაგახსენდება ჯოჯოხეთის კარიბჭის წარწერა: „შემომსვლელებმა ყველა იმედი გარეთ დატოვეთ“. ოსვენციმის ბანაკი ჩემთვის არის წმინდა წყლის ბოროტების სიმბოლო, ხოლო ამ ბანაკის „ექიმი“, მეტსახელად სიკვდილის ანგელოზი, იოზეფ მენგელე, თვით ბოროტების პერსონიფიცირებაა – „ექიმი“, რომელიც ბანაკის პატიმრებზე სხვადასხვა სახის სასიკვდილო სამედიცინო ექსპერიმენტებს ატარებდა. რა არის წმინდა წყლის სიბოროტე? ჩემი აზრით, ეს არის აბსურდული, ირაციონალური, უკიდურესად უცნაური და შეუვალი სისასტიკე, რომლის წარმოქმნის წყაროს პოვნა ძალიან ძნელია. რაც წამიკითხავს ოსვენციმზე და საბჭოთა შრომა-გასწორების ბანაკებზე – მაგალითად, აუშვიცს გადარჩენილი მეცნიერის, იტალიელი ებრაელის, პრიმო ლევის წიგნი (Primo Levi – If This is a Man) ან მაგადანის ბანაკებს გადარჩენილი ვარლამ შალამოვის მოთხრობების კრებული (Варлам Шаламов – Колымские рассказы), მრჩებოდა და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყოფილი პატიმარი სხვას ვერ უყვებოდა, ვერ უხსნიდა, თუ რა ნახა და რა იგრძნო მან ბანაკების უღრმესი ფსკერის შეხებისას (დაახლოებით ისე, როგორც ემართებოდათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ელეაზარს თვალებში ჩახედეს (Леонид Андреев – Елеазар).
როგორც თითქმის ნებისმიერი ბოროტება, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიც არ იწყება ოსვენციმში. ის იწყება ადამიანის გონებასა და გულში, დიდი ხნით ადრე, ვიდრე აუშვიც-ბირკენაუს ღუმელები ცას გამჭვარტლავდნენ. რამ გამოიწვია გერმანული ნაციზმი? ისტორიულმა მიზეზებმა. თითქოს ასეა. პირველ მსოფლიო ომში დამარცხება, დიდი მსხვერპლი, ტერიტორიების დაკარგვა, უზარმაზარი რეპარაციები, არმიისა და ფლოტის შემცირება, ომისშემდგომი ჰიპერინფლაცია, რომელმაც უამრავი ადამიანის ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა გაანადგურა. შედეგად, დამცირებული და გაბოროტებული ხალხი, რომლის უკიდურესი უკმაყოფილება ნაციონალ-სოციალიზმის შხამიანი თესლისთვის ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩნდა. ეს ყველაფერი ასეა. დიახ, უდავოდ. მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვი, ოსვენციმი არ იწყება ოსვენციმში, ის იწყება ერთი, ცალკე აღებული ადამიანის სულში. ვლადიმირ პასტუხოვის (Dr. V. Pastukhov, University College of London) აზრით (რომელსაც დიდწილად ვიზიარებ და რომლის შესახებაც ქვემოთ ვწერ), საზოგადოების შიგნით მუდმივად მიმდინარეობს ცივილიზაციური ომი, რომლის ფრონტის ხაზი ყველა ჩვენგანზე გადის. დასაწყისში ადამიანები ქმნიან ისეთ საზოგადოებრივ ურთიერთობას, რომელიც დიდწილად ძალადობას ეყრდნობა. ცივილიზაციის ამ პირველ ფენას უწოდებენ ბარბაროსობას. ბარბაროსობის შემდეგ იქმნება მეორე ფენა, რომლის დროსაც ხდება საზოგადოებრივი წესრიგის ისეთი გადაწყობა, რომ ძალადობის შეკავება სამართლისა და კანონის იდეის ამოქმედებით ხდება, ხოლო სახელმწიფო არის ერთადერთი სუბიექტი, რომელსაც ძალადობის ექსკლუზიური უფლება აქვს, ისიც მისივე შექმნილი კანონის ფარგლებში. ნებისმიერი განვითარებული სოციუმის საფუძველში არის ეს ორი შრე: ბარბაროსული და მასზე ზემოდან გადაფენილი და მისი შემაკავებელი ეთიკურ-სამართლებრივი ფენა.
ფართოდ გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ მას შემდეგ, რაც შეიქმნება ზედა შრე, ხდება ბარბაროსობის სრული განდევნა და ეს უკანასკნელი ხდება წარსულის რელიქტი ან მარგინალური, პრიმიტიული საზოგადოებების ხვედრი. სინამდვილეში, სოციალური წყობის ეს ორი მოდელი ხელიხელჩაკიდებული დადის და მეტიც, ყოველდღიური ცხოვრების განუყრელ ატრიბუტს წარმოადგენს. ყოველი საზოგადოების შიგნით მიმდინარეობს ეს უხილავი ცივილიზაციური სამოქალაქო ომი. ბარბაროსობას 24/7 ღვიძავს და თავის საათს ელოდება. საკმარისია, სხვადასხვა მიზეზით (ომი, ეკონომიკური კოლაფსი, ტექნოგენური ან ბუნებრივი კატასტროფა) მოირღვეს ზედა, შემაკავებელი და საკმაოდ სიფრიფანა კულტურული შრე, რომ ბარბაროსობა ამოდის ზემოთ. ამოდის ისე, როგორც გრუნტის წყალი ამოდის ზედაპირზე და მძიმე შემთხვევაში შეუძლია, საერთოდ წალეკოს ცივილიზაცია. ის ცივილიზაცია, რომელიც მანამდე, სხვებისთვისაც და თავისთვისაც, წარმოადგენდა მართლწესრიგის (თითქოსდა) შეურყეველ ბურჯებს. სწორედ ეს მოხდა გერმანიაში ნაცისტებისა და რუსეთის იმპერიაში ბოლშევიკების მოსვლით (ამ უკანასკნელზე შემდეგ ბლოგში დავწერ).
პასტუხოვის აზრით, შესაძლებელია კაცობრიობის (ქვეყნის, საზოგადოების, ინდივიდის) გამოყვანა ბარბაროსობიდან, მაგრამ შეუძლებელია ბარბაროსობის გამოყვანა კაცობრიობიდან (ქვეყნისგან, საზოგადოებისგან, ინდივიდისგან). და თუ ეს ასე არის, მაშინ ცივილიზაციური შიდა ომი ყოველდღე მიმდინარეობს. და თითოეული ადამიანის საქმეა ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლა, ზუსტად ისე, როგორც ეს გამოხატა მარტინ ნიმიოლერმა (იხ. ეპიგრაფი).
P.S. აქვე გავიხსენოთ, თუ რა თქვა თითქმის 19 საუკუნის წინ რომის იმპერატორმა, სტოიკოსმა ფილოსოფოსმა მარკუს ავრელიუსმა და რასაც მე-20 საუკუნეში გაიმეორებს ავსტრიელი ფსიქიატრი, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმარი, ვიქტორ ფრანკლი: „ადამიანს შეგიძლია წაართვა ყველაფერი, იმედიც კი. მაგრამ ვერავინ და ვერასდროს ვერ წაართმევს მას არჩევანს, თუ როგორ შეხვდება იგი უბედურებას. ეს არის ადამიანის უკანასკნელი თავისუფლება“. სწორედ ასეთი თავისუფლების მანიფესტაციაა ის ფოტო, რომელიც ამ ბლოგის დასაწყისშია. ფოტო გადაღებულია მინსკთან, 1941 წლის 14-16 აგვისტოს. ახალგაზრდა სამხედრო ტყვე ფეხზე ადგება და თვალს თვალში გაუყრის ნაცისტური გერმანიის უსაფრთხოების სამსახურების შეფს, SS-ის და Waffen-SS-ის ხელმძღვანელს, გენოციდური განადგურების აპარატის შემქმნელს, რაიხსფიურერ ჰაინრიხ ჰიმლერს. იმპერატორი ავრელიუსი ქედს მოიხრიდა ამ რიგითი ჯარისკაცის წინაშე.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 10, 2023
- on აპრილი 13, 2023
- on მარტი 29, 2023
- on მარტი 15, 2023
- on მარტი 2, 2023
- on თებერვალი 15, 2023
- on თებერვალი 1, 2023
- on იანვარი 11, 2023