ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.
დისტოპიური რეალობა - II ნაწილი
Я узнал и понял в лагере, что человеческая культура, цивилизация чрезвычайно хрупка. Человек становился зверем через три недели — при тяжелой работе, холоде, голоде и побоях.
Варлам Шаламовმე ბანაკში შევიტყვე და მივხვდი, რომ ადამიანური კულტურა, ცივილიზაცია ძალიან მყიფეა. ადამიანი სამ კვირაში ცხოველად იქცევა – მძიმე სამუშაოთი, სიცივით, შიმშილით და ცემით.
ვარლამ შალამოვი
ერთმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა თქვა – რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. მე ასე არ ვფიქრობ. თუ უნივერსალურ გამოთქმას (ან ფორმულას, ან მოვლენას) აქვს გამონაკლის(ებ)ი, მაშინ ის ვერ იქნება უნივერსალური. სიტუაციამ, მდგომარეობამ შეიძლება არ მოკლას ადამიანი, მაგრამ ამავე დროს შეუძლია, დიდი ხნით დაუზიანოს ფსიქიკა. ჩემი აზრით, თუ ადამიანი განსაცდელის მერე უფრო ან ისევ ძლიერია – ასე ხდება არა გადატანილი გასაჭირის გამო, არამედ ამ გასაჭირის მიუხედავად. განსაცდელი მხოლოდ აშიშვლებს იმას, რაც უკვე ჩვენშია. მძიმე მოვლენით მორღვეული, მაგრამ მაინც გადარჩენილი ფსიქიკა, შემდეგი სტრესის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ისევ იქ მოიშლება, სადაც მანამდე გამთელდა. მოტეხილი ძვალი ყველაზე მყიფე შეხორცების ადგილასაა და ჯაჭვიც ყველაზე სუსტ რგოლში წყდება. სხვადასხვა ერის განწყობა გადატანილი ტრავმისადმი ერთმანეთის მსგავსია და ეს ანდაზებში აისახება. ანდაზა კი რომელიმე მოვლენის მიმართ საყოველთაოდ მიღებული დამოკიდებულების სხარტი და კონცენტრირებული გამოხატვაა:
- მგლისგან შეშინებული ძაღლი ჩრდილს უყეფდაო;
- Кого медведь драл, тот и пня боится (ვინც დათვმა დატორა, მას კუნძისაც ეშინია);
შრომა-გასწორების კოლონიებში (საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკები) მომხდარ, აბსურდულად სასტიკ ამბებზე და მათში მონაწილე თუ მათ შემსწრე და შედეგად, ფსიქიკადასახიჩრებულ ადამიანებზეა მწერალ ვარლამ შალამოვის წიგნი – Колымские рассказы (კოლიმური მოთხრობები). შალამოვი 12 წელი პატიმარი იყო. ის იყო გულაგის არქიპელაგის ყველაზე საშინელ ადგილს – კოლიმის ბანაკებს – გადარჩენილი კაცი. „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“-ზე საუბარიც კი არ არის: Убежден, что лагерь – весь – отрицательная школа, даже час провести в нем нельзя – это час растления. Никому никогда ничего положительного лагерь не дал и не мог дать (დარწმუნებული ვარ, რომ ბანაკი მთლიანად უარყოფითი სკოლაა. მასში ერთი საათის გატარებაც კი არ შეიძლება – ეს იქნება გახრწნის საათი. არავისთვის, არასდროს, არაფერი დადებითი ბანაკს არ მიუცია და ვერც შეძლებდა მიცემას).
საბჭოთა კავშირი, ისევე როგორც ნაცისტური გერმანია, რაც უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, დასავლური ცივილიზაციის შვილია, მუტანტი შვილი. კომუნიზმის იდეები არ იწერებოდა სადმე ბნელ სარდაფებში. ის იწერებოდა ბერლინის, ლონდონისა თუ ჟენევის უნივერსიტეტებსა და ბიბლიოთეკების სამკითხველო დარბაზებში. ეს მომაკვდინებელი თეორიები გახდა ამ ცივილიზაციის როგორც შიდა მოხმარების, ასევე საექსპორტო პროდუქტი. თავად პროექტი პირველად განხორციელდა მეფის რუსეთის ტერიტორიაზე და მისი სახელი იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (სსრკ). სსრკ იყო უკანასკნელი ევროპული იმპერია და როგორი ძალადობითაც დაიბადა, ისეთივე ძალადობით არსებობდა. საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკები, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის 30-50-იან წლებში, ამ სახელმწიფოსათვის წარმოადგენდა როგორც ბრმა ტერორით ძალაუფლების განმტკიცების ინსტრუმენტს, ასევე მის განუყრელ ატრიბუტს. თუ ნაცისტური ოსვენციმის და დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკების კარიბჭეებზე ცინიკურად ეწერა Arbeit Macht Frei (შრომა ათავისუფლებს), საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკების შესავლელებზე არანაკლები ცინიზმით იყო გამოყვანილი: Труд в СССР – Есть дело чести, дело славы, дело доблести и геройства (სსრკ-ში შრომა არის ღირსების საქმე, დიდების საქმე, სიმამაცისა და გმირობის საქმე). რეალურად კი საქმე ეხებოდა მინუს 30 გრადუსში, ყოველდღე 15-16 საათის განმავლობაში ხე-ტყის ჭრას და მაღაროებში მომაკვდინებელ მუშაობას.
1929-1954 წლებში სტალინური ბანაკები გაიარა დაახლოებით 17 მლნ ადამიანმა, აქედან დაახლოებით 2 მლნ დაიღუპა. კოლიმის ბანაკები არ იყო ჯოჯოხეთი. შემთხვევით შერჩეული, ძირითადად უდანაშაულო პატიმრების გამო, ის ჯოჯოხეთზე უარესი იყო. ჯოჯოხეთში ცოდვილები იტანჯებიან, რაც არის ბიბლიური სამართლიანობის მანიფესტაცია, ხოლო აბსოლუტური ბოროტების მანიფესტაცია კი იყო საბჭოთა ბანაკები, სადაც ასიათასობით უდანაშაულო ადამიანი იღუპებოდა და სადაც სიკეთე ვერ იმარჯვებდა ბოროტებაზე.
სტალინური ბანაკები ამსხვრევს ჩვენს წარმოდგენას სამყაროს გონივრულად მოწყობის, ბოროტების, სიკეთისა და იმ ზღვრის შესახებ, რომლის შემდეგაც ადამიანი წყვეტს ადამიანად არსებობას. ახალი რეალობის ფონზე ყველაფერი სხვანაირად ჩანდა: მასშტაბები იცვლებოდა. პატიმარი ცხოვრობდა ერთი დღით: მხოლოდ აქ და ახლა (Варлам Шаламов – „Одиночный замер“, Александр Солженицын – „Один день Ивана Денисовича“). ბევრისთვის სახალისო და ოპტიმისტური ლოზუნგი „აქ და ახლა“ სხვა დროს და სხვა განზომილებაში, მილიონობით ადამიანისთვის უმძიმეს დატვირთვას ატარებდა: უნდა გადავრჩე დღეს, აქ და ახლა. და კიდევ ხვალ – აქ და ახლა. და კიდევ ზეგ – აქ და ახლა და ასე თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე. ჩვენ შეგვიძლია, დაახლოებით წარმოვიდგინოთ, ფაქტებად ვიცოდეთ, თუ რა და როგორ ხდებოდა, მაგრამ შეუძლებელია, გავითავისოთ ის დამცირება და სასიკვდილო შიში, რომელიც კოლიმის პატიმრების ყოველდღიურობა იყო.
სტალინურ ბანაკებგამოვლილ ადამიანებს ჰქონდათ ის უღრმესი და უმძიმესი ცოდნა ადამიანის ბუნების შესახებ, რომელიც მათ თითქმის ბიბლიურ წინასწარმეტყველებს უტოლებდა. პარადოქსულად ჩანს, მაგრამ სწორედ ამ მიღმიერი ცოდნისა და გამოცდილების გამო, მათ ძალიან ხშირ შემთხვევაში, თავიანთ თავს არ მისცეს უფლება, რომ ყოფილიყვნენ ვინმესთვის ჭკუის დამრიგებლები. მათ შეიმეცნეს გამაოგნებელი რამ: „Я узнал и понял в лагере, что мир надо делить не на хороших и плохих людей, а на трусов и не трусов. Трусливые находяться в подавляющем большинстве и при слабой угрозе способны на всякие подлости, смертельные подлости“. (მე ბანაკში შევიტყვე და მივხვდი, რომ სამყარო არ უნდა დაყო კარგ და ცუდ ადამიანებად, არამედ მშიშრებად და არამშიშრებად. ადამიანების დიდი უმრავლესობა მშიშარაა და მსუბუქი საფრთხის შემთხვევაშიც კი მზად არის ყოველგვარი ნაძირლობისთვის, სასიკვდილო ნაძირლობისთვის). შალამოვი თვლიდა, რომ ზემოხსენებული არის ადამიანის ფსიქიკის კარგად შეფუთული და დამალული ბირთვი. კულტურა კი ამ ბირთვზე ზედნადები თხელი ფენაა, რომელიც ცოტათი ხანგრძლივ (სამი კვირა), მძიმე სიტუაციებში იოლად იმსხვრევა (იხ. ეპიგრაფი). ეს არის ადამიანის ბუნება და ამაოა ქარის წისქვილებთან ბრძოლა. წერტილი. შალამოვი.
გერმანიისგან განსხვავებით, რომელმაც სრული დენაციფიკაცია მოახდინა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს დესოვიეტიზაცია რეალურად არ გაუკეთებია: არათუ არ დასჯილან, არამედ არც კი გამოაშკარავებულან საბჭოთა დიდი ტერორის სხვადასხვა დონის მმართველები. არ გამოაშკარავებულა ტერორის ათიათასობით შემსრულებელი, მათთვის ტაშისმკვრელები და ანონიმური წერილების ავტორები. პრაქტიკულად არ მომხდარა დიდი ტერორის სისტემური და საჯარო განხილვა. არ ყოფილა მონანიება. და ნელ-ნელა ყველაფერი სრულ დავიწყებას ისე მიეცემა, რომ შესაბამისი დასკვნების გამოტანის საშუალება არ იქნება.
ანატოლ ფრანსს აქვს მოთხრობა, სადაც ჯვარცმიდან 17 წლის შემდეგ პილატე პონტოელი ვერ იხსენებს ქრისტეს.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 10, 2023
- on აპრილი 13, 2023
- on მარტი 29, 2023
- on მარტი 15, 2023
- on მარტი 2, 2023
- on თებერვალი 15, 2023
- on თებერვალი 1, 2023
- on იანვარი 11, 2023