პიტერ ვიბლერი USAID-ის მისიის დირექტორია საქართველოში.
დროა საქართველომ გადალახოს პოლიტიკური პოლარიზაცია და თამამი ნაბიჯები გადადგას ეკონომიკის განვითარებისთვის
ამჟამად საქართველოს წინაშე COVID-19 პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენის საკითხი დგას. ქვეყანას შესაძლებლობა აქვს გაამყაროს წარსულში მიღწეული შედეგები – განახორციელოს ინვესტიციების მოსაზიდად საჭირო რეფორმები, ინოვაციები და გავიდეს დასავლურ ბაზრებზე. ამ პროცესის მხარდასაჭერად USAID იწყებს საქართველოსთან პარტნიორობის ახალ ეტაპს, რომლის ფარგლებშიც კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს რეფორმებს და შექმნის ისეთ ეკონომიკას, რომელიც პანდემიის შემდეგ, წლების განმავლობაში სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას.
COVID-19-მა საგანგებო მდგომარეობა შექმნა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. მთელს მსოფლიოში მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა გახდა. მთავრობებს უწევდათ რთული გადაწყვეტილების მიღება, ხშირ შემთხვევაში დროებით დაიხურა ბიზნესი და სკოლები. არსებულმა სიტუაციამ რთული პირობები შეუქმნა როგორც მოსახლეობას, ასევე ბიზნესს მთელს მსოფლიოში. გამონაკლისი არც ამერიკა და საქართველოა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ბოლო შედეგებით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ ვირუსის პრევენციის მიზნით მიღებულ ზომებს. ცნობილია რომ, ე.წ. ლოქდაუნს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები მოჰყვება. 2020 წელს 6.1%-ით შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტი. დაუცველი აღმოჩნდა საქართველოს ზოგიერთი დიდი და სწრაფად მზარდი სექტორი, განსაკუთრებით ტურიზმის, სტუმართ-მასპინძლობის და სარესტორნო სექტორები.
დღეისათვის საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემების მეტი წილი COVID-19-ს უკავშირდება, თუმცა ძირითადმა გამოწვევებმა ჯერ კიდევ პანდემიამდე იჩინა თავი. COVID-19-მა ქვეყნის განვითარებაში არსებული მთავარი ხარვეზები გამოავლინა და იმ რეფორმების გატარების საჭიროება დაგვანახა, რომლებიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის მხრიდან მეტი ინვესტიციების სტიმულირებას, ინოვაციებს და ეკონომიკის დივერსიფიკაციას.
ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა, რომ პოლიტიკური ლიდერები წავიდნენ კომპრომისზე და მიაღწიონ კონსენსუსს, რაც აუცილებელია ქვეყანაში არსებული პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. პარტიული უთანხმოება ნებისმიერი დემოკრატიისათვის მისაღები და ჯანსაღი მახასიათებელია. თუმცა ის დამანგრეველ ხასიათს იღებს მაშინ, როცა პოლიტიკური რიტორიკა ორიენტირებულია ოპონენტებზე თავდასხმის მიზნით და არა იმის განსახილველად თუ როგორ დააკმაყოფილონ მოსახლეობის მოთხოვნები.
COVID-19 -თან ეფექტური ბრძოლაც კონსენსუსს მოითხოვს. პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობისა და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისას, საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ეძლევა მომავალში უფრო თამამი ეკონომიკური ხედვის ფორმულირებისათვის პროცესში ჩართოს მოსახლეობა, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი.
ამ ნაბიჯებით მთავრობა საქართველოს განვითარების მიზნების მიღწევისთვის საჭირო მზაობას, ანგარიშვალდებულებას და დასავლეთთან კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას გამოხატავს. რამდენიმე წამყვან სფეროში USAID პარტნიორებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობას წარმატებების მიღწევაში.
კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ეკონომიკური მმართველობა
ყველაზე მზარდი პოტენციის მქონე სექტორში გრძელვადიანი სამუშაო ადგილების შესაქმნელად საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა მეტ ინვესტიციებს მოითხოვს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო წყაროებიდან ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: მსუბუქი მრეწველობა, ინტელექტუალური სერვისები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ლოგისტიკა.
ამ სფეროების განვითარება შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას შექმნას მაღალი ღირებულებების და მაღალი შემოსავლების მქონე სამუშაო ადგილები; საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი პროდუქტები და სერვისები, გაიზრდება ევრო-ატლანტიკურ ეკონომიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის შესაძლებლობა; განვითარდება რეგიონალური ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სერვის ცენტრები როგორც ევროპასთან, ასევე აზიასთან.
ამის მისაღწევად საქართველოს კანონმდებლებმა უნდა შეიმუშაონ სამართლიანი, პროგნოზირებადი, გამჭვირვალე კანონები და რეგულაციები. საკანონმდებლო ჩარჩოს უმეტესი ნაწილი უკვე შექმნილია. თუმცა საჭიროა მისი განხორციელება და აღსრულება, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიც გადახდისუუნარობის და საგადასახადო დავის გადაწყვეტაა. USAID მხარს დაუჭერს საქართველოს პარტნიორებს სრულად და ეფექტიანად განახორციელონ წამყვანი რეფორმები, ისე როგორც საქართველოს პარლამენტს და მართლმსაჯულების ინსტიტუტებს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისას. ეს ინვესტორებს და მოქალაქეებს დაარწმუნებს, რომ საქართველოში სასამართლო სამართლიანი, მიუკერძოებელი და პროგნოზირებადია, რაც მდგრადი ეკონომიკური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის რეფორმაც. დინამიური ეკონომიკა დამოკიდებულია კაპიტალის ბაზრებზე, რომელსაც შეუძლია დანაზოგები ინვესტიციებად აქციოს და კაპიტალი მაღალპოტენციური მრეწველობისკენ მიმართოს. საქართველომ ამ სფეროში მრავალ წარმატებას მიაღწია, კერძოდ კი 2020 წელს USAID-ის და სხვა დონორების ტექნიკური მხარდაჭერის შედეგად „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის მიღებით. ახალი კანონი ქმნის მარეგულირებელ ჩარჩოს კაპიტალის ბაზრებისთვის, რომელსაც შეუძლია ბიზნესი საჭირო დაფინანსებით უზრუნველყოს.
USAID გააგრძელებს სასამართლო და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მხარდაჭერას. კარგად გვესმის, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია საქართველოს არჩეული პოლიტიკოსები გამოვიდნენ არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ჩიხიდან. გარდა ამისა, ძლიერი, პლურალისტური დემოკრატიული ინსტიტუტები – ისეთები, რომლებიც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას, ასევე მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევას – წინაპირობას უქმნის მდგრად, ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკურ ზრდას.
ეკონომიკური დივერსიფიკაციის, ბაზრის ინტეგრაციის მიმართულებით გაძლიერებული ძალისხმევა
ბიზნესებისთვის შესაძლებლობების და დასაქმებულთათვის შემოსავლების გაზრდის მიზნით, USAID მხარს უჭერს ეკონომიკურ დივერსიფიკაციას და დასავლეთის ბაზრებთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციას. ეს ამცირებს საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას იმ ქვეყნების ბაზრებზე, რომლებიც არ იზიარებენ საქართველოს ღირებულებებს დემოკრატიული მმართველობის და ეკონომიკური თავისუფლების მხრივ.
ამასთანავე, ეს კავშირები ვაჭრობაში, მომსახურებასა და ენერგო გადაცემაში ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას; წაახალისებს მმართველობის და კანონის უზენაესობის რეფორმებს და ბიზნესებს და საზოგადოებას არგუმენტირებულად დაუსაბუთებს თუ რატომაა ევროპა სწორი არჩევანი.
რეალური პროგრესისთვის, აუცილებელია რომ საქართველომ შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ევროპის ენერგეტიკული საზოგადოების ვალდებულებები. ეს შექმნის გარემოს, სადაც ადგილობრივი და ასევე საერთაშორისო კომპანიები საქართველოს განიხილავენ, როგორც ინვესტორებისთვის მიმზიდველ ბაზარს. ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციის გამყარებას დასავლურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, რაც კერძო სექტორის მდგრადი ინვესტიციებისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წამყვანი ფაქტორია.
გაუმჯობესებული განათლება და უნარ-ჩვევებზე დაფუძნებული სწავლება
ნებისმიერი ქვეყნისთვის ყველაზე ფასეული აქტივი მისივე ხალხია – მეწარმეები, საჯარო მოსამსახურეები, ლიდერები და პროფესიონალები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში. სამწუხაროდ ყველას არ აქვს თანაბარი შესაძლებლობები. საკმაოდ მაღალ პროცენტს, ახალგაზრდების 27%-ს არ აქვთ წვდომა განათლებასთან და არ არიან დასაქმებულნი.
არსებული მდგომარეობის მიზეზია ის, რომ საქართველოს განათლების სისტემა ვერ უზრუნველყოფს თანამედროვე ბიზნესისათვის საჭირო უნარ-ჩვევების მქონე კურსდამთავრებულებს. ეს პრობლემა გადაჭრადია, თუმცა საჭიროებს რეფორმებს მრავალ დონეზე, დაწყებული დაწყებითი განათლებიდან, დასრულებული უნივერსიტეტებით და პროფესიული სასწავლებლებით. განათლების რეფორმის სრულად განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს მთავრობას, რათა ახალგაზრდებმა სასწავლებლის დასრულების შემდეგ შეძლონ წარმატების მიღწევა. USAID კი ხელს უწყობს ამ პროცესს და მხარს უჭერს მასწავლებლების და სკოლების ადმინისტრაციას, რომლებიც მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების მეთოდების აპრობირებას ახორციელებენ.
საქართველოს კერძო სექტორს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია უნარ-ჩვევებზე დაფუძნებული განათლების და სამუშაო ძალის ტრენინგების ინიციატივებში. ბიზნესმა ადამიანური კაპიტალი შეუძლია განიხილოს, არამხოლოდ როგორც საქართველოს მომავალში განხორციელებული ინვესტიცია, არამედ როგორც საკუთარი კომერციული სარგებელი. სწორედ ეს წარმოადგენს USAID-ისთვის მთავარ პრიორიტეტს. ამჟამად ვმუშაობთ ახალ, კერძო სექტორზე ორიენტირებულ, მრეწველობის მიერ წარმართულ უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამაზე, რომელიც ამ წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ.
ხედვის გარდაქმნა სტრატეგიად, სტრატეგიის კი პოლიტიკად
USAID საქართველოს მხარს უჭერს 1992 წლიდან. ამჟამად საქართველოსთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავდივართ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანას წარმატებით გადალახოს განვითარების წინაშე არსებული გამოწვევები.
საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს, ისევე როგორც მის მოსახლეობას სურს, რომ ქვეყანა გახდეს უსაფრთხო, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებული. საქართველომ ამ მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა გასულმა წელმა ცხადყო, რომ აუცილებელია უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმა. ამჯერად საჭიროა, რომ საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებით გამოხატოს მზაობა.