"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
აისისი მკვდარია! არგაუმარჯოს აისისს!
მკვდარია, მაგრამ მაინც მწარედ ირტყმეინება. გასულ კვირას მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავდა. ყველაზე მტკივნეული ამ დღის აღნიშვნა ჩემი მეგობრებისთვის – დიპლომატების, ჟურნალისტებისა და სხვა პროფესიის ადგილობრივების თუ უცხოელებისთვის იყო ავღანეთში. “შავი ორშაბათი” – ასე შეირაცხა მსოფლიო პრესაში წინა კვირის პირველი დღე ქაბულში დატრიალებული ტრაგედიების შემდეგ. ჯერ იყო პირველი აფეთქება ქაბულის ცენტრალურ რაიონში – შაჰ-დარაკში; მოხდა იქ, სადაც ნატოს მისიაა, აშშ-ის საელჩო და ავღანური ოფიციალური დაწესებულებებია. თითქოს მთავარ სამიზნეს მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები წარმოადგენდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩანაფიქრი კიდევ უფრო მზაკვრული აღმოჩნდა. როდესაც ადგილზე გასაშუქებლად მივიდნენ, ოფიციალური პრესრელიზის ტექსტით რომ ვთქვათ, AFP-ის და სხვა წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი სააგენტოების რეპორტიორები, გულიანად კიდევ თანამედროვეობის გმირები, მათ შორის გაერია ჟურნალისტური ჟილეტით და ვითომ “ფოტოაპარატით” თვითმკვლელი ტერორისტი, დააჩხაკუნა და ….. მომხდარზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო აისისმა, ანუ დაეშმა.
ცხრა ჟურნალისტი ქაბულში, ერთი – ხოსტის პროვინციაში, ავტობუსი ბავშვებით ყანდაარში – ჯამში 35 ადამიანი შეიწირა ფანატიკოსი კრიმინალების ბოროტებამ. ავღანეთში გაზაფხული, გამოდარება მხოლოდ ნოვრუზ ბაირამი ანუ გაზაფხულის ზეიმი, დიდი ხანია, აღარაა. მთებში თოვლი დნება და იწყება თალიბანის, არა პიროვნების, არამედ ორგანიზაციული ავი მიდი-მოდები. ჩემი ელჩობის დროს მხოლოდ ეგენი იყვნენ სისხლიანი ხმაურის ამტეხნი. მივიდოდი შეხვედრებზე, მოვბრუნდებოდი სასტუმროში, ჩამოვიდოდი აშხაბადში და ტელევიზორსა და ინტერნეტში ვნახულობდი ფოტოებს, იმავე ადგილებიდან აღებულ საშინელ კადრებს. ჩვენი გულისთვის არა. ჩვენ “წიომნად” დავდიოდით, ადგილობრივი საგარეო გვაძლევდა მანქანას და მძღოლს, რომელიც ყოველ ჯერზე, ჩემს წარმოდგენაში ჩამოყალიბებული მუჯაჰიდი იყო. იყო კიდეც. თანაც ისეთ მანქანას და ისეთ მძღოლს, რომ ამერიკის საელჩოს რო მივადექით ფანტასტიკურ მაშინდელ ელჩთან შეხვედრაზე (ახლაც ძალიან მაგარი ელჩი ჰყავთ – ჩვენი მეგობარი ჯონ ბასი), მთელი მწვანე ბერეტები ყალყზე დადგნენ, ვინ ხართო, რომ გვკითხეს და რომ ვუპასუხე ელჩი ვარ და ჩემს კოლეგასთან შესახვედრად მოვედი-მეთქი, სანამ სპეცსკანერმა არ თქვა ოკ, მანამდე, მძღოლით დაწყებული, ჩვენი თარჯიმან რუბენით დამთავრებული, ყველა M-4 ჩვენკენ იყო მოშვერილი. შეხვედრის დასასრულს ელჩმა კოლეგიალურად კი არა და მამაშვილურად მირჩია, დაცვის გარეშე ნუ დადიხარ, მაინც ავღანეთია, ფრთხილად იყავიო. ჩვენი ბიჭების ნაწილი, ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის წარმატებით შესრულებული მისიის შემდეგ ახალი წასული იყო და დიდი ნაწილის ჩამოსვლა კიდევ უფრო რთული მისიით ზუსტად იმ პერიოდში წყდებოდა. ვენაცვალე მაგათ, ცალკე წიგნის ღირსები არიან. ყველა წამყვანი სამხედრო ზესახელმწიფოს სახელმძღვანელოებში შედის ქართველების გმირობა, სამხედრო მამაცობა და ღირსება. მე თუ მკითხავთ, საქართველოს ყველაზე მაგარი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები არიან, რა თქმა უნდა, მათ შორის არიან სამხედრო ჟურნალისტები, ოპერატორები და ის ხალხი, ვისაც ეს ყველაფერი ჩვენამდე მოაქვს.
თალიბები ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას, ანუ არასამხედროებს, სამიზნეში არ იღებდნენ. კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტს ნამდვილად არ წარმოადგენენ, მაგრამ ტაქტიკა და სტრატეგია სხვა აქვთ მათ და სხვა – აისისს.
აისისი აიისაში რომ არ აერიოს ვინმეს, უფრო სწორი იქნება, რომ დაეში ერქვას. Islamic State, ხალიფატი, იდეოლოგიური ბატონობა – ეს არის მათი ფილოსოფია. ეს მათ მოსწონთ, რომ ეგრე მოიხსენიებდნენ, თორემ ისე დაეშია, ერთი კრიმინალური სექტა. მიიღეს კიდეც მაგის გულისთვის კოალიციისგან ერაყსა და სირიაში. მიიღეს მაგრად და ნარჩენები გაიფანტნენ. ჩვენ ჩვენი ლაივი გვქონდა ცოტა ხნის წინ. ყველა მიგვაჯაჭვა ტელევიზორებს და თბილისის ერთ-ერთ უბანს. მადლობა ღმერთს, მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულა. ერთი გმირი დაგვეღუპა. მერე კახეთში ცუდი ამბავი შეგვემთხვა ქვეყანას, მაგრამ აი ავღანეთში რაც ხდება თითქმის ყოველ კვირას, დიდი ტრაგედიაა. ძალიან მოუხშირეს. სხვადასხვა წყაროთი, 1500-კაციანი აქტივიდან ნახევარი მაინც განადგურებულია, მაგრამ იღებს შევსებას თორა-ბორას ბილიკების გამოვლით იქიდან, სადაც ნომერ პირველი უსამა გამოასალმეს სიცოცხლეს მაგარმა ბიჭებმა.
ყოველთვის მინდა დაწერა ავღანეთზე, ავღანელებზე. ფანტასტიკურ მწერალს ჰალედ ჰოსეინს ვერ შევედრები, ისე აღწერს იქაურობას და იქაურ ტკივილიან ყოფას, გბურძგლავს ადამიანს (წაიკითხეთ და ერთ კაცს ჟრუანტელში ნაღდად გაეჯიბრებით), მაგრამ აი ძალიან მინდა დავწერო, რომ რეფორმები წარმატებით ხორციელდება; რომ ყაყაჩო უფრო ნაკლებად საზიანო სასოფლო-სამეურნეო კულტურებით ჩანაცვლდა; რომ კორეასავით, კოლუმბიასავით, ირლანდიასავით ავღანელებიც შერიგდნენ და რეგიონული ენერგეტიკული, სავაჭრო თუ სატრანსპორტო პროექტების რეალიზებაში ჩაერთვნენ (TAP – Trans Afghan Pipeline etc.). ასეა ნათქვამი: ავღანეთი აზიის გულია. ვინც მას მოიგებს, ის აზიას მოიგებსო. ადგილობრივები კიდევ Chicken Street-დან (ყველაფერი იყიდება – ტანკი, “კალაშა”, “შტიკნოჟი”, ხალიჩა, ფირუზი, ლავაში) მეუბნებოდნენ, არავის გამოსვლია ეგ საქმე, ალექსანდრე მაკედონელით დაწყებული, შურავით (საბჭოთა ჯარისკაცი ავღანურად) დამთავრებული, ყველა აქ ჩერდებაო. არც დაეშს გამოუვა, მასაც გააჩერებენ, დაამთავრებენ, ჟურნალისტები კიდევ მაგ ამბავს გააშუქებენ. მადლობა მათ! ვინ იცის, ერთხელ, Forbes Georgia-სა და BMG-სთვის მეც მექნება სპეციალური რეპორტაჟი ავღანურ სასწაულზე!
P.S. ))) ცუდი არაფერი იფიქროთ: არა ნარკოტიკს!
ძალადობასაც არა!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023