"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
ამასობაში, ევროკავშირში...
სირიაში საომარი ვითარებაა, ჰონგ-კონგში საპროტესტო გამოსვლებია, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრებია. ამასობაში, ევროკავშირში…
ამასობაში, ევროკავშირში ერთხმად შეთანხმდნენ დიდ ბრიტანეთთან ბრექსიტის ახალ პირობებზე. რთულად, მაგრამ მაინც შეთანხმდნენ. პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი კი მიიჩნევს, რომ ეს არის საუკეთესო შეთანხმება, რომლის მიღებაც იქნება ძალიან კარგი დიდი ბრიტანეთისთვის, ძალიან მაგარი ევროკავშირისთვის და ზოგადად დემოკრატიისთვის, მაგრამ ასე არ ფიქრობს ბრიტანეთის პარლამენტის 322 წევრი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ვიდრე არ შესრულდება ყველა საჭირო სამართლებრივი პროცედურა, ანუ არ განიხილება ბრექსიტის შეთანხმების მიღებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტები, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხი უნდა გადაიდოს. ამის თაობაზე ევროკავშირისთვის შეტყობინების გაგზავნა ბრიტანელმა კანონმდებლებმა მოთხოვეს პრემიერ მინისტრ ჯონსონს, რომელსაც სხვა გზა არ დარჩენოდა (სპეციალური დადგენილება ავალდებულებდა), გარდა ევროკავშირში შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნისა. გაგზავნა კიდეც; ოღონდ 1-ის მაგივრად 3. ოფიციალურ შეტყობინებას, რომელშიც მოთხოვნილია ბრიტანეთის ევროკაშირიდან გასვლის საკითხის გადავადება, ბორის ჯონსონმა ხელი არ მოაწერა. დანარჩენ ორ გზავნილში ბორის ჯონსონმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ 1) ის არ ეთანხმება გადავადებას და მათაც შეუძლიათ არ დაეთანხმონ და 2) მისი მთავრობა შეეცდება უახლოეს დღეებში განიხილოს ბრექსიტის შეთანხმების მისაღებად აუცილებელი კანონმდებლობა და მალევე მიაღწიოს წარმატებას ბრექსიტის შეთანხმების კიდევ ერთხელ კენჭისყრაზე დაყენების საკითხში. ევროკავშირმა მიიღო ცნობად ბრიტანეთის პრემიერის ყველა შეტყობინება და უახლოეს მომავალში იმსჯელებს შესაძლო გადაწყვეტილებაზე.
ამასობაში, ევროკავშირში ერთხმად შეთანხმდნენ თურქეთის მიერ სირიაში წარმოებულ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით და კვიპროსის მიდამოებში გაზის საბადოზე ბურღვით სამუშაოებთან დაკავშირებით ძალიან მკაცრ და კატეგორიულ შეფასებებზე. დამერწმუნეთ, ევროკავშირში, ისევე როგორც ყველა დიდ საერთაშორისო ორგანიზაციასა და გაერთიანებაში, ხშირად ურთულესია უმარტივეს განცხადებებზეც კი გადაწყვეტილებების მიღება, ხოლო თუ საქმე დაგმობას, სანქციების შესაძლო შემოღებას, ურთიერთობების ხარისხის დაქვეითებას (მაგ. სტრატეგიული პარტნიორობიდან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობამდე) ეხება, მიუხედავად იმისა, მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილ-სიცოცხლეზეა საუბარი თუ ბუნებრივი აირის მოპოვებაზე, ყოველთვის გამოჩნდება ერთი, ორი ან უფრო მეტი ქვეყანა, რომელსაც ამა თუ იმ კონკრეტული, მისი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი საკითხის გამო, ექნებათ უაღრესად პრინციპული გნასხვავებული პოზიცია სხვა მოკავშირე ქვეყნებისგან.
ასე იყო ევროკავშირის ლიდერების სამიტზე კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით. იგივე დამოკიდებულება დაფიქსირდა გრძელვადიან ბიუჯეტთან მიმართებაშიც, მაგრამ მანამდე დიდი იმედგაცრუება გამოიწვია გაფართოებასთან დაკავშირებულმა პოზიციამ. ევროსკეპტიკოსები ზეიმობენ (((. საფრანგეთმა დაბლოკა ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ხოლო საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა და დანიამ “წითელი აუნთეს” ალბანეთთან ევროკავშიში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებას. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მათი პოზიციების შეცვლა ვერ მოხდა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა, რომელთათვისაც ეს ბოლო სამიტი იყო ევროკავშირი ხელმძღვანელი პირების რანგში, გამოხატეს საკუთარი გულისტკივი და წუხილი შეთანხმების მიუღწევლობის გამო. მაშინ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ევროპაც, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებისადმი ერთგულების სიმტკიცეს, ევროკავშირმა თავად ვერ შეძლო საკუთარი პრინციპული პოზიციის გამოვლინება დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით ევროკავშირის გაფართოების თაობაზე შეთანხმებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნამდვილად გულდასაწყვეტია. არაუშავს! ესეც გაივლის! ევროკავშირის ლიდერებმა კი სცადეს, რომ გაემხნევებინათ ლიდერები სკოპიესა და ტირანაში, მაგრამ ემოციები და სენტიმენტები საქმეს არ შველის. ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ მინისტრმა უკვე გამოაცხადა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ. არადა, სულ რაღაც 2 თვეში ლონდონში დაგეგმილ საიუბილეო ნატო-ს სამიტზე ჩრდილოეთ მაკედონია ოფიციალურად უნდა მიიღონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ამ გადაწყვეტილებამ, უფრო სწორედ გადაწყვეტილების ვერ მიღებამ იმედგაცრუება გამოიწვია დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებშიც, მ.შ. სერბეთში, რომელიც ასევე იმედოვნებს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას. სამაგიეროდ დროს არ კარგავს რუსეთი. ბელგრადში, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჩასულმა რუსეთის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ 25 ოქტომბერს მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის დროს სერბეთის პრემიერ მინისტრი ანა ბრნაბიჩი ხელს მოაწერს ევრაზიურ ეკონომიკურ კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. თმენის ვალდებულებას რა ვუთხარი და ძვალ რბილში გამჯდარ დიპლომატის უნარ-ჩვევებს, თორემ ვიტყოდი ლამაზად სხვადასხვა მიმართულებით.
ამასობაში, ევროკავშირში 7.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ფრანგული ყველის, ღვინის და ირლანდიური ვისკის ექსპორტზე 10%-იანი, ხოლო ევროპული თვითმფრინავის ეარბასისთვის 25%-იანი ტარიფების დონალდ ტრამპის მიერ დაწესებაზე მსჯელობენ და საპასუხო რეაგირებისთვისაც ემზადებიან. თუკი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ აშშ-ს სარჩელი დააკმაყოფილა ეარბასისთვის ევროკავშირის მხრიდან სუბსიდიების გამოყოფის არამართებულობის შესახებ, ევროკავშირს თავის მხრივ შემხვედრად აქვს შეტანილი აშშ-ს წინააღმდეგ ბოინგის სუბსიდირებაზე ანალოგიური სარჩელი. მაღალი ალბათობით, მათი სარჩელიც, სავარაუდოდ მომავალ წელს, დაკმაყოფილდება. მანამდე კი აშშ-საც აქვს სხვა თემებზე, კონკრეტულად გერმანულ მანქანებზე ნოემბრისთვის მომზადებული დამატებითი ტარიფების შემოღება. ასე რომ, ნაცვლად იმისა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ფონზე მოკავშირეებს, ანუ პირველი სამეულიდან ორ ყველაზე ძლიერ ეკონომიკას აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები გამტკიცებისკენ ვითარდებოდეს, პირიქით, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის დაპირისპირება ახალ ძალებს იკრებს და კიდევ უფრო მძაფრდება. ევროკომისიის ახალ ხელმძღვანელობას სერიოზული მუშაობა მოუწევს ევროპული პოზიციების დასაცავად და აშშ-სთან ურთიერთმისაღები პირობების შესათანხმებლად.
ასე რომ, მიდგომა “ნაციონალური ინტერესები უპირველეს ყოვლისა” აშშ-ს პრეზიდენტის “გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული”-ს პირობებში და ბრექსიტის პროცესების გათვალისწინებით სწრაფად ცვალებად საერთაშორისო სისტემაში განსხვავებულ, ახლებურ კონტურებს იძენს. ევროპელებს სულ უფრო უჭირთ ერთიანი პოზიციების შემუშავება, დიზინტეგრაციულ პროცესებთან გამკლავება და ღირებულებითი ერთობის შენარჩუნება. როგორც ჩანს, აშშ-ს პრეზიდენტი, მიუხედავად მისი ადმინისტრაციის შიგნით თუ გარეთ მოქმედი მისი ყველაზე ერთგული მხარდამჭერების მხრიდან მოკავშირეებთან ურთიერთობებში განსხვავებული მიდგომებისა, მაინც განაგრძობს იმ ხაზის გატარებას, რომელმაც მას ჯერ პრეზიდენტობა მოუტანა, შემდეგ ათწლეულების მანძილზე საუკეთესო ეკონომიკური მაჩვენებლები და მეორე ვადისთვისაც მის მთავარ “იარაღს” წარმოადგენს. ძველი ქართული გამოთქმაა, ჯერ თაო და თაო, მერე ცოლო და შვილოო. უფრო ზუსტად ვერავინ თარგმნის მგონი დონალდ ტრამპის პოლიტიკას.
შესაძლოა, დღეს არ არის საუკეთესო დრო გაფართოებებისთვის, მრავალმხრივი შეთანხმებებისთვის, მაგრამ კლიმატის არ იყოს, მსოფლიო პოლიტიკაც ძალიან სწრაფად ცვალებადი გახდა. ასე რომ, მაინც მალე მოვა დრო, როდესაც საერთაშორისო ამბებში, მაგ. ქართულ ენაზე მაუწყებელ ევრონიუსში ვნახავთ ასეთ სათაურს:
“ამასობაში, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან. ამის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დღეს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე”….
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023