"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ილიაუნის ბიზნესის სკოლის ტურიზმის ცენტრის დირექტორი"
ახალგაზრდული ოლიმპიადა 2015 - სარგებელი და რისკები
ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე, უძველესი საბერძნეთიდან იღებს სათავეებს პირველი სპორტული ღონისძიებები. ქვეყნებს შორის სპორტული ასპარეზობანი კარგი საშუალებაა ერებს შორის ურთიერთობისთვის, მაგრამ ყველა სხვა სიკეთესთან ერთად სპორტული ოლიმპიადები, ფესტივალები და ჩემპიონატები ტურიზმის ექსპორტის ერთ-ერთი შესანიშნავი საშუალებაა მასპინძელი ქვეყნისთვის.
მიმდინარე წელს საქართველოში ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარება არის დაგეგმილი. ვართ თუ არა მზად და გამოვიყენებთ თუ არა მაქსიმალურ შესაძლებლობას და მივიღებთ თუ არა მაქსიმალურ სარგებელს?
დავიწყოთ იმით, რომ ოლიმპიადიდან (და სხვა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებიდან) ქვეყანას პირდაპირი და არაპირადაპირი სარგებლის მიღება შუძლია.
საერთაშორისო სპორტული ოლიმპიადიდან ქვეყნები თუ ქალაქები პირდაპირ ეკონომიკური სარგებელს პირველ რიგში მაყურებელთა მიერ დახარჯული თანხებით იღებს. ყველაზე დიდ სპორტულ ოლიმპიადებზე რამდენიმე მილიონი ბილეთი იყიდება. ასეთივე მასშტაბის არის განთავსების საშუალებების და კვების ობიექტების მომსახურების მიღება .
საერთაშორისო ფართომასშტაბიანი სპორტული ღონისძიების ჩატარება მოითხოვს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. ამ მიზნით, შენდება სპორტული მოედნები, განთავსების საშუალებები, გზები და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები. სპორტული ღონისძიების დასრულების შემდგომ აღნიშნული ინფრსატრუქტურა ბუნებრივია რჩება ქვეყანას და მისი გამოყენება რამდენიმე ათეული წელი შეუძლია, ასეთი ინფრასტრუქტურის არსებობა ასევე სტიმულს აძლევს ირგვლივ არსებულ არეალში ბიზნესს და შემდგომში ასტიმულირებს, რომ განვითარდეს სხვადასხვა ბიზნესი. არის სხვა შემოსავლების შესაძლებლობაც, მაგალითად ასპეროზობის და თამაშების ტრანსლაციის უფლება და ასე შემდეგ.
შეიძლება ვთაქვათ, რომ ზემოაღნიშნულს პირდაპირი სარგებელი მოაქვს ქვეყანისთვის .
არაპიდაპირი ეკონომიკური სარგებელი არანაკლებ მნიშვნელოვანია და შეიძლება უფრო მეტიც ვიდრე პირდაპირი სახის სარგებელი, თუმცა ძნელია რაოდენობრივად გავზომოთ ის. ერთ-ერთი ასეთი პოტენციური სარგებელი სარეკლამო ეფექტია. ბევრი ქვეყანა თუ ქალაქი რომლებიც ოლიმპიადებს მასპინძლობენ, განიხილავენ მას როგორც შესაძლებლობას აიმაღლაონ რეპუტაცია მსოფლიო მასშტაბით (რომ აქვთ უნარი მაღალი კლასის მასშტაბური სპორტული ღონისძიების ჩატარების). ოლიმპიადების დაანონსება და მიმდინარეობის ფართო გაშუქება რეკლამის როლს ასრულებს. ოლიმპიადისთვის მზადების დაანონსება სხვადასხვა ქვეყანაში, დამატებითი სტიმულია მოგზაურობისთვის იმ ადამიანებისთვის. ვინც უკვე დიდი ხანია ფიქრობს (ან ჯერ საერთოდ არ უფიქრია) ამ ქვეყნის მონახულება.
ოლიმპიადების დაგეგმვისას მასპინძელი ქვეყნები ხშირად ელოდებიან გრძელვადიან ეფექტსაც რეკლამისგან, არის თეორია რომ მსოფლიოში ადამიანებს ამახსოვვრდებათ თუ სად ჩატარდა ოლიმპიადა და ხშირად მეხსიერებაში დარჩენილი ქალაქი თუ ქვეყანა სტიმულს აძლევს მათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს იქ იმოგზაურონ, მაგრამ ხშირად თეორია არ ემთხევა რეალობას, როგორც ეს მოხდა სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე. აქ ორგანიზატორბი ელოდნენ ტურისტების დიდ ნაკადს ოლიმიადის შემდეგაც, თუმცა პროგნოზი არ გამართლდა.
საამაყოა, როდესაც ქვეყანა იღებს პასუხისმგებლობას უმასპინძლოს საერთაშორისო სპორტული ოლიმპიადას, რომ მიიღოს ქვეყანამ ეკონომიკური სარგებელი, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდოს ქვეყნის იმიჯი, გაუჩნდეთ ადამიანებს სიმაყის გრძნობა და მრავალი სხვა დადებითი მხარე აქვს. მაგრამ ამავე დროს მისგან სარგებლის და რისკების პროგნოზირება უმნიშვნელოვანია, რადგან მოლოდინზე გაცილებით ნაკლები ან მეტი ვიზიტორების მიღება ორივე შემთხვევაში დააზარალებს, როგორც ქვეყნის ეკონომიკას ასევე იმიჯსაც.
ისტორიას ახსოვს ფაქტები როდესაც გაწეული დანახარჯები მკვეთარად განსხვავდებოდა იმ ოლიმპიადისგან მიღებული შემოსავლებისგან. 1976 წლის მონრეალის, 1984 წლის ლოს-ანჯელესის, 1988 წლის სუელის, 1992 წლის ბარსელონის, 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადები ქვეყნებმა მილიონობით ვალებით დაასრულეს. მიღებული შემოსავლები უფრო ნაკლები იყო, ვიდრე გაწეული დანახარჯები.
ისტორიას სხვა ფაქტებიც ახსოვს, როდესაც ქვეყნებმა ვერ გათვალეს მოსალოდნელი დანახარჯები, მაგალითად ათენში 2004 წელს დაგეგმილი ოლიმპიადის მოსამზადებლად 1.6 მილიარდი დოლარი იყო დაგეგმილი, თუმცა საბოლოოდ 16 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ასევე პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის ორგანიზებისთვის 1.6 მილიარდი დოლარი იყო დაგემილი, დანახარჯებმა საბოლოოდ 40 მილარდს მიაღწია. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ორგანიზებისას ასე მოხდა 4 მილიარდის ნაცვლად საბოლოოდ 19 მილიარდი დაიხარჯა, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის დაგეგმილმა 12 მილიადიანმა ხარჯი, 30 მილიარდს მაიღწია.
ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის ცენტრში „ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – 2015“ განთავსების საშუალებების მიმართულებით ჩატარებულმა კვლევამ (სალომე მათიაშვილი, გიორგი ბეგაძე) აჩვენა, რომ რისკები არსებობს.
კვლევა მოიცავდა დღემდე ჩატარებული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების მონაცემებსაც.
კვლევის ფარგლებში მოხდა ფესტივალის სპორტის სახეობების შედარება, თბილისის 2015 წლის ოლიმპიური ფასტივალის იდენტური ფესტივალის გამოვლენის და შესაბამისად ვიზიტორების რაოდენობის შედარების მიზნით. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ტარდება ყოველწლიურად ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზე. ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობს 48 ქვეყანა და წარმოდგენილია სპორტის 9 სახეობა.
ზამთრის ოლიმპიური ფესტივალების, თუ სპორტის განსხავავებული სახეობებით ფესტივალების ჩვენთან ჩასატარებელ ფესტივალთან ვიზიტორების რაოდენობების შედარება არ მოგვცემდა სწორ შედეგს, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდებით.
თუ ვიმსჯელებთ ჩვენთან დაგეგმილი ფესტივალის ანალოგიური 3 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალებზე: ფინეთი-2009, ჰოლანდია – 2013 და უნგრეთი – 2017. (კვლევის ფარგლებში გამოიკითხა ტურიზმის ადმინისტრაცია და დაკავშირება მოხდა ფესტივალების ორგანიზატორებთნ).
ფინეთის ქალაქ ტამპერეში 2009 წელს გამართული ოლიმპიური ფესტივალის კვლევის თანახმად ფესტივალის ვიზიტორებისთვის ორგანიზატორების მიერ არსებულ საწოლებს დაემატა 8000-10000 საწოლი დამატებით.
2017 წელს იგეგმება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება უნგრეთში. ამ ფესტივალის ფარგლებში ელოდებიან 20 000 ტურისტის ჩამოსლას, რაც ორჯერ აჭარბებს თბილისში ნავარაუდევ ვიზიტორთა რაოდენობას.
ჩატარებული კვლევის ფარგლებში ასევე სანდო შედეგს ნიდერლანდებში 2013 წელს მოწყობილი და თბილისში 2015 წელს დაგეგმილი ტურნირების შედარება აჩვენებს. ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში ჩატარებული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სპორტის სახეობები, ისევე როგორც ხანგრძლივობა თბილისში დაგეგმილი ტურნირის ასევე ანალოგიურია. ქალაქ უტრეხტის ტურიზმის ფორუმის ინფორმაციით ამ ფესტივალის ფარგლებში 40 000 ტურისტი ჩამოვიდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით თბილისში საწოლი ადგილების რაოდენობაა – 7 497.
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ვარაუდობენ დამატებით 10 000 ვიზიტორის ჩამოსვლას.
ოლიმპიურ სოფელში, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის შენდება, შესაძლებელია განთავსდეს 4 000 ვიზიტორი.
მარტივი გათვლებით შეიძლება ვივარაუდოთ რომ შესაძლებელია ოლიმპიადაზე დასასწრებად დაგეგმილზე გაცილებით მეტი ტურისტი გვესტუმროს. ამასთან ისიც საგულისხმოა რომ თუნდაც 10000 ვიზტორის სტუმრობის შემთხვევაშიც(ზოგიერთი ადგილობრი წყაროთი 11000 სახელდება) კი განთავსების პრობლემები გვექნება რადგან ამ პერიოდში ქვეყანას ისედაც ყავს ბევრი სტუმარი და ზოგიერთი სასტუმროს ნომრები დღეს უკვე დაჯავშნილია. ხოლო თუ გავზიარებთ არსებულ სტატისტიკას და რამდენჯერმე გადააჭარბებს ტურისტების რიცხვი დაგეგმილს, მიუხედავად იმისა რომ ეს ნიშნავს უფრო მეტი ეკონომიკურ სარგებელს ქვეყნისთვის, ამავე დროს ეს ნიშნავს რომ მნიშვნელოვან შემოსავლებს დაკარგავს ქვეყანა, ვერ გამოიყენებს მაქსიმალურად ამ შესაძლებლობას.
2009 წელს ამერიკელმა ეკონომისტებმა ენდრიუ როუზმა და მარკ შპიგელი შეეცადნენ ჩაღრმავებოდნენ ოლიმპიადების ეკონომიკაში და კიდევ ერთხელ დაადგინეს რომ, უპირობოა ის ფაქტი, რომ ოლიმპიადა მნიშვნელოვნად ზრდის ექსპორტსა და იმპორტს ქვეყანაში, სადაც შეჯიბრებები იმართება. თუმცა საბოლოო შედეგების პროგნოზირება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. სწორედ ამ ფაქტორების სწორი პროგნოზირებებით მივიღებთ მაქსიალურ დადებით ეფექტს.
პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა მასპინძლობს ოლიმპიურ ფესტივალს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია მაქსიმალური ეფექტი. ხოლო მაქსიმალური ეფექტისთვის და უარყოფითი შედეგების პრევენციისთვის ყველა ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.
ვისურვებდი ყველამხრივ წარმატებები მოეტანოს ოლიმპიადას და ყველაფერი ქვეყნის სასარგებლოდ განვითარდეს.
(გიორგი ბეგაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი)
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on აპრილი 1, 2015