ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი.
ახლა ამის დრო არ არის!
ანუ როგორ ავაშენოთ დემოკრატია არადემოკრატიული პარტიებით.
ჯერ დამოუკიდებლობა თუ ჯერ დემოკრატია? – იყო ასეთი ცნობილი დილემა 30 წლის წინანდელ საქართველოში. თავისუფლებისთვის მებრძოლთა დიდ ნაწილში, ითვლებოდა, რომ ჯერ დამოუკიდებლობა უნდა მოვიპოვოთ და მხოლოდ შემდეგ შეიძლება გვქონდეს დემოკრატიის ფუფუნება (დიახ – ფუფუნება). ისინი, ვინც ამ თეზისს არ ეთანხმებოდნენ ან საპირისპირო აზრს ავითარებდნენ, ლამის მოღალატეებად იყვნენ შერაცხული ეროვნული მოძრაობის მიერ (რომელიც, როგორც მალევე აღმოჩნდა, კაგებეს თანამშრომლებით იყო გაჯერებული). ხოლო ვინც ამბობდა, რომ ეს ყალბი დილემაა, რომ დემოკრატია და დამოუკიდებლობა ერთმანეთს ხელს არ უშლის, რომ ეს მიზნები პრიორიტეტებად დასალაგებელი და ურთიერთგამომრიცხავი არაა, ცოტა არ იყოს, არასერიოზულ იდეალისტად მიიჩნეოდა.
გავიდა სამი ათწლეული და სამი სრულფასოვანი ეპოქა: გამოვიარეთ ბნელი, ცივი, ომებითა და სიკვდილით, შიმშილითა და უმწეობით, კორუფციითა და კრიმინალით დაღდასმული 90-იანები. გამოვიარეთ ჭკვიანი პროპაგანდისტების მიერ “სისხლიან 9 წლად“ წოდებული რეფორმებისა და სწრაფი ტრანსფორმაციის დეკადა, რომლის განმავლობაშიც მასლოუს პირამიდაზე ბოლო, სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საფეხურზე ავედით. ბოლოს, აღვადგინეთ “სამართლიანობა“ და დავაბრუნეთ “ურთიერთობა“, როგორც ცხოვრების წესი, ყველა თანმდევი შედეგით.
მაგრამ თქვენ გგონიათ რამე შეიცვალა? დიდად არა, ამხანაგებო.
დღეს, პოლიტიკურ ავანსცენაზე ხილულ მოთამაშეთათვის, “მთავარია, ოლიგარქიული მმართველობა დასრულდეს“, სხვა ყველაფერზე კი მხოლოდ “მერე“ უნდა ვილაპარაკოთ. პოლიტიკურ პარტიებში შიდა დემოკრატიის მწვავე დეფიციტზე, მორალური და პრინციპული კომპრომისების პრაგმატულ ახლომხედველობაზე, მედიასაშუალებების მიერ ხელოვნური პოლიტიკური სურათის შექმნის მცდელობაზე და კუტოკოკრატიაზე საუბარი ზურგში ლახვრის ჩაცემად ან ოლიგარქის წისქვილზე წყლის დასხმად ინათლება და ორგანიზებულად იქოლება, როგორც წესი, “ახლა ამის დრო არაა“ არგუმენტით.
“ახლა ამის დრო არ არის“ პრობლემებზე თვალის დახუჭვის, კრიტიკოსების დადუმებისა და ჩამყაყებული კონიუქტურის შენარჩუნების მარტივ გზად იქცა, რომელიც მრავალი წელი და უკვე მერამდენე საარჩევნო ციკლია მოქმედებს.
ამასთან, ვინც ამბობს, რომ ახლა ამის დრო არაა, არასდროს გვიმხელს, თუ როდის და რა ვითარებაში დადგება “ამის“ დრო. ნუთუ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ? საწინააღმდეგო არგუმენტი ხომ ისაა, რომ “ასე“ ხელისუფლება ვერ შეიცვლება? ან, ამასობაში იმდენად დაემსგავსები ხელისუფალს, რომ სანუკვარი ცვლილების აზრი პერსონალიების – და არა მანკიერი სისტემის – შეცვლამდე დავა, რაც მხოლოდ ერთეულების ინტერესშია.
გარდა ამისა, ერთი წუთით დაუშვით, რომ ხელისუფლება მართლაც შეიცვალა. თქვენ გგონიათ, “ამის“ დრო მერე მოვა? არა, ამხანაგებო! მაშინაც იტყვიან, რომ ახლა ამის დრო არაა და რომ ახლა ქვეყანა გვაქვს ასაშენებელი. და ასე გაგრძელდება სულ, სანამ გაუვათ.
…ათიოდე დღის წინ ქართული პოლიტიკური ელიტის წევრებმა უპრეცედენტო გარიგებას მიაღწიეს ერთმანეთთან. შეთანხმებას, რომლითაც მთელი პოლიტიკური კლასი კმაყოფილია და რომელიც აჩენს პერსპექტივას, რომ სახელმწიფო საქართველოდ წოდებული სააქციო საზოგადოების რამდენიმე აქცია ყველას ერგება.
მით უფრო მნიშვნელოვანია ის, რისი თქმაც მინდა:
საქართველოში დემოკრატიული პროცესების შემაფერხებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი არა მხოლოდ ივანიშვილის ოჯახურ-კლანური მმართველობა და ბრმა ერთგულებაზე დაფუძნებული ნახევრად ფეოდალური სისტემა, არამედ არსებულ პოლიტიკურ პარტიებში შიდა დემოკრატიის პრაქტიკული არარსებობაა.
ყველა ძირითად პარტიაში ყველაფერს რეალურად წყვეტს ერთი ადამიანი, ან, უკეთეს შემთხვევაში, ამ ადამიანთან მოცემულ მომენტში დაახლოებული (ხშირად, ფორმალურად არაპარტიული) პირების მცირე ჯგუფი.
არ არსებობს პიროვნული წინსვლის ობიექტური კრიტერიუმები და მექანიზმები. ხშირად, პარტიულ თანამდებობებზე “არჩეული“ თუ დანიშნული პირები ვერ ახორციელებენ მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. არც აქვთ ამის ამბიცია – ალბათ, სწორედ ამ ნიშნით “ირჩევიან“ თუ ინიშნებიან რეალური გადაწყვეტილებების მიმღებთა მიერ.
ხშირია შემთხვევები, როცა საკვანძო პოზიციებზე ე.წ. ავატარები გაჰყავთ – ადამიანები, რომლებიც სოლიდურად გამოიყურებიან, გამართულად მეტყველებენ, პოლიტიკოსის ყველა გარეგნულ ატრიბუტს ატარებენ, მაგრამ რომლებიც არაფერს გვეუბნებიან, არც შინაარსობრივად, არც – ემოციურად, რადგან ყველა ხვდება, რომ ისინი მხოლოდ ავატარები, რეალური გადაწყვეტილებების მიმღებთა დროებითი პოლიტიკური სხეულები არიან.
არც ერთ ძირითად პოლიტიკურ პარტიაში კანდიდატების შესარჩევად არ იმართება ე.წ. პრაიმერი, რომელიც საშუალებას მისცემდა შესაბამისი პარტიის ამომრჩეველს თავად გადაწყვიტოს, თუ ვინ სურს იხილოს არჩევნებში კანდიდატად. შესაბამისად, მხარდამჭერი ყოველთვის დგება ფაქტის წინაშე და იძულებულია მოცემულობად მიიღოს ის, რაც მას ხშირად თავადაც არ მოსწონს, მაგრამ იჯერებს, რომ “ახლა ასეა საჭირო“.
პარტიების მართვაში წევრები პრაქტიკულად არ მონაწილეობენ. პარტიული ელიტები წევრებს უყურებენ, როგორც “საზარბაზნე ხორცს“, რომლებმაც უსიტყვოდ უნდა მიიღონ და დაიცვან უკვე მიღებული გადაწყვეტილებები. არ არსებობს მერიტოკრატიის წამახალისებელი სისტემა. პარტიებს ახალი მხოლოდ “სახეები“ უნდათ. სახეები, როგორც საკარნავალო ნიღბები და არა რეალური პასუხისმგებლობით აღჭურვილი არჩევადი ინდივიდები.
ზოგ პარტიაში არსებობს წესები. მაგრამ, დავიდოთ გულზე ხელი და ვაღიაროთ, რომ ამ წესების შედეგები წინასწარაა გაწერილი და ცნობილი. ამას გრძნობს ყველა, რაც კიდევ უფრო მეტ ნიჰილიზმსა და პოლიტიკური მოთამაშეების მიმართ უნდობლობას ასაზრდოებს.
არც ერთი ძირითადი პარტია წაგებული არჩევნების მერე არ გადის ანალიზისა და გადახალისების პროცესს. არავინ იღებს პასუხისმგებლობას წამგებიანი ან არაფრისმთქმელი კანდიდატის დასახელებაზე თუ პარტიაში ჩანერგვაზე, წარმოებული კამპანიის ფორმასა და შინაარსზე, საარჩევნოდ შერჩეულ მესიჯებზე, ორგანიზაციულ საქმიანობასა თუ ფინანსების ხარჯვაზე. არავინ არასდროს იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას და არასდროს უთმობს გზას ახალს. ალბათ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს პოლიტიკა სამსახურად – გნებავთ, ბიზნესად ექცათ. პარტიული ელიტები ამით ჭამენ პურს. მათ სხვა არაფერი იციან და, პრინციპში, არც არაფერი უნდათ. შესაბამისად, ცხადია, თავიანთ ადგილს ასე მარტივად არავის დაუთმობენ (რაც, ალბათ, პრობლემა არ იქნებოდა, პოლიტიკური პროცესები და ჩვენი ქვეყნის მომავალი რომ არ ზარალდებოდეს).
ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა მიღებულ გადაწყვეტილებებზე უცხო ხილია ქართული პოლიტიკური ელიტისთვის. მიუხედავად ამისა, რომ ასეთი ელიტის შენარჩუნება არცერთი მოქალაქის ინტერესებში არ შედის, ყოველთვის ჩნდებიან გავლენიანი ფიგურები, ვისაც აწყობს და ვინც ყველაფერს აკეთებს ასეთი ლიდერების პოლიტიკურ ველზე ხელოვნურად დასატოვებლად. რისთვის? რა მოტივით? – ვგონებ, ეს კითხვები რიტორიკულია.
როცა მომხრეები ცვლილებებს ითხოვენ, მათ ისევ ლიდერთა სახელით მოქმედი, ხშირად ორმაგი ან ურთიერთგამომრიცხავი ლოიალობის მქონე აქტივისტები აჩუმებენ, „ახლა ამის დრო არ არის!“ ან „ნიჰილიზმს ნუ თესავთ!“ მესიჯით. არადა, აშკარაა, რომ არადემოკრატიულად მართული პარტიები, რომელთა მიმართ ნდობა კატასტროფულად დაბალია და პარტიათა უცვლელი modus operandi პოლიტიკისგან ადამიანების გაუცხოებას იწვევს (იხ. “რა ვქნათ, ხალხში მუხტი არ არის“ არგუმენტი).
სინამდვილეში, ნიჰილიზმს თესავს არა ის, ვინც კითხვებს სვამს, არამედ ის, ვინც კითხვების დასმას კრძალავს – ის, ვინც პრიმიტიული, მაგრამ ეფექტური ბულინგით აჩუმებს კითხვების დამსმელებს და ყველაფერს აკეთებს, რომ დანიის სამეფოდან ლპობის სუნი არასდროს განიავდეს.
სინამდვილეში, “ამის დრო“ სულაა, ხოლო “ამაზე“ საუბრის გარეშე არაფერი შეიცვლება. სწორედ ესაა ჩვენი საუბრის მთავარი თემა.
არადემოკრატიულობა და არატრანსპარენტულობა ნოყიერი ნიადაგია პირადი ინტერესებით მოტივირებული კულუარული პოლიტიკისთვის, რაც განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ ქართულ რეალობაში. შესაბამისად, შიდაპარტიული დემოკრატიის არარსებობა არა რომელიმე კონკრეტული პარტიის, არამედ მთელი საზოგადოების გამოწვევაა.
საზოგადოებისა, რომელიც რამდენიმე, სუბიექტური დღის წესრიგით მოასპარეზე ადამიანის მძევლად ქცეულა. მათ შორის მათი, ვინც ვერასდროს გაიმარჯვებდა დემოკრატიული თამაშის წესების პირობებში და ვინც მხოლოდ კულუარული მეთოდებითა თუ რესურსების მანიპულირებით მართავს პროცესებს.
ვის სჯერა, რომ არადემოკრატიული პარტიები დემოკრატიულ სისტემას ააშენებენ? თუმცა, დამავიწყდა – ახლა ხომ ამის დრო არაა. ჯერ დამოუკიდებლობა, მერე – დემოკრატია. ჯერ ოლიგარქიის დამთავრება და მერე – კითხვები…
კორონავირუსის ელვისებურმა გავრცელებამ და თანმდევმა გლობალურმა ცვლილებებმა ახალი საბაბი შვა საიმისოდ, რომ კიდევ ერთხელ გვითხრან: “ახლა ამის დრო არაა!“.
რომ გაგვაჩუმონ, რათა არ მოვითხოვოთ ფუნდამენტური ცვლილება მათგან, ვინც ჩვენი ხმებით, ჩვენი დუმილის ხარჯზე და ჩვენი გაფლანგული წლების ფასად ცხოვრობს.
ამიტომ, დიახ – ახლა ამის დროა.
ახლაა ამის დრო!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ოქტომბერი 18, 2021
- on სექტემბერი 9, 2021
- on ივნისი 13, 2021
- on აპრილი 22, 2021
- on აპრილი 15, 2021
- on აპრილი 9, 2021
- on მარტი 24, 2021
- on მარტი 24, 2021