"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

გაიქეცი, შვილო, გაიქეცი!

გაიქეცი

ბლოგი ეძღვნება მიგრანტებს

ასიათასობით გაწამებული, გათანგული, დამშეული და დაქცეული ადამიანი ტოვებს საკუთარ სახლ-კარს ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში. გაქცევა არ ნიშნავს გადარჩენას, არამედ უმრავლესობისთვის წარმოადგენს ბოლო შანსს, არ დახვრიტონ, არ მოჰკვეთონ თავი, არ იძალადონ ქალებზე და ბავშვებზე და არ დაიხოცონ შიმშილით. გარბიან ჩრდილოეთ აფრიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან თუ ჰისპანიკო ამერიკიდან. სამწუხაროდ, ასეა უკვე ათწლეულების მანძილზე. მილიონობით ადამიანი პოულობდა თავშესაფარს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ათიათასობით კი – ვერ.

ჯერ კიდევ ათი წლის წინ დემოკრატიულ სამყაროში ცუდ ტონად ითვლებოდა მიგრანატებისთვის საზღვრების ჩაკეტვა, მათი უკან გაბრუნება თუ სხვაგან გადამისამართება. თუმცა ნელ-ნელა ანტიმიგრაციული განწყობები მომძლავრდა და ბოლოს ისე მოღონიერდა, რომ მიგრაციასთან ბრძოლის ტალღაზე ევროპაში ერთიმეორის მიყოლებით ხელისუფლებაში მოვიდნენ ნაციონალისტ-პოპულისტი მთავრობები. არ შემეშინდება იმის თქმის, რომ სირიაში დატრიალებულმა უბედურებამ, ერაყსა და იემენში გაუთავებელმა ომებმა, შიმშილმა, სიღატაკემ, ეთნოკონფლიქტებმა და ეპიდემიამ აფრიკაში გააუბედურა მილიონობით ადამიანი და გააბედნიერა ათეულობით, დიდი დიდი – ასეულობით პოლიტიკოსი. მაგალითად, უძლეველი ორბანის უნგრეთში მიგრანტებისთვის დახმარებაც კი კანონით დასჯადი გახდა, იტალიაში შინაგან საქმეთა მინისტრმა „აკუარისიუს“ გემბანზე მყოფ 600 ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, მოხუცებსა და ორსულ ქალებს, იტალიის მიწაზე ფეხი არ დაადგმევინა და ეს ხალხი ზღვაში რო არ დახოცილიყო, ესპანეთმა შეიფარა. მისი გერმანელი კოლეგა, ჰერ ჰორსტ ზეეჰოფერი კი თვით ფრაუ მერკელს აუჯანყდა, ან ეს მიგრანტები მომაშოროს, ან მე მაგ ქალთან ბავარიულ სოსისსაც კი არ [U1] გავტეხო.  აბა, ბავარიაში აქვს არჩევნები და მიგრანტების გამო თუ წააგო, მერე კანცლერინა უშველის? საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ შეუცვლელი ფრაუ მერკელის დეკანცლერიზაციაზეც კი ალაპარაკდა ხალხი.  აქეთ, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა, დაგვემხო თავზე ოჯახი, გარბის ხალხი ევროკავშირიდან, მოვიფიქროთ რამეო. ავსტრიაზე ადრეც დავწერე, მიგრანტებისთვის საზღვარზე ბოლო ლუკმის ექსპროპრიაციას რომ გეგმავენ. ჰოდა, საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯერ მანუმ (არ გამიგოს, თორემ მაგის გულისთვის თინეიჯერი ბოვში დატუქსა,, ვინაა შენი მანუ, პატივ ეც პრეზიდენტსა შენსაო) და მერკელმა გადაილაპარაკეს ბერლინის მახლობლად და მერე ვიწროში შეკრებაც გამოაცხადეს. ავსტრია, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და ბულგარეთი (ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა) კვირას, საგანგებო არაფორმალურ სამიტზე, ბრიუსელში შეიკრიბნენ. ხო აზრზე ხართ, რა საგონებელში ჩავარდნენ, რომ წმიდათა წმიდა კვირა დღეს შეიკრიბნენ. ისედაც დღე დღეზეა ევროკავშირის სამიტი. თანაც ავსტრია ხდება შემდეგი თავმჯდომარე. მე მგონი, საწყალ მიგრანტებს ყველაზე მძიმე ექვსი თვე ელით წინ (სამაგიეროდ, დედას ბუშტი პატრიოტები რას ხარობენ ალბათ. აი ხალხიო, ალბათ იძახიან. ურჩევნიათ, ჩვენთანაც აზრზე მოვიდოდნენო, თორემ ამხანაგურები აღარ უშველით მერეო). 

ახლა ამერიკის ამბავს არ იკითხავთ? კედლის მშენებლობა, გრინ ქარდის გათამაშების გაუქმება, აეროპორტებიდან უკან გაბრუნება ვიღას ახსოვდა, 1995 (CNN-ის მონაცემებით) ბავშვი სასაზღვრო პუნქტებში „papaa“ და “mamasitoo” ძახილით გულის მომაკვდინებლად რომ ღნაოდა. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო და ძალიან მძიმე სანახავიც გალიებში გამოკეტილი ბავშვები. მადლობა ღმერთს, აშშ-ში დემოკრატიაა, გამოხატვისა და გადაადგილების თავისუფლებები უზენაესია. საზოგადოების აქტიურობამ როგორც მოქმედი, ისე ყოფილი პირველი ლედის, როგორც ლურჯი, ისე წითელი პოლიტიკოსების, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით მამებისა და დედების პროტესტმა შედეგი გამოიღო. თუმცა – ჯერჯერობით მხოლოდ 20 დღით. რა იქნება სამი კვირის შემდეგ, კაცმა არ იცის. იმედია, მეთოდები შეიცვლება. კრიმინალთან, MS-13-თან ბრძოლა სხვანაირადაც უნდა შეიძლებოდეს.

სამწუხაროდ, ძალიან დაუნდობელია პოლიტიკა. დიახ, სწორედაც რომ პოლიტიკა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი რეიტინგებამდე, საარჩევნო ურნებამდე და ოვალურ თუ რენესანსის ეპოქის დროს მოხატულ კაბინეტებამდე მიდის; ჰო, კიდევ საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველწლიურ დაფინანსებამდე. ძალიან ცინიკურად კი ჟღერს, მაგრამ მწარე სიმართლეა: მავანთ ძალიან აწყობთ მიგრანტებიც, დევნილებიც, დანგრეული ქალაქებიც და დროებითი განთავსების ბანაკებიც.

21 ივნისი დევნილთა საერთაშორისო დღეა. გილოცავთ!

გააზიარე