"ვარ უფროსი მრჩეველი GIZ სამხრეთ კავკასიის ოფისში, ჩემი საქმიანობა ეხება ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში".
გარდაუვალი ურბანიზაცია და მცირე ქალაქების როლი
ყოველ შემოდგომაზე აქტიურად იწყება მსჯელობა, უნდა აფინანსებდეს თუ არა მთავრობა რთველს. ამას ემატება პოპულისტური განცხადებები, თუ რთველის სუბსიდირება აღარ ხდება, მაშინ სოფლის მეურნეობის სხვა დარგების სუბსიდირება უნდა განახორციელოს მთავრობამ. ამასთანავე, კიდევ უფრო მეტი უნდა დაიხარჯოს იმისათვის, რათა შეჩერდეს სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის შემცირების ტენდენცია დეპრესიულ რეგიონებში.
დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტენდენცია საქართველოში უკანასკნელ წლებში არ გაჩენილა. ქალაქისა და სოფლის მოსახლეობა საქართველოში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში გათანაბრდა და მას შემდეგ ურბანიზაციის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, დღეის მდგომარეობით მოსახლეობის 58% ქალაქად ცხოვრობს. ახლო მომავალში ურბანიზაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით (გრაფიკი 1), 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის თითქმის 75% ქალაქებში იცხოვრებს.
გრაფიკი 1: მოსახლეობის პროცენტული გადანაწილება ქალაქებსა და სოფლებში
ეს ტენდენცია მხოლოდ ქართულ რეალობას არ ახასიათებს. გაეროს მონაცემებისვე მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 55% უკვე ურბანულ არეალებში ცხოვრობს და ეს მაჩვენებელი 2050 წლისთვის 68%-ს მიაღწევს ამავე წყაროს მიხედვით, მდგრადი ურბანიზაცია (და არა ქაოტური და უმართავი, რომელიც შემდგომ ახალ თავსატეხებს აჩენს) წარმატებული განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ეს ლოგიკურიცაა, რამდენადაც ურბანული დასახლებები მასშტაბის ეკონომიას იძლევა და უფრო მრავალფეროვანი ბაზრის სისტემა გააჩნია. ამასთანავე, მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი სერვისების მიწოდება (გზა, ელექტროენერგია, ინტერნეტი, ჯანდაცვა და სხვა) უფრო ეფექტურად და იაფად ხორციელდება. განვითარებული ქვეყნების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, კავშირი განვითარებასა და ურბანიზაციას შორის ცალსახაა. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება ქვეყანის ურბანიზაციის მაჩვენებელიც. ამასთანავე, განვითარებულ ქვეყენებში სოფლის მეურნეობის წილი მთლიან ეკონომიკაში გაცილებით ნაკლებია მრეწველობისა და მომსახურების დარგებთან შედარებით. ქართულ ეკონომიკაშიც, სოფლის მეურნეობის სექტორს მხოლოდ 8% უკავია და მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან დარგის მოცულობითი სუბსიდირებისა, ეს სექტორი ბოლო ორი წლის განმავლობაში არათუ იზრდება, პირიქით კლებას განიცდის.
საქართველოში სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება. ამ თანხების გენერირება კი ქალაქების, უფრო ზუსტად, ოთხი ქალაქის ხარჯზე მოდის. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ნახევარზე მეტი დედაქალაქში იქმნება. თუ ამას დავამატებთ სამ დიდ ქალაქს, ეს მაჩვენებელი 75%-ს აჭარბებს. ცხადია, დიდი ქალაქებისკენ მოსახლეობის დენადობის ტენდენციაც ამით არის განპირობებული. ამ მოცემულობაში კი, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში ბუნებრივი ტენდენციის ხელსაყრელად გამოყენება ხდებოდეს, ძირითადი პოლიტიკა მოსახლეობის სოფლად შენარჩუნებისკენ, შესაბამისად, ურბანიზაციის ტენდენციის შეტრიალების მცდელობისკენ არის მიმართული. ამავდროულად, სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას და ეს მეტწილად მცირემიწიანობას უკავშირდება. მთელ ამ მოცემულობაში უგულებელყოფილია ქვეყნის ურბანული განვითარების პერსპექტივები. საქართველოს მთლიანი მოსახლეობა მცირდება, ზრდის მაჩვენებელი კი მხოლოდ თბილისისა და რამდენიმე ქალაქის მოსახლეობას (მათ შორის ბათუმი, რუსთავი) აქვს. სათანადო მიდგომების გამოყენებით შესაძლებელია, რომ მხოლოდ 2-3 ქალაქი არ წარმოადგენდეს დემოგრაფიული ზრდის ცენტრს. ამისთვის მნიშვნელოვანია ურბანული მიზიდულობის ცენტრების შექმნა და იმის განსაზღვრა, თუ რა როლი შეიძლება მიენიჭოს მცირე ქალაქებს. ერთ-ერთი ასეთი მიდგომა უკვე მრავალი წელია ფართოდ გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებში და ეფუძნება ‘ცენტრალური ადგილების’ თეორიას, რომელიც ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შეიმუშავეს. გერმანიაში ეს თეორია დიდი ხანია პრაქტიკაშია გადატანილი და სივრცითი დაგეგმარების მარეგულირებელ კანონმდებლობაში უშუალოდ ტერმინიც არის შეტანილი. ამ მიდგომის თანახმად, ქალაქების როლს მის შემოგარენში მყოფი ბაზრებისთვის საქონლისა და მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ქალაქებს, რომელთაც შეუძლიათ ამ ფუნქციის შესრულება, ცენტრალური ადგილები ეწოდება და სამ კატეგორიად იყოფა: მაღალი, საშუალო და დაბალი. თითოეულ კატეგორიას შორის ფუნქციებიც შესაბამისადაა გადანაწილებული და ქსელის სახით ფარავს მთელი ქვეყნის ტერიტორიას, იმის მიხედვით, თუ რომელ ტერიტორიას რა ტიპის ცენტრი ემსახურება. ტერიტორიებისთვის მინიჭებული ფუნქციების მიხედვით ხდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაც და შესაბამისი ეკონომიკური პროგრამების განხორციელებაც. ამ მიდგომის გამოყენება ასევე მნიშვნელოვანია სოფლებსა და ქალაქებს შორის კავშირების განსავითარებლად. ხშირია შემთხვევები, როდესაც სოფლის განვითარების პროგრამები ურბანულ ასპექტებს უგულებელყოფს და მხოლოდ საკუთარ ვიწრო თვალსაწიერში რჩება, მაშინ, როდესაც ამ კავშირების განვითარებას ადგილობრივი ეკონომიკის ზრდისთვის დიდი პოტენციალი გააჩნია.
საქართველოს ურბანული სისტემა მეტწილად პატარა ქალაქებით არის წარმოდგენილი. მილიონზე მეტი მოსახლე მხოლოდ თბილისშია, ხოლო ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში – ბათუმში დაახლოებით 7-ჯერ ნაკლები მაცხოვრებელია. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ქართული ქალაქების დაჯგუფება ოთხ კატეგორიად შეიძლება:
ე.წ. ‘დიდი ოთხეული’ (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი) ანუ ქალაქები, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აჭარბებს, ეკონომიკა შედარებით მრავალფეროვანია და გააჩნიათ პოტენციალი, უპასუხონ რეგიონში კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
‘რეგიონული ცენტრები’ (რეგიონების ადმინისტრაციული ცენტრები), რომლებიც თავიანთი მუნიციპალიტეტებისთვის ადმინისტრაციულ ცენტრებს წარმოადგენენ და სერვისების მიწოდებისა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეუძლიათ შეასრულონ.
‘მეორე თანრიგის ურბანული არეალები’ – ძირითადად მუნიციპალური ცენტრები, ქალაქები, სადაც 15 ათასზე მეტი მოსახლეა სხვადასხვა ეკონომიკური მახასიათებლებით. ამ არეალებს გააჩნიათ ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი, რაც შეიძლება განპირობებული იყოს მათი სიახლოვით დიდ ქალაქებსა და მნიშვნელოვან სატრანსპორტო მარშრუტებთან.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა შეიძლება იყოს ჩვენს რეალობაში ქალაქების როლი რეგიონების განვითარებაში. პირველი კატეგორიის ქალაქებში (ქუთაისის გარდა) მოსახლეობის რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში იზრდება, შესაბამისად, მეტი ყურადღებაა გასამახვილებელი დანარჩენი ორი კატეგორიის ქალაქებზე, რათა სათანადოდ მოხდეს მათი პოტენციალის გამოყენება და დემოგრაფიული წნეხის გადანაწილება. ეს ქალაქები არ უნდა განიხილებოდეს ცალკე მდგომ ურბანულ არეალებად, არამედ მნიშვნელოვანია მათი როლის განსაზღვრა მიმდებარე აგრარული ტერიტორიების კონტექსტში, მით უმეტეს, სადაც მცირემიწიანობის პრობლემა დგას და შესაძლებელია უმჯობესი იყოს, მიწაზე მუშაობის მაგივრად მოსახლეობა ურბანულ არეალში ცხოვრობდეს და საქმიანობდეს. მეორე და განსაკუთრებით მესამე კატეგორიის ქალაქების როლი შესაძლოა შემდეგნაირად განისაზღვროს:
– მოსახლეობისთვის მომსახურებისა და საქონლის (იქნება ეს კერძო თუ საჯარო) მიწოდებისთვის სადისტრიბუციო ცენტრები;
– სოფლის მეურნეობის პროდუქტების კონცენტრაციის ადგილი მათი დიდ ბაზარზე დაშვებადობისთვის (ე.წ. ბაზრის წანაზარდები/market nodes);
– სასოფლო-სამეურნეო აქტივობების კონსოლიდაციის ცენტრი (მაგ. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება).
რიგი ქალაქები ამ ფუნქციას ისედაც ასრულებენ, თუმცა ამას მწყობრი მიდგომა და ხელშეწყობა სჭირდება. დღესდღეობით სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს ურბანიზაციასთან დაკავშირებული რაიმე ტიპის ერთიანი ხედვა, მაშინ, როდესაც სოფლად განვითარების არაერთი სტრატეგიული დოკუმენტი და პროგრამა არსებობს.
უსაფუძვლოა მუდმივი ჩივილი იმაზე, რომ თბილისი ‘თავკომბალა’ ქალაქს დაემსგავსა და მის ზრდას ბოლო არ უჩანს, თუ ხალხი სოფლად არ დამაგრდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებამ მოსახლეობის სოფლად დარჩენა (ან დაბრუნება) განაპირობოს. არსებული მონაცემებით ურბანიზაციის ზრდა გარდაუვალია. მთავარია, რამდენად გონივრულად გამოიყენებს ქვეყანა ამ ტენდენციას და სამი ქალაქის გარდა, სხვა ქალაქების განვითარებასაც შეძლებს, რასაც დიდი ალბათობით რეგიონების განვითარებაზეც დადებითი შედეგი ექნება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on სექტემბერი 14, 2019