"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".

გასაუბრება, ინტერესთა ორმხრივი თანხვედრისათვის

გასაუბრება

როგორ წესი, ჩემი ბლოგები ანალიტიკური ხასიათისაა და დამრიგებლობით ხასიათს არ ატარებს, თუმცა დღეს გადავწყვიტე პოტენციურ დამსაქმებლებთან გასაუბრების თაობაზე  დამეწერა. ყველასთვის ცნობილია, რომ შეუძლებელია სამსახურის დაწყება, გასაუბრების ეტაპის წარმატებით გადალახვის გარეშე. თუმცა, გასაუბრებაზე მოსახვედრად, საჭიროა, რომ კანდიდატი ვაკანსიის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება და ადამიანთა უმრავლესობა, სამსახურის დაწყების იმედით უამრავ ვაკანსიაზე აგზავნის განაცხადს, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს ის აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს თუ არა. შედეგად ისინი კარგავენ აპლიკაციის შევსებისათვის საჭირო დროსა და ენერგიას და პასუხად მხოლოდ იმედგაცრუებას იღებენ. ამიტომ, უმჯობესია იმ ვაკანსიის ლოდინი, რომლის მოთხოვნების უმეტესობასაც ესა თუ ის პიროვნება აკმაყოფილებს, ხოლო გამოცდილების არქონის შემთხვევაში კარიერის სტაჟირებით დაწყება.

გასაუბრებაზე დაბარების შემდგომი ეტაპი გასაუბრებისთვის მზადებაა. გასაუბრებაზე მისვლამდე აუცილებელია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ მცირედი კვლევის ჩატარება. რას საქმიანობს აღნიშნული კომპანია? რაა მისი მიზნები და ამოცანები? ვინ არიან ხელმძღვანელები? რა ტიპის პროექტები აქვს კომპანიას განხორციელებული? როგორია მისი ღირებულებები და კადრებთან მიმართებაში რა პოლიტიკას ატარებს ის? რაც უფრო მეტი ინფორმაცია გექნებათ აღნიშნული კომპანიის შესახებ, მით უფრო გაგიადვილდებათ გასაუბრების წარმატებით გადალახვა და საკუთარ თავში გარკვევა, ნამდვილად გსურთ აღნიშნულ კომპანიაში მუშაობის დაწყება თუ არა; შეესაბამება მისი ღირებულებები თქვენსას თუ არა?

სამწუხაროდ, საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ მხოლოდ გამსაუბრებლები სვამენ შეკითხვებს. თუმცა, ეს ასე არაა. კანდიდატმაც უნდა დასვას მისთვის საინტერესო შეკითხვები, რადგან არამხოლოდ დამსაქმებელი ირჩევს მისთვის საჭირო კანდიდატს, არამედ კადრებიც ირჩევენ კომპანიებს, რომელში მუშაობაც მათთვის ყველაზე მეტად კომფორტული იქნება. სამუშაოს აქტიურად ძებნის შემთხვევაში, სამუშაოს მაძიებელი აუცილებლად მიიღებს რამოდენიმე კომპანიისგან შეთავაზებას, მისთვის ოპტიმალურის ასარჩევად და გადაწყვეტილების მისაღებად კი მას დასჭირდება მაქსიმალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მისი მომავალი სამუშაო. აღნიშნულის გასარკვევად, კი საჭიროა პოტენციური დამსაქმებლისათვის შესაბამისი შეკითხვები დასმა. ექსპერტების თანახმად, ასეთი შეკითხვები შესაძლოა იყოს:

  • რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც მომავალში ამ პოზიციაზე დასაქმებული პიროვნება შეიძლება აღმოჩნდეს?
  • როგორია აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული პიროვნების ტიპური დღე?

აღნიშნული შეკითხვები თქვენთვისაც ცხადყოფს თუ რას უნდა ელოდეთ და რასთან მოგიწევთ შეჭიდება და დამსაქმებელსაც აჩვენებთ, რომ თქვენთვის ნათელია, რომ ყველა სამსახურში არსებობს გამოწვევები და უბრალოდ მუშაობის დაწყება კი არა, საქმის კეთება გსურთ.

ასევე შეკითხვა შესაძლოა შეეხებოდეს მენეჯმენტს:

  • რა პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ბოლოს ამ პოზიციაზე დასაქმებული პიროვნება?
  • როგორ აღწერთ ორგანიზაციულ კულტურასა და მენეჯმენტის სტილს?

თუ აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებულების დენადობა მაღალია, ეს ნიშანია არც თუ კარგი მენეჯმენტის და ღირს დაფიქრება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება გსურთ თუ არა. და ბოლოს, აუცილებლად იკითხეთ წინსვლის პერსპექტივების არსებობისა და პასუხის სავარაუდო თარიღის შესახებ. აღნიშნულით კვლავაც მეტ ინფორმაციას მიიღებთ, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ, თან აჩვენებთ დამსაქმებელს, რომ წინსვლა თქვენთვის მნიშვნელოვანია და მიზანდასახული ხართ, ასევე, იცით დროის ფასი და არ აპირებთ მუდმივად პასუხის მოლოდინის რეჟიმში ყოფნას.

კიდევ ერთი საზოგადო აზრია ის, რომ საკუთარი თავი კარგად უნდა შეფუთოთ და ისაუბროთ ის, რისი მოსმენაც დამსაქმებელს სურს. რა თქმა უნდა საკუთარი თავის წარმოჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ მანამ, სანამ თქვენს პიროვნულ „მეს“ არ გასცდებით. თუ შინაგანად სხვა პიროვნება ხართ და გასაუბრებაზე ცდილობთ სხვისი როლი ითამაშაოთ, რადგან თვლით რომ დამსაქმებელს ასეთი მოსწონს, მერწმუნეთ ეს გასაუბრება წარმატებით არ დასრულდება და თუ დასრულდება და მუშაობას დაიწყებთ კიდეც, მალევე გაგიჩნდებათ სამუშაოს შეცვლის სურვილი. სამსახურეობრივი ცხოვრება გარკვეულწილად ქორწინებას ჰგავს. თუ თქვენს ურთიერთობას ტყუილით და სხვა პიროვნებად თავის მოჩვენებით  დაიწყებთ, თქვენი ქორწინება მალევე დასრულდება. ანალოგიურად მოგბეზრდებათ სამსახურში სხვა პიროვნების როლის თამაში და მიხვდებით, რომ აღნიშნული სამსახური თქვენ სრულიადაც არ შეგეფერებათ და გადაწყვეტთ მის დატოვებას, ან დარჩენას და გამუდმებულ სტრესში ყოფნას. ამიტომ უმჯობესია გასაუბრებაზე მაქსიმალურად გულახდილი იყოთ და თუ მოხდება ინტერესების ორმხრივი თანხვედრა, მაშინ თქვენ თქვენი ოცნების სამსახურში დაიწყებთ მუშაობას, სადაც ყოველი დღე თქვენთვის სასიამოვნო იქნება.

გააზიარე