"ვარ ბიზნეს ეთიკის და კომპლაენს სპეციალისტი, კორპორატიული კომპლაენსის და ეთიკის საზოგადოების (SCCE) წევრი, ასევე საერთაშორისო პოლიტიკის და დიპლომატიის მაგისტრი. ჩემი ინტერესია ბიზნეს ეთიკა, შესაბამისობა (კომპლაენსი), კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზაციული რისკების მართვა, კონტროლების განხორციელება და ფროდის მენეჯმენტი".

და თქვენ რას ფიქრობთ თანამედროვე მონობაზე?

და თქვენ რას ფიქრობთ თანამედროვე მონობაზე?

ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ მონობა წარსულში დარჩა და დღეს მსოფლიო მისგან თავისუფალია. თუმცა, მონობა – “თანამედროვე მონობა” კვლავ დღის წესრიგშია, გლობალურია და ბიზნესის ყველა სექტორშია გავრცელებული.

ადამიანთა ტრეფიკინგი, იძულებითი შრომა, ბავშვთა შრომა, დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური შევიწროვება, ხელფასის გადაუხდელობა, დამატებითი სამუშაოს შესრულების იძულება – ეს იმ მდგომარეობების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც 21-ე საუკუნეშიც მილიონობით მსხვერპლი ჰყავს. 

წარმოვიდგინოთ, რამდენი ადამიანი შეიძლება, რომ გაუსაძლის პირობებში, იძულებით შრომაში იყოს თევზსაჭერ გემზე მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ; რამდენი ბავშვია ჩართული ძვირფასი ქვების მოძიების პროცესში; რამდენ მიგრანტს აქვს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები ჩამორთმეული “დამსაქმებლის” მიერ; რამდენ საწარმოში არიან თანამშრომლები ვალდებულნი ანაზღაურების გარეშე დამატებითი სამუშაო შეასრულონ ან/და ზეგანაკვეთური რეჟიმით იმუშაონ. ყველა შეკითხვაზე პასუხია “ბევრი”. International Labor Organization (ILO) ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 21 მილიონი დასაქმებული სხვადასხვა ფორმითაა თანამედროვე მონობის მსხვერპლი, მათგან ნახევარზე მეტი მდედრობითი სქესისაა, მსხვერპლთა 26 პროცენტი კი ბავშვია. 

მონობა არის ყველგან – ინდუსტრიულ თუ ნაკლებად ინდუსტრიულ, მოწინავე, განვითარებულ თუ განვითარებად სამყაროში, ჩრდილოეთის თუ სამხრეთის ქვეყნებში. თანამედროვე მონობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონშია, თუმცა, მაჩვენებლი ასევე მაღალია აშშ-სა და ევროკავშირში. Walk Free Foundation-ის განმარტებით, დაახლoებით 400,000 ადამიანია იძულებით შრომაში მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ეკონომიკაში – ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

საინტერესო ფაქტია, რომ ILO-ს და გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, თანამედროვე მონობის მსხვერპლთა მუშაობით კომპანიებისთვის მიღებული საერთო შემოსავალი დაახლოებით 150 მილიარდ დოლარად შეფასდა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე თამბაქოს რეალიზაციის ბიზნესში ჩართული კომპანიების, ნავთობმომპოვებელი საწარმოების და Google-ს ყოველწლიური კომერციული მოგება.

რა ზომებია მიღებული თანამდროვე მონობის აღმოსაფხვრელად? 

სახელმწიფო – Walk Free Foundation-ისმთავრობათა ჩართულობის 2018 წლის ინდექსის მიხედვით, ყოველწლიურად იზრდება თანამედროვე მონობის წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის, პოლიტიკებისა და სახელმწიფო პროექტების რიცხვი; ასევე გლობალურად იზრდება სახელმწიფოსანგარიშვალდებულება თანამედროვე მონობაში მყოფ მსხვერპლთა მიმართ.

  • 2015 წელს ძალაში შევიდა გაერთიანებული სამეფოს თანამედროვე მონობის აქტი, რომელიც კომპანიის ე.წ. “მიწოდების ჯაჭვში” (Supply Chain) – შვილობილ კომპანიებში მონობის შემთხვევებს არეგულირებს.
  • ევროკავშირის ტერიტორიაზე 2017 წლიდან მოქმედებს დირექტივები არაფინანსური რეპორტინგის შესახებ, რომელიც დასაქმებულებს მონობის შემთხვევებისგან იცავს.
  • თანამედროვე მონობის ბრძოლის წინააღმდეგ რამდენიმე კანონი მოქმედებს აშშ-ის ტერიტორიაზე, მათ შორის: “მოწოდების ჯაჭვში” გამჭვირვალობის შესახებ კალიფორნიის აქტი (2010), აშშ-ის ფედერალური დირექტივები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძლის შესახებ (2015), ეკონომიკური საქმიანობის ხელშემწყობი და ეკონომიკური საქმიანობის აღსრულების შესახებ აშშ-ის აქტი (2016).
  • 2019 წლის იანვარში თანამედროვე მონობის წინააღმდეგ მიმართულ კანონმდებლობას შეუერთდა თანამედროვე მონობის შესახებ ავსტრალიის აქტი.
  • საქართველოში დასაქმებულთა უფლებები საქართველოს შრომის კოდექსით (2010) რეგულირდება. კოდექსში ნაკლებად არის გაწერილი ის რეგულაციები, რომელსაც დამსაქმებელი დასაქმებულის უფლებების შელახვის შემთხევაში დაექვემდებარება. 

Walk Free Foundation-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო, მონობასთან წინააღმდეგ ბრძოლის ინდექსით, მაღალი კატეგორიის ქვეყნად არის შეფასებული. ზოგიერთი ეკონომიკურად მოწინავე სახელმწიფო, როგორიცაა კატარი, სინგაპური, ქუვეითი, ბრუნეი, ანაგრიშის მიხედვით, მოწყვლადნი არიან დასაქმებულთა უფლებების დაცვის პროცესში. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის თანამედროვე მონობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართული კანონმდებლობა, და ქვეყნაში არსებული რეალური მდგომარეობა თანხვედრასა და შესაბამისობაში არ არის. 

კერძო სექტორი – თანამედროვე მონობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში დღეს არეართი კორპორაციაა გაერთიანებული. საინტერესოა, როგორ ჩაერთო The Coca-Cola Company (TCCC) მონობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიასა და პროცესში. TCCC-ის ერთ-ერთ შვილობილ კომაპნიაში (Supply Chain), ტაილანდში აუდიტმა თანამედროვე მონობის შემთხვევა აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, კომპანიაში, რომელიც კოკა-კოლას ბრენდირებულ ბოთლებს აწარმოებს, მიგრანტი მუშები ვალდებულნი იყვნენ, დასაქმების შემთხვევაში, დამსაქმებლისთვის გადასახადები გადაეხადათ. შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ TCCC ერთ-ერთი პირველი კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც დასაქმებულთა მხრიდან დამსაქმებლისთვის გადასახადების გადახდის აკრძალვის რეგულაცია შემოიღო და შესაბამისი – Leadership Group for Responsible Recruitmentგლობალური გუნდი დააფუძნა. 

Lessons Learned თვალსაზრისით, საინტერესოა ივანკა ტრამპის შემთხვევა. ივანკა ტრამპის ტანსაცმლის ბრენდმა (რომელის პროდუქტის წარმოებაც ჩინეთში ხდება) Forbes მიხედვით, 2015 წელს 100 მილიონი ამერიკული დოლარის კომერციული მოგება მიიღო, თუმცა, მას იძულებით შრომასა და თანამშრომელთა ზეგანაკვეთური დროით დასაქმებისთვის ედავებოდნენ. როგორც ირკვევა, აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი საწარმოში დასაქმებულ ჩინელ მოქალაქეებს საათში 1 დოლარს უხდიდა, გარდა ამისა, თანამშრომლები ვალდებულნი იყვნენ კვირაში 82 საათით ემუშავათ. შემთხვევის მოკვლევის შემდეგ საწარმოში დასაქმებულმა ყველა თანამშრომელმა კომპენსაცია მიიღო, ივანკა ტრამპის შემთხვევა კი ერთ-ერთი გზავნილი იყო ბაზარზე დამატებითი რეგულაციების ამოქმედებისთვის. 

როგორ უნდა დავიცვათ კომპანია და თანამშრომლები თანამედროვე მონობისგან? 

თანამედროვე მონობის წინააღმდეგ ბრძოლა ახლადაღმოცენებულ საერთაშორისო სტანდარტებს შორისაა. დასაქმებულთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია არამარტო კომპანიის თანამშრომლებისთვის, არამედ თავად კომპანიისთის, მოიპოვოს “კარგი დამსაქმებლის” სტატუსი. 

სწორედ ამიტომ, თუ ხარ დამსაქმებელი, დასვი შეკითხვები:

  • გაქვს ინფორმაცია კომპანიაში დასაქმებული იმ თანამშრომლების სამუშაო პირობების შესახებ, რომლებიც შენი ბიზნესის განვითარებას უწყობენ ხელს? მისაღებია ეს პირობები?
  • აქვთ თუ არა თანამშრომლებს შესაბამისი დასაქმების ხელშეკრულება, რომელიც სულ მცირე, დასაქმებულთა სტანდარტული უფლებების შესაბამისად არის შედგენილი?
  • არის თუ არა თქვენს კომპანიაში დასაქმების პირობები შესაბამისობაში საქართველოს შრომის კოდექსთან? დაქვემდებარების შემთხვევაში სხვა იურისდიქციის შესაბამის კანონმდებლობასთან?
  • კომპანიის საქმიანობა ხომ არ წარმოქმნის საფრთხეს მეორე მხარისთვის (როგორიცაა შენ მიერ საქმიან ურთიერთობაში ჩართული პარტნიორი) იყოს თანამედროვე მონობის მსხვერპლი? 

თანამედროვე მონობის შემთხვევების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია ძლიერი ტოპ-მენეჯმენტი, რომელიც გაცხადებულად იცავს ბიზნეს ეთიკას და ეთიკური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს დაქვემდებარებულებს. 

მეტი მოტივაცია-ინსპირაციისთვის: Kevin Bales– “როგორ დავამარცხოთ თანამედროვე მონობა”.

გააზიარე