ფეხბურთის ფედერაციის ბრენდ-დირექტორი. კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი. სპორტის მარკეტინგის სპეციალისტი. BEA Awards-ის ჟიურის წევრი. მოგიყვებით სპორტის, როგორც ყველაზე მზარდი ბიზნეს სექტორის მთავარ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

დაპაუზებული სეზონი 2020

დაპაუზებული სეზონი 2020

4 თვის წინ, ჩვენ სულ სხვანაირ მსოფლიოში ვცხოვრობდით. დღეს ვითარება შეცვლილია და რა გასაკვირია, რომ მთავარი რაშიც გავერკვიეთ სრულ გაურკვევლობაში ცხოვრების გაგრძელებაა.

 

ცვლილებები შეეხო ყველა სფეროს. ასე მაგალითად, ავიაკომპანია Ryanair, ჯერ კიდევ 4 თვის წინ, დღეში საშუალოდ 2500 რეისს ანხორციელებდა. დღეს კი, ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ფრენების რაოდენობა 20-ს არ აღემატება.

ერთ დროს საცალო და საბითუმო გაყიდვების რეკორდსმენი, მექსიკური ლუდი CORONA-ს წარმოება კი, გასაგები მიზეზების გამო საერთოდ შეწყდა. 

ბიზნესი ფორმას და მასშტაბებს იცვლის და რა გასაკვირია, რომ სპორტის სფეროშიც ასეთივე დიდი და მოცულობითი, მძიმე სეისმური ცვლილებების დრო დადგა. 

ნელ-ნელა სპორტის ბიზნესიც ე.წ. New Normal-თან მორგებას იწყებს. COVID-19 ერთნაირად შეეხო მსხვილ საერთაშორისო და შედარებით მცირე მასშტაბის, მეორად სპორტულ ღონისძიებებს.

უეფას ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი (UERO 2020), უიმბლდონი (Wimbledon), ამერიკის ღია პირველობა (The us open), ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 6 ერის სარაგბო გათამაშება, F1 2020 წლის სეზონი – ეს იმ სპორტული ღონისძიებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელიც მსოფლიო პანდემიის გამო შეჩერდა ან 2021 წლისთვის გადაიდო. 

ვერსიამ – მოდით ჩავატაროთ მატჩები დახურულ კარს მიღმა ერთმნიშვნელოვნად არ გაამართლა. სპორტში გულშემატკივრებს ცოცხალი ემოციები ხიბლავთ. სტადიონები მაყურებლების გარეშე სავარჯიშო მოედნებს დაემსგავსა; სპორტული დარბაზები კი ფიტნეს-ცენტრებს; 

ზოგიერთი საეთაშორისო ტურნირის ორგანიზატორმა, სპორტული ღონისძიების ჩატარების ალტერნატიულ ვარიანტებზე დაიწყო ფიქრი.

მაგალითად, ინგლისის პრემიერლიგა, მიმდინარე სეზონის ჩასამთავრებლად, დარჩენილი 9 ტურის მატჩების ჩინეთში ჩატარების იდეას სერიოზულად განიხილავს. შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო ტრანსლირებისა და სხვადასხვა კომერციულ პარტნიორებთან არსებული ვალდებულებების შეურსულებლობის გამო ამ დროისათვის პრემიერ-ლიგის ზარალმა 1 მილიარდი ფუნტი შეადგინა.

რაგბის ნაციონალური ლიგა (NRL), კი გათამაშებაში მონაწილე გუნდების სპორტსმენებსა და ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფს კარანტინის პერიოდის გატარებას ავსტრალიის ერთ-ერთ კუნძულზე, ბრისბენის სანაპიროზე სთავაზებს. 

ამ სფეროშიც გამოჩდნა რამდენიმე სპორტული ლიგა, რომელიც მიუხედავად საყოველთაო კარანტინისა გათამაშება არ შეაჩერა და სახლებში გაურკვეველი ვადით გამოკეტილი გულშემატკივარის ნაწილობრივ დაკმაყოფილება შეძლო. ასეთად იქცა ირლანდიისა და ჰონგ-კონგის საცხენოსნო შეჯიბრებები, რუსეთის სამაგიდო ჩოგბურთის ლიგა და ბელორუსიის საფეხბურთო ჩემპიონატი; სხვა ყველა გათამაშება მსოფლიოში გაურკვეველი ვადით დაპაუზდა. 

და მაინც, რა ხდება სპორტში თვითიზოლაციის სეზონის კვალდაკვალ? რა ფორმებსა და გზებს იყენებენ სპორტული ბრენდები საკუთარ მომხმარებლებთან კავშირის შესანარჩუნებლად? 

  • სპორტში ვირტუალური სიმულაციისა და მოდელირების დრო დადგა! ლეგენდარული ტაიგერ ვუდსი თვით იზოლაციის დროს გოლფს ონლაინ სიმულატორის დახმარებით თამაშობს. ამის ამსახველი ვიდეო კონტენტი ვუდსის და ზოგადად გოლფის მოყვარულთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

არაერთი ონლაინ კურსი, რომელიც მოდელირებისა და სიმულაციის პრინციპზეა აგებული, ახლა სწორედ მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდით იწონებს თავს. 

  • ელექტრონული თამაშები ერთ დროს მხოლოდ მოზარდების საყვარელ სპორტად ითვლებოდა. თვითიზოლირებულ მსოფლიოში კი E-Sport-მა ყველა რეკორდი მოხსნა. თქვენ შეგიძლიათ გააღვიძოთ თქვენი შინაგანი ჰარი კეინი FIFA20-ის თამაშის დროს ან ჯეიმს ჰარდენად იგრძნოთ თავი NBA2k-ის მორიგი ხელის გათამაშებისას; კონტროლერის ხელიდან გაუშვებლად, თვითიზოლაციაში ყოფნის არაერთი საათი უფრო საინტერესო და სახალისო გახადოთ. ყველასათვის ცნობილ, ონლაინ თამაშების საიტ Twitch-ს მომხარებლების რაოდენობა მხოლოდ მარტში 20%-ით გაეზარდა, რაც სპორტის ამ სახეობის მიმართ გაზრდილი ინტერესის კიდევ ერთი დასტურია.

ბუნდესლიგის, პრემიერ ლიგის თუ ამერიკის ნაციონალური ლიგის გუნდების ჩართულობის მასშტაბები, კი E-gaming-ში ყოველსეზონურად იზრდება. ამ მიმართულებით კარგი მაგალითია CrystalBet E-ლიგა – საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გუნდების მონაწილეობით მიმდინარე გათამაშება, რომლის მხოლოდ პირველ ტურს 114 ათასმა მომხმარებელმა მიადევნა თვალი. 

  • როდის თუ არა ახლა შეგვიძლია გავაცოცხლოთ საარქივო, ყველასათვის მონატრებული ისტორიული კადრები. ნოსტალგიური გრძნობების აღმძვრელი ვიდეო კონტენტი ყოველთვის დადებით ემოციებს გამოიწვევს. სწორედ ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ სხვადასხვა სპორტული ლიგების, გუნდებისა თუ ერთეული სპორტსმენების სოციალური მედიის პლატფორმები ამ დღეებში მრავალფეროვან საარქივო მასალას გვთავაზობს. მომხმარებლებისათვის ერთნაირად საიტერესოა ფოტო და ვიდეო კონტენტი. 
  • სოციალური მედია განსაკუთრებით ძლიერ იარაღად კარანტინის პერიოდში იქცა. განსაკუთრებით, იმ სპორტულ ბრენდებს გაუმართლათ, რომელთა გავლენა საზოგადოებაზე მსოფლიო პანდემიამდეც დიდი იყო და მათი მომხმარებლების რაოდენობა რამოდენიმე ასეულ ათასს ზოგ შემთხვევაში, კი მილიონებსაც სცდებოდა.

ინფლუენსერების გავლენა საზოგადოებაზე განუზომლად დიდია. განსაკუთრებით ხმამაღლა ისმის სპორტსმენების მოწოდებები. ისინი აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა სოციალურ კამპანიებში, საქველმოქმედო მოძრაობებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისა თუ უბრალოდ კარგი განწყობის ვირუსულად გავრცელების პროცესში. ამის არა ერთი მაგალითი უკვე ვიხილეთ; რონალდო, მესი, როჯერ ფედერერი, დეივიდ ბექჰემი – მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენები COVID-19 -ის დაძლევის პროცესში აქტიურად იყენებენ სოციალური მედიის პერსონალურ პლატფორმებს და ყოველდღიურად არა ერთ მასალას გვიზიარებენ. 

  • აკადემიური, მეტწილად ტრადიციული ფორმისა და შინაარსის მასალის გაზიარების პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა ისე, როგორც არასდროს შეგვიძლია მომხმარებლები არაფორმალური და არასტანდარტული მასალით გავახალისოთ. თავს გართობის უფლება მივცეთ. ყველაზე სერიოზულმა, ტიტულოვანმა და აღიარებულმა ბრენდებმაც კი მისცეს საკუთარ მომხმარებლებს რაღაც განსხვავებული, ზოგჯერ დაუჯერებლად არასტანდარტული შინანარსის კონტენტი; ჩემი თუ არ გჯერათ დაგუგლეთ ეს სამი წინადადება Connect four. Bayer Leverkusen. Hull City. J.

და ბოლოს – მიუხედავად COVID-19-ს ჩვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენისა, უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელი ვითარება მაინც დროებითია. სპორტი, როგორც ყველაზე დინამიური, მასობრივი, მასშტაბური და ემოციურად დატვირთული სანახაობა ძალიან მალე დაუბრუნდება ტრადიციულ ფორმებს, ტრადიციულს თუმცა არა ძველს!

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა