"ვარ სტრატეგიული მარკეტინგის კონსულტანტი, ლექტორი. 12 წელია ვმუშაობ ბიზნესში, მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით. პარალელურად, დაინტერესებული ვარ წერით, ხელოვნებით. მიმაჩნია, რომ ცვლილება იწყება ჩვენით".

დარვინიზმი, ანუ სტარტაპების ევოლუცია

დარვინიზმი

“ციფრული დარვინიზმის” ერაში საზოგადოება და ტექნოლოგიები უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ბიზნესს ამ პროცესთან ბუნებრივი ადაპტაციის უნარი აქვს. ბიზნესი კი ცოცხალი ორგანიზმია და იმისთვის, რომ ორგანიზმი გადარჩეს, შემგუებლობა სწრაფად ცვალებად გარემოსთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ევოლუცია კი გონებიდან ანუ აზროვნებით იწყება…

მეწარმის აზროვნება – დღესდღეობით მეწარმეობა ბიზნეს სკოლების სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია. რამდენად შეიძლება მეწარმეობის შესწავლა? შეკითხვაზე პასუხები არაერთგვაროვანია. სავარაუდოდ, ცნობილი მეწარმეები საბაზისო უნარების განვითარების გარეშე, რომელიც ზოგჯერ აკადემიური ცოდნით, ზოგჯერ კი ცხოვრებისეული გამოცდილებით მიიღწევა, საკუთარი ნიჭის რეალიზებას და ინოვაციური მიმართულებით წარმართვას ნაკლებად შეძლებდნენ.

მეწარმეობის სწავლებაზე არანაკლებ საინტერესოა აზროვნების სტილის ევოლუცია თაობების მიხედვით, რაც გარემოს და ტექნოლოგიების ცვლილებას უკავშირდება. მაგალითად, თუ Baby Boomer-ებისთვის (1946-1964 წლებში დაბადებულები), მეორე მსოფლიო ომის შემდგომი თაობისთვის, სტაბილური სამსახური, პრესტიჟი, სტატუსი და კარიერულ კიბეზე სწრაფი წინსვლა მნიშვნელოვან მოტივატორს წარმოადგენდა, Generation Z (1995 წლის შემდეგ დაბადებულები) მილენიალებზე (1980-1995 წლებში დაბადებულები) მეტად არიან მეწარმეობაზე ორიენტირებული – თინეიჯერულ ასაკში იწყებენ მცირე ბიზნესს, რასაც ციფრული კომუნიკაციის განვითარებაც უწყობს ხელს (P2P digital networks and apps). დღეს მათთვის განსაკუთრებით მარტივია ცოდნის მონეტიზაცია, მოქნილი სამუშაო გრაფიკით სარგებლობისთვის კი პროექტების მოსაძიებლად ხშირად freelance ვებგვერდებს იყენებენ (Upwork, Freelancer, Toptal და ა.შ.).

თუმცა, რომელ თაობასაც არ უნდა მივეკუთვნებოდეთ საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი, შეცდომებისგან სწავლის უნარი და ინოვაციური ხედვა, წარმატების შესაძლებლობას ყველასთვის ქმნის.  

Financial Times-ის ლექსიკონი მეწარმის აზროვნებას ასე განმარტავს: ინდივიდები მეწარმის აზროვნებით ორიენტირებულები არიან შესაძლებლობებზე, ინოვაციაზე და ფასეულობის შექმნაზე. მახასიათებლები მოიცავს ინდივიდის უნარს შეძლოს წინასწარ გათვლილი შესაძლო რისკების საკუთარი თავზე აღება და ცვლილების შედაგად დამდგარი რეალობის და გაურკვევლობის მიღება.

გუნდი – რომელიც განსხვავებული კომპეტენციების, უნარების, ფილოსოფიის და საერთო ხედვის სინერგიას ახდენს.

Ogilvy & Mather-ის დამფუძნებელი, “სარეკლამო ინდუსტრიის მამად” წოდებული დევიდ ოგილვი ახალ მიღებულ მენეჯერს “მატრიოშკას” ახვედრებდა სამუშაო მაგიდაზე. “მატრიოშკების” მიმდევრობით გახსნის შემდეგ, ყველაზე პატარა თოჯინაში მენეჯერი ბარათს აღმოაჩენდა, სადაც ოგილვის მთავარი მესიჯი, მისი რეკრუტინგის ფილოსოფიის ამსახველი სიტყვები ხვდებოდა: “თუ სამსახურში მიიღებ თანამშრომელს, რომელიც შენზე ნაკლებია, გავხდებით ჯუჯების კომპანია, ხოლო თუ უკეთესებს შემოიკრებ – გოლიათების”.  ადამიანები, რომლებიც ინსპირაციას წარმოადგენენ:  ცოდნით, პიროვნული თვისებებით, გამოცდილებით, ენთუზიაზმით, ენერგიით, გუნდური მუშაობის ტექნიკით, მნიშვნელოვან კონტრიბუტორებად გვევლინებიან – გვავსებენ, განვითარების და წინსვლის მუხტს გვაძლევენ  და კომპანიაც ვითარდება. სტარტაპების შემთხვევაში, ტექნიკური უნარების გარდა, ღირებულებების თანხვედრაც მნიშვნელოვანია, რადგან კორპორაციებისგან განსხვავებით, სტარტაპი პიროვნულ “მსხვერპლსაც” მოითხოვს, რაც სამომავლო კონფლიქტებისა და უთანხმოების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამასთან, სწორედ პირველი გუნდი აყალიბებს კომპანიის კულტურას, რომელსაც შემდეგ  ახალ წევრებს გადასცემს.

პირველად იყო იდეა – პროტოტიპი, იდეა ან MVP (Minimum Viable Product) ანუ პროდუქტი, რომელიც მინიმალურად სიცოცხლისუნარიანია. MVP-ს შექმნა გულისხმობს ბაზრისთვის თუნდაც მინიმალურად მისაღები მახასიათებლების მქონე და არა ჩვენი ხედვით იდეალური პროდუქტის შექმნას. ასეთი პროდუქტი უნიკალურ სავაჭრო შეთავაზებას აძლევს მომხმარებლების კონკრეტულ სეგმენტს, ე.წ. ადრეულ მიმდევრებს. ადრეული მიმდევრები მომხმარებლების ის სეგმენტია, რომლებიც მუდამ მზად არიან ინოვაციებისთვის, ახალი პროდუქტის “დასატესტად” და კმაყოფილების შემთხვევაში რეკომენდაციასაც არ იშურებენ მეგობრებისთვის. MVPs მაგალითებია Airbnb, Amazon, Zappos. მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ პროდუქტის გასაშვებად დიდი დრო არ იკარგება, გვეძლევა მოთხოვნის ტესტირების შესაძლებლობა,  პროდუქტის არ გამართლების შემთხვევაში ფინანსური რისკი  ნაკლებია, აკვირდები რა მუშაობს და რა არა, შესაბამისად, ნელ-ნელა ხდება მახასიათებლების დახვეწაც.  თუმცა ბალანსირება, როგორც ყველაფერში, აქაც საჭიროა, რადგან პროდუქტი ყველა შესაძლო ფუნქციით გადატვირთვის ნაცვლად, არც მთავარი ფუნქციების ნაკლებობას უნდა განიცდიდეს. 

AQ (Adaptation Quotient) – AQ ადაპტაციის კოეფიციენტია, რომელსაც Harvard Business Review-მ “კონკურენტული უპირატესობა” უწოდა. ითვლება, რომ უახლოეს მომავალში თავისი მნიშვნელობით ინტელექტის (IQ) და ემოციური ინტელექტის (EQ) კოეფიციენტებზე მნიშვნელოვანი გახდება. ინდივიდები და ორგანიზაციებიგადარჩებიან ცვლილებებთან ადაპტაციის უნარითა და ენთუზიაზმით.

ორგანიზაციებისთვის ადაპტაციის უნარი, უპირველესად, ტექნოლოგიების და მომხმარებლის ქცევის ცვლილების პარალელურად, ბიზნეს მოდელების მოდიფიკაციით გამოიხატება. მომხმარებლის ქცევის ცვლილებაზე ჩატარებული საინტერესო კვლევის შედეგებს აქვეყნებს McKinsey&Company. ექსპერტების მიერ 125,000 განსხვავებული მომხმარებლის და 350 ინდუსტრიის ბრენდის შესწავლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ დღეს კლიენტის ლოიალობის მიღწევა გაცილებით რთულია. ინფორმაციაზე მარტივი წვდომა ბრენდების მუდმივი შედარების შესაძლებლობას ქმნის,  სოციალურმა მედიამ კი უპრეცედენტო გამჭვირვალობა წარმოშვა – გადაწყვეტილების მისაღებად სრულიად უცხო ადამიანების აზრი და გამოცდილებაც ხელმისაწვდომია. თუმცა, კარგი სიახლე ის არის, რომ ახალ ბრენდებს სწრაფად ეძლევათ დამკვიდრების შანსი შესადარებელი ალტერნატივების სიაში მარტივად მოხვედრით.

—-

1835 წელი… ინგლისელი ბუნებისმეტყველის, ჩარლზ დარვინის გემი “ბიგლი” გალაპაგოსის კუნძულებს მიადგა. პირველი ფაქტი, რამაც კუნძულზე ცხოვრებისას მეცნიერი გააკვირვა ერთნაირი ჯიშის სკვინჩების ტრანსფორმაცია იყო არქიპელაგის თვრამეტი კუნძულის განსხვავებული ბუნებრივი პირობების მიხედვით. მეცნიერმა მოგვიანებით ეს ფენომენი ნაშრომში “The Origin of Species” შემდეგნაირად ახსნა: “ბუნებრივი გადარჩევა არსებობისთვის ბრძოლის თანმდევი პროცესია, ამ პროცესის მონაწილე სახეობები კი გარემო პირობების შესაბამისად განიცდიან ევოლუციას.”  

დარვინის დინამიკა ბიზნესის რეალობასაც სარკესავით ასახავს. კანონზომიერება, რომელიც სიცოცხლის გაგრძელების წინაპირობაა ხომ ყველასთვის ერთნაირად მოქმედებს…

გააზიარე