საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი.
დასრულდა "პოვრების" ხანა
დასამახსოვრებელი კერძი იქმნება გულით. ალბათ, ყველას გვაქვს კონკრეტული მოგონება კერძთან და გემოსთან დაკავშირებით. იგივე კერძი კი სხვაგან თუ გაგვისინჯვას ხშირად შეგვიდარებია, ჩვენს მეხსირებაში დალექილ გემოსთან. ზოგს ბებიის, დედის ან თუნდაც მეზობლის მომზადებული კერძი ახსოვს ღრმა ბავშვობიდან. ადამიანი საბოლოოდ სუბიექტურია, მაგრამ კონკრეტულ მოგონებას ხშირად ობიექტური გარემოებები ქმნის. ხშირად ვეძებთ განსხვავებულ გემოებს და ცოტას ვფიქრობთ, თუ ვინ უნდა შექმნას ის.
ჩვენს ქვეყნას ბევრი რთული პერიოდი ახსოვს.. ერთ-ერთია საბჭოთა გავლენა ჩვენი როგორც მოქალაქის ცნობიერებაზე. ბავშვობიდან მაღიზიანებდა მზარეულებს “პოვრებად” რომ მოიხსენიებდნენ, მაგრამ წინა თაობებმა შეფ-მზარეულების შესახებ არაფერი იცოდნენ. სახლს მიღმა ყველა კვების ობიექტი ერთმანეთს გავდა: სასადილოები, კაფეები და მოგვიანებით რესტორნები. ხშირად გსმენიათ ალბათ უფროსი თაობისგან, კარგი “პოვრის” შესახებ. სინამდვილეში “პოვრები” იყვნენ მზარეულები, მაგრამ მათ, როგორც ცალკე პროფესიად თითქმის არავინ აღიარებდა, ან თუ აღიარებდნენ მუდმივად კნინობით ფორმაში მოიხსენიებდნენ…
ბევრ მშობელს დღესაც კი წარმოუდგენლად მიაჩნია მისმა შვილმა პროფესიად აირჩიოს მზარეულობა, რომელიც ძალიან დასაფასებელი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საბჭოთა გავლენა, რომელმაც მოწამლა ადამინების ცნობიერება. ამაზე ცალკე დავწერ, დღეს კი ისევ დავუბრუნდები მზარეულის პროფესიას.
ჩემმა შვილმა, როდესაც გამომიცხადა რომ მზარეულობა სურს, ძალიან გამიხარდა და მხარდაჭერა გამოვუცხადე. ვფიქრობ, რომ ეს მისი არჩევანია და მამამისის რესტორატორობას გავლენა არ მოუხდენია. ან იქნებ იქონია გავლენა და რეალურად დაინახა ამ პროფესიის შესაძლებლობები. რაც არ უნდა იყოს, მისი არჩევანი ძალიან დასაფასებელია და მინდა ასევე მოიქცნენ სხვა მშობლებიც. ნუ გაგიტყდებათ თქვენი შვილის არჩევანი, ის არაფრით არაა რომელიმე სხვა პროფესიაზე ნაკლები.
მზარეულობა პოპულარული ხდება. მაგრამ არ გვაქვს საკმარისი პროფესიული თუ უმაღლესი სასწავლებლები, სადაც ამ პროფესიას სრულფასოვნად დაეუფლებიან. დღეს ქართულ ბაზარზე დასაქმებული მზარეულების უმეტესობა ან თვითნასწავლია, ან ნაწილს გაუმართლა და შეძლო საზღვარგარეთ განათლების მიღება. როდესაც ვსაუბრობთ, მაღალი ხარისხის კვების ობიექტებზე, მათი შექმნა წარმოუდგენელია კარგი მზარეულების გარეშე.
და ბოლოს, უმუშევრობაზე როდესაც ვწუწუნებთ, გახსოვდეთ, რამდენი პროფესიაა, სადაც კადრების ნაკლებობაა და დასაქმების დიდი შანსებია. გავთავისუფლდეთ, ე.წ პრესტიჟული პროფესიების კლიშეებიდან, ყველა საქმე და პროფესია პრესტიჟულია, რომელსაც გულით და პროფესიონალიზმით ემსახურები. დასრულდა “პოვრების” ხანა, ახლა მზარეულების დროა. განა რაა იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც იცი შენი მომზადებული კერძების დაგემოვნებისას, ადამიანებს ამახსოვრდებათ გემო, რომელსაც ადვილად ვერ წაშლი მეხსიერებიდან და ისინი სიამოვნებისგან თვალგანაბული რამდენიმე წუთი ბედნიერებას განიცდიან.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on იანვარი 22, 2021
- on აპრილი 29, 2020
- on აპრილი 26, 2020
- on აპრილი 22, 2020
- on აპრილი 21, 2020
- on აპრილი 16, 2020