"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

დაშლა-არმოშლა ანგლიცკურად

დაშლა-არმოშლა ანგლიცკურად

ეს ბოლო დღეებია, ნისლიან ალბიონზე ხან გაიფანტება ღრუბლები, ხან იმაზე უფრო მეტად დაიფოგება, ვიდრე რეფერენდუმის მუორე დღეს იყო.

მე ყოველთვის მომწონდა ღონისძიებიდან, იქნებოდა ეს საპროტოკოლო თუ შინაურული, ინგლისურად, ანუ შეუმჩნევლად, უხმაუროდ და ცერემონიალური გამომშვიდობების გარეშე წასვლა. ამის გაკეთება მით უფრო რთული იყო, რაც უფრო ვიწრო იყო შეკრებილთა წრე –  გამოსამშვიდობებელი სადღეგრძელო, გზის დალოცვა, ზღვარგადასული ქება-დიდება და ა.შ. აი ერთი ტანჯვა იყო ამ ყველაფრის სმენა. ამიტომაც მომეწონა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, თამადა დონალდ ტუსკის სიტყვა, ნათქვამი ბრექსიტის თაობაზე მოლაპარაკებების დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზედ. “რამდენადაც მწყდება გული, იმდენად შევეცდებით, რომ უმტკივნეულო იყოს დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან. ჩვენ მზად ვართ ბრექსიტის შეთანხმების გაფორმებისთვის; აგრეთვე მზად ვართ შეთანხმების გარეშე ბრექსიტისთვის და ასევე მზად ვართ არავითარი ბრექსიტისთვის”. ოქროს სიტყვებია. დაშლა-არმოშლის უკეთესი ახსნა ევროპიულად, უფრო სწორად ევროკავშირულად, არცა მსმენია და არც კი წარმომიდგენია. დაიწო ჯიგარი. იქამცვე დასძინა, 25 ნოემბერს, კვირა დღეს, ბრიუსელში გელოდებით შინაურულად, ანუ არაფორმალურ სამიტზედ და დანარჩენი რამე რუმეებიც იქა ვსთქოოთო.

კაი ბატონო, თამადის სიტყვა კიდეც მოგვეწონა და ამისთვინაც ვენდობით მასა. დიდებულმა თვით უილიამ და თანაც თვით შექსპირმა რომ დაიჭექა, ყოფნა არყოფნა, საკითხავი აი ეს არისო, ეგეც კარგად დავიხსომეთ და საცა საჭიროა და ხანდახან არაა საჭირო, იქაც დავაბრეხვებთ ხოლმე, მაგრამ ამ ანგლიცკურად ჩუმად გასვლის დიდოსტატებს როგორ წარმოუდგენიათ დაშლა-არ მოშლა ვერც მე გავიგე და, ჩემ თავს ჯანდაბა, მგონი ვერც თავად ბრიტანელებმა.  

ეს ბოლო დღეებია, ნისლიან ალბიონზე ხან გაიფანტება ღრუბლები, ხან იმაზე უფრო მეტად დაიფოგება, ვიდრე რეფერენდუმის მუორე დღეს იყო. აგერ გავიხედეთ და დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში გვიან საღამოს რიგრიგობით დაიწყეს მოსვლა მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. მასპინძლობას პრემიერი ტერეზა მეი უწევდა. მან უშუალოდ ყველას გააცნო, რა ეწერა 565 გვერდიან დოკუმენტში, რომელიც ხალხში განქორწინების ტექნიკურ დოკუმენტად მოინათლა. გააცნეს და მეორე დღეს მთავრობის სხდომაზეც დაუძახეს. კიდეც იმსჯელეს, დოკუმენტიც კი დაამტკიცეს, მაგრამ… არა ერთხმად. კაბინეტის 29 წევრიდან 11-მა მხარი არ დაუჭირა. უფრო მეტიც, მომდევნო დღეს ბრექსიტის მთავარმა მომლაპარაკებელმა მდივანმა (ჩვენებურად მინისტრმა) დომინიკ რააბმა და მასთან ერთად შრომისა და პენსიების საკითხებისა, ტრანსპორტისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს განცხადებები გადადგომის შესახებ. ჯამში, მაღალი თანამდებობის 6 ოფიციალურმა პირმა დატოვა მათ მიერ დაკავებული პოსტები ბრექსიტის დოკუმენტში არსებული დებულებების მიუღებლობის გამო. შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ქალბატონმა სთერჯენმაც თავის მხრივ არ დაახანა და განაცხადა, ასეთი ბრექსიტი შოტლანდიელებს უეჭველი დამოუკიდებლობის რეფერენდუმამდე მიგვიყვანსო. ეგ კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც პარლამენტში ელის ბრექსიტის დოკუმენტს და მის მთავარ ლობისტ პრემიერ მეის. იუნიონისტებმა (DUP) ჰბრძანეს, მხოლოდ ჩვენს ცხედრებზე გადავლითო, ლიბერალ-დემოკრატებმა შანსი არააო, მთავარი ოპოზიციონერი ლეიბორისტები ხარობენ და ღლიცინებენ, აბა ესაა ეროვნული ინტერესების დაცვა და უზრუნველყოფაო; და ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი, თვით მმართველი კონსერვატორი ტორები უბნობენ, ეს ის არაა, რასაც ბრიტანელმა ხალხმა რეფერენდუმზე ხმა მისცაო. რეფერენდუმი რადგან ვახსენეთ, ესეც უნდა ითქვას, რომ ყველა შესაძლო ვარიანტებიდან, ყველაზე კატეგორიულად ახალი რეფერენდუმის ჩატარებას გამორიცხავს. და კიდევ, მაგ რეფერენდუმში რუსების ჩარევაზე ჭკვიანი ხალხი ამბობს, ერთი თავისი რობერტ მოლერის საგამოძიებო კომისია ბრიტანელებსაც არ აწყენდათო. #რუსეთიოკუპანტია  

რა წერია ამისთანა ამ განქორწინების დაკუმენტში, ასე პანტაპუნტით რომ გარბის ეს ხალხი მთავრობიდან და იხევს ტანზე ყველაფერს პარლამენტში? და საერთოდ, რაზეა ამხელა ამბავი ატეხილი? რაზე და წმინდა პატრიკი ჰფარავდეთ ირლანდიელ ძმებს. ძლივს მშვიდობამ დაისადგურა, ირლანდიის რესპუბლიკური არმია პენსიაზეა, გინესის ლუდს არაკრაკებს და ზედ ჯემისონს აყოლებს, ერთმანეთში მშვიდად და წყნარად მიდი მოდიან ოლსტერიდან დუბლინში და იქედან  დანარჩენ ევროკავშირში (და პირიქით) ადამიანები, სერვისები და ტვირთები და ახლა ისევ დადგა ირლანდიებს შორის საზღვრის აღდგენის საშიშროება. ეს კი ნამდვილად არავის უნდა. არადა, ბრექსიტის ტრანზიტული პერიოდის ბოლომდე, ანუ 2020 დეკემბრამდე თუ ვერ მოილაპარაკეს (ცნობისთვის: გასვლის დღიდან, ანუ 2019 წლის 29 მარტიდან ტრანზიციის პერიოდის დასრულებამდე ევროკავშირის ყველა რეგულაცია, სტანდარტი და ვალდებულება ძალაში რჩება), ორი გზაა: ან ევროკავშირთან საერთო საბაჟო კავშირში დარჩენა ან სასაზღვრო პუნქტების აღდგენა. საზღვრის აღდგენა ისევ ტერაქტები და ისევ დაძაბულობაა, საბაჟო კავშირში დარჩენა კიდევ დამოუკიდებლად სავაჭრო შეთანხმებების პერსპექტივის დაბრედვაა. აბა რაღა გამოვიდა? ნუ, წასვლა ანგლიცკურად რო ვერ შედგებოდა, ეს იმთავითვე ცხადი იყო, მაგრამ აი დაშლა-არ მოშლაც ბრიტებს რო უნდოდათ ისე, ეგეც რო აღარ გამოდის? მთელი ცირკი კიდევ იმაშია, რომ უკანასკნელი გამოკითხვებით გაცილებით უფრო მეტი ბრიტანელი მხარს უჭერს ევროკავშირში დარჩენას, ვიდრე გასვლას. პრემიერი მეი კი იძახის, ბოლომდე მწამს, რომ დიდი ბრიტანეთისთვის სასიკეთო საქმეს ვაკეთებო და მე პირადად ერთი წამითაც კი არ მაქვს არავითარი საფუძველი მის სიწრფელეში ეჭვის შეტანის, მაგრამ მის გულმხურვალე მცდელობასთან ერთად, დაარწმუნოს კანონმდებლები ბრექსიტის დოკუმენტის სიკარგეში, სულ უფრო ხმამაღლა გაისმის მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხიც. ერთ-ერთმა გავლენიანმა კონსერვატორმა ოფიციალურადაც კი გააფორმა ეს მოთხოვნა. ჯამში 48!!! (თვალებს არ ვუჯერებდი, რიცხვი რო დავინახე) ასეთი განაცხადი და პროცედურაც დაიწყება. ამ დროს ბუკა ბლოგერის, ევროატლანტიკოსის და ევროკავშირელის, თანაც მშვიდობისმყოფელის ფიქრები: ნეტა დიდი ბრიტანეთიც ევროკავშირში დარჩეს, ტერეზა მეი პრემიერად, დაშლა-არმოშლა ანგლიცკურად კი ტკბილ-მწარე მოგონებად. Who knows?!

გააზიარე