"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

დიდი თრახის სამზადისში?

დიდი თრახის სამზადისში?

ყურადღებით წაიკითხეთ ეს პირველი წინადადება: 17 სექტემბერს რუსული (!!!) ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით “ს-200”, რუსი (!!!) ინსტრუქტორების ბრძნული და სავარაუდოდ “სრულიად ფხიზელი” მეთვალყურეობის ქვეშ მყოფმა სირიელმა (!!!) ლენჩებმა ჩამოაგდეს რუსული (!!!) სადაზვერვო თვითმფრინავი “ილ-20”, რის შედეგადაც 15 რუსი (!!!) სამხედრო აღარ დაბრუნდება აღარასდროს სახლში. ამოცანა გვეკითხება: ვინ არის დამნაშავე? რუსული გენშტაბი გაფრთხილებთ: გულუბრყვილოებმა, ვინც თვლით, რომ სირიელი ლენჩების ნახელავია, “ვის უნდა 20 ათასის” რუსული ვერსია არ ითამაშოთ.

25 წლის წინ, ვარდიკო ნადიბაიძის ნათლული პაშა გრაჩოვი რო გვაბრალებდა, თქვენ გადაღებეთ თქვენივე “სუ-25” ჩვენი დროშის ფერებში, თქვენ ჩამოაგდეთ (ნეტა ბევრი ჩამოგვეგდო) და შიგ მკტარი რუსი სამხედრო ჩაგვიდეთო, ვისაც გვახსოვს, გაგვატარეთ. ისე, მართლა. ვისაც გჯერათ ან რაიმე მიზეზით გინდათ, რომ დაიჯეროთ რუსეთის მაგისთანა მამაძაღლობების, იმათმა ნაღდად გაიარეთ. თქვენ გაიარეთ, თორემ რუსების უკრეაწივეს თავებში მას მერეც არაფერი შეცვლილა. სამგზავრო თვითმფრინავიც რო ჩამოაგდეს უკრაინაში და 295 მგზავრი მოკლეს, რა “ბუკი”, რის ნაღარაო. იწვალეს, იწვალეს და ბოლოს ვის დააბრალეს? ისევ უკრაინელებს. ეგ “ბუკი” საბჭოთა კავშირის დაშლის მერე  უკრაინელებთან დარჩა და მაგათმავე ჩამოაგდესო. ჰოდა, ამიტომ, შენ ხარ ჩემი ბატონი, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, აქაც “სწორი” პასუხია: ნებისმიერი სხვა. რა პრობლემაა? თან 3დ-ში პრეზენტაციებიც დაამხეცეს ეტყობა (პირველი პრეზენტაცია მაგათმა “ხაზეინმა” შეკლასა, ყველას მივწვდებით და ყველგანო.. მულტფილმებში, თორე ნაღდი რო გამოსცადეს, იქვე ჩაუვარდათ) და ანიმაციით აჩვენეს მსოფლიოს, რომ  ეს სხვა ამ შემთხვევაში იყო არც მეტი, არც ნაკლები ძლევამოსილი “ცახალი”, ანუ ისრაელის შეიარაღებული ძალები. ერთი პირი ფრანგებზეც კი დააპირეს შეტენვა, მარა მერე მოტვინეს, ჯობია აქვე უბანში დავრჩეთო და ამ “გენიოსებმა” მაინცდამაინც უბანშიც, რაიონშიც და მთელს დუნიაზედ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ჯანიანი ტიპი შეარჩიეს. გაგვიჩალიჩესო ხალხოო, ჩვენს თვითმფრინავს ამოეფარნენ, აგვაფეთქებინეს და დაითესენო.

70 წელია, რაც ისრაელის სახელმწიფო არსებობს და 70 წელია ეს ხალხი, თავისი უმაგრესი შეიარაღებული ძალებიანად, მსოფლიოს ანცვიფრებს ვაჟკაცობით, ბრძოლისუნარიანობით და წარმატებებით. ლეგენდები დადის, კინოებს იღებენ, წიგნებს წერენ ებრაელებზე, მათ სამხედროებზე და სპეციალურ სამსახურებზე. ისე, რამე რო იყოს, ვინმეს დაბაბანებასაც არ ერიდებიან მაინცდამაინც (გოლდა მეიერის საქმე უკვდავია), მარა სირიელი ლენჩების  “მეგობრული ცეცხლით” (ტერმინია ასეთი) აკიდებული “ტრუპების” თავის თავზე აღებას რო არ აპირებდნენ, ამიტომაც მიგაზეს ეგრევე მოსკოვში და დეტალებში, წუთების და წამების სიზუსტით აუხსნეს, იმ მომენტში ვისი თვითმფრინავი ვის საჰაერო სივრცეში და ვისი რაკეტა ვის ფუზელაჟში იყო. საქმე ისაა, რომ იმ საღამოს ისრაელის ავიაციამ მორიგი საიერიშო გასვლა ნაღდად განახორციელა, დაბომბა სირიის ტერიტორიაზე ირანის სამხედრო ობიექტები და დაბრუნდა მშვიდობიანად ბაზაზე. მათი მონაცემებით, ისრაელის თვითმფრინავები კარგა ხნის გასულები იყვნენ ლატაკიის საჰაერო სივრციდან და უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, როდესაც გასროლა განხორციელდა.

არა შეჯდა მწყერი ხესაო, ნათქვამია. ამათი გამოსწორებაც არ იქნება. თვით მინისტრი შოიგუ გამოხტა. თქვენ გაჩვენებთ სეირს, 2 კვირაში სირიაში “ს-300” განვალაგებთ, ჩვენი შესაბამისი კონტინგენტით და ინსტრუქტორებითო და ვინც შემოფრინდება, უკან ვეღარ გაფრინდებაო. მოკლედ, აქნობამდის ვეცადე, რომ შედარებით იოლად მომეწოდებინა მთელი ეს ამბავი, მაგრამ ახლა უნდა გავასერიოზულოთ ბაასი, იმიტომ რომ:

რუსეთი და ირანი სერიოზულად გადაეჯაჭვნენ ერთმანეთს, სირიაში ყოველ შემთხვევაში ნამდვილად. ისე მაგრად, რომ ირანი ცდილობს სირიის ტერიტორიაზე ყველა თავისი სამხედრო ობიექტი რუსებთან მაქსიმალურად ახლოს, დაახლოებით 50 კმ-ის რადიუსში განათავსოს. შედარებით ზომიერ ოპოზიციასაც ერთობლივად უტევენ და შიგადაშიგ ირანი ისრაელის მიმართულებითაც გააპარებს ხოლმე რაკეტებს. ამ დრომდე ისრაელი წარმატებით ახორციელებდა ირანული ობიექტების დაბომბვა/განეიტრალებას, “ს-300” პირობებში კი სირიის საჰაერო სივრციდან უდანაკარგოდ გამოსვლა ნამდვილად გაჭირდება. ასე რომ, ახლა რჩება ორი სცენარი: ან ისრაელი უკან იხევს, ან გაჩნდება ახალი მსხვერპლი ყველა მხრიდან და მაშინ, ღმერთმა არ ქნას, დიდი თრახი არ ასცდება არც რეგიონს და არც მსოფლიოს. ისრაელს მშვიდობა ეძვირფასება და სწორედ ამიტომაც უკან არ დაიხევს. აბა რა მოხდება?

ქუჩის ბიჭებიდან და ცუდი ტიპებიდან ვინც დედას დაუწყევლია, ყველა სირიაში რომ იყო, ამაზე ადრეც კი ვწერდი, მაგრამ აქ საქმე “დაეშს” და “ალქაიდას” სირიულ ფილიალს შორს სცდება და ოკეანის იქითა ნაპირებსაც სწვდება. ძნელი მისახვედრი არაა, რომ საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ასევე, ვინც ცალი თვალით მაინც ადევნებს საერთაშორისო ამბებს თვალყურს, ვისაც გაუგია, რომ ამერიკის საელჩო ისრაელში უკვე იერუსალიმშია, ყველასთვის ნათელია, თუ რა პოზიციას, ვის მხარეს დაიჭერს ამერიკის შეერთებული შტატები. სტუდენტებთან ლექციებზე თუ სატელევიზიო გამოსვლებში, ბლოგებსა თუ სხვა ნაშრომებში მე თვითონ არაერთხელ მითქვამს, რომ იქ, სადაც სახელმწიფო ინტერესებია,  ხალხთა შორის ძმობა-სიყვარული, ლიდერების წრფელი მეგობრობა და ბრეჟნევ-ჰონეკერისეული ტუჩური ჯასთ სიტყვის მასალაა და მეტი არაფერი. ქიმიაც არის და ქიმიაც. აი ეს არის ძმაო ძმობა! ისრაელის ძალიან ძლიერი პრემიერი, სამხედრო, დიპლომატი და თავისი ქვეყნის პატრიოტი ბენიამინ “ბიბი” ნეთანიაჰუ სრულიად სამართლიანად აცხადებს, რომ ასეთ დონეზე აშშ-ისრაელის ურთიერთობა მართლა არასდროს ყოფილა. თქვა ძია დონალდმა წისაარჩევნოდ, იერუსალიმში გავხსნი საელჩოსო და შეასრულა. ისიცა სთქო, ახლო აღმოსავლეთში ჩვენი ჯარების შეყვანა ჯუნიორ ბუშის ყველაზე დიდი შეცდომა იყოო, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც საქმე – ვამბობთ გლობალურ უსაფრთხოებას, ვგულისხმობთ ისრაელს – ეხება, არ ვიჩქარებთ გამოყვანასო. ანუ, გლეხურად რომა ვსთქოოთ, ჩვენი ბიჭები კიდევ პაწა ხანს გაჩერდებიან და საქმეს თუ დაჭირდა, ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის დაქირავებული მკვლელები იქნებიან თუ რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტიგენტი, “გრუზ დვესწი”-ს (ანუ მოკლულები ცინკის კუბოებით სამშობლოში) რაოდენობებს არ მოვერიდებითო.  

ნიუ-იორკის შეკრებაზეც ტანდემში დასცხეს ირანს, მადლობა ღმერთს, ვერბალურად. ჯერ იყო და დონალდ ტრამპმა შეამკო უკანასკნელი ეპითეტებით. ხალხს მისი გამოსვლა არ ჰქონდა ბოლომდე გადახარშული, რომ ჰაბიბი “ბიბი”გამოვიდა და ირანის ბირთვული ობიექტების მშენებლობის დამადასტურებელი მასალა წარმოადგინა მსოფლიოს უმაღლესი ტრიბუნიდან. ნიუ-იორკში ირანის პრეზიდენტს ხმალაობა მარტოს მოუწია. ეგრე იციან რუსებმა. ჩვენ მაინც არ გვესწავლება ისტორიიდან, როგორ იციან შეტოვება. ადრეც მითქვამს და ისევ გავიმეორებ: არ გეგონოთ ვინმეს ხელწამოსაკრავი ან ირანი ან მისი პრეზიდენტი და მით უმეტეს სულიერი ლიდერი. სერიოზული ქვეყანაა, ფანატიზმის სერიოზული დოზით და არანაკლები პატრიოტიზმით. ასე რომ, რიტორიკა რიტორიკად, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, საქმე კუნთების თამაშს და იარაღის ჟღარუნს გასცდეს. ისე ნიუ-იორკი ვახსენეთ და ერხანს (გურული კილოს გარეშე მსოფლიო პოლიტიკა არ არსებობს) “ბიბი” ნეთანიაჰუ გაერო-ში ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი იყო. მცოდნე ხალხი ამბობს, ე მაშინ დაუძმაკაცდა “ბიბი” ძია დონალდის მამასო.

მე კიდევ ჩემი მამისგან გამიგია, რომ მისი და ჩვენი ოჯახის უერთგულესი ოჩამჩირელი ძმაკაცი, უმაგრესი ვაჟკაცი კაცი და ქვეყნის პატრიოტი, თავადი ზურა ჩიქოვანი, სტუდენტობის ჟამს ახალგაზრდა ექიმი ბიჭები რამე შარში რომ გაეხვეოდნენ და იყვნენ ან დიდი თრახის სამზადისში ან რაიმე სხვა ტიპის “აპოკალიპტური” განკვანძვის მოლოდინში, აუცილებლად რუსულად იტყოდა ხოლმე: “მი ნაკანუნე ველიკავა შუხერა”-ო.

იმედია, ჯერ საქმე მაინც ასე ცუდად არ არის. თანაც, აღმოსავლეთი მაინც ფაქიზი რამ არის. ბევრი ძაფებია, ბევრი კვანძებია და მსოფლიოს უარესი შარებიც დაულაგებია.

გააზიარე