ვარ ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მიმდევარი, ვმუშაობ სან დიეგოს უნივერსიტეტსა და ახალ ეკონომიკურ სკოლა - საქართველოში.
დისტანციური განათლების გამოწვევები და პერსპექტივა
21-ე საუკუნეში, სუპერმოდერნიზებულ სამყაროში, ტექნოლოგიებმა ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შეაღწია და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, მათ შორის გამონაკლისი არც განათლების სისტემაა. შეიქმნა სტრატეგიები, რომლებიც ძირეულად შეცვლის ტრადიციულ განათლების მეთოდებს და ტენოლოგიების საშუალებით ადამიანისთვის სწავლა უფრო მარტივად ათვისებადი და შედეგზე ორიენტირებული გახდება. დღეს, განათლების გაციფრულება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ცხადია, საქართველოც ამ მიმართულებით ვითარდება. აღსანიშნავია ის რომ, კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ტექნოლოგიების საჭიროება განათლების პროცესში. უეცრად მოვლენილი პანდემიის შედეგად, საქართველოს განათლების სამინისტრო ვალდებული გახდა ახალ რეალობას მორგებოდა და სრულად დისტანციურ სწავლის რეჟიმზე გადასულიყო, რასაც, ცხადია, გამოწვევების გარეშე არ ჩაუვლია.
მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, ელექტრონულ სწავლებას უკვე ათეულობით წლის გამოცდილება აქვს, სისტემაც საკმაოდ დახვეწილი და შედეგიანია, თუმცა საქართველოში სასკოლო და უმაღლეს სასწავლებლებში ამ კუთხით არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. შედარებისთვის, ზოგიერთ ქვეყანაში დისტანციური უნივერსიტეტებიც კი ფუქნციონირებს, მაგალითად თურქეთში სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ასეთ უნივერსიტეტებში სწავლობს, ხოლო აშშ-ში უმაღლესი სასწავლებლების 81% სულ მცირე ერთ დისტანციურ კურსს მაინც სთავაზობს სტუდენტებს და ასეთ უნივერსიტეტებში შედის მსოფლიოს წამყვენი უნივერსიტეტებიც, მაგალითად MIT, იელის უნივერსიტეტი და ა.შ. საქართველოში კი დისტანციური სწავლების შესახებ ჩანაწერი კანონში პირველად 2016 წელს გაჩნდა და დისტანციურ სწავლებად მხოლოდ სინქრონული მეთოდი მოიაზრებოდა, მაშინ როდესაც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ასინქრონულ სწავლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, პანდემიურმა პროცესებმა დახვეწა დისტანციური სწავლების შესახებ კანონი, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
იმ ფაქტმა, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოგვიწია სრულად დისტანციურ სწავლების რეჟიმზე გადასვლა, ცხადია, გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა, როგორც სკოლებსა და უნივერსიტეტებს, ასევე მათ მოსწავლეებს. იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ იყო აქამდე დანერგილი დისტანციური სწავლების პრაქტიკა ქართულ განათლების სისტემაში, რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზი არსებობს: პანდემიამდე დისტანციური განათლება არ იყო აღიარებული ფორმა განათლების მიღების, შესაბამისად არც სკოლის მოსწავლეებიდან და სტუდენტებისგან იყო მოთხოვნა მსგავს სერვისზე. გარდა, ამისა მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საზოგადოებაში არსებობდა წარმოდგენა, რომ დისტანციურად მიღებული განათლება ნაკლებ ეფექტიანია, ამიტომ, გარდა იმისა, რომ ცენტრალიზებულად, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, იყო ჩამოშორებული ონლაინ სწავლება განათლების მიღების პროცესს, საზოგადოებაშიც არ იყო ნება იმისა, რომ სწავლების ელექტრონული ფორმა დაენერგათ. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მოსახლება დაბალი მობილობით ხასიათდება, მობილობა კი დისტანციურ განათლებაზე მოთხოვნისთვის მნივნელოვანი წინაპირობაა. ასევე, აღსანიშნავია ის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, ვთქვათ სასწავლებლები არ იყო/არის აღჭურვილი დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ტექნოლოგიებით, ასევე წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერებზე საქართველოში ჯერ კიდევ შეზღუდულია, განსაკუთრებით რეგიონებში. (2019 წლის მონაცემებით ინტერნეტი ხელმისაწვდომი იყო შინამეურნეობების 86%-სთვის ქალაქად და 70%-სთვის სოფლად, ხოლო კომპიუტერებზე იგივე მაჩვენებლები 75% და 45%-ა (გალტ&თაგარტი 2020). გამომდინარე იქედან რომ, ელექტრონული სწავლება ადაპტირებული არ იყო საქართველოს განათლების სისტემაში, პანდემიურ პირობებში სრულად დისტანციურ განათლების მოდელზე გადასვლამ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. უკმაყოფილება, რომელიც მოსწავლეებსა და სტუდენტებში არსებობდა ძირითადად გამოწვეული იყო მასწავლებლების დაბალი კომპეტენციით, თუმცა საუნივერსიტეტო დონეზე ეს პრობლემა შედარებით ნაკლებად იჩენდა თავს, ასევე ინტერნეტზე ხელმისაწვდომიბის კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ რეგიონში მცხოვრებლებს, გარკვეულწილად პრობლემა იყო კომპიუტერებზე, სხვა გაჯეტებზე, წვდომაც. საერთო ჯამში, განათლების ხარისხი, რომლითაც დიდად ისედაც ვერ ვიწონებდით თავს კიდევ უფრო დაეცა.
თუმცა, მეორეს მხრივ, აღსანიშნავია სახელმწიფოს მხრიდან მცდელობა, რომ სწრაფად ადაპტირებულიყვნენ ახალ რეალობას, შეიქმნა სხვადასხვა სასწავლო პლატფორმები, როგორიცაა ელექტრონული ბიბლიოთეკა, ტელესკოლა, აბიტურიენტებისათვის ვებ-სკოლა, i-სკოლა (ონლაინ ბანკი სავარჯიშოებისთვის) და სხვა. ასევე უნივერსიტეტებისთვის შეიქმნა ონლაინ პლატფორმები . (რამდენიმე პლატფორმა არსებობდა მანამდეც, მაგრამ დიდი გამოყენება არ ჰქონდა) თუმცა, ეს ყველაფერი ძირითადად ცალმხრივი მიწოდება უფრო გამოდგა, ვინაიდან, ვთქვათ ტელესკოლის პლატფორმით თუ განვსაზღვრავთ დიდი ეფექტი და დაინტერესება არ მოჰყოლია ამ რესურსს მოსწავლეების მხრიდან. რეალურად პრობლემა რაშია? ზოგადად განათლების ეფექტიანობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს განათლების პოლიტიკა, რაც საკმაოდ არათანმიმდევრულია ჩვენს ქვეყანაში, თითოეული მინისტრი, რომლებიც საკმაოდ სწრაფად იცვლება, თავის განათლების პოლიტიკას ატარებს და ვინაიდან განათლებაში თითოელი რეფორმის შედეგის დანახვა მოკლე დროში არ ხდება, უმეტესწილად ვერც ერთი მინისტრის განათლების პოლიტიკის რაიმე ღირებული შედეგი ვერ დავინახეთ. გარდა ამისა,ძირითადი გადაწყვეტილებები ცენტრალიზებულია და ნაკლებად არის ორიენტირებული ინოვაციებზე. მაგალითად, მხოლოდ სახელმწიფო როდესაც არის მიმწოდებელი რაიმე სერვისის, იგი ინოვაციებზე უფრო კონკრეტული გეგმის შესრულებას ემსახურება. ამიტომ საჭიროა განათლების დეცენტრალიზება, რათა სახელმწიფო არ იყოს ერთადერთი მიმწოდებელი, ვთქვათ როდესაც რაიმე ონლაინ სასწავლო პლატფორმის შექმნა სურს გამოაცხადოს ტენდერი ვინ უფრო უკეთესად მიაწვდის ამ სერვისს მომხმარებელს და როდესაც კონკურენცია გაჩნდება, შედეგიც უფრო ეფექტიანი იქნება. მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია განათლებაში, ამიტომ განათლების სამინისტროს მიზანიც, სასურველია რომ ეს იყოს. სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება თვითონ განსაზღვრონ რა მეთოდით და რა პროგრამით ასწავლიან მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ვინაიდან თითოეული ადამიანის ნიჭი და სურვილები განსხვავებულია, წარმოუდგენელია ერთიპიროვნულად განისაზღვროს თუ რა უნდა ისწავლოს ყველამ. ამასთანავე, შესაცვლელია საზოგადოების წარმოდგენა, რომ ელექტრონული სწავლება თითქოს კონკურენტია სააუდიტორიო/საკლასო განათლების, პირიქით მნიშვნელოვანია, რომ როდესაც პანდემია დასრულდება, სწავლების ჰიბრიდული მოდელი შენარჩუნდეს, განსაკუთრებით ისეთ საგნებში, რომლებიც ნაკლებ პრაქტიკულ დატვირთვას მოითხოვს.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიური პროცესები გრძელვადიან პერპსპექტივაში საკმაოდ კარგ შედეგს მოიტანს განათლებაში ტექნოლოგიების ადაპტირების კუთხით. დააჩქარებს პროცესს რეგიონებში ინტერნეტიზაციის და სასკოლო დონეზე გაზრდის მშობლების ჩართულობას შვილების განათლების პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანია ეს პერიოდი გამოყენებულ იქნესს მასწავლებლების გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, რათა ციფრულ სამყაროში უკეთ ადაპტირდნენ რეალობასთან. ამასთანავე, უნდა შეიქმნას ან განვითარდეს ონლაინ სასწავლო პლატფორმები, რათა დისტანცია არ იყოს პრობლემა ხარისხიანი განათლების მიღების, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ მიახლოებით იმავე ხარისხის განათლება მიიღონ, რაც ვთქვათ თბილისში მცხოვრებს. ზოგადად, ინოვაციები გვაკლია განათლებაში, რაც ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში პრაქტიკულად წარმოუდგენელიცაა. დეცენტრალიზება განათელების პოლიტიკის მნიშვნელოოვანი ნაწილი უნდა გახდეს, რათა განათლებაში მეტი ხარისხიანი და მრავალფეროვანი მიმწოდებელი გაჩნდეს. კარგია, რომ სახელმწიფომ კერძო განათლების სექტორის განვითარებისთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემო შექმნა და ქვეყნის მწირე რესურსების გათვალისწინებით ეს მიმართულება შედარებით მომგებიანია, იმედია კერძო სასწავლებლები მხოლოდ ამ მიღწევებით არ დაკმაყოფილდებიან და მეტ ინოვაციებს შემოგვთავაზებენ მომავლაში. ასევე, სახელმწიფოს მხრიდანაც დაანონსებული რეფორმების ტალღა განათლებასა და მეცნიერებებაში, აუცილებელია, რომ მხოლოდ ხარჯვის ნაწილში არ გაიზომოს (დაანონსებულია განათლებაზე მშპ-ს 3.7% დან 6%-მდე სახელმწიფო დანახარჯების ზრდა) და ქართველი მოსწავლეები და სტუდენტები შეძლებენ კონკურენცია გაუწიონ მათივე კოლეგებს წამყვანი ქვეყნებიდან, თანამედროვე სამყაროში კი ეს პროცესი მხოლოდ განათლების პროცესში მეტი ტენოლოგიის ჩართვითაა შესაძლებელი.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მარტი 5, 2021
- on დეკემბერი 25, 2020
- on ოქტომბერი 28, 2020
- on ოქტომბერი 7, 2020
- on სექტემბერი 23, 2020
- on სექტემბერი 9, 2020