"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."

ევრაზიული კავშირი - შავი ჭირი, რომელზეც ჩვენ უარს ვამბობთ!

ევრაზიული კავშირი - შავი ჭირი

სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური კავშირის  და გაერთიანების არსი საწყისში პოზიტიური მნიშვნელობის მატარებელია. ის ხსნის დამეტებით შესაძლებლობებს მონაწილე ქვეყნებისთვის და მიმართულია საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებისკენ. მოცემული ტიპის გაერთიანებები იდეალში ეყრდნობიან თანასწორობის პრინციპებს, აძლევენ მოთამაშეებს თანაბარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენონ არსებული პოტენციალი და მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია არსებული კავშირის ფარგლებში. სწორედ მსგავსი პათოსით წარადგინა 2011 წელს ვლადიმერ პუტინმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, ხაზი გაუსვა რა, რომ იქნებოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპების შესაბამისი, გააერთიანებდა 170 მილიონზე მეტ მომხმარებელს და შექმნიდა 4.5 ტრილიონი დოლარის ღირებულების მთლიან ნაციონალურ პროდუქტს.

თუმცა, როგორც ყოველთვის, პირველივე დღიდანვე დაიწყო მოცემული წამოწყების პოლიტიზირება და საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის გამოყენება. რამაც ევრაზიული  კავშირის დაარსებიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირაში აიძულა ბელორუსიის პრეზიდენტი გამოსულიყო კრიტიკით და განეცხადებინა, რომ დაუშვებელია კავშირის შიგნით სავაჭრო ომები და თუ შეთანხმების პირობები არ იქნება დაცული ქვეყანა დატოვებს გაერთიანებას.

თვითკრიტიკა დემოკრატიის თანმდევია, შესაბამისად იგი არაა რუსული ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რუსეთს არ სჩვევია საკუთარ პრობლემების აფიშირება. პრობლემები მხოლოდ დასავლურ სამყაროს აქვს და შესაბამისად მთელი ენერგია განვითარებული სამყაროს კრიტიკაზეა მიმართული. მოვლენები ამჯერადაც მსგავსი სცენარით ვითარდება. ევროკავშირში და საბერძნეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე ადვილად მიიჩქმალა თვითონ ევრაზიული კავშირში არსებული კრიზისული ფონი. ახლა ცოტას თუ ახსენდება სომხეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი, რომელიც სწორედ რუსეთის მიერ საკუთარი ინტერესების ლობირების, სომხეთის ფაქტიური კოლონიზაციის და ევრაზიული კავშირის გაცხადებული წესების საწყისშივე უგულვებელყოფის შედეგს წარმოადგენს.

როგორც გლობალიზაციისა და რეგიონალური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ასევე სომხეთის ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი სტეფან გრიგორიანი აღნიშნავს, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება ეს დამღუპველი გზაა. მისი სიტყვებით სომხეთის კავშირში გაწევრიანების ხუთი თვის თავს შეხვდა ორჯერ შემცირებული ინვესტიციების რაოდენობით, წარმოების დაახლოებით 20% ვარდნით, შემცირებული ვაჭრობით, ტვირთბრუნვით,  და სხვა ნეგატიური ძვრებით. ამავ დროს სომხეთის ეკონომიკის რუსეთის კორუმპირებულ ეკონომიკასთან კიდევ უფრო დაახლოებამ ქვეყანაში ვითარება უარესად დაძაბა. მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი, რომელიც პოლიტიკურ ელიტას ამოძრავებდა გადაწყვეტილების მიღებისას იყო მოლოდინები, რომ (როგორც სსრკ-ს დროს) სომხეთი უფასოდ მიიღებდა გაზს და სხვა რესურსებს, თუმცა მსგავსი ვალდებულება რუსეთს კავშირში გაწევრიანებული ქვეყნების წინაშე არ აუღია, სამაგიეროდ მთლიანად რუსების ხელში აღმოჩნდა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის ენერგო სისტემაც, რამაც ქვეყანა მიიყვანა არსებულ კრიზისამდე, როდესაც საფასო პოლიტიკას წყვეტენ რუსული კომპანიები, მთავრობა კი მარიონეტის როლში გვევლინება. წლების განმავლობაში რუსული პოლიტიკის განუხრელი გატარების შედეგად სომხეთი აღმოჩნდა საკმაოდ რთული დილემის წინაშე. კორუმპირებული მმართველობის შეცვლა არჩევნების გზით ფაქტიურად შეუძლებელია, ძალისმიერი მეთოდები კი აუცილებლად გამოიწვევს არც ისე დიდი ხნის წინ კიევში განვითარებული მოვლენების განმეორებას, თუმცა ამჯერად რუსული პოზიციები იმდენად მყარია ქვეყანაში, რომ დემოკრატიის გამარჯვებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამ ვერ გამოიღო შედეგი, სომხეთს არ მიუღია არც უფასო ელექტროენერგია, არც უფასო გაზი, პირიქით, არსებულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ რუსულმა კომპანიებმა უფრო მშვიდად და თამამად იგრძნეს თავი და დაიწყეს ტარიფების ზრდა, რამაც გამოიწვია სოციალური უკმაყოფილება.

არსებული მოვლენების განვითარების კვალობაზე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ევროინტეგრაციისკენ აღებული გეზი საქართველოს სწორი არჩევანია. ცხადია, არც ევროზონაში გაწევრიანება იძლევა ქვეყნის და მისი მოქალაქეების უზრუნველი ცხოვრების გარანტიას (საბერძნეთია ამისი ნათელი მაგალითი), თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ალტერნატივად ევრაზიულ კავშირს ვხედავთ – გზას უკან ჩვენი ბნელი წარსულისკენ.  4 ივლისს ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეჭვქვეშ დგას ჩვენი დასავლური გეზი და წერია, რომ ისევ რუსეთისკენ ვიყურებით.

მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ არჩევანზე, რომელსაც თანასწორობა, გამჭვირვალობა, პატიოსნებისა და შრომისმოყვერეობისკენ მივყავართ. დიახ, ჩვენ,  მოქალქეების 65%, ვირჩევთ ცხოვრებას, სადაც ჩვენი უფლებები დაცული იქნება, სადაც თვითკრიტიკა და უკეთესობისკენ სწრაფვა ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი გახდება. სომხეთი კარგი მაგალითია, ზუსტად დავინახოთ, რას წარმაოდგენს ევრაზიული კავშირი.  დადგა დრო, სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ!

გააზიარე