ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება: ვალდებულებები და მოსალოდნელი შედეგები

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება: ვალდებულებები და მოსალოდნელი შედეგები

(ავტორი: რევაზ გერაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა).

1999 წლის 27 იანვარს, ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ სიტყვით გამოსვლისას შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: “მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!”. ამ ცნობილი გამოსვლიდან 15 წლის შემდეგ – 2014 წლის 27 ივნისს, ქალაქ ბრიუსელში, ხელი მოეწერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA), რომელიც ევროკავშირთან, როგორც საქონლით ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას გულისხმობს.

ყველაფერი 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც  საქართველოში ევროკომისიის ფაქტების შემსწავლელი მისიის ვიზიტი განხორციელდა. აღნიშნული ვიზიტის შედეგად, 2009 წლის მარტში ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა რეკომენდაციები  სხვადასხვა სფეროში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესი კი ოფიციალურად 2011 წლის დეკემბერიდან დაიწყო.

თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოს ავალდებულებს ვაჭრობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ევროკავშირისას მიუახლოვოს, შესაბამისად განახორციელოს რეფორმები შემდეგი მიმართულებებით: ვაჭრობასთან დაკავშირებული ტექნიკური ბარიერები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, სახელმწიფო შესყიდვები, საბაჟო და მომსახურებით ვაჭრობა (ელექტრონული კომუნიკაცია, ტრანსპორტი, ფინანსური მომსახურება, ფოსტა და საკურიერო მომსახურება).

 

აღნიშნული ვალდებულებების შესრულება ხელს შეუწყობს საქართველოში უვნებელი პროდუქციის წარმოების სტანდარტის დამკვიდრებას; ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე ქართული პროდუქციის წარდგენას; საქართველოსა და ევროკავშირის საბაჟო რეჟიმების დაახლოებას და მომსახურების ბაზრების შემდგომ ლიბერალიზაციას, რაც, თავის მხრივ, წაახალისებს კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას და მის ეფექტურ გადანაწილებას ეკონომიკის სექტორებს შორის.

 

ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის გავლენა საქართველოს ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე შეფასებულია ევროკომისიის ინიციატივით 2012 წლის ოქტომბრის ანგარიშში, სახელწოდებით – „მდგრადი სავაჭრო ურთიერთობების გავლენის შეფასება (TSIA) ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების მხარდასაჭერად“. დოკუმენტში მოცემულია თავისუფალი ვაჭრობის გავლენის შესახებ დასკვნები: ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოში. 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მთავარი სოციალური ეფექტი დასაქმების და ხელფასების ზრდაა და რომ ზოგადად, ნებისმიერი ტიპის ვაჭრობის ლიბერალიზაციას აქვს ეკონომიკური რესურსების გადანაწილების ეფექტი. კერძოდ, ხდება შრომის და კაპიტალის გადადინება ნაკლებად პროდუქტიულიდან უფრო პროდუქტიულ სექტორებში. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოსალოდნელი შედეგები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საქართველოში აღნიშნული პროცესების დროულ და ეფექტურ განვითარებაზე.

კვლევის თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შედეგად, გრძელვადიან პერიოდში, მოსალოდნელია ეროვნული შემოსავალის 292 მილიონი ევროთი ზრდა (მთლიანი შიდა პროდუქტის 4.3%-ით ზრდა); ექსპორტის 12.4%-ით, ხოლო იმპორტის 7.5%-ით მატება; ხელფასების 3.6%-იანი ზრდა და სამომხმარებლო ფასების 0.6%-იანი შემცირება.    

რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გავლენას გარემოზე, კვლევის თანახმად ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოა. კერძოდ, ნავარაუდევია გრძელვადიან პერიოდში გარემოს დამაბინძურებელი ობიექტებიდან გაფრქვევების გაზრდა დაახლოებით 3.1%-ით.

თუმცა ზემოთ მოცემული ციფრებისა და პროგნოზების გარეშეც ნათელია, რომ  ჩვენს ქვეყანას ალტერნატიული – 28 ქვეყნისგან შემდგარ გასაღების ბაზარზე თავის დამკვიდრების და ამ გზით საექსპორტო პოტენციალის განვითარების უნიკალური შესაძლებლობა გაუჩნდა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გავლენა საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელზე უკვე აისახა. 2015 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი და 206 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან და ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად ქართული ექსპორტის მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებში კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაიზრდება.

რუსეთ-უკრაინის დროში გაწელილი კონფლიქტი, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მსყიდველობითი უნარის შემცირება მნიშვნელოვნად აზარალებს ქართულ ექსპორტს. ამიტომ საქართველო მაქსიმალურად უნდა შეეცადოს იპოვოს ისეთი მიმართულებები, რომლებშიც ჩვენს ქვეყანას შედარებითი უპირატესობა ექნება ალტერნატიულ – ევროპულ ბაზარზე; გააუმჯობესოს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ხარისხი და წარადგინოს იგი ევროპის 500 მილიონიანი მომხმარებლისგან შემდგარ ბაზარზე.

გააზიარე