"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
ევროკავშირი გზაჯვარედინზე
ჰონგ კონგსა და ბელარუსში კვლავ გრძელდება დისიდენტების და დემონსტრანტების დაპატიმრებები; მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთხმად ადასტურებს ალექსეი ნავალნის “ნოვიჩოკ“-ით მოწამვლას და ითხოვს რუსეთის ხელისუფლებისგან გამოძიებას, ამ დრომდე რუსეთში არც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და არც რაიმე ნიშანი იმისა, რომ კრემლი საერთოდ შეიწუხებს თავს ნავალნის საქმით; გერმანიის პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო მეტად აქტიურდება საუბრები “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის შეჩერების თაობაზე; ჩინეთში კვლავ ფუნქციონირებს უიღურ მუსლიმ უმცირესობათა “გადამზადების ცენტრები“, სინამდვილეში კი საკონცენტრაციო ბანაკები; ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებსაც აქვთ განსხვავებული დამოკიდებულება, გამოხატული საკანონმდებლო რეგულაციებში, ადამიანის უფლებების დაცვასთან და კონკრეტულად სექსუალური უმცირესობების უფლებებთან მიმართებაში; ირანი გენერალ, სოლეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებით იმუქრება და სამიზნედ სამხრეთ აფრიკაში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჰყავს ამორჩეული. ამასთან, ის განაგრძობს ურანის გამდიდრების პროგრამას, თუმცა ეს ყველაფერი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აშშ-ს მოთხოვნის საფუძველზე გაერო-ს უშიშროების საბჭომ განიხილოს ირანისთვის “ბირთვული შეთანხმების“ ხელმოწერის შემდგომ დროებით გაუქმებული სანქციების განახლება – გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ღიად აფიქსირებენ თავის წინააღმდეგობას აშშ-ს მოთხოვნასთან დაკავშირებით; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის მიერ საძიებო-საკვლევი გემის გაყვანის შემდეგ კი ჩაცხრა ვნებები, მაგრამ მხოლოდ დროებით; მიგრანტების პრობლემამ კიდევ ერთხელ მწვავედ იჩინა თავი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე არსებულ მიგრანტთა ბანაკში გაჩენილი ხანძრის შემდეგ; დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ღიად აცხადებს, რომ ევროკავშირთან შეთანხმებული და რატიფიცირებული “ბრექსიტ“-ის ხელშეკრულების ცალკეულ ელემენტებს არ შეასრულებს, ამოიღებს ხელშეკრულებიდან და ისე გააგრძელებს 31 დეკემბრის მერე ევროკავშირთან ურთიერთობას; ტექნოლოგიების განვითარების ტემპებში ევროკავშირი კვლავ სერიოზულად ჩამორჩება აშშ-სა და ჩინეთს; გარემოს დაცვითი პირობების გაუმჯობესების კუთხით, პარიზის შეთანხმების შემდეგ, საჭიროა არსებითი ნაბიჯების გადადგმა ემისიების შემცირების მიმართულებით; და ბოლოს, “კოვიდ-19“ არსად წასულა, მეორე ტალღა გარდაუვალია და ევროკავშირის ერთიანი ძალისხმევა უაღრესად მნიშვნელოვანია უშუალოდ პანდემიასთან და მის შედეგად გამოწვეულ უმწვავეს ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად.
დამეთანხმებით ალბათ, ცალკე აღებულ დაიჯესტად წასაკითხადაც კი ამ ყველაფრის გადამუშავება/გადააზრება ერთდროულად არცთუ ისე ადვილია და თქვენ წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტი ხარ და ამ და კიდევ უამრავ სხვა პრობლემაზე, 27 ქვეყნის სახელით რეაგირებაზე პასუხისმგებელი? ევროკავშირის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობისა და გლობალური ლიდერობის შენარჩუნება/მოპოვებისთვის სულ უფრო გამწვავებული ბრძოლის ფონზე, ევროპარლამენტის წინაში პირველი ყოველწლიური მიმართვით წარდგომა ნამდვილად ძალიან საპასუხისმგებლო იყო გასულ კვირას, ურსულა ვონ დერ ლაინისთვის. აქვე შევნიშნავ, რომ 9 თვის წინ, როდესაც ქალბატონი ვონ დერ ლაინი შეუდგა ევროკომისიის პრეზიდენტის მოვალეოების შესრულებას, ევროკომისიის შემადგენლობისა და მისი მომავალი პრიორიტეტების შეფასებისას, მან პირველად გაახმიანა ტერმინი “გეოპოლიტიკური ევროკომისია“.
არის თუ არა დღეს ევროკომისია გეოპოლიტიკური? ადექვატურად და საკმარისად ეფექტიანად პასუხობს თუ არა ევროკომისია არსებულ გამოწვევებს? გახდა თუ არა ევროკომისია და შესაბამისად ევროკავშირი ურსულა ვონ დერ ლაინის ლიდერობით უფრო ძლიერი, ქმედუნარიანი, მოქნილი და ანგარიშგასაწევი? რა უპასუხა ამ ყველაფერზე გერმანიის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ევროკომისიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა თავის პირველ “SOTEU“-ში?
- ორი დღით ადრე გამართული ევროკავშირი-ჩინეთის ვირტუალური სამიტის შემდეგ, ვონ დერ ლაინმა თავის გამოსვლაში ჩინეთთან მიმართებაში, არათუ არცერთხელ გამოიყენა სიტყვა “მეგობარი“, არამედ კვლავინდებურად გაიჟღერა ტერმინებმა “მოლაპარაკებაში პარტნიორი“, “კონკურენტი“ და, რაც ყველაზე მძაფრია, “სისტემური მოწინააღმდეგე“. ქ-ნი ვონ დერლაინის თქმით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია და კვლავინდებურად საინტერესო, ჩინეთის მხრიდან ბაზრების გახსნისა და ინვესტიციების შესახებ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ არა ადამიანის უფლებების ხარჯზე; ევროკავშირი არ დახუჭავს თვალს იმაზე, რაც ხდება ჰონგ კონგთან და უიღურ მუსლიმ უმცირესობასთან დამოკიდებულებაში;
- “რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მომხრეთა საყურადღებოდ მინდა განვაცხადო, რომ ნავალნის მოწამვლა არ არის ერთჯერადი შემთხვევა. რუსეთის მხრიდან დესტრუქციული ქმედებების ხაზი შენარჩუნებულია – რუსეთი აშავებდა და აშავებს საქართველოში, უკრაინაში, სოლსბერისა და ევროპის სხვა ქალაქებში; მისი ხელი ურევია მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქვეყნის არჩევნებში“ – ეს სიტყვებიც ქ-ნი ვონ დერ ლაინის გამოსვლიდანაა. მან არც “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს მშნებლობის შესაძლო შეჩერებას აუარა გვერდი და განაცხადა, რომ ეს პროექტი ერთმნიშვნელოვნად ატარებს პოლიტიკურ დატვირთვას და მისი დასრულების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაც განხილული უნდა იყოს რუსეთის მხრიდან მის მიმართ დასმულ კითხვებზე რეაგირების მიხედვით. ყველაზე ნიშანდობლივი რუსეთთან და ჩინეთთან კონტექსტში იყო ვონ დერ ლაინის ინიციატივა, რომლის თანახმად ევროკავშირი შეიმუშავებს საკუთარ “მაგნიტსკის აქტს“ და ასე მოახდენს რეაგირებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე;
- ქ-ნი ვონ დერ ლაინის თქმით, აშშ-სთან ურთიერთობები მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მან საკმაოდ მწვავედ ისაუბრა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის არსებულ უთანხმოებებზე, განსაკუთრებით სავაჭრო-სატარიფო საკითხებტან მიმართებაში, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენისა და შემდგომი განმტკიცების აუცილებლობაზე;
- ახლო მომავალში შესაძლოა ძალიან გართულდეს ურთიერთობები დიდ ბირტანეთთან, ვინაიდან პრემიერ მინისტრ, ბორის ჯონსონს გადაწყვეტილი აქვს უკვე გაფორმებული შეთანხმების ცალკეულ დებულებებზე უარის თქმა. ქ-ნმა ვონ დერ ლაინმა, გაუსვა რა ხაზი დიდ ბრიტანეთთან ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელობას, მკაფიოდ განაცხადა, რომ “ბრექსიტ“-ის შეთანხმება რატიფიცირებულია დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის პარლამენტების მიერ და პასუხისმგებლიანი მთავრობები მიღწეულ შეთანხმებებს ასრულებენ სრულფასოვნად (ეს საკითხი დროთა განმავლობაში ძალიან გამწვავდება, იმიტომ რომ ევროკავშირი ნამდვილად არ აპირებს არცერთი პუნქტის ხელახალ განხილვას, ხოლო ბორის ჯონსონი, მიუხედავად ქვეყნის შიგნით მისი პოზიციის მიმართ მზარდი დაპირისპირებისა, პრინციპულად განაგრძობს საუბარს “ბრექსიტ“-ის ცალკეულ დებულებათა არშესრულებაზე);
- ევროკომისიის პრეზიდენტის შეფასებით, თურქეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი მეზობელია, მან გამოუყო თავშესაფარი მილიონობით დევნილს სირიიდან, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს ანკარის მხრიდან ბრიუსელის დაშანტაჟების შესაძლებლობად სხვა საკითხებთან მიმართებაში. ის მიესალმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვიდან, თურქული გემების გაყვანას და იმედისმომცემ ახალ ამბად შეაფასა (თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმაც განაცხადა საბერძნეთთან მოლაპარაკებისთვის მზაობა, თუმცა, თურქეთის ხელისუფლების სხვა ოფიციალური პირების განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ გემების გაყვანა იყო მანამდე არსებული გეგმის მიხედვით განხორციელებული ქმედება და არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს უკან დახევას, თურქეთს ახლო მომავალშიც ექნება ხისტი პოზიცია აღმოსავლეთ ხმელთაშუას რეგიონში არსებული გაზის მარაგების მოპოვების საკითხთან დაკავშირებით);
- მიგრაციის პრობლემა, ტექნოლიგიური პროგრესის მიღწევა, გარემოს დაცვის გაუმჯობესება, კორონავირუსთან და მის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავება, ქ-ნი ვონ დერ ლაინის შეფასებით, მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი. ამის საუკეთესო მაგალითად ევროკომისიის პრეზიდენტმა კავშირის ისტორიაში უპრეცედენტო სტიმულირებისა და დახმარების 1.3 ტრილიონ ევროიანი პაკეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმება აღნიშნა.
ჩემი აზრით, დღეს, როგორც არასდროს მანამდე, ევროკავშირი გზაჯვარედინზეა. მწვავე საკითხები ადრეც წარმოიშობოდა და ცხარე დებატებიც ყოველთვის იმართებოდა გაერთიანების შიგნით, თუმცა, კომპრომისი ყოველთვის მოიძებნებოდა (მეტწილად ეკონომიკური ინტერესებისკენ გადახრილი), მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარებამ განაპირობა ევროკავშირის მხრიდან ძალიან კონკრეტულ პრობლემებთან და ქვეყნებთან მიმართებაში პოზიციის მკაფიოდ ჩამოყალიბების დაჩქარება. შესაძლოა, არც არაფერი შეიცვალოს. განცხადებები, გამოსვლები და ინიციატივები მორიგ “გულწრფელ, მაგრამ უშედეგო მცდელობად“ შეფასდეს და ისტორიას ჩაბარდეს, მაგრამ ამით არა აშშ, ჩინეთი, რუსეთი ან თურქეთი, არამედ პირველ რიგში თავად ევროკავშირი ყველაზე მეტად დაზიანდება, ხოლო მისი პოზიციები გლობალურად მნიშვნელოვნად დასუსტდება.
ევროკომისიის პრეზიდენტი ცხადად ხედავს ევროკავშირის შიგნით არსებულ სირთულეებს, მის სუსტ მხარეებს და მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკების სამეულში შემავალი ორგანიზაციის წინაშე არსებულ გლობალური მასშტაბის გამოწვევებს. მართალია, პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკურ კრიზისზე რეაგირებისთვის, ევროკომისიამ მართლაც მოახერხა უპრეცედენტო შეთანხმების მიღწევა, მაგრამ რუსეთთან, ჩინეთთან, ზოგადად ადამინის უფლებების კონტექსტში, ევროკავშირის ცალეკული წევრი ქვეყნების (მ.შ. მისი მშობლიური გერმანიის) ეკონომიკური განზომილებისთვის უპირატესობის მინიჭებასთან დაკავშირებით ისტორიულად არსებული კეთილგანწყობის ურყევი პოზიციის გათვალისწინებით, აგრეთვე, ევროკავშირის შიგნით არსებული კონსენსუსის მექანიზმის (რომლის შეცვლის და უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე უკვე ხმამაღლა საუბრობს ქ-ნი ვონ დერ ლაინი) პირობებში, რამდენად შეძლებს ბავარიელი მრავალშვილიანი დედა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ერთ დროს კანცლერობის ყველაზე რეალური კანდიდატი, ევროკომისიისთვის გეოპოლიტიკური სტატუსის შენარჩუნებას, განმტკიცებას და ისტორიაში წარმატებულ ევროკომისიის პრეზიდენტად შესვლას, მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის პერსონალურ, განსაკუთრებით დიპლომატიურ უნარებზე, თუმცა ასევე იმაზე, თუ ვინ იქნებიან მისი ვიზავი ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებში, კერძოდ მის მშობლიურ გერმანიასა და საფრანგეთში შემდგომი 2-3 წლის განმავლობაში. დაველოდოთ 2021-ის ყოველწლიურ მიმართვას! პროგნოზებს არც მე გავაკეთებ და არც ვინმეს ვურჩევ! გვახსოვდეს 2020!
პ.ს. რა მაგის პასუხია და გულს უხარია, რომ შორეულ ხაბაროვსკში საპროტესტო აქციების 72-ე დღეს ევროკავშირის ჰიმნი გუგუნებს!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023