"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ევროკავშირში იძაბებოდნენ და შემდეგ...

ევროკავშირში იძაბებოდნენ და შემდეგ...

მართლაც სწუხდნენ ამაზედ.

1992 წლის 7 თებერვალს ჰოლანდიის ქალაქ მაასტრიხტში ევროკავშირი დაიბადა. სწორედ ამ დღეს ევროგაერთაინების 12 სახელმწიფომ გადაწყვიტა მათი მოქალაქეები ერთიანი კავშირის მოქალაქეები გამხდარიყვნენ; ერთად ეზრუნათ საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაზე; ჰქონოდათ საერთო ვალუტა და ერთობლივად მიეღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. შემდეგ იყო გაფართოების ტალღები, მნიშვნელოვანი თარიღები, ევროს შემოსვლა და აღმასვლები. ასე და ამგვარად, ევროკავშირი დღეს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სავაჭრო სივრცეა 500 მილიონი მომხმარებლით და მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკების სამეულშია აშშ-თან და ჩინეთთან ერთად.

ევროკავშირს, როგორც აღვნიშნეთ, ახალი წევრები ემატებოდნენ. ემატებოდნენ და თავდაპირველად ძველებს ეტოლებოდნენ, ცოტას ბაძავდნენ და გულის სიღრმეში ეჯიბრებოდნენ. მწვავე საკითხებზე დღის ბოლოს მაინც დამფუძნებელებისკენ იმზირებოდნენ, ხან ხალისით, ხანაც არცთუ, მაგრამ საერთო გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებდნენ. ეკონომიკაც თავისას შვრებოდა და გამოცდილებაც.

გავიდა ხანი. გაიზარდა ევროკავშირი, გამოიბრძმენდნენ ამასობაში ტალღებში შემოერთებულნი. სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა მათი სიტყვა ბრიუსელშიც და მათსავე დედაქალაქებშიც. ხან რუსეთისთვის სანქციების დაწესების თემაზე იძაბებოდნენ, ხან ენერგეტიკაში ერთიანი პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე და ხანაც აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ პოლიტიკის განსაზღვრასა და მათთან სამომავლო ურთიერთობის გვარობაზე.

სირიიდან მიგრანტების კრიზისმა გარკვეული კატალიზატორის როლი ითამაშა. უნგრეთი და მისი პოპულისტი პრეიმერი ორბანი იყო პირველი მერცხალი, ვინც “გაანათა” და მიგრანტების შეშვებაზე ბოლომდე გაჭედა. მიგრანტების თემაზე სრულიად ევროკავშირის სივრცეში საკუთარი ბედ-იღბალი ყველა პოპულისტ-ნაციონალისტმა მეტ-ნაკლები წარმატებით გამოჭედა, მათ შორის. ყველაზე მძლავრად, ვეზუვის დარი ძვრებით, დაიგრუხუნეს იტალიის ულტრამემარჯვენე “ლიგის”  და “5 ვარსკვლავის” კოალიციამ, რაც მთავრობაში მოსვლით დაგვირგვინდა. პირველი, რაც მათ გააკეთეს იყო, რომ ეგრევე გააჩერეს ზღვაში ჩრდილოეთ აფრიკიდან გამოღწეული 630 მიგრანტით სავსე გემი და მკაფიოდ დააფიქსირეს მიგრაციის პრობლემისადმი ევროკავშირში არსებული პოლიტიკის მიმართ მიუღებლობა.

ამასობაში ყოჩაღდებოდნენ საფრანგეთში მარინ ლეპენის ფრონტის “მეგობრები”, გერმანიაში – “ალტერნატივა გერმანიისთვის” პოლიტიკური მეომრები, აგრეთვე ნიდერლანდებსა და შვედეთში ულტრამემარჯვენე რადიკალური ძალები. კიდევ იყო პოლონეთი, თავისი მართლმსაჯულების პრობლემებით და ბოლოს გამოჩდნენ პარიზში “ყვითელი ჟილეტები” თავისი რადიკალური გამოსვლებითა და მოთხოვნებით.

ლიბერალურ დემოკრატიას რომ საუკეთესო ჟამნები არ უდგას, ეს ყველასთვის ცხადია. გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგებიც რომ პოპულიზმსა და ლიბერალიზმს შორის იდეოლოგიურ ბრძოლას ეწირებიან, ესეც ფაქტია. ვერ დავუკარგავ, გამოცდილი კანცლერიცა და ახალბედა პრეზიდენტიც მთელი გულით და ძალით ცდილობენ ძალთა ბალანსის გასწორებას როგორც საკუთარ ქვეყნებში, ისე ევროკავშირის ფარგლებში. რა გამოუვათ, დრო გვაჩვენებს. მოვა მაისი, როგორც დიდი ჯანსუღ კახიძე დააღიღინებდა, და მოვა ევროპარლამენტის არჩევნებიც. მანამდე კი …

ყველას ყურადღება, თითქოს მხოლოდ დიდი ბრიტანეთის და ბრექსიტისკენ უნდა იყოს მიმართული. იყო მომენტები, როდესაც ბრიტანეთის პრემიერთან შეხედრებზეც ევროკავშირში იძაბებოდნენ და შემდეგ მართლაც წრფელად წუხდნენ ამაზე. თუმცა, ირლანდიელებს შორის ვირტუალურ/პირობით/სამომავლოდ შესაძლო საზღვრის საკითხზე ვერც ბრიტანეთში თანხმდებიან და არც ბრიუსელში სურთ ხელახლა საუბარი მაგაზე.

მართლაც თითქოს ბრექსიტზე მწვავე და ცხელი საკითხი რა უნდა იყოს, მაგრამ ნუ იტყვით: უნგრელების უნგრელობა კი არა, იტალიას საფრანგეთთან არ ეჩხუბა ნეტავ. ჯერ იყო და აფრიკის 14 ქვეყანას ფულს რო უბეჭდავს, ამით მანიპულირებსო და ფაქტიურად ნეოკოლონიზატორობაში დაადანაშაულა იტალიის პოპულისტმა მთავრობამ მეზობელი საფრანგეთი. საყვედურს პასუხი მოჰყვა, პასუხს ახალი საყვედური (ლეონარდო და ვინჩის ნახატებიც კი არ ათხოვეს ლუვრში გამოსაფენად) და სულ ცოტა ხნის წინ პასუხის პასუხად 6 თებერვალს იტალიის ვიცე-პრემიერი ლუიჯი დი მაიო (“5 ვარსკვლავის”-ს თავმჯდომარე და ეკონომიკური განვითარების, შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი) საფრანგეთის ქალაქ მონტარჟიში “ყვითელი ჟილეტების” ერთ-ერთ ლიდერს, თავისი რასისტული და რადიკალური გამონათქვამებით ცნობილ კრისტოფერ შალენსონს შეხვდა. სხვათა შორის, “ყვითელი ჟილეტები” ასევე აპირებენ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. არჩევნები, ოხ ეს არჩევნები!

დაიძაბებოდნენ პარიზში, აბა რას იზამდნენ. იტალიის ელჩი საგარეოში გამოიძახეს, თავისი ელჩი კიდევ რომიდან კონსულტაციებზე გამოიწვიეს. საკმაოდ მწარ-მწარე განცხადებებიც გააკეთეს, ნუ ჩაერევიან მეზობელი სახელმწიფო საშინაო საქმეებში და პატივი სცენ ორი ქვეყნის ერებს შორის არსებული ურთიერთობების ისტორიასო. ისე, ჩვენ თუ გვკითხავთ, იტალიელ ხალხს მისი შესაფერისი დონის მთავრობა ეკუთვნისო.

არჩევნები არჩევნებად, მიგრანტები მიგრანტებად, მაგრამ ასე ადვილიც არაა ამ ურთიერთობების ხელაღებით გაფუჭება. ბოლობოლო, 87 მლრდ დოლარის ვაჭრობა აქვთ წლიურად მეზობლებს. ჰოდა, არ გაუშვა შესაძლებლობა ხელიდან კიდევ ერთმა იტალიელმა ვიცე-პრემიერმა. შსს მინისტრმა მატეო სალვინიმ (დიდი იტალიელი ვინმე ჩანს “ლიგის” თავმჯდომარე ბატონი სალვინი. პუწინის გამოსახულებითაც იღებს ფოტოებს წითელ მოედანზე და სერიოზულ საჭადრაკო სვლებსაც აკეთებს, როდესაც მის პოლიტიკურ გეგმებს სჭირდება) და გამოთქვა მზაობა, ჩავიდეს პარიზში და შეხვდეს პრეზიდენტ მაკრონს. “იტალიას არ ჭირდება დაძაბულობა საფრანგეთთან”, განაცხადა მან, თუმცა აქვე დასძინა, რომ იტალიას აქვს სამი ძირითადი საკითხი, განსახილველი საფრანგეთთან: მიგრანტების იტალიაში გაგზავნის შეწყვეტა, იტალიისთვის ექსტრემისტებისთვის გადაცემა და იტალიელებისთვის საბუთების შემოწმებაზე დროის შემცირება.

ყოველგვარი კრიზისების შესაძლებლობად გამოყენება პოლიტიკოსებისთვის დაუწერელი კანონია. ასეა საფრანგეთის პრეზიდენტისთვისაც. ასეა ყველა იმ პოლიტიკოსისთვის და ძალისთვის, ვინც ემზადება მაისში არჩევნებისთვის.

ასე რომ, ევროკავშირში იძაბებოდნენ და შემდეგ… არჩევნებისთვის ემზადებოდნენ. 

გააზიარე