ეს ის Wall Street აღარაა

ეს ის Wall Street აღარაა

Wall Street-ზე სერიოზული ცვლილებებია. ამჟამად ნიუ-იორკში მასშტაბური რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩა საფინანსო ცენტრის დატვირთვას დაკარგავს და მას Hudson Yards-ს გადაულოცავს.

ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა: Amazon, EY, JPMorgan, Time Warner, BlackRock, Twitter და სხვები, სათავო ოფისებს Hudson Yards-ზე გადაიტანენ, რომელიც Wall Street-იდან ათეულ კილომეტრში მდებარეობს. მცოცავი ტენდენცია უკვე რამდენიმე წელია, რაც შეინიშნება.

მთავარ მიზეზად Hudson Yards-ის გაცილებით დიდი ფართობი სახელდება, რომელიც Wall Street-ის გაცილებით მეტ მგელს დაიტევს: სხვადასხვა გიგანტს, დღეს რომ აქტიურად მოღვაწეობენ Wall Street-ზე, ბევრად უფრო მასშტაბური ზრდის საშუალება მიეცემათ, როგორც თანამშრომლების რაოდენობის, ისე სათავო ოფისების ზომის თვალსაზრისით.

თითქმის ყველას მიერ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ Wall Street-ი 1970 წლიდან მოყოლებული აღარ არის მხოლოდ ქუჩა, ის ერთგვარი კონცეფციაა, რომელიც აერთიანებს საბანკო სექტორის, საფონდო ბირჟების, საცალო თუ საბითუმო ვაჭრობის წარმომადგენლებს და მათი ფიზიკური სიახლოვე ინფორმაციის გაცვლის კუთხით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასე იყო ჩაფიქრებული თავიდანვე, თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანიები Midtown-სა და Wall Street-ზე განთავსდა, ეს ფიზიკური სიახლოვე გარკვეულწილად დაიკარგა, ახალი ადგილმდებარეობა კი, ბევრის აზრით, პირველ რიგში, სწორედ ამ გამოწვევას უპასუხებს.

ეს ის მონახაზია, რომელიც აღწერს, თუ როგორ გადანაწილდებიან კომპანიები რეორგანიზაციის შემდეგ. ყვითლად არის აღნიშნული კომპანიების ძველი, ხოლო წითლად – ახალი ადგილმდებარეობა. დაახლოებით 6.7 მილიონი კვადრატული ფუტია უკვე ათვისებული Hudson Yards-ზე, რაც 620 000–ზე მეტ კვადრატულ მეტრს უდრის. ეს ფართობი, ფაქტობრივად, მთელი მანჰეტენის ფართობს 6-ჯერ აღემატება.  

Wall Street-ის მოთამაშეების ადგილმონაცვლეობა ნამდვილად ისტორიული ცვლილებაა, რის შემდეგაც Wall Street-ი ისეთი აღარ იქნება, როგორიც აქამდე ვიცოდით. დიდი გადაადგილებები მოხდება Midtown-იდან Hudson Yards-ზე, რაც გარკვეულწილად Midtown-ის დანიშნულებასაც შეცვლის, რადგან  Wall Street-თან ერთად ისიც ინაწილებდა ფინანსური ცენტრის სტატუსს.

საბოლოოდ, დასავლეთის ახალ საფინანსო ცენტრად სწორედ Hudson Yards-ი ჩამოყალიბდება. სავარაუდოდ, ახალი ფინანსური ცენტრის გარშემო მხოლოდ კომპანიები არ განთავსდება: Hudson Yards-ზე მდიდარი, მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე საზოგადოება მოიყრის თავს, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ გაიხსნება გასართობი ადგილები, რესტორნები, კაფე-ბარები, იმისათვის, რომ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ადამიანებმა დასვენება და განტვირთვა შეძლონ.

Bloomberg-ის მონაცემებით, სულ 18 კომპანია შეიცვლის ადგილს – ზოგი Hudson Yards-ისკენ გადაინაცვლებს, ზოგიც, პირიქით, თუნდაც, Midtown-ისკენ. თუმცა მთავარი დატვირთვა მაინც Hudson Yards-ზე მოვა. დაველოდოთ, როგორ აისახება ეს ყველაფერი Wall Street-ის მუშაობაზე და სხვადასხვა ბირჟის ინდექსები რა შედეგებს აჩვენებს.

ფაქტია, პროცესი თითქმის დასრულებულია, Deutsche Bank-ი იქნება ერთ-ერთი ბოლო, ვინც ადგილს შეიცვლის.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა