"ვარ იურისტი, სპეციალიზებული დემოკრატიული მართვის საკითხებზე. მსურს ადამიანის უფლებების დაცვა ყველა სფეროში, მათ შორის, ბიზნესში გახდეს პრიორიტეტული. ვფიქრობ, ხშირად გვავიწყდება, რომ თავად ვართ ის ადამიანი, ვინც უნდა იმოქმედოს და მოქმედებას სხვისგან ველოდებით ხოლმე".

ვიდრე ჰხვალ, ხელისუფლებავ...

ვიდრე ჰხვალ

სისტემიდან, სადაც სასამართლოს თვალში მოქალაქე ყოველთვის ტყუოდა, ქართული სასამართლო უნდა გარდაიქმნას სამართლიან, ჰუმანურ, გავლენებისგან სრულად თავისუფალ სისტემად. რა გზას გავდივართ ახლა და მიგვიყვანს თუ არა ეს გზა სასურველ შედეგამდე?

ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა ციხეში! საქართველოს პრეზიდენტის ეს ყოვლად გაუმართლებელი პოლიტიკა წარმატებით იყო აღსრულებული არა მხოლოდ სამართალდამცავი თუ საკანონმდებლო ინსტიტუტების, არამედ სასამართლოს მიერაც: გამამართლებელი განაჩენების 0%, პროკურატურის შუამდგომლობების დაკმაყოფილების 100%, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების 100%, მოქალაქეთა დაჯარიმებისა და ადმინისტრაციული დაპატიმრების 100%, მასობრივად დაუცველი საკუთრების უფლება, უკანონოდ დარბეული შეკრების მონაწილეების დასჯა, ვერრეალიზებული გამოხატვის თავისუფლება და ა.შ.

მონტესკიეს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი სახელმწიფოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის იდეას ემყარება, რომელიც მსოფლიოს სახელმწიფოებში ყველაზე პოპულარული სისტემაა. ის ეფუძნება სასამართლოს მიერ ხელისუფლების დანარჩენი შტოების კონტროლის და არა მათი მოთხოვნების 100%-ით დაკმაყოფილების იდეას. ზემოთ მოცემული სტატისტიკა მოწმობს, რომ მაშინ სასამართლო ვერ აბალანსებდა აღმასრულებელი ხელისუფლების განუსაზღვრელ ძალაუფლებას – მართოს პოლიცია, ჯარი, საიდუმლო სამსახურები, განსაზღვროს ეკონომიკური პოლიტიკა და სხვა.

დღეისათვის, ჯერჯერობით “ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა ციხეში” არ არის მოქმედი ხელისუფლების მართვის პოლიტიკა. სტატისტიკაც გაუმჯობესებულია.

თუმცა ტოტალური კონტროლის არარსებობა. ნიშნავს თუ არა ნებისმიერი კონტროლის არარსებობას, განსაკუთრებით ისეთ საქმეებზე, რომლებიც ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა? ცხადია, არ ნიშნავს!

ტოტალური კონტროლის არარსებობა დღეს, ნიშნავს თუ არა, რომ ასეთი კონტროლის სურვილი ხელისუფლებას არც მომავალში გაუჩნდება? ცხადია, არა!

რა გვიცავს დღეს ან რა დაგვიცავს ხვალ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცალკეული თუ სისტემური მაგალითებისგან, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისგან? რა გვიცავს ჩვენ და რა იცავს თავად მოსამართლეს, თავისუფლად განახორციელოს კონტროლი?

არ არსებობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარანტიები საიმისოდ, რომ ადამიანების ბედი და სამართლიანობა კონკრეტული ხელისუფლების კეთილ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული და სისტემამ იმუშაოს მიუხედავად იმისა, როგორი ხელისუფლება გვეყოლება მომავალში. თანაც, იმუშაოს ისე, რომ სასამართლო ხელისუფლება კარნახობდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას მოქმედების სტანდარტებს და არა პირიქით.

სასამართლო, რომელიც წარსულში, ერთი ხელისუფლების პირობებში, პროკურატურის მოთხოვნების 100%-ს აკმაყოფილებდა, სხვა ხელისუფლების მაგრამ, იმავე კანონმდებლობის და იგივე მოსამართლეების პირობებში, პროკურატურის მოთხოვნებს მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს და მოქალაქის მხარესაც დაიწყო სიმართლის დანახვა. ეს მაშინ, როცა შეიცვალა მხოლოდ პოლიტიკური ხელისუფლება; შეიცვალა მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკა ნულოვანი ტოლერანტობის მიმართ.

ფაქტია, რომ ვიდრე ახალი ხელისუფლება არ მოვიდა და თავად არ უთხრა უარი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, იქამდე სასამართლომ ვერ შეასრულა თავისი დანიშნულება.

შესაბამისად, დღევანდელი გაუმჯობესებული სტატისტიკა არის არა სასამართლო კონტროლის ფუნქციის შესრულების, ანუ მისი დამოუკიდებლობის, არამედ ხელისუფლების პოლიტიკის რადიკალური ცვლილების შედეგი.

მაშინ, როცა არ არის შექმნილი მყარი გარანტიები, მნიშვნელოვანია არ გამოგვეპაროს დინამიკა, მოცემულ მომენტში სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით ვითარება უმჯობესდება თუ უარესდება.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების რაოდენობის გაზრდა, არაერთ ქვეყანაში ყოფილა გამოყენებული სასამართლოზე გავლენის გასაძლიერებლად.  2010 წელს თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა 11-დან 17-მდე გაიზარდა; 2011 წელს უნგრეთში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა 11-დან 15-მდე გაიზარდა; 2017 წელს პოლონეთში მიიღეს კანონი, რომლითაც მმართველ პარტიას მიეცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისა და განთავისუფლების უფლებამოსილება და სხვა. ყველა შემთხვევაში ცვლილებები გამოყენებული იყო იმისთვის, რომ მმართველ ხელისუფლებას მოსამართლის თანამდებობაზე დაენიშნა მისდამი ლოიალური პირები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 16-დან 28-მდე გაიზარდა. აქედან, 17 მოსამართლეა დასანიშნი. საქართველოს შემთხვევაშიც, სხვა ქვეყნების მსგავსად, ხელისუფლებას არაფერი უშლის ხელს უზენაესი სასამართლო მისდამი ერთგული პირებით დააკომპლექტოს.

ამასთან, სასამართლო სისტემაში გატარებული არცერთი რეფორმა არ ყოფილა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისი. თავის მხრივ, ვენეციის კომისიის ყოველი მორიგი დასკვნა უფრო კრიტიკულია. გატარებული სამი რეფორმიდან არცერთი ყოფილა მოწონებული საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ხელისუფლებამ რეფორმები გაატარა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ამ რეფორმების დაწუნების, ვეტოს დაძლევის, ანუ ხელის გადაგრეხვის პრინციპით და არა კომპრომისის და ურთიერთშეთანხმების გზით.

ასეთი რეფორმები სასარგებლოა მხოლოდ მმართველი ხელისუფლებისთვის და არა ხალხისთვის და სასამართლოსთვის.

ნათელია, რომ მოქმედი ხელისუფლების გავლენა სასამართლო სისტემაზე კი არ მცირდება, პირიქით, სულ უფრო იზრდება.

შესაბამისად, დაცულები არც დღეს ვართ, ხოლო მომავალში, სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, მდგომარეობის გაუარესებას უფრო უნდა ველოდოთ, ვიდრე გაუმჯობესებას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ის კანდიდატები, რომლებმაც უკვე იციან, ხელისუფლება მათზე შეაჩერებს არჩევანს, ალბათ, იმასაც აცნობიერებენ, რომ სანაცვლოდ არა მხოლოდ არსებული, მომავალში ხელისუფლების გაზრდილი მადაც უნდა დააკმაყოფილონ, სხვა რის, თუ არა ჩვენი უფლებების, კეთილდღეობის და ქვეყნის პროგრესის ხარჯზე. პრინციპში, წინა ხელისუფლების პირობებში ხომ დაამტკიცეს კიდეც, რომ ნებისმიერი დაკვეთის უყოყმანოდ შესრულება შეუძლიათ. ეს ხომ ისევ ის მოსამართლეები არიან.

ვიდრე ჰხვალ, ხელისუფლებავ! ცნობილი ეპოსის არ იყოს, საით მიდიხართ და სადამდე მიგიყვანთ სასამართლოს საკითხი! ახლა, ისე როგორც არასდროს, მმართველ პარტიას მართებს ამაზე დაფიქრება. მთავარია, როგორ განლევს ხელისუფლება თავის ვადას.

ჩვენ კი, მოქალაქეები კარგად ჩავუღრმავდეთ მონტესკიეს გაფრთხილებას – რამდენად საშიში და დამაზიანებელი შეიძლება იყოს მოქალაქის აპათია დემოკრატიაში – და მოვემზადოთ ცხელ ზაფხულში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე გავლენის მოსახდენად.

ამ მომენტისთვის კონკურსი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად დაწყებულია. თუ დღეს მოსამართლეებად არ იქნებიან არჩეული საზოგადოების ნდობით აღჭურვილი იურისტები, ხვალ ამავე საზოგადოებას მოგვიწევს, ვეძებოთ სხვა გამოსავალი სასამართლოს დამოუკიდებლობის მისაღწევად, რაც არ იქნება ისეთი უმტკივნეულო, როგორიც მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე კონკურსია.

გააზიარე