"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ვიკინგური მატება ნატო-ში

ვიკინგური მატება ნატო-ში

25 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, ნორვეგიის არცთუ მაინცდამაინც თბილ ზღვაში წყალი დუღდა, ფინეთისა და შვედეთის საჰაერო სივრცეში “ცხელოდა” და ნორვეგიისა და ისლანდიის მიწაწყალზე ტემპერატურაც აშკარად არასკანდინავიური იყო. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩრდილო ატლანტიკის მიდამოებში გამართული ერთობლივი წვრთნები “სამმაგი კვეთა 2018” ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური და ნორვეგიის ისტორიაში 80-იანი წლების შემდეგ ერთ-ერთი უმსხვილესია. 50 ათასი სამხედრო, 10 ათასი ჯავშანტექნიკა, 250 საფრენი და 650 მცურავი საშუალება. სერიოზული ციფრებია. სერიოზული ინტერესიც გამოიწვია და გარკვეული რეაგირებებიც მოჰყვა მოწინააღმდეგე მხრიდან.

ორი მნიშვნელოვანი გარემოება არის გასათვალისწინებელი, როდესაც “სამმაგ კვეთაზე” ვსაუბრობთ. პირველი, ჩემის აზრით, გახლავთ ნატო-ს წესდების 5-ე მუხლის ამოქმედების პირობებში ურთიერთქმედების გატესტვა უშუალოდ ნატო-ს წევრებს შორის, მაგრამ წელს განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა შვედეთის და ფინეთის მონაწილეობას ამ ვარჯიშებში. ვიკინგებს რახანია ჰყავთ ღირსეული წარმომადგენლები ნატო-ში ნორვეგიის და დანიის სახით (ბრიტებიც არ არიან შორის ვიკინგური მემკვიდრეობიდან), მაგრამ მას შემდეგ რაც რუსეთმა სულ გაუბერა – შეიჭრა უკრაინაში, გაჩნდა ახალი საფრთხე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინული “მწვანე კაცუნების” სცენარის გამეორებისა, ფინეთმაც და შვედეთმაც სულ უფრო აქტიურად დაიწყეს ნატო-ში გაწევრიანებაზე ფიქრი. პარტნიორული ურთიერთობები, ჩვენი სიკეთის არ იყოს, შვედებსაც და ფინებსაც საკმაოდ მაღალ დონეზე ჰქონდათ და უელსის სამიტზე განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსის მქონე 6 ქვეყანას შორის საქართველო, ფინეთი და შვედეთიც დმსახურებულად აღმოჩნდა.

თუ გადავავლებთ თვალს გამოკითხვების დინამიკას, აქაც ზრდის ტენდენციებია ნატო-ში გაწევრიანების სასარგებლოდ. ჩვენთან ახლოს მაინც ვერ მოვლენ, მაგრამ ადრე თუ 20-25 %-ის ფარგლებში მერყეობდა ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი, დღეს ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია და 35-40 %-ს უახლოვდება. ეს ზრდა უმთავრესად და უპირველესად სწორედ რუსეთის ხელისუფლების აგრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია. სიმართლე გითხრათ, და ეს პირადად ჩემი აზრია, არც ისე გადარეულები არიან კრემლის დღევანდელი მმართველები, როგორც ამის წარმოჩენა თავადვე სურთ. ვგულისხმობ, ნატო-ს ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე თავდასხმა მაინც უფრო პროპაგანდისტული ოპერიდანაა, თუმცა, მათგან გამორიცხული არაფერია. ცოტა ხნის წინ გაერო-ში გამართულ ერთ-ერთ სხდომაზე რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ანდრეი ბელოუსოვმა ღიად განაცხადა: “თქვენ კითხულობთ, ვემზადებთ თუ არა ჩვენ ომისთვის აშშ-თან? დიახ, გიდასტურებთ, რომ ვემზადებით”. საკუთარ სამხედრო “ძლიერებაზე” ხომ თვით უმაღლესი მთავარსარდალი საუბრობს და ანიმაციურ ფილმებსაც გვაჩვენებს (როგორც შემდგომში ირკვევა, უფრო ზღაპრებით ბაქიბუქობს საკუთარ ხალხთან. ერთი ფულს ხარჯავდა გასულ წლებში სამხედრო ბიუჯეტზე და იმასაც ვეღარ შვება. მუშაობს მაინც საინქციები და იზოლაციები) ელაპარაკე ახლა ამათ ამის მერე და ივარაუდე, არიან თუ არა წამსვლელი მესამე მსოფლიო ომზე. 2008 წლის შემდეგ საქართველო აფრთხილებდა საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ჩვენს შემდეგ უკრაინა იქნებოდა. ისე აუხდეთ ყველაფერი. ახლა უკვე თვითონ ფრთხილობენ დასავლელი მეგობრები.  შვედეთშიც და ფინეთსიც არიან გამოკვეთილი ატლანტისტები. აგერ  არცთუ დიდი ხნის წინ ფინეთის პრეზიდენტმა ნატო-ში წევრობას “კარგი შესაძლებლობა” უწოდა. ბრიუსელში, ნატო-ს ახალ შტაბ-ბინაშიც სიამოვნებით და სიხარულით შეეგებებოდნენ ახალ და ეკონომიკურად ღონიერ წევრებს, მაგრამ არც ისე ღია ფერებში ჩანს ჯერ ეს ყველაფერი. თუ დავაკვირდებით, როგორც ფინეთში, ისე შვედეთში პოპულისტურ-ნაციონალისტური ძალების პოპულარობის ზრდა საკმაოდ დინამიურია არჩევნებიდან არჩევნებამდე და ეს ძალები სულაც არ ილტვიან საკუთარი ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფერენდუმის ორგანიზებისკენ.

უშუალოდ მრავალეროვნული ვარჯიში “სამმაგი კვეთა 2018” 4 წლის წინ დაიგეგმა, მაგრამ მასშტაბი მაინც განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო. სულ ცოტა ხნის წინ რუსეთმა და ჩინეთმა ჩაატარეს ასევე ცივი ომის დასრულების შემდეგ უმსხვილესი წვრთნები “ვოსტოკ 2018”. თანაც ეს ვარჯიშები მიმდინარეობს იმ ყველაფრის ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება – აშშ-რუსეთის დაპირისპირება, ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლა, სირიის უბედურება და ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა, რუსეთის პრეზიდენტის პოპულარობის მკვეთრი ვარდნა და მისი შესაძლო თავდასხმის ახალი სამიზნეების შესახებ საუბრების მატება, აზოვის ზღვაში ტერიტორიული პრეტენზიების დაფიქსირება და უკრაინა-რუსეთს შორის ისედაც არსებული დაძაბულობის ზრდა – მოკლედ, რომელი ერთი ვთქვა. ამას კიდევ სანქციების და ტარიფების კორიანტელიც დაუმატეთ და აღარ იკითხავთ,  რატომ ისწრაფვიან ნატო-ში გაწევრიანებისკენ სასწაულებრივად აყვავებული, დამშვენებული და მოვლილი შვედეთი და ფინეთი.

პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავი ახლოვდება. მასშტაბური ღონისძიებებიც იგეგმება. მაშინ ბერლინში და პარიზში პოლიტიკოსებმა სათანადო დასკვნები ვერ გააკეთეს, მაშინაც ნაციონალისტურ-პოპულისტური ძალა მოღონიერდა გერმანიაში და მეორე მსოფლიო ომიც გადაიტანა დედამიწამ.

“რუსკი მირ”-ის და მესამე რომის იდეის და განზრახვების მქონე მეზობელი რომ გეყოლება, ნატო-შიც შეხვალ, “სამმაგ კვეთასაც” გამართავ და სამხედრო ბიუჯეტისთვის მშპ 2%-საც დახარჯავ. მთავარია ამ დიდი მიზნის ირგვლივ ერთობა, მოთმინება, ურთიერთპატივისცემა და მუხლჩაუხრელი შრომა. შვედებს და ფინელებს ეს ყველაფერი, პლიუს ჰოკეის თამაში და სახლის აწყობა იკეაში რომ ნამდვილად შეუძლიათ, თანაც ძალიან მაგრად, მე მგონი, საუბარი ზედმეტია. “სამმაგი კვეთა 2018” ნორვეგიელებთან და ნატო-ს სხვა წევრ სახელმწიფოებთან უმაღლეს დონეზე ჩატარება მათი სიძლიერის კიდევ ერთი ნიშანია. ნეტავი მაგათ.     

გააზიარე