"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ვინ დაიცავს თურქეთის ცას?

ვინ დაიცავს თურქეთის ცას?

რა თქმა უნდა, თურქეთი!

კი ბატონო! ოღონდ როგორ? ბოლო თვეების განმავლობაში საკითხავი სწორედ ეს არის.

როგორც მოგეხსენებათ, თურქეთი ნატო-ს წევრია, თანაც ძალიან მნიშვნელოვანი. საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში თურქეთის სტრატეგიული მნიშვნელობა ჯერ კიდევ ე.წ. კარიბის კრიზისის დროს გამოჩნდა, როდესაც საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის დაძაბულობამ უკიდურეს წერტილს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ვითარება მხოლოდ მას შემდეგ განიმუხტა, როდესაც აშშ და საბჭოთა კავშირი შეთანხმდნენ, რომ აშშ გაიტანდა თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებულ “იუპიტერის” ტიპის 30 ბირთვულ რაკეტას, ხოლო საბჭოთ კავშირი შეწყვეტდა კუბაზე ბირთვული რაკეტების განლაგების პროგრამას.

ათწლეულების მანძილზე თურქეთსა და აშშ-ს შორის თვდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა სანიმუშო იყო. მათი ურთიერთობების ცაზე პირველი ღრუბლები გასული საუკუნის დასასრულს სამხრეთ თურქეთში განლაგებული ამერიკულ ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზის აშშ-ს მიერ გამოყენების პირობებთან  დაკავშირებით გაჩნდა. სამწუხაროდ, ეს ურთიერთობები არათუ არ გაუმჯობესდა, არამედ არც გამოსწორდა და ასე დაღმავალი ტრაექტორიით წარიმართებოდა აშშ-ს სხვადასხვა ადმინისტრაციებისა და რეჯეფ ტაეპ ერდოღანის მზარდი ძალაუფლების პირობებში.

ურთიერთობებში დაძაბულობის პიკმა 2016 წლის ზაფხულში თურქეთში “სახელმწიფო გადატრიალების” მცდელობის აღკვეთის შემდეგ თურქეთის ხელისუფლების მიერ აშშ-ში მცხოვრები ფეთულა გულენის თურქეთისთვის გადაცემის მოთხოვნაზე აშშ-ს მხრიდან უარის შემდეგ მიაღწია. ამის შემდგომ იყო თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლების ირგვლივ განვითარებული მოვლენები. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია თურქეთთან მიმართებაში წინამორბედთან შედარებით გაცილებით უფრო ხისტი გამოდგა. აშშ-ს მიერ თურქეთისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური შეზღუდვების დაწესებისა და გატარებული ზომების შედეგად, რასაც მოჰყვა თურქული ეროვნული ვალუტის მკვეთრი ვარდნა და ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება, თურქეთი ფაქტიურად იძულებული შეიქნა გაეთავისუფლებინა ამერიკელი პასტორი. ამის შემდგომ, თითქოს აშშ-თურქეთს შორის ურთიერთობების გამოსწორების პირველი მოკრძალებული ნიშნებიც გამოჩნდა (უმაღლეს დონეზე შეხვედრა, პოზიტიურ/ნეიტრალურ ტონალობაში გაკეთებული განცხადებები ორივე მხრიდან და ა.შ.), მაგრამ დადგა დღის წესრიგში თურქეთის საჰაერო სივრცის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი და დიპლომატიურმა ტემპერატურამ კვლავ აიწია.

საქმე იმაშია, რომ ნატო-ს წევრმა თურქეთმა მიიღო უაღრესად წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილება და 2.5 მლრდ დოლარად შეიძინა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ს-400. უფრო მეტიც, თურქეთის პრეზიდენტმა განცხადა, რომ მზად იყო რუსეთთან ს-500 სისტემის შეძენაზე მოლაპარაკებისთვის, ხოლო თურქეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები კი აცხადებდნენ, რომ თუკი აშშ შეაჩერებდა თურქეთთან მეხუთე თაობის მოიერიშე თვითმფრინავის ფ-35 პროგრამას (თურქეთს ამ პროექტშიც ასევე აქვს დახარჯული 1.25 მლრდ დოლარი), პირველ რიგში თურქეთი რუსული სუ-57 შესყიდვის შესაძლებლობებს განიხილავდა. ბრალდებები მოდიოდა ორივე მხრიდან. თურქეთი იშვერდა ხელს აშშ-სკენ, თითქოს ამ უკანასკნელმა გააჭიანურა და საბოლოო ჯამში გაცილებით უფრო არახელსაყრელი პირობებით შესთავაზა “პატრიოტის” ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენა. აშშ-მ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ ს-400 სარაკეტო სისტემის და ფ-35 თვითმფრინავების ერთ სივრცეში თანააარსებობა წარმოუდგენელი იქნებოდა, ვინაიდან რუსულ სისტემებს მოყვებოდა რუსი სპეციალისტები და შესაბამისად მნიშვნელოვნად იზრდებოდა ამერიკული ტექნოლოგიების რუსული მხარის მიერ ხელში ჩაგდების საფრთხე.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, უფრო ზუსტად მარტის თვეში, თურქეთის პრეზიდენტი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები აცხადებდნენ, რომ რუსეთთან შეთანხმება შემდგარია და გადახედვას არ ექვემდებარება. თუმცა აშშ-ს მიერ აპრილის დასაწყისში მიღებულმა გადაწყვეტილება თურქეთისთვის ფ-35 პროგრამით გათვალისწინებული საკომპლექტაციო ნაწილების მიწოდების შეჩერებაზე, როგორც ჩანს, პროცესებზე გარკვეული გავლენა იქონია. არა, რუსული სისტემების შესყიდვა არ ჩაიშლება, მაგრამ კომპრომისული გამოსავლის ძიების პირველი, მკრთალი ნიშნები გამოიკვეთა. ჩვენი მკითხველისთვის რომ ყველაფერი ცხადი იყოს, განვმარტავ, რომ ფ-35 პროგრამა არ ნიშნავს  თურქეთისთვის მხოლოდ 100 სუპერთანამედროვე თვითმფრინავის მიწოდებას. საქმე იმაშია, რომ ამერიკულ “ლოქჰიდ მარტინს” თურქეთთან დადებული აქვს 12 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება მოიერიშე თვითმფრინავების წარმოებაში მონაწილეობისთვის. ეს კი, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თურქეთისთვის. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, თურქეთის ეკონომიკა დღეს ნამდვილად განიცდის სერიოზულ კრიზისს და მოსალოდნელია, რომ ეს მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს. უკეთეს შემთხვევაში, არ გამოსწორდეს. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში 12-მილიარდიანი პროექტის დაკარგვამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად შეასუსტოს თურქეთის პრეზიდენტის ამ დრომდე “ღრმა და ყოვლისმომცველი” ძალაუფლება. ვფიქრობ, ყველა დამეთანხმებით, რომ უმეტესწილად სწორედ მკვეთრად გაუარესებული ეკონომიკის შედეგია, რომ სულ ცოტა ხნის წინ გამართულ არჩევნებში მმართველმა პარტიამ წააგო დედაქალაქი ანკარა (პირველად 25 წლის მანძილზე), რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უმსხვილესი ქალაქი სტამბული (რ.ერდოღანის თქმითვე, “იგებ სტამბულს, იგებ თურქეთს”) და თითქმის ყველა დიდი ქალაქი თურქეთში.

ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე დღის წინ აშშ-თურქეთის საბჭოს ფარგლებში ვაშინგტონში გამართული მორიგი შეხვედრა, რომელშიც თურქეთის მხრიდან მონაწილეობდნენ თურქეთის ფინანსთა და თავდაცვის მინისტრები, თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი და ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი. თურქეთის ფინანსთა მინისტრს ბერათ ალბაირაქს (ის ამავე დროს თურქეთის პრეზიდენტის სიძეც გახლავთ) თეთრ სახლში შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტი (მასთან ერთად მისი სიძე ჯარედ კუშნერიც) და შედარებით პოზიტიური გზავნილებიც გაახმიანა, თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა კი გამართა შეხვედრა ამერიკელ კოლეგასთან, თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელ პეტ შენეჰენთან, რომელმაც ასევე პოზიტიურად ისაუბრა ფ-35 პროექტის თურქეთთან ერთობლივად განხორციელების შესაძლელბლობაზე. მართალია, ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ სხვადასხვა წყაროებში ასევე გაჩნდა ინფორმაცია თურქეთის მიერ შეძენილი რუსული ს-400 ების მესამე მხარისთვის გადაცემის შესაძლებლობაზე. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება მივიღოთ, ე.წ. “მოგება-მოგება” ვითარება, როდესაც ნატო-ს არცერთი მოკავშირის ინტერესები არ დაზიანდება, კერძოდ, თურქეთი აინაზღაურებს რუსეთისთვის გადახდილ 2.5 მლრდ დოლარს, ასევე განაგრძობს ფ-35 პროგრამაში მონაწილეობას, ხოლო აშშ არ დაუშვებს მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სივრცეში რუსული ფეხის მოკიდებას. ინშალა!

გააზიარე