"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ვინ ჩაიცვამს ფრაუ ენჯის ქალამნებს?!

ვინ ჩაიცვამს ფრაუ ენჯის ქალამნებს?!

გულახდილად გეუბნებით მე თქვენ: პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომაზე განცხადება რომ გააკეთა, მას მერე ვფიქრობდი ფრაუ ენჯის უსასრულო (მე მაპატიეთ სმაილიკი) ეპოქის (ფრანკლინ დელანო რუზველტს გადაუჯოკრა) დასასრულის დასაწყისზე დამეწერა, უბრალოდ ისეთი თემები თუხთუხებდა, თუ შინ და თუ გარეთ, ვიფიქრე, შემოვინახავ უკეთესი ხანობისთვინთქო. რამე ისე არ იფიქროთ, ხელის ჩამორთმევა-ფეხზე დგომელა შეხვედრას სულაც არ ვაკნინებ მართლა – მსოფლიოს წამყვან ლიდერებთან რაც მეტი კომუნიკაციის შესაძლებლობა იქნება, მით უკეთესი (მტერი პუწინი არ ითვლება. მანდ სხვანაირი მომზადებაა საჭირო). ჩემთვისაც დიდი პატივი იყო ბერლინში ოფიციალურ დელეგაციაში მონაწილეობა – მაპი ვერც ჩვენ წამოვიღეთ, მაგრამ რაღაცეები მაინც დავცინცლეთ (უელსში ნატო-ს სამიტზე გვერდიგვერდ ვისხედით საქართველო და გერმანია და იქ მითხრა, აბა, ხო ხართ კმაყოფილი შედეგითო. მიცნო და რამეს კი არ ვიძახი, უბრალოდ შემთხვევით მოხდა ასე. მაშინ მართლა კარგი რამეები გამოცხვა და მისი წვლილი ნაღდად დიდი იყო. მიყვარს ეს დიპლომატიური ჰამბები და მამკალით), მაგრამ უფრო წვრილად ამაზე, მერე, მემუარებში; რაც მთავარია, გერმანიის კანცლერი ჯერ კიდევ რჩება მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალ პოლიტიკოსად და უახლოესი პერიოდის განმავლობაში მისი სიტყვა ქვას გახეთქავს. 

ასე იყო თუ ისე, 2000 წლიდან ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) თავმჯდომარემ და 2005 წლიდან გერმანიის კანცლერმა გერმანიის ერთ-ერთ მიწაზე – ჰესსეში 28 ოქტომბერს!!! გამართული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქალბატონმა მერკელმა განაცხადა, რომ დეკემბრის დასაწყისში მისი პარტიის ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ და იქვე დასძინა, რომ არც კანცლერის თანამდებობაზე აპირებს ამა ქვეყნიდან ზეციურში გადანაცვლებას (ღმერთმა დიდხანს კარგად ამყოფოს). მისი კანცლერობის ვადა 2021 წელს იწურება და მანამდე, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ მსოფლიო ლიდერს გამოიცვლის, შესაძლოა, მთლა უფროსის ჩათვლითაც. გამოიცვლის, თუ მივა იქობამდის.

საქმე იმაშია, რომ ფრაუ მერკელს კოალიცია ჰყავს ძალიან ყანყალა და ჯაჯღანა. მთავარი პოტენციური ამრევები მემარცხენე სოციალ-დემოკრატები (SPD) არიან, რომლებიც  სხვათაშორის თვითონაც ვერაფერი ბიჭები გამოდგნენ და ჰესეში საკუთარი შედეგი პარტნიორებზე მეტად გააუარესეს. უბრალოდ, კოალიცია კოალიციაა და თუ დაკრა ფეხი ერთმა, მერე ვადამდელიც იქვეა (ეგრეა ძმებო და დებო ევროპებში. შორია რაიხსტაგამდე, მაგრამ ჩაღწევადია). ჰოდა იმას ვუბნობდი, კანცლერინას კოალიციაში საქმეები ვერ ლავესაა (ბოდიში ჩემი ფრანგულისთვის J) მეთქი. კიდევ ერთმა წევრმა – ქრისტიან-სოციალისტურმა კავშირმა (CSU), თქვენზე ნაკლები რითი ვარო და წინა არჩევნებთან შედარებით 11%-ით მართლა ნაკლები აიღო. ამასობაში აიწყვიტეს მათმა კონკურენტებმა, თან რა კონკურენტებმა. მწვანეებს კიდევ რა უჭირს, პროევროკავშირელებიც არიან და ჰუმანურებიც (მიგრნატთა კრიზისის საკითხში), აი ულტრა მემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კი „აპასნი“ ხალხია. მიგრანტებს ხო ერჩიან, მარა ისეც მაგარს ურიკინებთ, რამე რო იყოს სიამოვნებით მოგესალმებიან ხელის ზეცაში აპყრობის ავადცნობილი ჟესტიკულაციით.

ბევრ ცხელ თემებში გავლა მოუწია ფრაუ ენჯის – 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია და ა.შ. როგორც ქართველი და თავგადაკლული ევროატლანტიკოსი, ვერ ვიტყვი, რომ ყველგან ისე იარა მე რომ გამიხარდებოდა, მაგრამ ასე იყო თუ ისე, 2015 რკინის ქალამნებიც ეცვა, ეკონომიკური ჯავშანჯილეტიც და  პოლიტიკოსის სუპერმძიმეწონოსანი ჩემპიონის ქამარსაც არავის უთმობდა. მანიაკი ბაშარ ალ ასადის და კილერი პუწინის „წყალობით“ 2015-ში მაგრა გამწვავდა მიგრანტთა კრიზისი და „გერმანიის დედასაც“ (ასეთი მეტსახელიც აქვს ჩვენში, ბლოგერებში) აუჩუყდა გული და არ დაუხურა ცხვირწინ საზღვარი (პუწინთან კი მეგობრობდა ერხანს ფრაუ ენჯი, თან ნამეტანი მეგობრობდა, მარა კანცლერინა აქ რა მოსატანია, 2006 წელს მაგ ჩვენი ცოდვით სავსემ რაც ქართველების რუსეთიდან გამოძევებაზე იკადრა, მაგას მარტო ადოლფა შვებოდა ებრაელებთან. ეს უბრალოდ გამახსენდა, მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი რა შარში შეიძლება გაეხვიო შენ-ის ამბავში) მილიონობით მუსლიმს. ე, ზუსტად მანდედან დაიწყო ფრაუ ენჯის პრობლემები. გაძლიერდა პოპულიზმი. იხუვლა ექტრემიზმმაც. აუჯანყდნენ შიგნითაც. გერმანიის სოციალ-დემოკრატი შინაგან საქმეთა მინისტრი ეხლაც მაგარი დაჯახებულია ფორმალურად თავის ბოსთან, ზუსტად მაგ გაჭირვებული მიგრანტების გამო. არ ქნა, არ გაწირა ეს უბედური ხალხი და არ მიატოვა ბედის ანაბარა ნამდვილმა ევროპელმა ქრისტიან-დემოკრატმა. ჰოდა, ყველაფერს თავისი ფასი აქვსო, ნათქვამია. დაიწყო დნობა მისი პარტიის პოპულარობამ. მიყვა ლაპარაკებიც ფრაუ მერკელის კანცლერის პოსტზე დიდხანს შეყოვნებაზე და კრიტიკა ევროზონის რეფორმაზე ევროკავშირის ამომავალი ვარსკვლავის საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისთვის ინიციატივის დათმობაზე. ასე მიეწყო ერთი მეორეს და დღეს უკვე ხალხი მის მემკვიდრეებზე ლაპარაკობს. მართალია, ჯერ პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, თუმცა, დასაწვავი საბჭოთა კავშირის და კომპარტიის არ იყოს (ისე რა ეამაყება ამ ხალხს ეს საბჭოეთში მუშაობა, არანაირად არ მესმის), პარტიის გენსეკი ქვეყნის გენსეკს უდრის გერმანიაშიც. სავალდებულო არაა, მაგრამ ასე ხდება ხოლმე.

გამოსვლისას დაგვამშვიდა, გერმანიის ძირითად საგარეო პოლიტიკურ ვექტორებზე ჩემი წასვლა არანაირად არ აისახებაო. პირიქით, უფრო მეტად ვიქნები ჩართული მაგ საქმეებში გენმდივნის თანამდებობიდან წასვლის შემდეგო. ხო იცით, კაცი იმედით ცოცხლობს და ვიფიქრე ნაივურად, იქნება და დატვირთულობის გამო ვერ გადაწყვიტა თავის დროზე ჩვენთვის მაპის მოცემათქო. აგერ ჩამოსულიც იყო, ჩვენც ფრანკფურტში წიგნის ბაზრობაზე შევკლასეთ. ჩვენი ბიჭები ავღანურ მაზარიშარიფში თან გადაყოლილები არიან მაგათზე (ვენაცვალე ჩვენს სამხედროებს). 2019-შიც 70 წელი უსრულდება ნატო-ს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ლეგენდარულმა და ძალიან გავლენიანმა პრეზიდენტმა ვოლფგანგ ინშინგერმაც, მოვიდა დრო, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზა მოვნახოთო. ვერ დავტოვებთ საქართველოს ალიანსს მიღმაო. მუშაობაა საჭირო, მუშაობა, ერთმანეთის ლანძღვა და გინება კი არა.      

გააზიარე