"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ვისთვის გაისროლა მალერის “ავრორამ”?!

ვისთვის გაისროლა მალერის “ავრორამ”?!

ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი პოლიტიკური გამოძიება დასრულებულია.

22 თვის განმავლობაში რობერტ მალერი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ათობით გამომძიებელი და ფედერალური გამოძიების ბიუროს აგენტი იძიებდა 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას, რუსულ მხარესთან უშუალოდ დონალდ ტრამპის და მისი გუნდის წევრების შესაძლო დანაშაულებრივ შემხებლობას და მართლმსაჯულების აღსრულებისთვის დ.ტრამპის მხრიდან ხელის შეშლის მცდელობას. “ახალი უოტერგეიტი”, “გარანტირებული იმპიჩმენტი”, “ბნელ ოთახში შავი კატის ძიება”, “ალქაჯებზე ნადირობა” – სწორედ ასეთი შეფასებები გვესმოდა მალერის გამოძიების შესახებ საუბრისას თავად დონალდ ტრამპისა თუ მისი ყველაზე აქტიური კრიტიკოსებისგან.

34 ადამიანის და 2 ორგანიზაციის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მათ შორის არიან როგორც ამერიკის მოქალაქეები, ისე რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამართველოს, იგივე გრუ-ს აგენტები, უკვე ყველასთვის კარგად (უფრო სწორად, ავად) ცნობილი რუსეთის პრეზიდენტის პირადი შეფ-მზარეული ვ. პრიგოჟინი და მისი უშუალო კონტროლის ქვეშ მყოფი ტროლების ფაბრიკა. საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გენერალი მაიკლ ფლინი, დ. ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი პირები პოლ მანაფორტი და როჯერ სტოუნი, დ. ტრამპთან ერთ დროს დაახლოებული იურისტი, მაიკლ კოენი და სხვა.

როგორც მოგახსენეთ, მოლოდინი იმისა, თუ რა დასკვნას დადებდა რობერტ მალერის გამოძიება, ძალიან დიდი იყო. თუმცა ერთი შედეგი უკვე გამოძიების მიმდინარეობისას გაცხადდა. კერძოდ, რუსეთი, ანუ ოფიციალური რუსეთი, ანუ რუსეთის ხელისუფლება უშუალოდ იყო ჩარეული 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი დავალებით რუსმა ჰაკერებმა გატეხეს ჰილარი კლინტონის, დემოკრატიული პარტიისა და მისი ლიდერების ელექტრონული მისამართები და ვიკილიქსის მეშვეობით განახორციელეს მათი გაჟონვა/გასაჯაროება. გარდა ამისა, პრიგოჟინის ტროლების ფაბრიკამ, ათასობით ე.წ. “ფეიკ ექაუნთით” და ბოტების მეშვეობით, ყალბი ინფორმაციის გავრცელების და ტირაჟირების გზით, აშკარა ზეგავლენა იქონია ამერიკელი ამომრეჩევლის აზრის ფორმირებაზე. სწორედ ამიტომაც წარედგინა ბრალი გრუ-ს აგენტებს, ვ. პუტინის პირად მზარეულს და კრემლის კონტროლის ქვეშ მყოფ ჰაკერულ და პროპაგანდისტულ “კანტორებს”.

გამოძიების დასრულების შემდეგ რობერტ მალერმა დასკვნა ოფიციალურად გადაუგზავნა აშშ-ის გენერალურ პროკურორს უილიამ ბარს, რომელმაც თავის მოადგილესთან როდ როდსტაინთან ერთად (სწორედ როდ როდსტაინმა დანიშნა რობერტ მალერი 2017 წელს გამოძიების ხელმძღვანელად) გადაუგზავნა კონგრესსა და სენატს  მალერის ანგარიშის 4-გვერდიანი “მოკლე შინაარსი”. გენპროკურორის და მისი მოადგილის დასკვნაში, რომელიც  საზოგადოებისთვისაც გახდა ცნობილი, შავით თეთრზე ეწერა, რომ: 1) რუსეთი ჩაერია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, 2) უშუალოდ დონალდ ტრამპის დანაშაულებრივი შემხებლობა რუსულ მხარესთან არ დადასტურდა და 3) რ. მალაერის გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით დ. ტრამპის მხრიდან მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლაში დადანაშაულების საფუძველი არ გამოიკვეთა.

ატყდა, მაგრამ რა ატყდა. დ. ტრამპმა, რა თქმა უნდა, ყველას დაასწრო და მსოფლიოს ტვიტით აუწყა მისი გამარჯვების შესახებ. მოდით პირდაპირ ვთქვათ: შედეგებმა დ. ტრამპს 2020 წელს ხელმეორედ პრეზიდენტად არჩევისთვის სერიოზული უპირატესობა მიანიჭა. რაც შეეხება დემოკრატებს, მათ გარკვეულწილად აღიარეს დამარცხება, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაყარეს და მთელი აქცენტი გენერალური პროკურორისადმი მალერის გამოძიების შედეგების სრულად გამოქვეყნებაზე გადაიტანეს. კონგრესმა უილიამ ბარს ულტიმატუმის ფორმით ბოლო ვადაც კი დაუწესა, რომელიც 2 აპრილს იწურება. როგორც უ. ბარმა განაცხადა, ის ნამდვილად აპირებს ვრცელი ვერსიის კონგრესისა და სენატისთვის გადაგზავნას, მაგრამ ეს მაინც არ იქნება სრული ვერსია. ცალკეული თემების კონფიდენციალურობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, გენერალური პროკურორი გეგმავს დასკვნის რედაქტირებას და ასეთი სახით აპრილის შუა რიცხვებამდე გასაჯაროებას, რაც აშკარად მიუღებელია ამერიკელი დემოკრატებისთვის. მოსალოდნელია, რომ კონგრესში უმრავლესობით მყოფი დემოკრატები მოსმენაზე დაიბარებენ როგორც რობერტ მალერს, ისე უილიამ ბარს და მის მოადგილეს როდ როდსტაინს. რაც შეეხება დონალდ ტრამპს, ის იმდენად კმაყოფილია უკვე გავრცელებული დასკვნებით, რომ ღიად განაცხადა, სრულებით არ მადარდებს, რა ფორმით და რა მოცულობით გარვცელდება მალერის დასკვნებიო. წარმატებით ფრთაგაშლილმა დ. ტრამპმა კამპანიაც განაახლა და მისი საყვარელი ხასხასა წითელი ჰალსტუხით (ინაუგურაციის დღეს სწორედ ეს ჰასტუხი ეკეთა) მიჩიგანის საზოგადოების წინაშეც წარსდგა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა არც მედია დაივიწყა. კერძოდ, მალაერის გამოძიების “მიკერძოებული” გაშუქებისთვის დ. ტრამპმა “ვაშინგტონ პოსტისა” და “ნიუ იორკ თაიმსისთვის” ჟურნალისტიკაში უმაღლესი ჯილდოს – პულიცერის პრემიის ჩამორთმევის იდეა გააჟღერა.

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, მალერის “ავრორამ” შიდა ამერიკული პოლიტიკური პროცესების ჭრილში აშკარად დ. ტრამპისთვის გაისროლა. რაც შეეხება, საერთაშორისო აქტორებს და გლობალურ ამბებს, აქ საქმე უფრო ჩახლართულადაა. ამერიკულ ისტებლიშმენტში კრემლის ბრალეულობასთან დაკავშირებით საყოველთაო ერთსულოვნებაა. დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც თანხმდებიან, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის საპრეზიდნეტო არჩევნებში 2016 წელს. გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა რუსეთის ხელისუფლების როლი, ეს საბრალდებო დასკვნა მნიშვნელოვანია მომავალი აშშ-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივის თვალსაზრისით. დონალდ ტრამპს, რომელიც პრეზიდენტად არჩევამდეც და მას შემდეგაც ღიად აცხადებდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების აუცილებლობის შესახებ და გარკვეული მცდელობებიც ჰქონდა ამ მიმართულებით, ძალიან გაუჭირდება პრეზიდენტობის პირველი ვადის დარჩენილ დროში და შესაძლო მეორე ვადაში ვ. პუტინთან ურთიერთობებში რაიმე პროგრესის მიღწევა. ასე რომ, შესაძლოა, დ. ტრამპთან ერთად, მალერის “ავრორამ”, ნებსით თუ უნებლიედ, ჩინეთისთვისაც გაისროლა. რატომ? იმიტომ, რომ ზესახელმწიფოების დაპირისპირების სუპერფინალში არც რუსეთია და არც ევროკავშირი (ჩემი მისდამი პატივისცემის და წამყვანი ეკონომიკების პირველ სამეულში ყოფნის მიუხედავად). საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გლობალური პროცესების განვითარებას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს, თუ ვინ გამოვა გამარჯვებული აშშ-ჩინეთის დაპირისპირებაში. აშშ-სთან დაპირისპირებული, ისედაც სუსტი და კორუმპირებული რუსეთი, მაღალი ალბათობით, სულ უფრო მეტად გადაიხრება ცისქვეშეთის კანცელარიის ღერძისკენ. ეს იცის დ.ტრამპმაც და იციან მისმა ოპონენტებმაც, მაგრამ ისეთ რუსეთთან, როგორიც დღესაა, რაიმე ტიპის პარტნიორობაზე საუბარიც კი ზედმეტი იქნება, ვიდრე ისევ არ გაისვრის ორიგინალი ავრორა.    

გააზიარე