"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
ვისი ავიამზიდი ვის ზღვაშია?!
პანდემია და პოლიტიკა, რასიზმი და ექსტრემიზმი, დემოკრატია და ავტორიტარიზმი – ეს არის ის მთავარი თემები, რომლებზეც გასულ კვირაში, ისევე როგორც იმის წინა კვირეებში, ყველაზე აქტიურად საუბრობდა მსოფლიო; პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და ჟურნალისტები ამ დრომდე განიხილავენ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიმართვის ძირითად აქცენტებს (“ვებრძვით ულტრა-მემარცხენე ექსტრემიზმს; “ფეიკ ნიუსებით“ გვებრძვიან ცალკეული მედია საშუალებები; ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ინფორმაციის დამალვის გამო ვებრძვით და წარმატებით ვუმკლავდებით კორონავირუსს….“); ზომავენ და პროგნოზირებენ მისსა და მისი მთავარი კონკურენტის დემოკრატი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შანსებს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში; შეშფოთებით და მწუხარებით აღნიშნავენ რუსეთში დემოკრატიის საბოლოო დასამარებას საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფორმების ჩატარებით, რომლის თანახმად ვლადიმერ პუტინი შეძლებს 2036 წლამდე “იმეფოს“ რუსეთის ფედერაციაში (ყველასთვის ისედაც ცხადი იყო, მაგრამ 1 ივლისს ოფიციალურად გაფორმდა); გმობენ და აპროტესტებენ ჩინეთის მიერ ჰონგ კონგთან დაკავშირებით უსაფრთხოების კანონმდებლობის მიღებას და ყურადღებით შეისწავლიან აშშ-ს, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის საპასუხო რეაგირებებს. კერძოდ, დემოკრატიულ თანამეგობრობაში ყველა თანხმდება, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ამ კანონმდებლობის დამტკიცებით, ათწლეულლების წინ ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის შეთანხმებული “1 ქვეყანა – 2 სისტემის“ დასასრულის დასაწყისის მომსწრენი გავხდით; აქედან გამომდინარე, აშშ აუქმებს ჰონგ კონგისთვის უპირატესი სავაჭრო პარტნიორისთვის სტატუსს; აწესებს შეზღუდვას ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების მიწოდებასა და ფიქრობს სხვა დამატებითი ზომების მიღებაზე; ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს ჩინეთთან გამართული ვირტუალური სამიტის დროს და შესაძლო მძიმე განვითარებებზე აფრთხილებს მას; დიდი ბრიტანეთი 3 მილიონ ჰონგ კონგელს მოქალაქეობას სთავაზობს და ჩინური “ჰუავეისთვის“ მიცემული ნაწილობრივი ოპერირების ნებართვის გაუქმებაზე პროცედურებს იწყებს; კანადა სენსიტიური ტექნოლოგიების მიწოდებისა და ჰონგ კონგთან ექსტრადირების ხელშეკრულების შეწყვეტას აანონსებს. ამ ყველაფერზე ჩინეთის პასუხი ერთგვაროვანია – ყველა ეს ქმედება არის უხეში ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში და ჩინეთი არ დაუშვებს მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების მხრიდან დესტრუქციულ ქმედებებს.
ამასობაში….
1 ივლისს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნები დაიწყო. შემხვედრად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი სუპერ ავიამზიდი “USS Nimitz“ და “Ronald Reagan“, თანმხლები საბრძოლო ხომალდებით და მათზე განთავსებული საბრძოლო თვითმფინავებითა და ვერტმფრენებითურთ იმავე მიმართულებით აფრინა. ოფიციალური განცხადებების თანახმად, ეს იყო ძლიერი პოლიტიკური გზავნილი რეგიონის ქვეყნებისთვის, რომ აშშ იყო, არის და იქნება სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტი ინდოეთ-წყნარი ოკეანეების გლობალურად უმნიშვნელოვანეს სივრცეში. სამხრეთ ჩინეთის ზღვის განსაკუთრებულ, სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მსჯელობისას საკმარისია აღვნიშნოთ, რომ მასზე გამავალ „ოქროს დერეფანზე“ მოდის მსოფლიო საზღვაო-სავაჭრო ტვირთბრუნვის ნახევარზე მეტი (ყოველწლიური 5 ტრილიონი დოლარის ოდენობის ტვირთბრუნვიდან 3.37 ტრილიონი სწორედ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში „მოძრაობს“). თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე გადის კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების ორ ოკენაში განლაგებულ სამხედრო ბაზებს შორის შემაერთებელი გზა და ის ასევე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით.
Comprised of both Nimitz and Ronald Reagan Strike Groups, the Nimitz Carrier Strike Force celebrated #IndependenceDay with unmatched sea power while deployed to the South China Sea conducting dual carrier operations and exercises in support of a free and open Indo-Pacific. pic.twitter.com/vseDy5HLVY
— U.S. Navy (@USNavy) July 4, 2020
თავის მხრივ, ჩინეთი ამტკიცებს, რომ სწორედ მას ეკუთვნის სამხრეთ ჩინეთის ზღვის საზღვაო აკვატორიის და კუნძულების 90%. მის მიერ გაცხადებული “Nine-Dash Line“-ის პრინციპით ჩინეთის კონტროლის არეალში ხვდება ინდონეზიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის ნაწილიც. ცხადია, ასე არ ფიქრობენ ვიეტნამი, ფილიპინები, ინდონეზია, ბრუნეი, მალაიზია და ტაივანი. აგრეთვე, ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გაერო-ს საზღვაო სამართლის კონვენციაზე დაყრდნობით, 2016 წელს გამოტანილი გადაწყვეტილების თანახმად, არ არის აღიარებული ჩინეთის იურისდიქცია აღნიშნულ ტერიტორიებზე. მიუხედავად ამისა, ჩინეთი უკვე წლებია სერიოზულ სამხედრო აღმშენებლობას ეწევა პარასელის, პრატას და სპრატლის კუნძულების, აგრეთვე, მაკოლსფილდის სანაპიროსა და სხვა სადავო ტერიტორიების მიმართულებით. გეოსტრატეგიულად სამხრეთ ჩინეთის ზღვა ჩინეთისთვის, გარდა გლობალური გავლენების განმტკიცებისა, უშუალოდ მისი სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზარისითაც მნიშვნელოვანია. თუმცა, ვიდრე მისი ტერიტორიების წინაშე რაიმე სერიოზული საფრთხე დამდგარა (დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, თუმცა თუკი გლობალურ სამხედრო კონფრონტაციას მაინც ექნება ადგილი, სამხრეთ ჩინეთის ზღვა ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დაპირისპირების სივრცე იქნება), თავად ჩინეთი უქმნის რეგულარულად პრობლემებს რეგიონის ქვეყნებს, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე თავისუფალი ნაოსნობისა და ლეგალური თევზჭერის კუთხით. შეგახსენებთ, რომ იმ ურთულეს პერიოდშიც კი, როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძოდა, აპრილის დასაწყისში ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ხომალდი, ვიეტნამურ თევზსაჭერ გემს თავს დაესხა და ჩაძირა. მაშინ ურთიერთობები ვიეტნამსა დ ჩინეთს შორის ძალიან დაიძაბა. ვიეტნამი სამხედრო დაპირისპირების შესაძლებლობაზეც კი ალაპარაკდა. მას ფილიპინელების ოდიოზური მმართველი დუტერტეც გამოექომაგა, რომელმაც ასევე გამოთქვა მზადყოფნა ჩინეთის საზღვაო ძალების წინააღმდეგ „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“ საბრძოლველად.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის, იგივე „ასეან“-ის ქვეყნები სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ ჩინეთის მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სადავო კუნძულებზე სამხედრო ობიექტების განლაგებასა და ხელოვნური კუნძულების მშენებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარი დაპირისპირება, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილებში, აქაც ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ვითარდება. ეს ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა განსაკუთრებით, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჩინეთის კომუნისტური პარტია ღიად დაადანაშაულა ვირუსის გავრცელების თაობაზე ინფორმაციის დამალვაში, უკვე ყველასთვის ავად ცნობილი ჰონგ-კონგის „დრაკონული“ უსაფრთხოების კანონის მიღებასა და ჩინეთის მუსლიმი უმცირესობის შევიწროებაში. დონალდ ტრამპმა საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის სწორედ ჩინეთი შეარჩია მთავარ საგარეო „სამიზნედ“. ამიტომ, ალბათ არავისთვის იქნებოდა გასაკვირი, რომ აშშ-მ ასე ოპერატიულად გადატყორცნა სუპერ ავიამზიდები სამხრეთ ჩინეთის ზღვის მიმართულებით (ცხადია, ისინი არცთუ ისე შორს იმყოფებოდნენ დანიშნულების ადგილიდან).
ჩინეთი თავადაც გამალებით აშენებს ავიამზიდებს. თუმცა, ჯერჯერობით მას მხოლოდ 2 ჰყავს ასეთი; მესამეს მშენებლობის დასრულებას ახლო მმომავალში გეგმავს, მეოთხეს კი – 2020-სა და 2030-ს შორის. ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოში არსებული მოქმედი 44 ავიმზიდიდან 11 ეკუთვნის, თითოეულ მათგანზე 80-მდე გამანადგურებლით, ბირთვული ქობინებით და ასობით დიდი თუ პატარა თანხმლები სამხედრო ხომალდით. მათ შორის ყველაზე დიდი და ახალი, ანუ მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიამზიდი “USS Gerald R. Ford“-ია. ის ამჟამად აშშ-ს ნორფოლკის სამხედრო საზღვაო ბაზაზეა დისლოცირებული “USS George W. Bush“ და “USS Lincoln“-ის მეზობლად და 2022 წელს ჩაანაცვლებს 1972 წლიდან ექსპლოატაციაში მყოფ “USS Nimitz“ (გამახსენდა ეჰ ანაკლიაა, ანაკლიაა L ავიამზიდებს რომ ვერ მიიღებს ვიცი მაგრამ მე მაინც გამახსენდა; მაინც ჩემი მტკივა L მაინც ავაშენებთ!).
ასე რომ, სადაც არ უნდა ეკიდებოდეს ცეცხლი რუსეთის ერთადერთ ნაცოდვილარ ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვს“, რაც არ უნდა სწრაფი იყოს ჩინეთის სამხედრო-საზღვაო აღმშენებლობის ტემპები და რაც არ უნდა ამბიციური იყოს ევროპული სახელმწიფოების სახმელეთო თუ საზღვაო გეგმები, წმინდა სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით პასუხი, ჩვენს ერთგვარად რიტორიკულ კითხვაზე, ვისი ავიამზიდი ვის ზღვაშია, კიდევ კარგა ხანს დარჩება უცვლელი.
ვულოცავ კიდევ ერთხელ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023