"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

თავისუფლების მხუთავი გაზები

თავისუფლების მხუთავი გაზები

დიდი ხანია ენერგორესურსები და პოლიტიკა ერთმანეთისგან განუყოფელია. სამწუხაროდ, ბუნებრივ აირს უფრო მეტი განხეთქილება მოაქვს, ვიდრე პოზიტიური თანამშრომლობა.

განსაკუთრებით მძაფრია განხეთქილების გაზები, როდესაც საქმე ეხება რუსეთს, ევროკავშირს, უკრაინას, თურქეთსა და აშშ-ს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს კარგად გვახსოვს, რა მწარე სუნი აქვს პოლიტიკურ გაზს და კარგად ვიცით (იმედია!) რა ძვირი ფასი აქვს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. მადლობა მათ, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა, ყველა დიპლომატიური, პოლიტიკური თუ პერსონალური რესურსი გამოიყენა იმისათვის, რომ საქართველო გამხდარიყო რეგიონული ენერგეტიკული პროექტების ნაწილი. 1999 წელს, სტამბოლში რუსეთის ჯარების გაყვანასთან ერთად უმნიშვნელოვანეს შეთანხმებებს მოეწერა ხელი საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან თურქეთში ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, მართლაც შვებით ამოვისუნთქეთ და რუსეთი ვეღარ ახრჩობს ჩვენს თავისუფლებას მხუთავი გაზებით. დღეს ახალ ტრანსნაციონალურ ენერგეტიკულ პროექტებშიც ვმონაწილეობთ და რუსეთთან სომხეთისთვის გაზის მიწოდების ტრანზიტის საფასურის პირობებზე ვლაპარაკობთ. ეს მდგომარეობა არ უნდა შეიცვალოს. პირიქით, ცენტრალური აზიის გაზის ტრანსპორტირებაზე თუ იქნება გარღვევა, კიდევ უფრო მეტად განვიმტკიცებთ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას.

ასეთივე მდგომარეობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის ევროპა. ევროპასაც კარგად ახსოვს, თუ რა შეიძლება მოყვეს უკრაინასა და რუსეთს შორის ტრანზიტის პირობების შეუთანხმებლობას. იყო ერთ ზამთარს ქვეყნების მიხედვით გაზის მარაგების თვლა, ვის რამდენი დღე ეყოფოდა. იყო ერთი პანიკა და ვაი-ვიში. მას მერე თითქოს რაღაცაზე დაფიქრდნენ, თითქოს სტრატეგიები და ტაქტიკებიც შეიმუშავეს. ამას კიდევ უკრაინაში შეჭრისთვის დაწესებული სანქციებიც დაემატა და ისეთი გარემოება იქმნებოდა, რომ წესით ევროპას უნდა მიეღო გადაწყვეტილება რუსულ გაზზე დამოკიდებულებიდან გათავისუფლების მიმართულებით. ცალკეულმა ქვეყნებმა მიიღეს კიდეც. პოლონეთი, ლიტვა, ლატვია ქმედით ნაბიჯებს დგამენ რუსული გაზის იმპორტის მაქსიმალურად შემცირების მხრივ, მაგრამ ევროპის დიდი ნაწილი მაინც ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე. გასულ წელს სხვადასხვა ქვყნების მიხედვით რუსული გაზის მოცულობამ საერთო რაოდენობაში 45-75%-მდე შეადგინა.

უფრო მეტიც, მიუხედავად მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა, გამალებული ტემპებით შენდება “ჩრდილოეთის ნაკადი-2” გერმანიის მიმართულებით. 1200-კილომეტრიანი მილსადენით, რომლის მშენებლობაც გეგმის მიხედვით 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, “გაზპრომი” 55 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის გერმანიას ყოველწლიურად.

ამას დავუმატოთ თურქული ნაკადი, რომლის მშენებლობა ასევე მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს და რომელიც თურქეთს უზრუნველყოფს 15.75 მილიარდი კუბური მეტრით. ზუსტად ამდენივე მიეწოდება ევროპის ქვეყნებსაც.

ამ მილსადენების მშენებლობას რუსეთისთვის, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან რუსეთს გეგმაში აქვს უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირების შეწყვეტა და ამიტომ ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებლად სჭირდება დამატებითი სატრანზიტო სიმძლავრეები.

ერთ-ერთი პირველი თემა, რომელიც ახლადარჩეულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოიკითხა, იყო სწორედ გაზის ტრანსპორტირება. საქმე იმაშია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ტრანზიტის ხელშეკრულება 2019 წლის ბოლოს იწურება, ახალ შეთანხმებაზე კი მოლაპარაკებები არ მიდის. უკრაინული მხარისთვის გაზის ტრანზიტის შენარჩუნებას ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამ პროექტიდან უკრაინის ბიუჯეტში ყოველწლიურად 3 მლრდ დოლარი შედის, რაც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3%-ია. ზელენსკის გუნდმა მოითხოვა გაზის ტრანზიტის საკითხებში აქტიური ჩართვა, უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი კომპანიის ჩანაცვლება (ამ დრომდე “ნაფტოგაზი” იყო მონოპლისტი) და რუსეთთან მოლაპარაკების ფორმატის გაფართოება, ანუ ევროკომისიასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვა. ეს ინიციატივა ნამდვილად არ გაუხარდებოდათ მოსკოვში, არც კრემლში და არც “გაზპრომში”, რომლის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი და თავად კომპანიის სანავთობო განაყოფი ამერიკული სანქციების ქვეშ იმყოფებიან.

გამომდინარე არსებული გაურკვევლობიდან, უკრაინამაც და ევროკავშირმაც წინასწარ დაიწყეს მიწისქვეშა გაზის საცავებში გაზის დამატებითი მარაგების შექმნა და წელს უკვე სარეკორდო მაჩვენებლებზე გავიდნენ, 10,8 და 28,4 მლრდ კუბური მეტრით შესაბამისად.

უკრაინასა და რუსეთს შორის გაზის ტრანზიტის საკითხს კიდევ უფრო მეტად ართულებს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსულ “გაზპრომს” უკრაინისთვის 2.5 მლრდ დოლარის გადახდა ეკისრება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუსეთი, მთელი თავისი სატრანზიტო პოტენციალის ამოქმედების შემთხვევაშიც კი,-2020 წელს ნამდვილად ვერ შეძლებს უკრაინის გვერდის ავლას და დაახლოებით 15-16 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება მაინც მოუწევს. უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ ეს მოცულობა სრულიად არადამაკმაყოფილებელია და რომ ქონდეს აზრი რამეზე საუბარს, სულ მცირე 40 მლრდ კუბური მეტრი გაზი მაინც უნდა გადაიზიდოს უკრაინის ტერიტორიის გავლით.

უკრაინა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, არ დაუშვან ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის ამოქმედება, რაც, ერთი მხრივ, ძალიან დააზარალებს უკრაინას და, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის რუსულ გაზზე ევროპას. მათი განცხადებით, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროექტი და მისი ფასი – 10 მილიარდი ევრო გაცილებით უფრო მეტია იმაზე, ვიდრე დაჯდებოდა უკრაინული გაზსადენების სისტემის სრული რეაბილიტაცია.

ასე არ აფიქრობს გერმანიის კანცლერი. ის კატეგორიულად უარყოფს, რომ ჩრდილოეთის ნაკადი-2 პოლიტიკური პროექტია და მას ასევე იმედი აქვს, რომ უახლოეს წლებში რუსული გაზზე დამოკიდებულება შემცირდება (ნეტარ არიან მორწმუნენი!).

სამაგიეროდ ასე ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც, მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, მშვენივრად აზავებს ერთმანეთში ამერიკულ თხევად გაზს და პოლიტიკას. გახსოვთ ალბათ დ.ტრამპის მიერ გამოთქმული კრიტიკა გერმანიის მიმართ, აგრეთვე გერმანულ და ზოგადად ევროპულ მანქანებზე ტარიფების შესაძლო ზრდაზე გაკეთებული განცხადებები. ჯამში რითი დასრულდა ეს სატარიფო დაძაბულობა? გასული წლის ივლისში ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერისა და აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ერთობლივი განცხადებით, რის შემდეგაც ევროპულ მანქანებზე ტარიფები უცვლელი დარჩა, ხოლო 9 თვის განმავლობაში ამერიკული თხევადი გაზის ევროკავშირში მიწოდება 272% პროცენტით გაიზარდა და ამ პერიოდში 10.4 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი შეადგინა. მხოლოდ მარტის თვეში აშშ-მ 1.4 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიაწოდა ევროკავშირს. თხევადი გაზის მთლიან საექსოპრტო მოცულობაში ამერიკული წილი უკვე 13.4 %-ს შეადგენს. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ნამდვილად არის მისასალმებელი. ამაზე იყო საუბარი თვის დასაწყისში ბრიუსელში გამართულ ევროკავშირ-აშშ-ს პირველ ენერგეტიკულ ფორუმზე, რომელშიც აშშ-ს მხრიდან ენერგეტიკის მდივანი რიკ პერი მონაწილეობდა. “თხევადი გაზი, შეიძლება უფრო ძვირია, მაგრამ თავისუფლება მეტია”, განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.2025-თვის დაგეგმილია ამ მოცულობების კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ზრდა.

თავის მხრივ, გაზპრომმა წელს უკვე თადარიგი დაიჭირა და განცხადა, რომ შარშანდელ სარეკორდო მაჩვენებელზე (204 მლრდ კუბური მეტრი) შესაძლოა წელს ვეღარ გავიდეს და ეს მაჩვენებელი 15-20 მლრდ კუბური მეტრით შემცირდეს. ეს ნამდვილად არ არის კარგი ამბავი ქვეყნისთვის, რომლის შემოსავლების 60%-ზე მეტი სწორედ ენერგო რესურსებით ვაჭრობაზე მოდის.

რატომღაც სულ ასე დგება საკითხი, რომ ევროპას ჭირდება რუსული გაზი. არადა, თავად რუსეთს ჰაერივით ჭირდება ევროპული ბაზარი. ალბათ მიდგომებშია რევოლუციური ცვლილებები საჭირო, რაც ლიდერების ცვლილებასთან ერთად თუ მოხდება. ვნახოთ, ვინ გახდება ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტი. ვნახოთ, როგორ შეიცვლება ევროპარლამენტი. ვნახოთ, როგორ იყოჩაღებს უკრაინის პრეზიდენტი, მაგრამ აქაც აშშ-ს აქტიური ჩარევის და, რაც მთავარია, ერთიანი ევროპული პოლიტიკის შემუშავების გარეშე, ვერ მოხდება ამ პრობლემის “მენეჯმენტი”.

გააზიარე