ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ინვესტიცია და რისკი

ინვესტიცია და რისკი

ინვესტირებას, განსაკუთრებით ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, ხშირად ადარებენ ატრაქციონებს მწვერვალებით და ჩავარდნებით, მაგრამ ალბათ უკეთესია ვიფიქროთ ინვესტირებაზე, როგორც გასავლელ გზაზე, რომლის რელიეფის უსწორმასწორობები ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე ის პროგრესი, რომელსაც დანიშნულების ადგილამდე მისვლაში განიცდით.

მერყეობები და რისკი არის ცნებები, რომლებსაც სისტემატურად იყენებენ და ხშირად ერთმანეთთან აიგივებენ. ჩვეულებრივი ენით რომ ვთქვათ მერყეობა არის აქციის ფასის მატება ან კლება, მაგრამ რამდენად იმატებს ან იკლებს ღირებულება? რა ინტენსივობით? დღეში? კვირაში? თვეში? და არის თუ არა სისტემატური რყევები დაბალანსებული ისე რომ გრძელვადიან პერიოდში შედარებით მოსწორებულ ტენდენციას გვაძლევდეს?

მომავლის წინასწარმეტყველებას უმეტესწილად მივყავართ შეცდომამდე. მაგრამ ინვესტორები ყოველთვის ცდილობენ შეარჩიონ ისეთი პროექტები რომლებისთვისაც მეტი გზა არსებობს წარმატების ვიდრე წარუმატებლობის. თუ კომპანია ყიდის ბუნებრივ აირს, მენეჯმენტმა უნდა განსაზღვროს პოტენციური შედეგი დაბალი, უცვლელი და მაღალი ფასის პირობებში. ბუნებრივია დაბალი ან თუნდაც უცვლელი ფასების პირობებში შესაძლოა კომპანიამ ზარალი მიიღოს, მაგრამ თუ ინვესტორის შეფასებით აღნიშნული რისკის პირობებში მის ინვესტიციაზე უკუგება ისეთია, რომ უღირს მოცემული რისკის გაწევა, მაშინ მიიღებს ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილებას. ყველასთვის ცნობილია, რომ არ არსებობს „free lunch“ შესაძლებლობა, ამიტომ ჭკვიანი ინვესტორი ცდილობს ზომიერი მოცულობით გაწიოს რისკი.

ინვესტორები თავიანთი რისკის განმარტებისთვის მრავალ სხვადასხვა ინდიკატორს ითვლიან. მერყეობა არის ის რაც ხდება ფინანსურ ბაზარზე და ინვესტორს ამ მოვლენებზე გავლენა არ აქვს, მაგრამ მას შეუძლია აკონტროლოს თუ რა მოცულობის რისკის გაწევა სურს. 

საბაზრო რისკი ორ ნაწილად იყოფა: სისტემურ და არასისტემურ რისკად.  სისტემური რისკი საბაზრო პირობებით (საპროცენტო განაკვეთი, ვალუტის გაცვლითი კურსი და სხვა) გამოწვეული რისკია, რომლის დივერსიფიცირებაც ვერ ხდება. სისტემური რისკის აღსანიშნავად იყენებენ  ტერმინს „ბეტა“, რომელიც არის ბაზარის მდგომარეობასთან შედარებით ინვესტიციის მერყეობის საზომი. განმარტების თანახმად ბაზრის „ბეტა“ ერთის ტოლია, კონკრეტული ინვესტიციის „ბეტა“ კი აღწერს რამდენად კარგია იგი ბაზრის ზოგად სურათთან შედარებით. ბაზრის ზოგადი სურათის მისაღებად კი შეიძლება მაგალითად S&P 500, DAX და სხვა ინდექსები იყოს აღებული.

მეორე ტიპის რისკი არის არასისტემური რისკი, ანუ კონკრეტული ინვესტიციისთვის სპეციფიური (დამახასიათებელი) რისკი. ასეთი ტიპის რისკის დივერსიფიცირება შესაძლებელია.

თუ „ბეტა“ ბაზრის რისკის კარგი მაჩვენებელია, მაშინ მთლიანი ბაზრის პროგნოზზე დაყრდნობით ინვესტორებს შეუძლიათ თავიანთი დაბანდებების მომგებიანობის პროგნოზი გააკეთონ. მაგრამ ამ მეთოდმა შესაძლოა კვლავ მარცხამდე მიგვიყვანოს, რადგან არავინ იცის სად იქნება ბაზარი მოკლე თუ გრძელვადიან პერიოდში.  ზემოთ მოცემული ბუნებრივი აირის გამყიდველი კომპანიის მაგალითისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ათასობით ურთიერთდაკავშირებული ფაქტორის და ნეგატიური და პოზიტიური შოკების გავლენით შეიძლება ბაზარზე მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს. სხვა უამრავ შესაძლებლობას შორის ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ომები, ტერორისტული თავდასხმები, ბუნებრივი კატაკლიზმები და სხვა. არცერთი აღნიშნული რისკის განსაზღვრა არ არის შესაძლებელი ისტორიული მერყეობების „ბეტა“ ვექტორით.

ბევრი ინვესტორი რისკს ერიდება, მაგრამ ამას აქვს თავისი ფასი-ხელიდან გაშვებული პოტენციური შესაძლებლობა. რისკი უნდა იქნას გაწეული წინააღმდეგ შემთხვევაში შამპანურს ვერ დალევთ. მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ინვესტორს უყვარს „გარისკვა“, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჭკვიანურია არასაჭირო რისკის გაწევა. იდეალური პორტფელის მენეჯერს უნდა ქონდეს სურვილი, რომ გაიგოს მისი ინვესტიციის რისკიანობა, ამავდროულად აცნობიერებდეს, რომ მომავალის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

 

გააზიარე