სტრატეგიული მენეჯერი, პარალელური კლასის დამფუძნებელი.
ინვესტიციები და ეკონომიკური ტრანსფორმაცია
ბოლო პერიოდში ინვესტიციები მნიშვნელოვნად იზრდება არამატერიალურ აქტივებში, რასაც პირველ რიგში განაპირობებს ტექნოლოგიური პროგრესი. პროგრამული უზრუნველყოფა განუყოფელი ნაწილი ხდება პროდუქტების უმეტესობაში, რომელსაც ჩვენ დღეს მოვიხმართ – მანქანა, საათი, ტანსაცმელი, მაცივარი, რომ აღარაფერი ვთქვათ კომპიუტერზე ან სმარტფონზე. აღნიშნულთან ერთად, კომპანიებისთვის პრიორიტეტული გახდა ისეთი მიმართულებები, როგორებიც არის ახალი იდეები, ცოდნის მიღება, ბრენდის მშენებლობა, ურთიერთობების დამყარება და ა.შ. სავარაუდოა, რომ აღნიშნული მიდგომა შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაიზრდება პანდემიის შემდეგ, როგორც კი მსოფლიო ეკონომიკა დაიწყებს გაჯანსაღებას.
ფაქტის გათვალისწინებით, რომ ინვესტიციები არის ეკონომიკის გული და მამოძრავებელი ძალა, მისი ტრანსფორმაცია ბუნებრივად გამოიწვევს ეკონომიკის და იმ რეალობის ცვლილებას, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. აღნიშნულ სტატიაში ერთად გავიაროთ რა ძირითადი განმასხვავებელი თვისებები აქვს არამატერიალურ ინვესტიციებს და როგორ ცვლის ის არსებულ ეკონომიკურ მიდგომებს.
მატერიალურ და არამატერიალურ ინვესტიციებს შორის არსებობს ოთხი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი.
პირველი ეს არის მასშტაბურობა. მატერიალური აქტივები განთავსებულია კონკრეტულ ლოკაციაზე, შესაბამისად მისი გამოყენება არის შეზღუდული. მაგალითად თუ გადაწყვეტთ სავაჭრო ცენტრის აშენებას, მომხმარებელი პროდუქციის შეძენას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურად ეწვევა აღნიშნულ ცენტრს. მაგრამ თუ განავითარებთ ელექტრონული კომერციის პლატფორმას, თქვენს მომხმარებელს ნებისმიერი ლოკაციიდან შეეძლება ნივთის შეძენა.
ადგილმდებარეობასთან ერთად მასშტაბურობა გულისხმობს იმ ფაქტსაც, რომ არამატერიალური აქტივები გამოყენების მხრივ არ არის შეზღუდული. მაგალითად სავაჭრო ცენტრს შეუძლია დაიტიოს რამდენიმე ათასი სტუმარი, მაშინ როდესაც ციფრულ სივრცეში ვიზიტორების რაოდენობა არ არის შეზღუდული. მასშტაბის ზრდასთან ერთად, ყოველ დამატებით მომხმარებელზე გაწეული ხარჯი უფრო მცირეა, ვიდრე არამატერიალური აქტივის შემთხვევაში.
მასშტაბურობა განაპირობებს იმასაც, რომ არამატერიალური აქტივი მიმზიდველი ხდება მომხმარებლისთვის, რაც უფრო მეტად გავრცელებულია. მაგალითად თუ თქვენ იქნებოდით ერთადერთი ადამიანი თქვენს ნაცნობებში ვისაც ჰყავს მანქანა, მაინც სიამოვნებით მოიხმარდით. მაგრამ, თუ თქვენ ნაცნობებიდან არავინ გამოიყენებს სოციალურ ქსელს, ის თქვენთვისაც ნაკლებად მიმზიდველი გახდება.
მასშტაბურობის გავლენა ეკონომიკაზე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ის ტექნოლოგიურ კომპანიებს საშუალებას აძლევს მცირე დროში გახდნენ გლობალურები. აღნიშნული ეფექტის წყალობით Google, Facebook, Microsoft და Amazon გახდნენ ისეთი შესაძლებლობების მქონე კომპანიები, რომლებსაც კონკურენციას ვერავინ გაუწევს. ერთის მხრივ მათი პოზიტიური გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე არის ძალიან ღირებული, მაგრამ მორეს მხრივ, კლავენ ლოკალური ან რეგიონული განვითრების შესაძლებლობას.
მეორე განმასხვავებელი ფაქტორი მატერიალურ და არამატერიალურ ინვესტიციებს შორის არის უზრუნველყოფა. ზემოთ მოყვანილ მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, თუ თქვენ გადაწყვეტთ სავაჭრო ცენტრის აშენებას თქვენ გექნებათ აქტივი უძრავი ქონების სახით. იმ შეთხვევაში თუ ბიზნესი არ იქნება წარმატებული, შეძლებთ ქონების რეალიზაციას და სრულად არ დაკარგავთ ინვესტიციას. ელექტრონული კომერციის პლატფორმის განვითარების შემთხვევაში თქვენს ბიზნესში მატერიალური აქტივების მოცულობა იქნება შედარებით მცირე, თუ იდეა არ გაამართლებს, დიდი ალბათობით დაკარგავთ მთლიან კაპიტალს. არამატერიალური აქტივების რეალიზაცია საკმაოდ რთულია, არ არსებობს მათთვის მეორადი ბაზარი, და ხშირ შემთხვევაში აქტივი იქმნება კონკრეტულ პროექტზე ან კომპანიაზე მორგებული, შესაბამისად არის საკმაოდ არალიკვიდური. აღნიშნული პრობლემა ართულებს ბანკების მხრიდან ფინანსების მოზიდვას, რადგან მათ ნაკლებად იზიდავთ არაუზრუნველყოფილი და მაღალრისკიანი პროექტები.
კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი არის გავრცობადობა. კონკურენტები უფრო მარტივად ახერხებენ არამატერიალური აქტივების კოპირებას. მაგალითად Uber-ის ანალოგის შექმნა ბევრად უფრო მარტივია ვიდრე Ford-ის მსგავსი ქარხნის აშენება. არამატერიალური პროდუქტების სწრაფი ადაპტაცია, ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლას მიმზიდველს ხდის, მაშინ როდესაც კვლევასა და განვითარებაზე ძირითად თანხებს პიონერი კომპანია ხარჯავს. მაგალითად Apple-მა ბაზარზე IPhone-ის გამოტანით არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის შეძლო მოგების მოტანა, არამად ხელი შეუწყო Samsung, HTC, Google და სხვა კონკურენტების განვითარებას აღნიშნულ ბაზარზე.
მართალია პატენტები და საკუთრების დაცვის კანონმდებლობა ქმნის გარკვეულ გარანტიას, რომ გამომგონებელი შეძლებს საკუთრების ეფექტურად გამოყენებას და მოგების მაქსიმიზაციას, მაგრამ კონკურენტები ხშირ შემთხვევაში ახერხებენ მცირედით შეცვლილი კონცეფციით საკუთარი პროდუქტის შეტანას ბაზარზე. ფაქტი, რომ კომპანიებს ყოველთვის არ აქვთ საშუალება საკუთარ გამოგონებაზე და ინოვაციურ იდეაზე ჰქონდეთ ექსკლუზიური უფლება მსოფლიო ბაზარზე გარკვეულწილად აფერხებს ინვესტიციებს კვლევების და განვითარების მიმართულებით. შესაბამისად სახელმწიფოები აქტიურად აფინანსებენ კვლევებს, სტარტაპებს და ინოვაციური პროდუქტების განვითარებას.
არამატერიალური ინვესტიციების მეოთხე განმასხვავებელი ფაქტორი არის სინერგია. თუ თქვენ და თქვენ მეგობარს გაქვთ ვაშლი და გაცვლით ორივეს ისევ თითო ვაშლი გექნებათ, მაგრამ თუ თქვენ გაცვლით იდეებს ორივეს ორ-ორი იდეა გექნებათ. ეს არის ის ძირეული იდეა, რაზეც დგას ინოვაციების განვითარება. ახალი იდეა ყოველთვის დგას უკვე არსებულ მიღწევებზე და გამოგონებაზე. მაგ ბლოკჩეინ ტექნოლოგია არა მხოლოდ კრიპტო ვალუტების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვან ღირებულებას ქმნის სოფლის მეურნეობაში, ლოგისტიკაში, მედიცინაში და სხვა.
მართალია სინერგიის ეფექტი მატერიალურ პროდუქტებშიც მუშაობს და ბაზარზე არსებობს ბევრი ურთიერთშემავსებელი პროდუქტი, მაგრამ არამატერიალურ მიმართულებაში ის უფრო მაღალია.
საბოლოოდ, ინვესტიციების ტრანსფორმაციის ანალიზის დროს აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. პირველი ეს არის აღრიცხვის მეთოდი. სტატისტიკის და ბუღალტერიის ანგარიშებში არამატერიალური აქტივების აღრიცხვა ხშირად არ ხდება, და ინვესტიციის ნაცვლად დანახარჯების ნაწილში ხდება მათი გატარება, რაც მცდარ წარმოდგენას გვაძლევს რეალურ სიტუაციაზე.
ასვე, მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ არამატერიალური ინვესტიციის ზრდა ხელს უწყობს, შემოსავლების არათანაბარ განაწილებას. ლიდერი კომპანიებს აღნიშნული მიმართულებით Google, Facebook, Microsoft გააჩნიათ ძალიან დიდი ფინანსური და ინფორმაციული რესურსები, ქირაობენ მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო თანამშრომლებს და მენეჯერებს, რაც მათთან კონკურენციას შეუძლებელს ხდის.
გამოწვევის წინაშე დგანან ფინანასური ინსტიტუტებიც. რისკების მართვის არსებული მოდელი არ ითვალისწინებს არამატერიალური აქტივებში ინვესტიციების დაფინანსებას თუ არ იქნება წარმოდგენილი დამატებითი ქონებრივი უზრუნველყოფა. მსგავსი ტიპის ინვესტიციებისთვის ფინანსების მოზიდვის ძირითად საშუალებად რჩება კომპანიის მოგება, ვენჩურული კაპიტალი ან სახელწიფოს მხარდაჭერა.
მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ ლიდერის როლი არსებულ ტრანსფორმაციაში. მხლოდ კარგი მენეჯერი არ იქნება საკმარისი ორგანიზაცის წარმატებისთვის. კომპანიის მენეჯმენტში საჭიროა ადამიანი, ვინც შეძლებს თანამშრომლების შთაგონებას და მოტივაციას, რომ ერთად იმუშაონ ინოვაციურ პროექტებზე. ბოლო პერიოდის კვლევებზე დაყრდნობით, ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მენეჯერები უფრო და უფრო მეტ დროს უთმობენ შეხვედრებს, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიმღებთან ერთად, იზრდება მენეჯერის, როგორც ინფორმაციის გამავრცელებლის როლი.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ტექნოლოგიურ და პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ასევე გაიზრდება ინვესტიციების რაოდენობა სხვა არამატერიალური აქტივების მიმართულებით. აღნიშნული კი მოითხოვს სახელმწიფოს მხარდაჭერას როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე კანონმდებლობის განვითარების მიმართულებით. სამწუხაროდ ორივე კომპონენტი დღეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება ტექნოლოგიურ პროგრესს, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
წყარო:
Haskel, J. and Westlake, S., 2018. Capitalism Without Capital.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on იანვარი 20, 2021
- on სექტემბერი 30, 2020
- on აგვისტო 18, 2020
- on ივნისი 24, 2020
- on ივნისი 3, 2020
- on მაისი 16, 2020
- on მაისი 3, 2020
- on აპრილი 29, 2020