"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
კანცლერ მერკელის ბოლო მისია
ვინ იყო წინა ხაზზე ევროკავშირის წევრი-ქვეყნების ვალების კრიზისის დროს? კანცლერი მერკელი!
ვინ იყო მიგრანტების კრიზისთან გამკლავებაში მოვლენათა შუაგულში? ისევ კანცლერი მერკელი!
ვინ იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიდერი პანდემიის გლობალურ კრიზისთან გამკლავებაში? თქვენ წარმოიდგინეთ, აქაც კანცლერი მერკელი!
ვინ იქნება ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე მწვავე გამოწვევის დროს გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი 6 თვის განმავლობაში? კვლავ კანცლერი მერკელი!
რუსეთთან დამოკიდებულებაში, ნატო-ს გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებასა და კიდევ გარკვეულ საკითხებში, შესაძლოა, ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, მასთან მიმართებაში გულისტკივილნარევი დამოკიდებულება გვქონდეს, მაგრამ ერთი რამ უდავოა: უშუალოდ გერმანიის ინტერესებისთვის, ევროპული და გლობალური ურთიერთობებისთვის კანცლერი მერკელი ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა.
ისტორიაზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ 2021 წლის მესამე მეოთხედში, არაუგვიანეს 24 ოქტომბრისა გერმანიაში ჩატარდება საპარალამენტო არჩევნები და გერმანია ახალ მთავრობას და ახალ კანცლერს მიიღებს. ანგელა მერკელი, რომელიც 4-ჯერ იყო არჩეული გერმანიის მესაჭედ, კატეგორიულად აცხადებს, რომ ის აღარ აპირებს პოლიტიკაში დარჩენას და კიდევ ერთხელ 4 წლის ვადით გერმანიის მართვას. ამის თაობაზე მან კარგა ხნით ადრე განაცხადა და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომაროებაც გერმანიის პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავს ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს გადაულოცა. ამ უკანასკნელმა გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ურსულა ვონ დერ ლაინი ჩაანაცვლა, რომელიც თავის მხრივ ევროკომისიის პრეზიდენტად იქნა არჩეული. თითქოს, მომავალი კანცლერის ყველაზე მთავარი პრეტენდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ ნურას უკაცრავად: ისეთ “დისციპლინა მახენ“ ქვეყანაშიც კი, როგორიც გერმანიაა, რომელშიც ავტობუსის განრიგიდან დაწყებული ბუნდესტაგის არჩევნებით დამთავრებული, ყველაფერი წამების სიზუსტით არის დათვლილი და თითოეული გერმანელის ე.წ. “დნმ“-ში ჩადებული, შეიძლება მოხდეს ასეთი რამ: თებერვალში ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს კანცლერის თანამდებობისთვის ბრძოლას და მთელ თავის დროს ენერგიას გერმანიის თავდაცვის სისტემის განმტკიცებას დაუთმობს.
ამასობაში დაიწყო კრიზისი და შესაბამისად დაიწყო ბრძოლა მასთან გასამკლავებლად. აღარ მინდა არც იმ დღეების და თვეების, და მითუმეტეს არც გარდაცვლილებისა და დაავადებულების ყოველდღიური მონაცემების გახსენება (საერთოდ, მინდა მალე მოვიდეს ის დრო, როცა აღარ მომიწევს ჩემს ბლოგებში სიტყვების “კოვიდ-19“, “პანდემია“, “ეპიდემია“, “ჯოგური იმუნიტეტი“ და სხვათა ხსენება), მაგრამ თითქოს პოლიტიკური დაისისთვის გამზადებული გერმანიის კანცლერმა კვლავ მთელი ძალით გამოანათა. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ გერმანიის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის კონტექსტში. ბუნებაში მიწისძვრას ხშირად მოყვება კიდევ უფრო დამანგრეველი ცუნამი. გლობალური ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობას ყველაზე მეტად სწორედ ეს ბუნებრივი კატასტროფა – ცუნამი შეესაბამება. მასთან გასამკლავებლად ცალკეული ქვეყნების, მ.შ. ევროკავშირის წევრი-ქვეყნების ლიდერებისთვის ინდივიდუალური გადაწყვეტილებები და მოქმედებები უფრო მისაღებია, მაგრამ ანგელა მერკელმა კარგად იცის, რომ ბრექსიტის მერე მომრავლებული ევროსკეპტიკოსებისა და ნაციონალისტ-პოპულისტი ლიდერების შანსები, დაასუსტონ, დააზიანონ ან სულაც დაშალონ ევროკავშირი, არსებითად გაზრდილია, მისი წარმატების ფორმულა კი “ძალა ერთობაშია“. ამიტომაც, ანგელა მერკელმა რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ჩაიბარებდა ევროკავშირის 2020 წლის ბოლომდე თავმჯდომარეობას, საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან ერთად დაანონსა ახალი, 750 მილიარდ ევროიანი ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც გულისხმობს დამატებითი, შეღავათიანი სესხების აღებაზე საერთო პასუხისმგებლობას. ეს განსხვავდება მისი თავდაპირველი პოზიციებისგან და უფრო მიახლოებულია იმ ვერსიასთან, რომელსაც შეიძლება მხარი დაუჭირონ სამხრეთულმა ქვეყნებმა. ახლა საჭირო იქნება ნიდერლანდებისა და ნორდიკული სახელმწიფოების დარწმუნება/დათანხმება.
როგორც უკვე აღვნიშნე, პანდემიის შედეგად შექმნილი უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი არის ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე სერიოზული გამოწვევა. მასთან გამკლავების გზებზე საუბრისას ანგელა მერკელმა პირდაპირ განაცხადა, რომ თუ გაერთიანებაში სურთ, “გახდეს ევროპა კვლავ ძლიერი“, საჭიროა ერთიანი და შეთანხმებული მოქმედება. გარდა კრიზისთან გამკლავებისა, გერმანიის კანცლერს მოუწევს გადამწყვეტი როლი ითამაშოს ევროკავშირის 7-წლიანი ბიუჯეტის შეთანხმებაზე. გაერთიანება გაერთიანებად, მაგრამ ეროვნული ინტერესები თუ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი ცალკეული წევრებისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება; მაგალითად, ვიქტორ ორბანმა ღიად განაცხადა, რომ თუკი იქნება პირობები წაყენებული კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, მისი ქვეყანა არ დაუჭერს მხარს მრავალწლიანი ტრილიონ ევროიან ბიუჯეტს. მკაცრი იქნება ე.წ. “სამხრეთული ჯგუფის“ პოზიციებიც.
ეს რაც შეეხება ევროკავშირის შიგნით პროცესებს და დინებებს. ახლა ვნახოთ, რა გამოწვევების წინაშე დგას კანცლერი მერკელი საერთაშორისო მიმართულებით.
პირველ რიგში, ეს არის…. ჰმ, სამწუხაროდ დავფიქრდი რომელი დამეწერა – ჩინეთი თუ აშშ, ჩინეთის კომუნისტური პარტია თუ აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი. ცუდია, რომ დავფიქრდი. ჩვენთვისაც, ევროპისთვისაც, ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც და, ზოგადად, დემოკრატიული თანამეგობრობისთვის ნამდვილად არ არის კარგი, რომ 2 სტრატეგიულ მოკავშირეს შორის ასეთ, გამოწვევებით აღსავსე პერიოდში, ურთიერთობები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორს არის სასურველისგან. რაც ცუდია დემოკრატიისთვის, კარგია ბოროტების ღერძისთვის და ფრიად ხელსაყრელია ჩინელი კომუნისტებისთვის. ბოლო წლებია, რაც უფრო ღრმავდება ნაპრალი ნატო-ს ორ წამყვან სახელმწიფოს შორის, მით უფრო მეტად უწევს გერმანიის ლიდერს მზერის მიმართვა ცისქვეშეთის კანცელარიისკენ. არადა, ჩინეთის კომუნისტური პარტიაც, გეგონება ჯინაზე, მარწუხებში აქცევს ჰონგ კონგს, საკონცენტრაციო ბანაკებში ამწყვდევს უიგურებს, ემუქრება ტაივანს და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მალავს ინფრომაციას პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით. ეს კი დილემაა კანცლერ მერკელისთვის, რომლის მმართველობის პერიოდში გერმანული ექსპორტი ჩინეთში 10-ჯერ გაიზარდა და 100 მლრდ ევრო შეადგინა. ეს პრობლემაა მთელი ევროკავშირისთვისაც, რომელიც ბოლო ბოლო იძულებული გახდა, ჩინეთისთვის “სისტემური მოწინააღმდეგეს“ სტატუსი მინიჭებინა.
ასე რომ, კანცლერ მერკელის გერმანულ და ევროკავშირულ გამოწვევათა ნუსხაში 1-2 ადგილებს იყოფენ ჩინეთის კომუნისტური პარტია და აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი! ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი შეფასება მცდარი გამოდგება, ან ნოემბრის არჩევნების შემდეგ (ვინც არ უნდა აირჩიონ აშშ-ში) ეს განწყობები სწრაფად შეიცვლება.
ტრადიციულ პრობლემად რჩება რუსეთი თავის უკვე განულებული პრეზიდენტით. პრაქტიკულად აღარ დარჩა შესაძლებლობის ფანჯარაში პატარა ღრიჭოც კი, რომ კანცლერ მერკელს შეეძლოს რუსეთთან თანამშრომლობის სასარგებლოდ რაიმე იმედისმომცემი განცხადებების გაკეთება. აღმოსავლეთ უკრაინაში ყოველდღიურ საბრძოლო მოქმედებებს რომ უკრაინელი მშივდობიანი მოქალაქეები და სამხედროები ეწირებიან, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ პარალელურ რეჟიმში სისტემა კვლავინდებურად კლავს მის ოპონენტებს და არა სადღაც, არამედ ბერლინში, პარიზსა და ვენაში. არათუ გერმანიის კანცლერი, არაერთგვაროვანი ევროკავშირიც კი თვალს ვეღარ ხუჭავს ამაზე.
ბრექსიტი შედგა, მაგრამ ბრექსიტი დასასრულებელია! წლის ბოლომდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არცთუ ისე ადვილი და კომფორტული ვიზავია. ასე რომ, მოუწევს კანცლერ მერკელს ძალების და უნარების მობილიზება ბრიტანელ კოლეგასთან შეთანხმების მისაღწევად.
ახლო აღმოსავლეთი რომ უკანა პლანზე გადაიწევს თავის ანექსირების გეგმებითა და ბირთვული შეთანხმების ჩამოშლის რეალური საფრთხეებით, ხო წარმოგიდგენიათ, რა უნდა იყოს წინა პლანზე ევროკავშირისთვის და კონკრეტულად კანცლერ მერკელისთვის. რა და ყველაფერ ზემოხსენებულთან ერთად, ეს შეიძლება იყოს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა და თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი. მისი ხისტი პოლიტიკა და მისი ნაბიჯები ხმელთაშუა ზღვაში კვიპროსის მახლობლად გაზის საბადოების დამუშავების თუ საეჭვო (სავარაუდოდ სამხედრო) ტვირთით დახუნძლული გემების ესკორტირების გამო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან უშუალო დაპირსპირების მიმართულებით აშკარად მიანიშნებს, რომ თურქეთის ლიდერი ნამდვილად იქნება კანცლერ მერკელის სერიოზული თავის ტკივილი მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულამდე.
ასე რომ, დღეს ნამდვილად არ მეგულება ამ ქვეყნად ადამიანი, ვინც დარწმუნებით იტყვის, რამდენად წარმატებული თუ წარუმატებელი იქნება კანცლერ მერკელის ბოლო მისია. მე პირადად მას გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას, მაგრამ არ გავრისკავდი რაიმე ფსონის დადებას!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023