"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, მარკეტინგის მკვლევარი. დავიბადე 1986 წლის 27 აგვისტოს"

კეთილშობილების გაყინული ვირუსი - Ice Bucket Challenge

კეთილშობილების გაყინული ვირუსი - Ice Bucket Challenge

გაყინე, გადაისხი, ჩარიცხე – კეთილშობილების ვირუსი მთელს მსოფლიოს, რამდენიმე საათში მოედო. სოციალურ მედიაში უპრეცედენტო აქტივობა დაიწყო – 30 მილიონამდე მომხმარებლის საუბარი პროექტის შესახებ და საქველმოქმედო სიგიჟეში ჩართული მილიარდერები: ბილ გეითსი, მარკ ზაქერბერგი, ოპრა უინფრი, ჯორჯ ბუში, თაიგერ ვუდსი და სხვა.

აქციის დაწყებისთანავე, ამიოტროფული ლატერალური სკლეროზით დაავადებულთა დასახმარებლად, 31,5 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა, ეს თანხა სულ უფრო დიდი სისწრაფით იზრდება.

თუმცა არსებობს კიდევ ერთი ბენეფიციარი, რომელმაც პროექტით უდიდესი სარგებელი ნახა. ეს ფეისბუქია. აქამდე არსებულ არც ერთ ვირუსულ ვიდეოს არ ჰქონია ისეთი გამოხმაურება როგორიც ფეისბუქზე ატვირთულ ,,Ice Bucket Challenge’’-ს აქვს. ჩართულობის არნახული მაჩვენებელი პირდაპირ მოქმედებს მის კონკურენტ სოციალურ მედიასაშუალებებზე, სადაც აქცია არც თუ ისე პოპულარულია. მიკრობლოგი თვითერი, მულტიმედია საშუალებები და სხვა სოციალური მედია არხები ფეისბუქის ჩრდილში მოექცა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის დაწყებიდან დღემდე, 2,5 მილიონი ვიდეო პირდაპირ ფეისბუქზე აიტვირთა.

გააქტიურდა ფეისბუქი საქართველოშიც. პროექტში ჩართული სპორტსმენები, მომღერლები და სხვა ცნობილი სახეები ქართულ ვირუსულ ვიდეოებს სულ უფრო დიდი მონდომებით აზიარებენ. ვიდეომ გადაინაცვლა სატელევიზიო სივრცეშიც, სადაც საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ჟურნალისტები ერთმანეთის გამოწვევებს დიდი ენთუზიაზმით იღებენ.

როგორ შეიძლება ბიზნესი ჩაერთოს ამ აქციაში?

არაერთი ქართული კომპანია ცდილობს ქველმოქმედებაში წვლილის შეტანას. უფასო წიგნები, შეღავათები მრავალშვილიან ოჯახებს და სხვა ღონისძიებები ძალიან კარგია, თუმცა საზოგადოების მოლოდინი ყოველთვის მეტია მათთან მიმართებაში, ვისაც ლიდერის პოზიცია აქვს ბაზარზე. ბრენდინგის თვალსაზრისით, მომხმარებელი ყოველთვის პოზიტიურად განეწყობა კომპანიის მიმართ, მაშინ როდესაც ტოპ მენეჯერი კეთილშობილებას, მზრუნველობას და იუმორს ავლენს.  ამიტომ, ამ ბლოგ პოსტით მინდა გამოვიწვიო ყველა მსხვილი ორგანიზაციის ტოპ მენეჯერი, ჩაერთონ საქველმოქმედო აქციაში, გადაიღონ ვიდეო და სხვა მსურველებთან ერთად გაიღონ დონაცია დაავადებულთა დასახმარებლად. გელოდებით ფეისბუქზე!

იხილეთ ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი: www.alsa.org

გააზიარე