"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, მარკეტინგის მკვლევარი. დავიბადე 1986 წლის 27 აგვისტოს"
კონცერტი შიმშილის ფონზე - ამბავი ქართული ბიზნესის შესახებ
ბიზნესი, რომლის წარმატების ხელშეყობისთვის, სახელმწიფომ 29-მილიონიანი პროექტი სახელად “Check in Georgia” დაიწყო და ქვეყნის 19 ქალაქში, 35 ფესტივალი დაგეგმა, უპრეცედენტო წარუმატებლობას აჩვენებს.
სწორად მიმიხვდით, ვსაუბრობ იმ სასტუმროებზე, რესტორნებსა და ბარებზე, რომელთათვის მსგავსი მასშტაბის პროექტი მოკლევადიან პერიოდში შემოსავლის ზრდის, გრძელვადიანში კი ბიზნესის გაფართოვების და ბაზარზე პოზიციონირების შესაძლებლობა უნდა გამხდარიყო. თითქოს, მასპინძლობის მენეჯმენტის ცნება ყველამ ერთხმად და ერთდროულად დაივიწყა, ზოგიერთს არც სცოდნია არასდროს, შედეგად კი მივიღეთ ის, რაც წლების განმავლობაში, ლახვარივით სცემს ტურიზმს გულში – უკმაყოფილო მომხმარებელი. თვლით, რომ ტურიზმის მაჩვენებელი აჭარაში არ დგას მოწოდების სიმაღლეზე, რადგან წვიმიანი რეგიონია? ცდებით.
წარმოიდგინეთ, ფლობთ რესტორანს, რომელიც მზად არის 30 პერსონის მისაღებად. ერთ საღამოს, სტუმრებით გაივსო თქვენი ობიექტი, დაკავდა ყველა მაგიდა, თქვენ კი ამ დროს, რესტორნის პოტენციალის მაქსიმალური დემონსტრირების ნაცვლად, ქაოტურად იწყებთ სირბილს, თავის მართლებას, სტუმრების საათობით დაყოვნებას, ბოლოს კი მათთვის გაციებული, უგემური კერძების, გაოთხმაგებულ ფასად შეთავაზებას. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ქცევა უცნაური? გახსნიდით თუ არა რესტორანს იმის შიშით, რომ როდესმე, შესაძლოა ის სრულად შეივსოს და ყველა მაგიდამ ვახშამი შეგიკვეთოთ? არის თუ არა ეს შემთხვევა ყველა რესტორნისთვის საოცნებო? საგანგაშო?
გავიხსენოთ თუნდაც კაზანტიპის ფესტივალი, ჩატარებული ანაკლიაში, 2014 წლის აგვისტოში. ღონისძიება, რომელიც 1992 წლიდან მოყოლებული, 100000-მდე ვიზიტორს ყოველწლიურად, გართობისა და დასვენებისთვის იზიდავს, კრახით დასრულდა. მასპინძლობის მენეჯმენტი ამ შემთხვევაშიც, „მოწოდების სიმაღლეზე“ იდგა. საშუალო ჩეკი, ყველაზე დაბალი კატეგორიის რესტორანში 40-50 ლარს აღწევდა. გასართობად ჩამოსული ტურისტები, ლუკმა-პურის საშოვნელად, სხვა ქალაქებში ჩადიოდნენ. ცხადია, ეს ფესტივალი აღარასდროს ჩატარდება საქართველოში.
ახლა განვიხილოთ 2016 წლის 7 ივნისის ბათუმის შემთხვევა:
“თავზე გვაწვიმს, საწვიმარი არსად იყიდება, ვერც ქოლგას ვყიდულობთ”.
“თუ ბათუმში მოდიხართ, საჭმელი თან წამოიღეთ, აქ მშიერი დარჩებით”.
“ბათუმის ღონისძიებათა კალენდარმა ისე მოგვხიბლა, სხვა ქვეყნიდან ჩამოვედით, ახლა ძალიან ვნანობთ, მეტი არასდროს აღარ შევცდებით’”.
ეს მცირედი ამონაწერია სოციალური ქსელებიდან, სადაც სტუმრები, მათ შორის საერთაშორისო ვიზიტორები, მიღებულ გამოცდილებას, ერთმანეთს უზიარებენ.
სოციალურ მედიას ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი აქვს – ელვის სისწრაფით ავრცელებს ნეგატიურ ინფორმაციას. დიახ, ნეგატიური ინფორმაცია პოზიტიურზე საშუალოდ 8-ჯერ სწრაფად ვრცელდება, სოციალურ მედიაში კი გავრცელების ტემპი სულ რამოდენიმე წამია. ბლოგები, ფორუმები, მულტიმედია და სხვა ყველა საშუალება, ერთსა და იმავეს აზიარებს. რომ შევაჯამოთ გაზიარებული ინფორმაცია, სტუმართმოყვარეობითა და მასპინძლობით სახელგანთქმული ქვეყანა რიგ შემთხვევებში შეციებულს, მშიერს, მწყურვალს, ან გამთბარს და დანაყრებულს, მაგრამ გაღატაკებულს დაგტოვებთ. ბიზნესი თითქოს წარუმატებლობისთვისაა მობილიზებული. ადამიანური რესურსების არასწორი მართვა, მარკეტინგის ელემენტარული წესების არცოდნა. მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტის უგულებელყოფა, მასპინძლობის მენეჯმენტის ყველა პრინციპის დარღვევა, მომსახურების დაბალი სტანდარტი და ზოგადად, ბიზნესის არასწორი ქცევა, აზიანებს არა მხოლოდ ერთ რომელიმე საწარმოს, არამედ მთელი ქალაქის, მეტიც, ქვეყნის იმიჯს.
ეს მძიმე რეალობა მარტივი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა: მასტიმულირებელი ღონისძიებებისა და სხვა გარე ფაქტორების ზეგავლენის ფონზე, ტურისტული ნაკადების მაჩვენებელი აჭარაში გაიზრდება მოკლევადიან პერიოდში. სწორედ ის, ვინც ეწვევა რეგიონს, დასვენებისა და გართობის მიზნით, გახდება ყველაზე საშიში შეტყობინების მატარებელი ჩვენს შესახებ: “იქ ნუ წახვალთ…”. გრძელვადიან ჭრილში, ჩვენ მძიმე გამოწვევის წინაშე ვდგავართ: მცირე და საშუალო ბიზნესმა საქართველოში არ იცის მენეჯმენტი. და არ ჩანს არავინ, ვინც გვერდზე გადადებს ბრჭყვიალა, მოკლევადიან ეფექტებს და ითავებს მთავარი პრობლემის სიღრმისეულ მოგვარებას.
ნინო ენუქიძე. ასოცირებული პროფესორი, ილიაუნის მართვის ინსტიტუტი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 8, 2016
- on მარტი 22, 2016
- on დეკემბერი 15, 2015
- on ნოემბერი 24, 2015
- on ნოემბერი 16, 2015
- on ოქტომბერი 13, 2015
- on აგვისტო 11, 2015